არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აფასებთ, რაც იეჰოვამ თქვენ სახსნელად გააკეთა?

აფასებთ, რაც იეჰოვამ თქვენ სახსნელად გააკეთა?

აფასებთ, რაც იეჰოვამ თქვენ სახსნელად გააკეთა?

„კურთხეულია იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და იხსნა“ (ლუკ. 1:68).

1, 2. რომელ მაგალითს მოიყვანდით იმის საჩვენებლად, რომ სავალალო მდგომარეობაში ვართ და რა კითხვებზე გავცემთ პასუხს?

წარმოიდგინეთ, რომ საავადმყოფოში წევხართ და პალატაში ყველას ერთი და იგივე სასიკვდილო დაავადება გტანჯავთ, წამალი კი არ არსებობს. როცა იგებთ, რომ ექიმი ცდილობს ისეთი წამლის მიგნებას, რომელიც განგკურნავთ, იმედი გეძლევათ და დეტალურად ინტერესდებით ამ კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლით. ერთ დღესაც იგებთ, რომ წამალს უკვე მიაგნეს, თუმცა ეს გამომგონებელს დიდ ფასად დაუჯდა. რას იგრძნობდით? ცხადია, გული მადლიერებით აგევსებოდათ და იმ კაცის მიმართ პატივისცემით განეწყობოდით, რომელმაც თქვენც და თქვენ გვერდით მწოლიარეთაც სიცოცხლის შესაძლებლობა მოგცათ.

2 ეს სურათი შეიძლება გაზვიადებული გეჩვენოთ, მაგრამ ის რეალურად აღწერს ჩვენს მდგომარეობას. სინამდვილეში, ჩვენი მდგომარეობა ზემოთ აღწერილზე უფრო სავალალოა. წამალივით გვჭირდება მხსნელი (წაიკითხეთ რომაელების 7:24 ). იეჰოვამ ბევრი რამ გააკეთა ჩვენ სახსნელად. მისმა ძემაც დიდი მსხვერპლი გაიღო. ასე რომ, მოდი, გავიგოთ ოთხ ძირითად კითხვაზე პასუხი. რატომ გვჭირდება ხსნა? რა გააკეთა იესომ ჩვენ სახსნელად? რის ფასად დაუჯდა იეჰოვას ჩვენი ხსნა? და როგორ ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ ღვთისგან ხსნას?

რატომ გვჭირდება ხსნა?

3. რით ჰგავს ცოდვა პანდემიას?

3 ერთი ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი პანდემია * 1918 წელს გავრცელებული ესპანური გრიპი იყო, რომელმაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ ზოგი სხვა დაავადება უფრო ლეტალური, მომაკვდინებელია. შესაძლოა, ისინი ნაკლებად გადამდები იყოს, მაგრამ დაინფიცირებულთა უმრავლესობისთვის სასიკვდილოა. * ასეთ პანდემიას შეგვიძლია ცოდვა შევადაროთ. გავიხსენოთ რომაელების 5:12-ში ჩაწერილი: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“. ცოდვით „დაინფიცირება“ გარდაუვალია, რადგან ყველა არასრულყოფილი ადამიანი სცოდავს (წაიკითხეთ რომაელების 3:23). რა შეიძლება ითქვას სიკვდილიანობაზე? როგორც პავლემ თქვა, ცოდვის შედეგად სიკვდილი „ყველა ადამიანზე“ გავრცელდა.

4. როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლიობას და როგორ განსხვავდება მისი თვალსაზრისი ბევრის თვალსაზრისისგან?

4 დღეს ბევრისთვის ცოდვაც ჩვეულებრივი რამაა და სიკვდილიც. მათთვის მხოლოდ უდროო სიკვდილია აღმაშფოთებელი, მოხუცებულის სიკვდილს კი „ბუნებრივად“ მიიჩნევენ. კაცს ხშირად რჩება მხედველობიდან შემოქმედის თვალსაზრისი. ჩვენ გაცილებით მცირე ხანს ვცხოვრობთ, ვიდრე იეჰოვას ჰქონდა ჩაფიქრებული. სინამდვილეში, იეჰოვას თვალში არც ერთ ადამიანს არ უცხოვრია „ერთი დღეც“ კი (2 პეტ. 3:8). ამიტომაც არის ღვთის სიტყვაში ნათქვამი, რომ ჩვენი სიცოცხლე ბალახივით მალე ჭკნება და ერთ ამოსუნთქვას ჰგავს (ფსალმ. 39:5; 1 პეტ. 1:24). რატომ უნდა გვახსოვდეს ეს ყოველთვის? რამდენადაც გვესმის ჩვენი „დაავადების“ სერიოზულობა, იმდენად დავაფასებთ „წამალს“ ანუ ხსნის შესაძლებლობას.

