არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბრმად მივყვები მშობლების რელიგიას?

ბრმად მივყვები მშობლების რელიგიას?

ბრმად მივყვები მშობლების რელიგიას?

პოლონეთში იეჰოვას მოწმეებს ხშირად ეუბნებიან: „ამ რწმენით დავიბადე და ამ რწმენით მოვკვდები“. ასე რომ, ამ ხალხის აზრით რელიგია, წინაპრებისგან მიღებული მემკვიდრეობაა. თქვენს ქვეყანაშიც ასე ფიქრობენ? რას იწვევს ხშირად ასეთი აზროვნება? რელიგია ფორმალურ და მარტო ოჯახური ტრადიციის სახეს იღებს. შეიძლება ეს იმ იეჰოვას მოწმეებზეც ითქვას, რომლებმაც მშობლებისგან არაჩვეულებრივი სულიერი მემკვიდრეობა მიიღეს?

ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ტიმოთეზე, რომელსაც ღვთისმოშიშმა დედამ და ბებიამ ჩაუნერგეს ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და სიყვარული. ტიმოთემ წმინდა წერილები ჩვილობიდანვე იცოდა. დროთა განმავლობაში ის, დედამისი და ბებიამისი დარწმუნდნენ, რომ ქრისტიანული რწმენა ჭეშმარიტი იყო. ტიმოთე დარწმუნდა იმაში, რაც წმინდა წერილებიდან იესო ქრისტეს შესახებ გაიგო (2 ტიმ. 1:5; 3:14, 15). მართალია, ქრისტიანი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი შვილები იეჰოვას მსახურები გახდნენ, მაგრამ შვილებმა თავად უნდა განივითარონ იეჰოვას მსახურების სურვილი (მარ. 8:34).

კაცი იეჰოვას სიყვარულით რომ ემსახუროს და ნებისმიერ შემთხვევაში მისი ერთგული დარჩეს, დამაჯერებელი არგუმენტების საფუძველზე უნდა დარწმუნდეს, რომ ის, რაც სწამს ჭეშმარიტია. მაშინ მისი რწმენა იქნება მტკიცე და მყარ საძირკველზე აგებული (ეფეს. 3:17; კოლ. 2:6, 7).

რის გაკეთება მართებთ შვილებს

ალბერტი, * რომლის მშობლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, ამბობს: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი მშობლების რელიგია ჭეშმარიტი იყო, მაგრამ ბოლომდე არ ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ მათი შემოთავაზებული ცხოვრების წესით უნდა მეცხოვრა“. თუ ახალგაზრდა ხარ, შესაძლოა, შენც ასე ფიქრობ. მაგრამ ნამდვილად ღირს ჯერ იმის გაგება, რა იგულისხმება ღვთისმოსაწონ ცხოვრებაში, მერე კი ღვთის ნების სიხარულით შესრულება (ფსალმ. 40:8). ალბერტი ამბობს: „ერთადერთი, რასაც თავიდან ვაკეთებდი, ვლოცულობდი. ცოტა არ იყოს, გამიჭირდა, მაგრამ ვაიძულებდი თავს, რომ მელოცა. მალევე მივხვდი, რომ, თუ იმის გაკეთებას შევეცდებოდი, რაც სწორი იყო, ღვთისმოსაწონი მსახური ვიქნებოდი. ამან ძალა შემმატა, რომ სხვაგვარად მეცხოვრა“. იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარება მისი მოთხოვნების შესრულების სურვილსაც გაგიჩენს (ფსალმ. 25:14; იაკ. 4:8).

დავუშვათ, რაიმე თამაშს თამაშობ. თუ წესები კარგად არ იცი ან კარგად ვერ თამაშობ, ალბათ, ეს თამაში მოსაწყენი იქნება შენთვის. მაგრამ, თუ წესებს ისწავლი და კარგი მოთამაშე გახდები, ერთი სული გექნება, როდის ითამაშებ კვლავ. იგივე შეიძლება ითქვას ქრისტიანულ მსახურებაზე. მოემზადე ქრისტიანული შეხვედრებისთვის და მონაწილეობა მიიღე მათში. ასაკის მიუხედავად, შეგიძლია კრების წევრები გაამხნეო შენი მაგალითით (ებრ. 10:24, 25).

