სიცოცხლის აზრი ვიპოვე
სიცოცხლის აზრი ვიპოვე
მოგვითხრო გასპარ მარტინესმა
ერთი შეხედვით ჩემი ამბავი იმ ღარიბი გლეხის ამბავს ჰგავს, რომელიც საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა და გამდიდრდა, თუმცა ჩემს შემთხვევაში მოხვეჭილი სიმდიდრე სულ სხვა რამ აღმოჩნდა.
ბავშვობა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რიოჰას მხარის ერთ-ერთ ღარიბ სოფელში გავატარე. ეს 1930-იან წლებში იყო. ათი წლისას სწავლის შეწყვეტა მომიწია, თუმცა წერა-კითხვა უკვე ვიცოდი. ჩემს ექვს და-ძმასთან ერთად ან ცხვარს ვმწყემსავდი ან ჩვენს პატარა მიწის ნაკვეთებს ვამუშავებდი.
ხელმოკლეობამ გვაფიქრებინა, რომ ცხოვრებაში უმთავრესი ფული იყო. გვშურდა მათი, ვისაც ჩვენზე მეტი ჰქონდა. ეპისკოპოსმა ერთხელ თქვა, რომ მის ეპარქიაში ჩვენი სოფელი ყველაზე რელიგიური იყო. მაგრამ, რა იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ბევრი მიატოვებდა კათოლიკურ ეკლესიას.
უკეთესი ცხოვრების ძიებაში
ცოლად შევირთე ჩემი სოფლელი გოგონა, მერსედესი. მალე ბიჭი შეგვეძინა. 1957 წელს ახლოს მდებარე ქალაქ ლოგრონიოში გადავედი საცხოვრებლად ცოლ-შვილთან ერთად, ცოტა ხანში ჩემი მშობლები და დედმამიშვილებიც იქ გადმოვიდნენ. ხელობა არ ვიცოდი, ამიტომ მალევე მივხვდი, რომ რთული იქნებოდა შემოსავლიანი სამუშაოს პოვნა. არ ვიცოდი, ვისთვის მეკითხა რჩევა. ბიბლიოთეკაში დავიწყე სიარული, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მომეძებნა.
მოგვიანებით გავიგე, რომ ერთ რადიოგადაცემაში ხალხს წერილებით ბიბლიის შესწავლას სთავაზობდნენ. მალევე მას შემდეგ, რაც ბიბლიის შემსწავლელი კურსი დავამთავრე, ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. რამდენჯერმე დავესწარი მათ შეხვედრას და დავინახე, როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ეკლესიის გავლენიანი წევრები. იმის მერე იქ არ მივსულვარ, რადგან დავასკვენი, რომ ყველა რელიგია ერთნაირი იყო.
თვალებიდან „ლიბრი“ მომცილდა
1964 წელს ერთი ახალგაზრდა, ეუგენიო გვესტუმრა. ის იეჰოვას მოწმე იყო, რომლებზეც მანამდე არაფერი მსმენოდა, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავიწყე მასთან ბიბლიაზე ლაპარაკი. მეგონა, რომ ბიბლია კარგად ვიცოდი. მის კითხვებს იმ რამდენიმე ბიბლიური მუხლით ვპასუხობდი, რაც ბიბლიის შემსწავლელ კურსზე მქონდა ნასწავლი. მართალია, ვცდილობდი გარკვეული პროტესტანტული სწავლებების დაცვას, მაგრამ გულის სიღრმეში თვითონ არ მწამდა მათი.
ფსალმ. 37:11, 29; ეს. 9:6, 7; მათ. 6:9, 10).