5. რა დაგვაკარგვინა ცოდვამ?

5 ცოდვისა და მისი შედეგების სერიოზულობა კარგად რომ გვესმოდეს, ჯერ უნდა შევეცადოთ, გავიგოთ, თუ რა დაგვაკარგვინა ცოდვამ. ამის გაცნობიერება შეიძლება ადვილი არ იყოს, რადგან ცოდვის გამო არასდროს განგვიცდია სრულყოფილება, რაც ადამსა და ევას თავიდან ჰქონდათ ნაბოძები. ისინი როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად სრულყოფილები იყვნენ, რის გამოც, თუ მოისურვებდნენ, თავიანთი ფიქრების, გრძნობებისა და საქციელის გაკონტროლება შეეძლოთ. ასე რომ, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ იეჰოვას მსახურებაში მაქსიმალურად გამოეყენებინათ თავიანთი თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობები. მაგრამ მათ არაფრად ჩააგდეს სრულყოფილების უნიკალური ძღვენი. განზრახ შესცოდეს იეჰოვას, რის გამოც თვითონაც დაკარგეს ის ცხოვრება, რომელიც იეჰოვას მათთვის ჰქონდა განზრახული, და შთამომავლებსაც დაუკარგეს (დაბ. 3:16—19). გარდა ამისა, ისინი თვითონაც „დაინფიცირდნენ“ და ჩვენც „დაგვაინფიცირეს“ იმ საშინელი „დაავადებით“, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. იეჰოვამ მათ სამართლიანად გამოუტანა განაჩენი, ჩვენ კი ხსნას დაგვპირდა (ფსალმ. 103:10).

რა გააკეთა იესომ ჩვენ სახსნელად?

6, 7. ა) პირველად როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ ჩვენს სახსნელად დიდი მსხვერპლის გაღება იყო საჭირო? ბ) რაზე მიუთითებს აბელის და კანონის დადგენამდე მცხოვრები პატრიარქების შეწირული შესაწირავი?

6 იეჰოვამ იცოდა, რომ ადამისა და ევას შთამომავლობის სახსნელად დიდი მსხვერპლის გაღება იქნებოდა საჭირო. დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რა იგულისხმებოდა ამ მსხვერპლში. იეჰოვა მოავლენდა შთამომავლობას, ანუ მხსნელს, რომელიც ერთ დღესაც გაანადგურებდა სატანას. მაგრამ ამასთანავე მხსნელიც უნდა დატანჯულიყო, სიმბოლური ენით რომ ვთქვათ, ქუსლში დაგესლილიყო, რაც მტკივნეული იქნებოდა. რა იგულისხმება დაგესვლაში? რის ატანა მოუწევდა იეჰოვას რჩეულს?

7 კაცობრიობის ცოდვის მონობისგან სახსნელად მხსნელს უნდა გამოესყიდა ისინი და ცოდვის შედეგების მოსპობით ადამიანები ღმერთთან უნდა შეერიგებინა. რას ნიშნავდა ეს? როგორც ჩანს, ძველი დროიდანვე იცოდნენ, რომ მსხვერპლის გაღება მოითხოვებოდა. როცა პირველმა ღვთის ერთგულმა კაცმა, აბელმა იეჰოვას ცხოველური შესაწირავი მიუტანა, ღვთის მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით ღვთისმოშიში პატრიარქები ნოე, აბრაამი, იაკობი და იობიც მსგავს შესაწირავს სწირავდნენ, რაც მოსაწონი იყო ღვთისთვის (დაბ. 4:4; 8:20, 21; 22:13; 31:54; იობ. 1:5). მოსეს კანონმა უფრო ნათელი გახადა მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობა.

8. რას აკეთებდა მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს?

