არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მშვიდობიანად იყავით ყველასთან“

„მშვიდობიანად იყავით ყველასთან“

„მშვიდობიანად იყავით ყველასთან“

„რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომ. 12:18).

1, 2. ა) რის შესახებ გააფრთხილა იესომ თავისი მიმდევრები? ბ) რომელი პრაქტიკული რჩევები გამოგვადგება წინააღმდეგობებთან შესახვედრად?

იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ წინააღმდეგობებს შეხვდებოდნენ. სიკვდილის წინა ღამეს მან მოციქულებს ამის მიზეზიც აუხსნა: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოან. 15:19).

2 მოციქულმა პავლემ საკუთარ თავზე გამოსცადა იესოს სიტყვების ჭეშმარიტება. პავლემ თავის თანამშრომელ ტიმოთეს მეორე წერილში მისწერა: „შენ კი ზედმიწევნით მბაძავ სწავლებაში, ცხოვრების წესში, განზრახვაში, რწმენაში, სულგრძელობაში, სიყვარულში, მოთმინებაში და ჩემნაირად იტან დევნასა და ტანჯვას“. შემდეგ დასძინა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:10—12). თავისი წერილის მე-12 თავში პავლემ გონივრული რჩევები მისცა რომაელ ქრისტიანებს, თუ როგორ უნდა შეხვედროდნენ წინააღმდეგობას. მისი სიტყვები ჩვენც გამოგვადგება ამ უკანასკნელ დროში.

„ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება“

3, 4. როგორ შეგვიძლია რომაელების 12:17-ში ჩაწერილი რჩევის გამოყენება: ა) რელიგიურად დაყოფილ ოჯახში? ბ) სხვებთან ურთიერთობაში?

3 წაიკითხეთ რომაელების 12:17. როცა ცუდად გვეპყრობიან, ჩვენ იმავეთი არ უნდა ვუპასუხოთ. პავლეს ამ რჩევის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში. ხშირად ქრისტიანი შეიძლება იმის ცდუნების წინაშე დადგეს, რომ მეუღლის უკმეხობას უკმეხობითვე უპასუხოს. სამაგიეროს გადახდას არასდროს მოაქვს დადებითი შედეგები. პირიქით, ეს უფრო ძაბავს სიტუაციას.

4 პავლე უკეთეს გამოსავალს გვთავაზობს: „ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება“. დაძაბული სიტუაცია შეიძლება ადვილად განიმუხტოს, თუ ცოლი თავაზიანად ექცევა ქმარს, რომელიც რწმენის გამო შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს (იგავ. 31:12). კარლოსი, რომელიც დღეს ბეთელში მსახურობს, გვიყვება, რომ მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, დედა მას თავაზიანად ეპყრობოდა და კარგად ზრუნავდა ოჯახზე. ის ამბობს: „დედა ბავშვებს გვთხოვდა, რომ მამას ყოველთვის პატივისცემით მოვპყრობოდით. ის მაიძულებდა მამასთან მისი საყვარელი თამაში მეთამაშა, რომელიც მე არ მიყვარდა. ეს კი მხოლოდ იმიტომ უნდა გამეკეთებინა, რომ მამა კარგ ხასიათზე დამდგარიყო“. დროთა განმავლობაში კარლოსის მამამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მოინათლა. ყველას თვალში კარგის კეთება იეჰოვას მოწმეებს ეხმარება, რომ გააბათილონ მათი არასწორი შეხედულებები, ვისაც ისინი ათვალწუნებული ჰყავთ. მაგალითად, სტიქიური ან სხვა უბედურების დროს ისინი პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობენ მოყვასს.

წინააღმდეგობის დაძლევა „ნაკვერჩხლებით“

5, 6. ა) რა გაგებით შეგვიძლია ნაკვერჩხლები დავაგროვოთ მტრის თავზე? ბ) მოყევით შემთხვევა, როცა რომაელების 12:20-ში ჩაწერილმა რჩევამ კარგი შედეგი გამოიღო.