ორი ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ვაღიარე, რომ ეუგენიო ღვთის სიტყვის კარგი მასწავლებელი იყო. გაოგნებას ვერ ვმალავდი, როცა ადვილად პოულობდა მუხლებს და მსჯელობდა მათზე, მიუხედავად იმისა, რომ იმდენიც არ ჰქონდა სკოლაში ნასწავლი, რამდენიც მე. ეუგენიომ ბიბლიიდან მაჩვენა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობდით და რომ ღვთის სამეფო მალე დედამიწას სამოთხედ გადააქცევდა. ერთი სული მქონდა, უფრო მეტი გამეგო (ბიბლიის შესწავლა დიდი სიხარულით დავიწყე. რაც გავიგე, ჩემთვის თითქმის ყველაფერი ახალი იყო და ნასწავლმა ჩემზე დიდად იმოქმედა. ისეთი იმედი მომეცა, რისთვისაც ღირდა ცხოვრება. ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. სოციალური სტატუსის გაუმჯობესების მცდელობამ აზრი დაკარგა და კარგი სამუშაოს პოვნა მთავარი მიზანი აღარ იყო ჩემთვის. ბოლოს და ბოლოს ღმერთი ავადმყოფობასაც და სიკვდილსაც მოუღებდა ბოლოს! (ეს. 33:24; 35:5, 6; გამოცხ. 21:4)
ნასწავლს იმ წუთიდანვე ვუზიარებდი ჩემს ნათესავებს და ენთუზიაზმით ვუხსნიდი მათ, რომ ღვთის დაპირებისამებრ დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა, სადაც ერთგული ადამიანები მარადიულად იცხოვრებდნენ.
ჩემი ოჯახი ჭეშმარიტებას იღებს
მალე მე და ჩემმა ათმა ნათესავმა გადავწყვიტეთ, ყოველ კვირა დღეს, ნაშუადღევს, ბიძაჩემის სახლში შევკრებილიყავით და ბიბლიაზე გვესაუბრა. ყოველ კვირა ორ-სამ საათს ვუთმობდით ბიბლიურ თემებზე საუბარს. როცა ეუგენიომ ნახა, რომ ბევრი ჩემი ნათესავი დაინტერესდა ბიბლიით, გადაწყვიტა, ყველა ოჯახი ცალ-ცალკე მოენახულებინა.
ნათესავები პატარა ქალაქ დურანგოშიც მყავდა, ჩემი ქალაქიდან 120 კილომეტრის მოშორებით. იმ ქალაქში არავინ იყო იეჰოვას მოწმე. ასე რომ, სამსახურიდან რამდენიმე დღე შვებულება ავიღე, რათა იქაური ნათესავები მომენახულებინა და ჩემი ახალი რწმენის შესახებ მესაუბრა. ყოველ საღამოს დაახლოებით ათნი ვიკრიბებოდით ერთად და შუაღამემდე ვქადაგებდი. ისინი დიდი სიამოვნებით მისმენდნენ. როცა შინ დაბრუნების დრო დადგა, მათ ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა დავუტოვე. მას შემდეგ ხშირად ვეხმიანებოდით ერთმანეთს.
იეჰოვას მოწმეები როცა პირველად მივიდნენ დურანგოში, სადაც მანამდე არავის ჰქონდა ნაქადაგები, იქ 18 კაცი უკვე მზად იყო ბიბლიის შესასწავლად. იეჰოვას მოწმეებმა დიდი სიხარულით დაიწყეს ბიბლიის შესწავლა ყველა ოჯახთან ცალ-ცალკე.
თავიდან მერსედესი ჭეშმარიტებას არ ისმენდა. ამის მიზეზი კაცთმოშიშება იყო და არა ის, რომ ბიბლიის სწავლებებს არ ეთანხმებოდა. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო, ამიტომ მერსედესი ფიქრობდა, რომ ჩვენს ორ ბიჭს სკოლიდან გარიცხავდნენ და საზოგადოებიდან გავირიყებოდით. მაგრამ, როცა დაინახა, რომ მთელმა ოჯახმა მიიღო ჭეშმარიტება, თვითონაც მოისურვა ბიბლიის შესწავლა.
ორ წელიწადში ჩემი 40 უახლოესი ნათესავი იეჰოვას მოწმე გახდა, თავი ღმერთს მიუძღვნა და მოინათლა. ჩემმა ოჯახმა იმ მიზნისკენ დაიწყო სწრაფვა, რასაც მე ვესწრაფოდი. ვგრძნობდი, რომ ღირებულ მიზანს მივაღწიე, და ღმერთმაც სულიერად უხვად გვაკურთხა.
ასაკის მატებას კურთხევების მატებაც მოჰყვა
20 წლის განმავლობაში მთელი ჩემი ყურადღება ჩვენი ორი ვაჟის აღზრდასა და ადგილობრივი კრების დახმარებაზე მქონდა გადატანილი. მე და მერსედესი ლოგრონიოში რომ გადავედით, იქ 100 000 კაცი ცხოვრობდა და მათ შორის მხოლოდ ოციოდე იყო იეჰოვას მოწმე. კრებაში მალე ბევრი პასუხისმგებლობა მომანდეს.
