არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა აუცილებელია გადარჩენისთვის!

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა აუცილებელია გადარჩენისთვის!

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა აუცილებელია გადარჩენისთვის!

წარმოგიდგენიათ, რა შიშის მომგვრელი იქნება „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღე“? (გამოცხ. 16:14). წინასწარმეტყველმა მიქამ მხატვრული ენით აღწერა ეს დღე: „მთები დადნება . . . და ველები ისე დაიშლება, როგორც ცვილი ცეცხლისგან, როგორც ქარაფიდან ვარდნილი წყალი“ (მიქ. 1:4). რას მოუტანს ეს დღე მათ, ვინც არ ემსახურება იეჰოვას? ბიბლიაში ნათქვამია: „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“ (იერ. 25:33).

აქედან გამომდინარე, ოჯახისთავები, მათ შორის მარტოხელა მშობლები, უნდა დაფიქრდნენ შვილებზე, რომლებსაც უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ აზროვნება: „გადარჩებიან ჩემი შვილები არმაგედონში?“. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ისინი გადარჩებიან, თუ ამ დღეს მათი ასაკიდან გამომდინარე სულიერად ძლიერები შეხვდებიან (მათ. 24:21).

ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის დროის გამოყოფა მნიშვნელოვანია

თქვენი, როგორც მშობლის, მოვალეობაა იეჰოვას მოსაწონად აღზარდოთ შვილი და დაარიგოთ (ეფეს. 6:4). არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ შვილებთან ბიბლიის შესწავლა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ფილიპელ ქრისტიანებს ჰგავდნენ, რომლებიც პავლემ იეჰოვასადმი მორჩილებისთვის ასეთი სიტყვებით შეაქო: „ჩემო საყვარლებო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მხოლოდ ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ, უფრო მეტად, ჩემი არყოფნისას, კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილ. 2:12).

ითვალისწინებენ თქვენი შვილები იეჰოვას კანონებს მაშინაც კი, როცა მათ გვერდით არ ხართ, მაგალითად სკოლაში? როგორ უნდა დაანახვოთ შვილებს იეჰოვას კანონების გონივრულობა, რომ ეს კანონები მაშინაც დაიცვან, როცა მათ გვერდით არ იქნებით?

ოჯახთან ერთად თაყვანისცემამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს თქვენი შვილის რწმენის განმტკიცებაში. ამიტომ, მოდი, განვიხილოთ სამი ფაქტორი, რომლებიც ბიბლიის ოჯახური შესწავლის წარმატებით ჩატარებაში დაგეხმარებათ.

იყავით რეგულარული

ბიბლიიდან ჩანს, რომ ანგელოზები ღვთის წინაშე წარსადგომად დანიშნულ დროს მიდიან (იობ. 1:6). თქვენი შვილების შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. დაადგინეთ დრო ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის და მიჰყევით დადგენილ წესს. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის წინასწარ გქონდეთ შერჩეული სხვა დრო.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დროთა განმავლობაში შესწავლებმა არარეგულარული სახე არ მიიღოს. გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯერ შვილებს შეასწავლოთ ბიბლია და მერე სხვებს. სატანისთვის თქვენი შვილები გემრიელი ლუკმასავით არიან (1 პეტ. 5:8). თუ ტელევიზორის ყურება ან სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე წაგართმევთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოსთვის განკუთვნილ დროს, ეს სატანის გამარჯვება იქნება (ეფეს. 5:15, 16; 6:12; ფილ. 1:10).

იმსჯელეთ პრაქტიკულ საკითხებზე

შესწავლის მიზანი მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება არ არის. შეეცადეთ, რომ ის პრაქტიკულიც იყოს. განიხილეთ ისეთი საკითხები, რაც თქვენს შვილს ახლო მომავალში გამოადგება. მაგალითად, შეგიძლიათ შესწავლაში ჩართოთ ინსცენირებები, რომლებიც მათ მსახურებაში გამოადგებათ. ახალგაზრდებს სიამოვნებთ იმის კეთება, რაც კარგად გამოსდით. თქვენს შვილებს აღარ გაუჭირდებათ მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობა, თუ წინასწარ მოამზადებთ შეთავაზებებს და კარგად მოიფიქრებთ, რა პასუხი გასცეთ უარყოფითად განწყობილებს (2 ტიმ. 2:15).