5 წაიკითხეთ რომაელების 12:20. როცა ამ სიტყვებს წერდა პავლე, როგორც ჩანს, იგავების 25:21, 22-ს ციტირებდა, სადაც ვკითხულობთ: „თუ შენი მოძულე მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, წყალი დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე და იეჰოვა დაგაჯილდოებს“. თუ გავითვალისწინებთ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი პავლეს წერილის მე-12 თავში ჩაწერილ რჩევას, აშკარაა, რომ ნაკვერჩხლის მაგალითით პავლე იმას არ იგულისხმებდა, რომ ჩვენი მოძულე დავსაჯოთ ან შეურაცხყოფა მივაყენოთ. როგორც ჩანს, იგავებში ჩაწერილი რჩევაც და პავლეს სიტყვებიც ეხება ლითონის გადადნობის უძველეს მეთოდს. მე-19 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერმა ჩარლზ ბრიჯეზმა აღნიშნა: „ძნელდნობად მეტალს ორივე მხრიდან უნდა შეუნთო ცეცხლი. ის არა მარტო ცეცხლზე უნდა დადო, არამედ ზემოდანაც უნდა დააყარო ნაკვერჩხლები. ცოტას თუ აქვს ისეთი გული, რომელსაც არ გაალღობს მოთმინება, თავგანწირული სული და გულწრფელი სიყვარული“.

6 ნაკვერჩხლების მსგავსად, კარგმა საქმეებმა შეიძლება გული მოულბოს მოწინააღმდეგეებს და მტრული დამოკიდებულება შეაცვლევინოს. სიკეთემ შეიძლება დადებითად განაწყოს ადამიანები იეჰოვას მოწმეებისა და იმ ცნობის მიმართ, რომელსაც ისინი ქადაგებენ. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს“ (1 პეტ. 2:12).

„მშვიდობიანად იყავით ყველასთან“

7. რა მშვიდობას აძლევს ქრისტე თავის მოწაფეებს და ჩვენ რისი ძალა უნდა მოგვცეს ამან?

7 წაიკითხეთ რომაელების 12:18. მოციქულებთან გატარებულ ბოლო საღამოს, იესომ მათ უთხრა: „მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ“ (იოან. 14:27). ქრისტეს დატოვებული მშვიდობა იყო შინაგანი სიმშვიდე, რასაც მოწაფეებს იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის სიყვარული და კეთილგანწყობა ანიჭებდა. ამ შინაგანმა სიმშვიდემ ჩვენც უნდა მოგვცეს იმის ძალა, რომ მშვიდობიანები ვიყოთ სხვებთან. ჭეშმარიტ ქრისტიანებს უყვართ მშვიდობა და ისწრაფვიან მისკენ (მათ. 5:9).

8. როგორ შეგვიძლია მშვიდობისმყოფელები ვიყოთ ოჯახსა თუ კრებაში?

8 მშვიდობისკენ სწრაფვის ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ოჯახში მაშინვე მოვაგვაროთ უთანხმოებები და არ დავძაბოთ სიტუაცია (იგავ. 15:18; ეფეს. 4:26). ასევე უნდა მოვიქცეთ თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას. პეტრემ მშვიდობისკენ სწრაფვა ენის შეკავებას დაუკავშირა (1 პეტ. 3:10, 11). იაკობმა ქრისტიანებს ჯერ ენის, შურისა და შუღლის შესახებ მისცა რჩევები და შემდეგ დასძინა: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა. სიმართლის ნაყოფი კი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკ. 3:17, 18).

9. რა უნდა გვახსოვდეს მაშინ, როცა ვცდილობთ, ყველასთან მშვიდობიანები ვიყოთ?

9 რომაელების 12:18-ში პავლე მხოლოდ ოჯახსა და კრებაში არ მოგვიწოდებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. ის ამბობს, რომ ჩვენ „მშვიდობიანად [უნდა] ვიყოთ ყველასთან“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშვიდობა უნდა გვქონდეს ჩვენს მეზობლებთან, თანამშრომლებთან, კლასელებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც მსახურებაში ვხვდებით. თუმცა მოციქულმა პავლემ ისიც თქვა: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია“. აქედან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად უნდა ვიყოთ ყველასთან, მაგრამ ისე, რომ ღვთის სამართლიანი პრინციპები არ დავარღვიოთ.