იგივე პრინციპი ვრცელდება, როცა სხვებს შენს რწმენაზე ელაპარაკები. ესეც სიყვარულით უნდა გააკეთო და არა იძულებით. ჰკითხე თავს, რატომ მინდა, სხვებს იეჰოვაზე ვესაუბრო? რატომ მიყვარს ღმერთი? იეჰოვას მოსიყვარულე მამად უნდა იცნობდე. მან იერემიას პირით თქვა: „ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, რადგან მთელი გულით დამიწყებთ ძებნას“ (იერ. 29:13, 14). რის გაკეთება შეგიძლია იეჰოვას საძებნელად? იაკუპი ამბობს: „აზროვნება უნდა შემეცვალა. პატარაობიდანვე ვესწრებოდი კრების შეხვედრებს და მსახურებაში დავდიოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი მექანიკური გახდა. მხოლოდ მას შემდეგ შევისისხლხორცე ჭეშმარიტება, რაც იეჰოვას პიროვნება უკეთესად გავიცანი და დავუახლოვდი მას“.

თუ მოწიფულ ქრისტიანებთან იმეგობრებ, მსახურებაშიც მეტ სიხარულს პოვებ. ღვთივშთაგონებული იგავი ამბობს: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავ. 13:20). ასე რომ, იმეგობრე მათთან, ვინც სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის და იეჰოვას მსახურებით ბედნიერია. იოლა ამბობს: „ჩემზე დადებითად იმოქმედა სულიერად მოაზროვნე ახალგაზრდებთან ურთიერთობამ. დღეს მსახურება დიდ სიხარულს მანიჭებს“.

რის გაკეთება მართებთ მშობლებს

იოლა განაგრძობს: „მშობლებს ვემადლიერები, რომ იეჰოვა გამაცნეს“. მშობლებს, მართლაც, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ შვილების არჩევანზე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მამებო . . . იზრუნეთ მათზე [შვილებზე] — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფეს. 6:4). ამ ღვთივშთაგონებული რჩევიდან ნათლად ჩანს, რომ მშობლებმა შვილები იეჰოვას მოსაწონად უნდა აღზარდონ და არა ისე, როგორც თვითონ უნდათ. ნაცვლად იმისა, რომ შვილებს მოუწოდოთ თქვენი მოწონებული მიზნებისკენ სწრაფვა, უმჯობესი იქნება, დაეხმაროთ მათ, თავად დაისახონ მიზნად იეჰოვას ნების თანახმად ცხოვრება.

იეჰოვას სიტყვები ჩააგონეთ თქვენს შვილებს და ელაპარაკეთ „მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კან. 6:6, 7). ევა და რიშარდი, რომლებსაც სამი ვაჟი ჰყავთ, იხსენებენ: „შვილებს ბევრს ველაპარაკებოდით სრული დროით მსახურების სხვადასხვა სფეროზე“. რა მოჰყვა ამას შედეგად? „ბიჭებმა ადრეულ ასაკშივე მოინდომეს თეოკრატიული მსახურების სკოლაში მონაწილეობა, შემდეგ მაუწყებლები გახდნენ, ბოლოს კი თავად გადაწყვიტეს, მონათლულიყვნენ. მოგვიანებით ყველამ სრული დროით მსახურება დაიწყო“.

მშობლების კარგი მაგალითი მნიშვნელოვანია. რიშარდი ამბობს: „მთელი გულით ვცდილობდით, ისევე მოვქცეულიყავით სახლში, როგორც კრებაში“. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ასწავლის ჩემი ცხოვრება შვილებს? ხედავენ, რომ გულწრფელად მიყვარს იეჰოვა? ხედავენ ისინი ამ სიყვარულს ჩემს ლოცვებსა და რეგულარულ პირად შესწავლაში? ჩანს ეს სიყვარული ქადაგების, გართობისა და მატერიალური საგნების მიმართ ჩემი დამოკიდებულებიდან და კრების წევრებზე ჩემი ლაპარაკიდან? (ლუკ. 6:40). შვილები აკვირდებიან თქვენს ყოველდღიურ საქციელს და ადვილად ამჩნევენ, თუ ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ.

რჩევა-დარიგება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის აღზრდაში. ღვთის სიტყვა გვეუბნება: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“ (იგავ. 22:6). ევა და რიშარდი დასძენენ: „თითოეულ შვილს ცალ-ცალკე ვასწავლიდით ბიბლიას“. ცხადია, მშობლების გადასაწყვეტია, ცალ-ცალკე ჩაატარებენ შესწავლას თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ. ამისთვის გონიერებაა საჭირო. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ შვილებს უბრალოდ აუკრძალოთ გარკვეული სახეობის მუსიკის მოსმენა, უმჯობესია ასწავლოთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობა.