8 გამოსყიდვის დღეს გაღებული შესაწირავები იმ ყველაზე მნიშვნელოვან შესაწირავთა შორის იყო, რომელთა გაღებაც კანონით მოითხოვებოდა. ამ დღეს მღვდელმთავარი რამდენიმე რიტუალს ასრულებდა, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ის მსხვერპლს სწირავდა იეჰოვას ჯერ მღვდლების, მერე კი დანარჩენი ისრაელების ცოდვების გამოსასყიდად. მღვდელმთავარი კარვის ან ტაძრის წმინდათაწმინდაში შედიოდა, სადაც მხოლოდ მას შეეძლო შესვლა, და ისიც წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს. იქ შესული შეთანხმების კიდობნის წინ შესაწირავის სისხლს აპკურებდა. ამ წმინდა კიდობნის თავზე კაშკაშა ღრუბელი ჩნდებოდა ხოლმე, რაც იეჰოვას იქ ყოფნის მაჩვენებელი იყო (გამ. 25:22; ლევ. 16:1—30).

9. ა) ვის განასახიერებდა მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს და რას განასახიერებდა შესაწირავი? ბ) რისი სიმბოლო იყო წმინდათაწმინდაში მღვდელმთავრის შესვლა?

9 ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ ახსნა, რისი სიმბოლო იყო ეს რიტუალები. მან თქვა, რომ მღვდელმთავარი მესიას, იესო ქრისტეს, განასახიერებდა, შესაწირავი კი — ქრისტეს მსხვერპლად გაღებულ სიცოცხლეს (ებრ. 9:11—14). ამ სრულყოფილმა მსხვერპლმა საბოლოოდ გამოისყიდა ადამიანთა ორი ჯგუფი — ქრისტეს 144 000 სულითცხებული ძმა, რომლებიც ზეცაში მღვდლები იქნებოდნენ, და „სხვა ცხვარი“ (იოან. 10:16). მღვდელმთავრის წმინდათაწმინდაში შესვლა იმას განასახიერებდა, რომ ზეცაში იესო გამოსასყიდად გაღებულ მსხვერპლის ფასს წარუდგენდა იეჰოვას (ებრ. 9:24, 25).

10. ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად რა უნდა მოეთმინა მესიას?

10 აშკარაა, რომ ადამისა და ევას შთამომავალთა ხსნა მესიას დიდ ფასად დაუჯდებოდა. მას სიცოცხლე უნდა გაეწირა! ებრაული წერილების დამწერი წინასწარმეტყველები ამ ფაქტს ცოცხლად წარმოგვიდგენენ. მაგალითად, წინასწარმეტყველმა დანიელმა პირდაპირ თქვა, რომ „მესია, წინამძღოლი“ მოიკვეთებოდა ანუ მას მოკლავდნენ, რათა დანაშაული გამოსყიდულიყო (დან. 9:24—26). ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესიას უარყოფდნენ, დევნას დაუწყებდნენ და მოკლავდნენ ანუ განგმირავდნენ არასრულყოფილი ადამიანების ცოდვებისთვის (ეს. 53:4, 5, 7).

11. როგორ აჩვენა იესომ, რომ მზად იყო, თავი გაეწირა ჩვენთვის?

11 დედამიწაზე მოსვლამდე ღვთის მხოლოდშობილმა ძემ უკვე კარგად იცოდა, რის ფასად დაუჯდებოდა ჩვენი ხსნა. მას საშინელი ტანჯვა და სიკვდილი ელოდა. როცა მამისგან გაიგო, რაც უნდა მომხდარიყო, გადაიფიქრა იესომ მამის ნების შესრულება ან ეურჩა მას? არა, ის მზად იყო, დამორჩილებოდა მამის მითითებებს (ეს. 50:4—6). დედამიწაზე ყოფნისასაც მორჩილად ასრულებდა მამის ნებას; უპირველესად იმიტომ, რომ მამა უყვარდა და მერე იმიტომ, რომ, როგორც თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოან. 14:31; 15:13). ასე რომ, ჩვენ ხსნას მნიშვნელოვანწილად იესოს სიყვარული განაპირობებს. მართალია, მან უდიდესი მსხვერპლი, სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო, მაგრამ ეს ჩვენ სახსნელად გააკეთა და თანაც სიხარულით.

რის ფასად დაუჯდა იეჰოვას ჩვენი ხსნა?

12. ვისი ნების გამოხატულებაა გამოსყიდვა და რა არის გამოსყიდვის მიზეზი?

