არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება სამმა კონგრესმა

როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება სამმა კონგრესმა

როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება სამმა კონგრესმა

მოგვითხრო ჯორჯ ვორენჩეკმა

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა კონგრესზე მოსმენილმა თქვენი ცხოვრება შეცვალა? ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა. სამმა კონგრესმა ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა. პირველი კონგრესი სიმორცხვის დაძლევაში დამეხმარა; მეორე კონგრესმა მასწავლა, მცირედით დავკმაყოფილებულიყავი, მესამემ კი — გულუხვობა. სანამ ამ ცვლილებების შესახებ მოგითხრობთ, მინდა მოგიყვეთ, რა მოხდა მანამდე ჩემს ბავშვობაში.

დავიბადე 1928 წელს. სამ და-ძმაში ყველაზე უმცროსი ვიყავი. ჩემს დებთან, მარჯისთან და ოლგასთან ერთად, საუთ-ბაუნდ-ბრუკში (ნიუ-ჯერზი, აშშ) ვიზრდებოდი. ამ ქალაქში მაშინ 2 000-მდე მაცხოვრებელი იყო. ჩვენ ღარიბულად ვცხოვრობდით, მაგრამ დედა მაინც ხელგაშლილი ქალი იყო. როცა კარგ საჭმელს მოამზადებდა, მეზობლებს უმასპინძლდებოდა. ცხრა წლის რომ ვიყავი, სახლში ერთი მოწმე გვესტუმრა, რომელიც უნგრულად, დედაჩემის მშობლიურ ენაზე, ლაპარაკობდა. დედამ სწორედ ამის გამო მოუსმინა მას. მოგვიანებით ბერტამ, რომელიც მაშინ ოციოდე წლის იყო, დედას ბიბლია შეასწავლა და დაეხმარა, რომ იეჰოვას მსახური გამხდარიყო.

დედისგან განსხვავებით, მე ბუნებით მორცხვი ვიყავი და დამაჯერებლობა მაკლდა. ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ დედა მამცირებდა ხოლმე. ერთხელ მას აცრემლებულმა ვკითხე, რატომ მაკრიტიკებდა ყოველთვის. მან მიპასუხა, რომ ვუყვარდი და არ უნდოდა, გავეთამამებინე. დედას კარგი განზრახვა ჰქონდა, მაგრამ ის არასოდეს მაქებდა, რის გამოც უღირსობის გრძნობა გამიჩნდა.

ერთხელ მეზობელმა, რომელიც ყოველთვის თბილად მექცეოდა, მთხოვა, თავის ბიჭებთან ერთად ეკლესიის საკვირაო სკოლაში მევლო. ვიცოდი, რომ იეჰოვას ეს არ მოეწონებოდა, მაგრამ მეზობლის განაწყენება არ მინდოდა. ამიტომ რამდენიმე თვე ეკლესიაში დავდიოდი, თუმცა ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენოდა. კაცთმოშიშების გამო სკოლაშიც წავედი დათმობებზე. სკოლის დირექტორი, რომელიც ძალიან მკაცრი კაცი იყო, მასწავლებლებისგან მოითხოვდა, რომ ყველა ბავშვს დროშისთვის მიეცა სალამი. დროშას მეც ვაძლევდი სალამს. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წელი.

ვისწავლე გამბედაობა

1939 წლიდან წიგნის შესწავლა ჩვენს სახლში ტარდებოდა, რომელსაც ახალგაზრდა პიონერი ძმა, ბენ მისკალსკი უძღვებოდა. ჩვენ მას დიდ ბენს ვეძახდით. ეს სახელი მისთვის ზედგამოჭრილი იყო. ჩემთვის ის ჩვენი შემოსასვლელი კარივით დიდი იყო. ასეთი გარეგნობის მიუხედავად, მას კეთილი გული და თბილი ღიმილი ჰქონდა, რაც დამეხმარა, მის გვერდით თავი თავისუფლად მეგრძნო. ამიტომ ერთხელ, როცა მსახურება შემომთავაზა, სიხარულით დავთანხმდი. ჩვენ დავმეგობრდით. როცა მოწყენილი ვიყავი, ის უფროსი ძმასავით მესაუბრებოდა და მამხნევებდა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ბენი ძალიან შემიყვარდა.

