არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა აზრია ჩადებული იგავების 24:27-ში?

ახალგაზრდა კაცს იგავების დამწერი ასეთ რჩევას აძლევს: „შეასრულე შენი საქმე გარეთ და მინდორში მოამზადე იგი, შემდეგ კი აღაშენე შენი ოჯახი“. რა აზრია ჩადებული ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ იგავში? მამაკაცი სათანადოდ უნდა მოემზადოს მანამ, სანამ ოჯახს მოეკიდება. მას კარგად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ნაბიჯის გადადგმას მოჰყვება.

ადრე ეს მუხლი შემდეგნაირად იხსნებოდა: ქმარმა და მამამ მხოლოდ სამსახურზე კი არ უნდა იზრუნოს, არამედ უნდა აღაშენოს ანუ გაამხნევოს თავისი ოჯახი, მაგალითად სულიერად დამოძღვროს ის. ფაქტია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ მუხლში უფრო სხვა რამ იგულისხმება. განვიხილოთ ორი მიზეზი, თუ რატომ მივდივართ ამ დასკვნამდე.

პირველ რიგში, მუხლში არ მიდის საუბარი ოჯახის გამხნევებაზე. სიტყვასიტყვით მასში სახლის აშენება იგულისხმება. აღშენებად ნათარგმნ ებრაულ სიტყვას შეიძლება გადატანითი მნიშვნელობაც ჰქონდეს და ოჯახის შექმნას, ცოლ-შვილის ყოლას გულისხმობდეს.

გარდა ამისა, მუხლში შემდეგი თანამიმდევრობაა დაცული — ჯერ ერთი საქმე უნდა გააკეთო, მერე — მეორე. ცხადია, რომ ეს იგავი არ უნდა მოგვიწოდებდეს იმისკენ, რომ სულიერ საქმეებზე წინ სხვა საქმეები, მაგალითად, სამუშაო დავაყენოთ.

ძველად, თუ კაცი ოჯახის „აღშენებას“ ანუ დაოჯახებას დააპირებდა, უნდა დაფიქრებულიყო, შეძლებდა თუ არა ცოლ-შვილის რჩენას. დაქორწინებამდე მას უნდა ემუშავა მინდორში ან ყანაში. ბიბლიის ერთ თარგმანში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „ნუ აიშენებ სახლს და ნუ მოეკიდები ოჯახს მანამ, სანამ მინდორს არ დაამუშავებ, რომ საარსებო წყარო გქონდეს“ (Today’s English Version). ეს პრინციპი დღესაც პრაქტიკულია.

კაცი, რომელსაც დაქორწინება სურს, სათანადოდ უნდა მოემზადოს ამ პასუხისმგებლობისთვის. თუ მას ჯანმრთელობა ხელს არ უშლის, ის უნდა მუშაობდეს. მის მოვალეობაში მხოლოდ ოჯახის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა არ შედის. ბიბლიიდან ჩანს, რომ კაცი, რომელიც არ ზრუნავს ოჯახის ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე, ურწმუნოზე უარესია (1 ტიმ. 5:8). ამიტომ, დაოჯახებამდე ახალგაზრდა კაცმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: „შემიძლია ოჯახის რჩენა? მზად ვარ ვიზრუნო ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე? შევძლებ, რომ რეგულარულად ჩავატარო ბიბლიის შესწავლა ცოლ-შვილთან ერთად?“ ბიბლიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულებას (კან. 6:6—8; ეფეს. 6:4).

ამიტომ დაქორწინების მსურველი ახალგაზრდა კაცი კარგად უნდა დაფიქრდეს იგავების 24:27-ში ჩაწერილ პრინციპზე. ახალგაზრდა ქალმაც წინასწარ უნდა აწონ-დაწონოს, არის თუ არა მზად ცოლისა და დედის მოვალეობის შესასრულებლად. მსგავს კითხვებზე უნდა დაფიქრდეს ცოლ-ქმარი, რომელსაც ბავშვების ყოლა სურს (ლუკ. 14:28). ღვთისგან მომდინარე პრინციპები ღვთის ხალხს მრავალი პრობლემისგან იცავს და ეხმარება ბედნიერი ოჯახის შექმნაში.

[ჩანართი 12 გვერდზე]

რაზე უნდა დაფიქრდეს დაქორწინების მსურველი ახალგაზრდა კაცი?