56 წლისა ვიყავი, როცა მოულოდნელად დაიხურა ქარხანა, სადაც ვმუშაობდი, და უმუშევარი დავრჩი. ყოველთვის მინდოდა სრული დროით მსახურება, ჰოდა მეც არ გავუშვი ხელიდან შესაძლებლობა და პიონერი გავხდი. პენსიას ძალიან ცოტას ვიღებდი, ამიტომ ოჯახზე ზრუნვა გამიჭირდა. მერსედესი მხარში ამომიდგა და დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. არასდროს გვაკლდა აუცილებელი. დღესაც პიონერად
ვმსახურობ, მერსედესი კი დროდადრო — დამხმარე პიონერად; ქადაგება მას დიდ სიხარულს ანიჭებს.რამდენიმე წლის წინ მერსედესს რეგულარულად მიჰქონდა ჩვენი ჟურნალები ერთ ახალგაზრდა ქალთან, მერჩესთან, რომელიც ბავშვობაში სწავლობდა ბიბლიას. ის დიდი სიამოვნებით კითხულობდა ჩვენს ლიტერატურას და მერსედესისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ის ისევ აფასებდა ჭეშმარიტებას. მერჩემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და სულიერად წინ მიიწევდა. მაგრამ მის ქმარს, ბითენტეს სმა უყვარდა, რის გამოც სამსახურს ხშირად კარგავდა. ასე რომ, ის ოჯახს არ არჩენდა და ლოთობის გამო მათი ოჯახი დანგრევის პირას იყო.
ჩემმა ცოლმა მერჩეს უთხრა, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუ ბითენტე დამელაპარაკებოდა; ბოლოს მართლაც მოვიდა ჩემთან. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ბიბლიის შესწავლაზე დამთანხმდა. ბითენტე ნელ-ნელა იცვლებოდა. ჯერ რამდენიმე დღით თქვა სასმელზე უარი, მერე დაახლოებით ერთი კვირით, ბოლოს კი საერთოდ დაანება სმას თავი. გარეგნობა შესამჩნევად შეეცვალა, ოჯახიც განმტკიცდა. დღეს ის ცოლ-შვილთან ერთად აქტიურად მსახურობს ერთ პატარა კრებაში კანარის კუნძულებზე.
წარსული კარგად მახსენდება
მართალია, ჩემს ნათესავთაგან ზოგი, რომლებმაც წლების წინ ჭეშმარიტება გაიგეს, ახლა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ჩვენი დიდი ოჯახი მაინც იზრდება და ღვთის კურთხევა არ გვაკლდება (იგავ. 10:22). დიდ სიხარულს მანიჭებს, რომ დღემდე თითქმის ყველა ერთგულად ემსახურება იეჰოვას, ვინც ბიბლიის შესწავლა ჯერ კიდევ 40 წლის წინ დაიწყო, და დღეს უკვე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად სცემენ ღმერთს თაყვანს.
ჩემი ნათესავებიდან დღეს ბევრია იეჰოვას მოწმე, ზოგი უხუცესია, ზოგი მომსახურე და ზოგიც პიონერი. ჩემი უფროსი ვაჟი მეუღლესთან ერთად მადრიდში (ესპანეთი) იეჰოვას მოწმეების ფილიალში მსახურობს. როცა მოვინათლე ესპანეთში მხოლოდ 3 000 იეჰოვას მოწმე იყო, დღეს კი 100 000-ზე მეტია. სრული დროით მსახურება ძალიან მახარებს და ღვთის მადლიერი ვარ იმ არაჩვეულებრივი წლებისთვის, რომლებიც მის მსახურებაში გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დაწყებითი განათლება მაქვს მიღებული, დროდადრო სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ ვმსახურობ.
რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ჩემი მშობლიური სოფელი თითქმის დაცარიელებულა. სიღარიბემ მოსახლეობა აიძულა, მიეტოვებინა სახლ-კარი და უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასულიყო. საბედნიეროდ ბევრმა მათგანმა და, მათ შორის, მეც სულიერი განძი ვიპოვეთ. გავიგეთ, რომ სიცოცხლეს ნამდვილად აქვს აზრი და დავრწმუნდით, რომ იეჰოვას მსახურებას უდიდესი სიხარული მოაქვს.
[სურათი 32 გვერდზე]
ძმა მარტინესის იეჰოვას მოწმე ნათესავთა უმრავლესობა