შურს იეჰოვა იძიებს

10, 11. რა გაგებით ვაძლევთ ადგილს ღვთის რისხვას და რატომ არის ეს გონივრული?

10 წაიკითხეთ რომაელების 12:19. ჩვენი საქმისა და ცნობისადმი „უარყოფითად განწყობილებს“, მათ შორის სასტიკ მოწინააღმდეგეებსაც, რბილად უნდა მივუდგეთ და თავშეკავებულები ვიყოთ, როცა ბოროტებას ვხვდებით (2 ტიმ. 2:23—25). პავლე ურჩევს ქრისტიანებს, რომ შურისძიების ნაცვლად ადგილი მისცენ „ღვთის რისხვას“. შურისძიება ქრისტიანის საქმე არ არის. ფსალმუნმომღერალი წერდა: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი; ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას“ (ფსალმ. 37:8). სოლომონი გვირჩევს: „ნუ იტყვი: ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო. იეჰოვას იმედი გქონდეს და ის გადაგარჩენს“ (იგავ. 20:22).

11 როცა მოწინააღმდეგეები ზიანს გვაყენებენ, გონივრულია, მათი დასჯა იეჰოვას მივანდოთ. „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“ (შეადარეთ კანონის 32:35). ჩვენი მხრიდან კადნიერება იქნება, თუ შურისძიებას მოვინდომებთ, რადგან ეს იეჰოვას უფლებამოსილებაა და არა ჩვენი. გარდა ამისა, გამოვა, რომ არ გვჯერა იეჰოვას დანაპირების: „მე მივუზღავ“.

12. როდის გამოცხადდება იეჰოვას რისხვა და როგორ?

12 რომაელებისადმი მიწერილი წერილის დასაწყისში პავლემ აღნიშნა: „ზეციდან ღვთის რისხვა ცხადდება იმ ადამიანთა ყოველგვარი უღმერთობისა და უმართლობის წინააღმდეგ, რომლებიც უმართლოდ ჩქმალავენ ჭეშმარიტებას“ (რომ. 1:18). იეჰოვას რისხვა ზეციდან მისი ძის მეშვეობით გამოცხადდება დიდი გასაჭირის დროს (გამოცხ. 7:14). ეს იქნება „ღვთის სამართლიანი სასამართლოს დადასტურება“, რის შესახებაც პავლემ თავის სხვა წერილში აღნიშნა: „ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში, ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილებს, მოგიზღოთ შვება ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თეს. 1:5—8).

სძლიე ბოროტებას სიკეთით

13, 14. ა) რატომ არ გვაოცებს წინააღმდეგობა? ბ) რას ნიშნავს სიტყვები „ლოცეთ თქვენი მდევნელები“?

13 წაიკითხეთ რომაელების 12:14, 21. ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის განზრახვებს. ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმ საქმეს, რაც მან დაგვავალა ანუ „მთელ მსოფლიოში“ ვიქადაგოთ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათ. 24:14). ვიცით, რომ ქადაგება ჩვენს მტრებს განარისხებს, როგორც იესომაც თქვა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9). ამიტომ წინააღმდეგობა არც გვაკვირვებს და არც გულს გვიტეხს. მოციქული პეტრე წერდა: „საყვარელნო, ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის, თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ. პირიქით, გიხაროდეთ, რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ“ (1 პეტ. 4:12, 13).

14 ჩვენ არ გვძულს ჩვენი მდევნელები. პირიქით, ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ ჭეშმარიტების გაგებაში, რადგან ბევრი მათგანი ასე უმეცრების გამო იქცევა (2 კორ. 4:4). ჩვენ ვითვალისწინებთ პავლეს რჩევას: „ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ, ნუ დაწყევლით“ (რომ. 12:14). ამის ერთ-ერთი საშუალება მათთვის ლოცვაა. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს, აკურთხეთ ისინი, ვინც გწყევლით, და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ“ (ლუკ. 6:27, 28). მოციქულმა პავლემ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ერთ დროს მდევნელი შეიძლება ქრისტეს ერთგული მოწაფე და იეჰოვას გულმოდგინე მსახური გამხდარიყო (გალ. 1:13—16, 23). თავის სხვა წერილში პავლემ თქვა: „გვლანძღავენ — ვლოცავთ, გვდევნიან — ვითმენთ, სახელს გვიტეხენ — შეწყალებას ვთხოვთ“ (1 კორ. 4:12, 13).