შესწავლაში შეგიძლიათ ჩართოთ ისეთი ინსცენირებებიც, რომლებიც თქვენს შვილებს დაეხმარება თანატოლების ზეგავლენასთან გამკლავებაში. შეგიძლიათ აგრეთვე განიხილოთ მე-15 თავი წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2). „ჩემი სამოქმედო გეგმა“, რომელიც 132-ე და 133-ე გვერდებზეა მოცემული, თქვენს შვილს იმის შესაძლებლობას მისცემს, თავად მოიფიქროს, როგორ მოიქცეს ან რა თქვას ამა თუ იმ სიტუაციაში. 133-ე გვერდის ბოლოს მოცემულია რჩევა ახალგაზრდებისთვის: „გაივარჯიშე მშობელთან ან მოწიფულ მეგობართან“. შესწავლის დროს დროდადრო რეალური სიტუაციები გაითამაშეთ.

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, შვილებს სულიერ მიზნებზე ესაუბრონ. ამასთან დაკავშირებით, იმავე წიგნის 38-ე თავში, „რა გზა ავირჩიო ცხოვრებაში?“ შესანიშნავი ინფორმაციაა განხილული. ამ თავის განხილვის დროს დაანახვეთ თქვენს შვილს, რომ იეჰოვას მსახურებაზე უკეთესი ცხოვრებაში არაფერია. განუვითარეთ მას პიონერად მსახურების, ბეთელში ან სრული დროით მსახურების სხვა სფეროში მონაწილეობის სურვილი. ან დაეხმარეთ, მიზნად დაისახოს მსახურებაში დახელოვნების სკოლაში სწავლა.

მაგრამ საჭიროა სიფრთხილეც, რადგან ზოგი მშობელი კარგი აღძვრებიდან გამომდინარე სულ იმას ჩასჩიჩინებს შვილს, რა უნდა გააკეთოს და ამ დროს ავიწყდება, შეაქოს იმისთვის, რასაც უკვე მიაღწია. რა თქმა უნდა, კარგია წაახალისოთ შვილები ბეთელში ან მისიონერად მსახურებისკენ. მაგრამ ამ დროსაც სიფრთხილე გმართებთ, რომ მეტისმეტი მოთხოვნებით ბავშვს ხალისი არ დაუკარგოთ (კოლ. 3:21). გახსოვდეთ, რომ თქვენმა შვილმა თავისი სურვილით უნდა შეიყვაროს იეჰოვა მთელი გულით და არა იმიტომ, რომ ეს თქვენ გინდათ (მათ. 22:37). ამიტომ შეაქეთ შვილი იმისთვის, რასაც კარგად აკეთებს და ნუ გაუმახვილებთ ყურადღებას ყოველთვის იმაზე, რასაც არ აკეთებს. გაუღრმავეთ იეჰოვასადმი მადლიერება. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოეხმაურება თქვენი შვილის გული იეჰოვას სიკეთეს.

საინტერესოდ წარმართეთ შესწავლა

კიდევ ერთი ფაქტორი ხარისხიანი შესწავლის ჩასატარებლად, მისი საინტერესოდ წარმართვაა. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? შეგიძლიათ დროდადრო მოუსმინოთ იეჰოვას მოწმეების მიერ ჩაწერილ აუდიო დრამას ან უყუროთ რომელიმე ფილმს და შემდეგ ერთად იმსჯელოთ. ან შეგიძლიათ ბიბლიის რომელიმე მონაკვეთი წაიკითხოთ და ეს ისე გააკეთოთ, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა სხვადასხვა პერსონაჟის სიტყვები წაიკითხოს.

„საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში კარგი სტატიები იბეჭდება ერთად განსახილველად. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკა „როგორ უპასუხებთ?“ და ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „ახალგაზრდა მკითხველებისთვის“. ამ სტატიების ნაცვლად ზოგჯერ იბეჭდება რუბრიკა „ასწავლეთ შვილებს“.

„გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“ განსაკუთრებით საინტერესო იქნება მოზარდების მშობლებისთვის, ასევე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“ (ტომი 2). ამ წიგნის განხილვის დროს, არ დაგავიწყდეთ თითოეული თავის ბოლოს ჩასმული ჩარჩო „როგორ ფიქრობ?“. ეს ჩარჩო მარტო მასალის გასამეორებლად არ არის განკუთვნილი. შესწავლის დროს იმსჯელეთ იქ დასმულ კითხვებზე.

ფრთხილად იყავით, რომ ოჯახური შესწავლა ბავშვების დაკითხვას არ დაემსგავსოს. მაგალითად, არ აიძულოთ შვილები ხმამაღლა წაგიკითხონ პირადი ჩანაწერებისთვის განკუთვნილი გვერდები. მე-3 გვერდზე მშობლების საყურადღებოდ ნათქვამია: „ნუ დაიწყებთ იმის გაკონტროლებას, თუ რას წერს თქვენი შვილი თავის წიგნში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება გაუჭირდეს თავისი აზრების გულწრფელად გამოხატვა. მოგვიანებით შესაძლოა ის თვითონ გესაუბროთ იმაზე, რასაც დაწერს“.

იეჰოვა აკურთხებს თქვენს მცდელობას, თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემას რეგულარული სახე ექნება, იმსჯელებთ პრაქტიკულ საკითხებზე და მას საინტერესოდ წარმართავთ. ასეთი შესწავლები თქვენს შვილებს სულიერად გამოაცოცხლებს და რწმენას გაუძლიერებს.

[ჩარჩო 31 გვერდზე]

გამოიყენეთ ფანტაზიის უნარი

„ჩვენს პატარა გოგონებთან შესწავლის დროს მე და ჩემი ქმარი ვამზადებდით კრებაში განსახილველ მასალას, შემდეგ ბავშვებს ვთხოვდით, დაეხატათ ის, რაც დაამახსოვრდათ. ზოგჯერ ბიბლიურ სცენებს ვდგამდით ან მსახურებისთვის შეთავაზებებს ვამზადებდით. შესასწავლ მასალას მათი ასაკის შესაბამისად ვარჩევდით. ვცდილობდით, რომ ის საინტერესო, გამამხნევებელი და სახალისო ყოფილიყო“ (ჯ. მ., შეერთებული შტატები).

«ჩემი ბიბლიის შემსწავლელის ვაჟს იმის გაგებაში რომ დავხმარებოდი, როგორ იყენებდნენ ბიბლიურ დროში გრაგნილებს, ესაიას წიგნი ნუმერაციის გარეშე ამოვბეჭდეთ. ფურცლები ერთმანეთზე გადავაბით, მერე კი ორივე ბოლო სათითაოდ მივაწებეთ ჯოხზე. ბავშვი წამოდგა და იმის გაკეთება სცადა, რაც იესომ გააკეთა ნაზარეთის სინაგოგაში. ლუკას 4:16—21-ში ნათქვამია, რომ იესომ „გაშალა [ესაიას] გრაგნილი და მოძებნა ადგილი“, რომელსაც ეძებდა (ეს. 61:1, 2). მაგრამ ბავშვს გაუჭირდა ესაიას 61-ე თავის პოვნა, რადგან მასში თავები და მუხლები მითითებული არ იყო. ის მიხვდა, რომ გრაგნილებში საჭირო ადგილების მოძებნა არც ისე ადვილი ყოფილა და წამოიძახა: „რა მაგარი ყოფილა იესო!“» (ი. თ. იაპონია).

[სურათი 30 გვერდზე]

რეალური სიტუაციების გათამაშება თქვენს შვილებს თანატოლების ზეგავლენასთან გამკლავებაში დაეხმარება

[სურათი 31 გვერდზე]

ეცადეთ, რომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო საინტერესოდ წარმართოთ