12 გამოსყიდვა იესოს ჩანაფიქრი არ ყოფილა. კაცობრიობის სახსნელად გამოსასყიდის გადახდა უპირველესად იეჰოვას ნების გამოხატულება იყო. მოციქულ პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ტაძრის სამსხვერპლო იეჰოვას ნების შესრულების სიმბოლო იყო (ებრ. 10:10). ასე რომ, ხსნისთვის — ქრისტეს გაღებული მსხვერპლისთვის — უპირველესად იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ (ლუკ. 1:68). ეს მისი სრულყოფილი ნებისა და ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა (წაიკითხეთ იოანეს 3:16 ).

13, 14. როგორ გვეხმარება აბრაამის მაგალითი, დავაფასოთ ის, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა?

13 რის ფასად დაუჯდა იეჰოვას ჩვენი სიყვარული? ძნელია, ჩავწვდეთ ამას. მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილია ერთი შემთხვევა, რომელიც გარკვეულწილად დაგვეხმარება ამის გაგებაში. იეჰოვამ ერთგულ აბრაამს ურთულესი რამ, თავისი ძის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა. აბრაამი მოსიყვარულე მამა იყო. ეს იეჰოვას სიტყვებიდანაც ჩანს: „შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს“ (დაბ. 22:2). მაგრამ აბრაამისთვის იეჰოვას ნების შესრულება შვილის სიყვარულზე მნიშვნელოვანი იყო. აბრაამი უყოყმანოდ დაემორჩილა, მაგრამ იეჰოვამ აბრაამს არ გააკეთებინა ის, რასაც ერთ დღეს თავად გააკეთებდა. მან ისაკის მსხვერპლად შეწირვამდე აბრაამის შესაჩერებლად ანგელოზი გაგზავნა. ურთულესი გამოცდის დროს აბრაამს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ღვთის მორჩილება და დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილის ცოცხლად ნახვის ერთადერთი შესაძლებლობა მისი მკვდრეთით აღდგენა იყო. აბრაამს სწამდა, რომ ღმერთი აღადგენდა მის შვილს. პავლემ თქვა, რომ აბრაამმა დაიბრუნა ისაკი, რაც მისი მკვდრეთით აღდგენის ტოლფასი იყო (ებრ. 11:19).

14 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აბრაამის ტკივილი, როცა შვილის მსხვერპლად შესაწირად ემზადებოდა? აბრაამის შემთხვევა გვაგებინებს, რა იგრძნო იეჰოვამ, როცა თავისი „საყვარელი ძე“ მსხვერპლად გაიღო (მათ. 3:17). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას ტკივილი გაცილებით ძლიერი იქნებოდა. ის და მისი ძე მილიონობით, შესაძლოა, მილიარდობით წელიწადს ხარობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობით. ძე სიხარულით შრომობდა მამის გვერდით, როგორც საყვარელი ოსტატი და „სიტყვა“, მისი წარმომადგენელი (იგავ. 8:22, 30, 31; იოან. 1:1). ვერც კი წარმოვიდგენთ, რას გრძნობდა იეჰოვა, როცა მის ძეს აწამებდნენ, დასცინოდნენ და კლავდნენ როგორც ბოროტმოქმედს. ჩვენი ხსნა იეჰოვას მართლაც დიდ ფასად დაუჯდა! როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ მისგან ხსნას?

როგორ ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ ღვთისგან ხსნას?

15. როგორ შეასრულა იესომ ბოლომდე „გამოსყიდვის წესი“ და ამის წყალობით რა გახდა შესაძლებელი?

15 იესომ ზეცად ამაღლების შემდეგ ბოლომდე შეასრულა „გამოსყიდვის წესი“. ის საყვარელ მამას დაუბრუნდა და თავისი მსხვერპლის ფასი წარუდგინა. ამას დიდი კურთხევა მოჰყვა. ერთხელ და სამუდამოდ შესაძლებელი გახდა ცოდვების მიტევება ჯერ ქრისტეს ცხებული ძმებისთვის, მერე კი „მთელი ქვეყნიერებისთვის“. ამ მსხვერპლის წყალობით დღეს ყველას, ვინც გულწრფელად ინანიებს ცოდვებს და ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი ხდება, შეუძლია, წმინდად წარდგეს იეჰოვა ღმერთის წინაშე (1 იოან. 2:2). თქვენ როგორ გეხებათ ეს?

16. მაგალითის დახმარებით ახსენით, რატომ უნდა ვიყოთ ხსნისთვის მადლიერნი.