15. რა არის ბოროტების ძლევის საუკეთესო საშუალება?

15 ჭეშმარიტი ქრისტიანები ითვალისწინებენ რომაელების მე-12 თავის ბოლო სიტყვებს: „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“. ბოროტების თავიდათავი სატანა ეშმაკია (იოან. 8:44; 1 იოან. 5:19). იოანე მოციქულს ხილვაში იესომ გაუცხადა, რომ მისმა ცხებულმა ძმებმა „სძლიეს მას [სატანას] კრავის სისხლითა და დამოწმების სიტყვით“ (გამოცხ. 12:11). აქედან გამომდინარე, სატანისა და მისი ბოროტი ქვეყნიერების ძლევის საუკეთესო საშუალება სიკეთის კეთებაა, რაშიც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაც იგულისხმება.

იხარეთ იმედში

16, 17. რომაელების მე-12 თავიდან გამომდინარე: ა) როგორ უნდა წარვუდგინოთ ღმერთს ჩვენი სხეულები? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ კრებაში? გ) როგორ უნდა მოვეპყროთ მათ, ვინც გვეწინააღმდეგება?

16 რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი პავლეს წერილის მე-12 თავის მიმოხილვამ ბევრი რამ შეგვახსენა. იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები მზად უნდა ვიყოთ მსხვერპლის გასაღებად. ღვთის სულის დახმარებით ჩვენ ნებაყოფლობით ვიღებთ მსხვერპლს, რადგან გააზრებულად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს არის ღვთის ნება. ჩვენ სულით ვართ ანთებულნი და ღვთისგან ნაბოძებ სხვადასხვა ძღვენს მაქსიმალურად ვიყენებთ. ღმერთს თავმდაბლობითა და მოკრძალებით ვემსახურებით და ყველაფერს ვაკეთებთ ქრისტიანული ერთობის შესანარჩუნებლად. სტუმართმოყვარეობასაც ვავლენთ და გულწრფელ თანაგრძნობასაც.

17 რომაელების მე-12 თავში უამრავი რჩევაა მოცემული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ წინააღმდეგობებზე. სამაგიერო არავის უნდა გადავუხადოთ. პირიქით, წინააღმდეგობას სიკეთით უნდა ვძლიოთ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მშვიდობიანები ვიყოთ ყველასთან, მაგრამ არა ბიბლიური პრინციპების დარღვევის ხარჯზე. ჩვენ ვესწრაფვით მშვიდობას ოჯახში, კრებაში, სამეზობლოში, სამსახურში, სკოლაში თუ მსახურების დროს. სასტიკი წინააღმდეგობების დროსაც კი, ვცდილობთ, ბოროტებას სიკეთით ვძლიოთ, რადგან გვახსოვს, რომ შურს იეჰოვა იძიებს.

18. რა სამი რჩევაა მოცემული რომაელების 12:12-ში?

18 წაიკითხეთ რომაელების 12:12. ზემოხსენებული პრაქტიკული რჩევების გარდა, პავლე კიდევ სამ რამეს გვირჩევს, რასაც იეჰოვას დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებთ. ამიტომ პავლე მოგვიწოდებს, რომ გამუდმებით ვილოცოთ. ეს შეგვაძლებინებს, გავუძლოთ გასაჭირს. დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რას გვიმზადებს იეჰოვა მომავალში. მოდი, ვიხაროთ მარადიული სიცოცხლის იმედით, ზეცაში თუ დედამიწაზე!

გასამეორებლად

• როგორ უნდა შევხვდეთ წინააღმდეგობებს?

• ვისთან უნდა ვესწრაფოთ მშვიდობას და როგორ?

• რატომ ვიკავებთ თავს შურისძიებისგან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 8 გვერდზე]

თუ გაჭირვების დროს მოყვასს დავეხმარებით, შეიძლება არასწორი შეხედულებები გავუბათილოთ

[სურათი 9 გვერდზე]

ისწრაფვი მშვიდობისკენ კრებაში?