შვილებმა შეიძლება ზუსტად იცოდნენ, თუ რას ელით მათგან და ისე მოგაჩვენონ თავი, თითქოს ამართლებენ თქვენს მოლოდინს. მაგრამ თქვენ უნდა შეძლოთ იმის გაგება, რა აქვთ, სინამდვილეში, გულში. გახსოვდეთ, „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავ. 20:5). იყავით გამჭრიახნი, დაუკვირდით ნებისმიერ ნიშანს, რომელიც შეიძლება პრობლემაზე მიუთითებდეს და დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. არ დაადანაშაულოთ შვილი, აჩვენეთ, რომ თქვენთვის სულერთი არ არის მისი მდგომარეობა და შესაფერისი კითხვები დაუსვით. მაგრამ ზედმეტი კითხვებით თავი არ მოაბეზროთ. თუ გულწრფელად ინტერესდებით მისით, გაიგებთ შვილის გულის ნადებს და დახმარებაც გაგიადვილდებათ.

რის გაკეთება მართებთ კრების წევრებს

კრების წევრებსაც შეუძლიათ ახალგაზრდებს დაეხმარონ თავიანთი სულიერი მემკვიდრეობის დაფასებაში. შვილების აღზრდა მშობლების პასუხისმგებლობაა, მაგრამ კრების წევრებს, განსაკუთრებით უხუცესებს, შეუძლიათ, მხარი დავუჭიროთ მშობლებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დახმარება, ვინც რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობს.

რა უნდა გააკეთონ უხუცესებმა, რომ დაეხმარონ ახალგაზრდებს, შეიყვარონ იეჰოვა და კრების სრულფასოვან, ღირებულ წევრებად იგრძნონ თავი? პოლონეთში მცხოვრები ერთ-ერთი უხუცესი, სახელად მარიუში, ამბობს: „უხუცესებს ახალგაზრდებთან ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. არა მარტო მაშინ, როცა პრობლემები იჩენს თავს, არამედ სხვა დროსაც — მსახურებაში, შეხვედრების შემდეგ ან უბრალოდ სახლში სტუმრობისას“. ურიგო არ იქნებოდა, გეკითხათ ახალგაზრდებისთვის, რას ფიქრობენ კრებაზე. ასეთი გულახდილი საუბარი დააახლოებს ახალგაზრდებს კრებასთან და დაეხმარება მათ, რომ თავი მის სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.

თუ უხუცესი ხარ, ცდილობ, გაიცნო შენი კრების ახალგაზრდები? ზემოთ მოხსენიებული ალბერტი, რომელიც დღეს უხუცესად მსახურობს, მოზარდობის პერიოდში სხვადასხვა სირთულეს ხვდებოდა: „მოზარდობისას მეც მჭირდებოდა სამწყემსო მონახულება“. უხუცესებს ახალგაზრდების მიმართ პირადი ინტერესის გამოვლენა იმითაც შეუძლიათ, რომ იეჰოვას მათი სულიერი გაძლიერება სთხოვონ (2 ტიმ. 1:3).

კარგია, როცა ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ კრების საქმიანობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყურადღება შეიძლება ქვეყნიურ მიზნებზე შეაჩერონ. უფროსებო, შეგიძლიათ მათთან ერთად გახვიდეთ მსახურებაში და დაუმეგობრდეთ? შეეცადეთ, თავისუფალი დრო ახალგაზრდებთან გაატაროთ, მათი ნდობა მოიპოვოთ და მეგობრული გარემო შეუქმნათ. იოლა იხსენებს: „ერთი პიონერი და დამიმეგობრდა. სწორედ მასთან წავედი პირველად მსახურებაში ჩემი სურვილით“.

პირადი არჩევანი

ახალგაზრდებო, ჰკითხეთ თავს: რა მიზნები მაქვს? თუ ჯერ არა ვარ მონათლული, ვაპირებ მონათვლას? მონათვლისკენ იეჰოვას გულწრფელმა სიყვარულმა უნდა გიბიძგოს და არა ოჯახის წინაშე ვალდებულების გრძნობამ.

დაე, იეჰოვა იყოს შენი ნამდვილი მეგობარი, ჭეშმარიტება კი — შენი განძი. იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის პირით განაცხადა: „აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ“. იმეგობრე იეჰოვასთან და ის ყოველთვის შენთან იქნება. ის გაგამაგრებს და „სიმართლის მარჯვენას“ ჩაგჭიდებს (ეს. 41:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათი 4 გვერდზე]

შეეცადეთ ჩასწვდეთ, რა აქვს თქვენს შვილს გულში

[სურათი 6 გვერდზე]

მონათვლისკენ იეჰოვას გულწრფელმა სიყვარულმა უნდა გიბიძგოს