16 გავიხსენოთ სტატიის დასაწყისში მოყვანილი მაგალითი. დავუშვათ, წამლის გამომგონებელი ექიმი თქვენს პალატაში შემოდის და ყველას ჰპირდება, რომ ვინც მკურნალობაზე დასთანხმდება და მიჰყვება მკურნალობას, აუცილებლად გამოჯანმრთელდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გვერდით მწოლიარე არც ერთი ავადმყოფი არ თანხმდება ექიმს მკურნალობაზე და აცხადებს, რომ წამლის მიღება და ექიმის მითითებების დაცვა ძალიან რთულია. თქვენც მათსავით მოიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიზეზი გაქვთ ამ წამლის ეფექტურობაში დასარწმუნებლად? რა თქმა უნდა, არა! თქვენ, ალბათ, ექიმის მადლიერი იქნებით, ზედმიწევნით შეასრულებთ მის მითითებებს და სხვებსაც ეტყვით, როგორი არჩევანი გააკეთეთ. გაცილებით დიდი სურვილი უნდა გვქონდეს, იეჰოვას გადავუხადოთ მადლობა ხსნისთვის, რაც თავისი ძის მსხვერპლად გაღებით გახადა შესაძლებელი (წაიკითხეთ რომაელების 6:17, 18).

17. როგორ შეგიძლიათ გამოავლინოთ მადლიერება იმისათვის, რაც იეჰოვამ თქვენ სახსნელად გააკეთა?

17 თუ მადლიერნი ვიქნებით იმისთვის, რაც იეჰოვამ და მისმა ძემ ცოდვისა და სიკვდილისგან ჩვენ სახსნელად გააკეთეს, ამას საქმით გამოვხატავთ (1 იოან. 5:3). წინააღმდეგობას გავუწევთ ცოდვილ მიდრეკილებებს. არასდროს შევცოდავთ განზრახ, არ ვითვალთმაქცებთ და არ ვიცხოვრებთ გაორებული ცხოვრებით, რაც ხშირად განზრახ ცოდვის ჩადენას ახლავს თან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ საერთოდ არ ვაფასებთ გამოსასყიდს. ნაცვლად ამისა, მადლიერების ნიშნად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ღვთის თვალში წმინდები ვიყოთ (2 პეტ. 3:14). მადლიერება აღგვძრავს, რომ ხსნის არაჩვეულებრივი იმედი სხვებსაც გავუზიაროთ, რათა მათაც შეეძლოთ წმინდები იყვნენ იეჰოვას თვალში და ჰქონდეთ მარადიული სიცოცხლის იმედი (1 ტიმ. 4:16). მართლაც, იეჰოვა და მისი ძე იმსახურებენ, რომ მათ განდიდებას მაქსიმალურად მივუძღვნათ ჩვენი დრო და ენერგია! (მარ. 12:28—30). წარმოიდგინეთ, დადგება დრო, როცა საბოლოოდ გავთავისუფლდებით ცოდვისგან და გასრულყოფილებულები მარადიულად ვიცხოვრებთ ისე, როგორც ღმერთს ჰქონდა ჩაფიქრებული. სწორედ იეჰოვასგან ხსნის წყალობით გახდება ეს შესაძლებელი! (რომ. 8:21)

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ეპიდემია, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილზე, მთელ ქვეყანასა თუ მთელ რიგ ქვეყნებზე ვრცელდება.

^ აბზ. 3 ვარაუდობენ, რომ ესპანური გრიპით მსოფლიო მოსახლეობის 20—50 პროცენტი დაინფიცირდა. ამ ვირუსით დაინფიცირებულთა დაახლოებით 1—10 პროცენტისთვის ის სასიკვდილო აღმოჩნდა. ესპანური გრიპისგან განსხვავებით ებოლას ვირუსი გაცილებით იშვიათია, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ამ ვირუსმა დაინფიცირებულთა თითქმის 90 პროცენტი შეიწირა.

როგორ უპასუხებთ?

• რატომ გვჭირდება ხსნა?

• როგორ მოქმედებს თქვენზე იესოს თავგანწირვა?

• რა გრძნობა გეუფლებათ, როცა გამოსასყიდზე ფიქრობთ?

• რისკენ აღგძრავთ იეჰოვასგან ხსნა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 27 გვერდზე]

გამოსყიდვის დღეს ისრაელის მღვდელმთავარი მესიას განასახიერებდა

[სურათი 28 გვერდზე]

თავისი ძის მსხვერპლად გაღებისთვის აბრაამის მზადყოფნა უკეთ გვანახვებს, რა დიდი მსხვერპლი გაიღო იეჰოვამ