არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დამალული განძის აღმოჩენა

დამალული განძის აღმოჩენა

დამალული განძის აღმოჩენა

აღმოგიჩენიათ დამალული განძი ისეთ ადგილას, სადაც არ ელოდით? ასეთი რამ შეემთხვა 2005 წლის 27 მარტს ივო ლოდს, ესტონეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეს. ივო ხანდაზმულ თანაქრისტიანს, ალმა ვარდიას ძველი ფარდულის დაშლაში ეხმარებოდა. ერთი კედლის მოშლის შემდეგ, მათ დაინახეს საყრდენ სვეტზე მიმაგრებული განიერი ფიცარი. ამ ფიცრის უკან მათ შეამჩნიეს საყრდენ სვეტში ჩადგმული ვიწრო ფიცარი, რომელიც დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგანის, 120 სანტიმეტრი სიგრძისა და 10 სანტიმეტრი სიღრმის ღარს ფარავდა (1). მასში აღმოჩნდა დამალული განძი! რა იყო ეს განძი და ვინ დამალა ის?

ღარში რამდენიმე შეკვრა იდო, რომლებსაც გარედან სქელი ქაღალდი საგულდაგულოდ ჰქონდა შემოხვეული. ამ შეკვრებში (2) იყო იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა, ძირითადად, „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები, რომელთაგანაც ზოგი 1947 წელს იყო გამოცემული. ეს სტატიები გულდასმით იყო გადაწერილი ესტონურ ენაზე (3). ზოგიერთი შეკვრა შეიცავდა ინფორმაციას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვინ დამალა ისინი. შეკვრებში ჩადებული იყო ალმას ქმრის, ვილემ ვარდიას დაკითხვის ჩანაწერები. მათში აგრეთვე საუბარი იყო იმ წლების შესახებ, რომლებიც ვილემმა ციხეში გაატარა. რატომ დააპატიმრეს ვილემი?

ვილემ ვარდია ესტონეთის ქალაქს ტარტუს, მოგვიანებით კი ქალაქ ოტეპიის იეჰოვას მოწმეთა კრებებში სხვადასხვა პასუხისმგებლობას ასრულებდა. ბიბლიური ჭეშმარიტება, როგორც ჩანს, მან მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო. რამდენიმე წლის შემდეგ, 1948 წლის 24 დეკემბერს, კომუნისტური რეჟიმის დროს ძმა ვილემი რელიგიური საქმიანობის გამო დააპატიმრეს. დაკითხვის დროს საიდუმლო პოლიცია ცუდად ეპყრობოდა მას და აიძულებდა, თანამორწმუნეების სახელები გაეცა. სასამართლოზე მას უფლება არ მისცეს თავი დაეცვა და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში.

ვილემ ვარდია სიკვდილამდე, 1990 წლის 6 მარტამდე, ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. მის მეუღლეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ფარდულში ლიტერატურა იყო დამალული. როგორც ჩანს, ვილემმა იმიტომ არ გაუმჟღავნა ეს ცოლს, რომ არ სურდა ალმას დაკითხვის შემთხვევაში საფრთხე დამუქრებოდა. რატომ დამალა მან ლიტერატურა? იმიტომ, რომ იმ პერიოდში კა-გე-ბე (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მოულოდნელად შედიოდა იეჰოვას მოწმეების სახლებში და რელიგიურ ლიტერატურას ეძებდა. ძმა ვარდიამ, როგორც ჩანს, იმიტომ გააკეთა ასეთი სამალავი, რომ კა-გე-ბე თუ მთელ ლიტერატურას წაიღებდა, თანამორწმუნეები სულიერი საზრდოს გარეშე არ დარჩენილიყვნენ. ლიტერატურის სხვა შეკვრები უფრო ადრე, 1990 წლის ზაფხულში იპოვეს. ერთი ასეთი შეკვრა სამხრეთ ესტონეთში, ტარტუში აღმოაჩინეს. ისიც ვილემ ვარდიას დამალული იყო.

რატომ ვუწოდებთ ასეთ ლიტერატურას განძს? იმიტომ, რომ ყურადღებით გადაწერილი და საგულდაგულოდ შენახული ჟურნალის ასლები იმაზე მეტყველებს, რომ მოწმეები ძალიან აფასებდნენ იმ დროს ხელმისაწვდომ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). თქვენც აფასებთ სულიერ საზრდოს, რომლის მიღებაც შეგიძლიათ? დღეს ასეთი სულიერი საზრდოს მიღება შესაძლებელია ჟურნალ „საგუშაგო კოშკიდან“, რომელიც ესტონურის გარდა 170-ზე მეტ ენაზე გამოიცემა.