1941 წელს ბენმა მთელ ოჯახს შემოგვთავაზა, რომ მანქანით წაგვიყვანდა კონგრესზე, რომელიც სენტ-ლუისში (მისური) უნდა ჩატარებულიყო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან სახლიდან 80 კილომეტრზე შორს არასდროს წავსულვარ, ახლა კი 1 500 კილომეტრზე მეტი უნდა გაგვევლო. სენტ-ლუისში დაბრკოლებებს შევხვდით. სამღვდელოებას გაფრთხილებული ჰყავდა მრევლი, რომ მოწმეების დაბინავებაზე უარი ეთქვათ. წინასწარი შეთანხმების მიუხედავად ბევრმა უარი უთხრა მოწმეებს დაბინავებაზე. მაგრამ მუქარის მიუხედავად იმ ოჯახმა, სადაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, მიღებაზე უარი არ გვითხრა. როგორც მასპინძლებმა გვითხრეს, მათ არ უნდოდათ, სიტყვის გადათქმა. მათმა გამბედაობამ გამაოცა.

ჩემი დები იმ კონგრესზე მოინათლნენ. იმავე დღეს მოხსენება წარმოთქვა ძმა რუტერფორდმა, რომელიც ბრუკლინის ბეთელში მსახურობდა. მან ყველა ბავშვს, რომელსაც ღვთის ნების შესრულება სურდა, ფეხზე წამოდგომა სთხოვა. დაახლოებით 15 000 ბავშვი წამოდგა ფეხზე, მათ შორის მეც. შემდეგ გვკითხა, გვსურდა თუ არა მთელი გულით მსახურება. ჩვენ ერთხმად შევძახეთ „დიახ“. ამ სიტყვებს მქუხარე ტაში მოჰყვა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.

კონგრესის შემდეგ დასავლეთ ვირჯინიაში ერთი ძმა მოვინახულეთ. ის მოგვიყვა, რომ ერთხელ ქადაგების დროს თავს გააფთრებული ბრბო დაესხა. მას სცემეს, გუდრონი შეასხეს და ბუმბულები მიაყარეს. იმ ძმას სულგანაბული ვუსმენდი. „მაინც ვიქადაგებ“, — თქვა ბოლოს ძმამ. იქიდან წამოსვლის შემდეგ თავს დავითივით ვგრძნობდი. მზად ვიყავი გოლიათს, ჩემი სკოლის დირექტორს „შევჭიდებოდი“.

სკოლაში რომ მივედი, დირექტორს მივუახლოვდი. მან თვალები დამიბრიალა. გულში იეჰოვას დახმარება ვთხოვე და დირექტორს სხაპასხუპით მივაყარე: „მე იეჰოვას მოწმეების კონგრესზე ვიყავი. დღეიდან დროშას სალამს აღარ მივცემ!“. სიჩუმე ჩამოვარდა. დირექტორი სკამიდან ნელ-ნელა წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. სიბრაზისგან სახეალეწილმა დამიყვირა: „თუ დროშას სალამს არ მისცემ, სკოლიდან გაგაგდებ!“. მაგრამ ამჯერად დათმობაზე არ წავსულვარ. ასეთი სიხარული მანამდე არასდროს მიგრძნია.

ერთი სული მქონდა ბენისთვის ეს ამბავი მომეყოლა. როგორც კი მას სამეფო დარბაზში თვალი მოვკარი, ვიყვირე: „დროშას სალამი არ მივეცი და სკოლიდან გამომაგდეს!“. ბენი მომეხვია და ღიმილით მითხრა: „იცოდე, რომ იეჰოვას ძალიან უყვარხარ“ (კან. 31:6). ამ სიტყვებმა ძალიან გამამხნევა და 1942 წლის 15 ივნისს მოვინათლე.

ვისწავლე მცირედით დაკმაყოფილება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა და ხალხში სწრაფად გავრცელდა მატერიალიზმის სული. კარგი სამსახური მქონდა და შემეძლო მეყიდა ყველაფერი, რაზეც ადრე ვერც კი ვიოცნებებდი. ზოგმა ჩემმა მეგობარმა მოტოციკლეტი იყიდა, ზოგმა სახლი გაირემონტა. მე ახალთახალი მანქანა შევიძინე. მალე კომფორტისკენ სწრაფვამ სულიერი ინტერესები გვერდზე გადაწია. ვხვდებოდი, რომ არასწორად ვიქცეოდი. საბედნიეროდ, 1950 წელს ნიუ-იორკში ჩატარებული კონგრესი აზროვნების შეცვლაში დამეხმარა.

კონგრესზე მომხსენებლები სულ იმისკენ მოუწოდებდნენ აუდიტორიას, რომ სამქადაგებლო საქმისთვის მიექციათ დიდი ყურადღება. „დაკმაყოფილდით მხოლოდ აუცილებლით და გაირბინეთ წინ მდებარე მანძილი“, — მოგვიწოდა ერთმა მომხსენებელმა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამ სიტყვებს ჩემთვის ამბობდა. კონგრესზე „გალაადის“ სკოლის გამოშვებაც ვნახე და გავიფიქრე, თუ ჩემს ტოლებს შეუძლიათ, საზღვარგარეთ მსახურების გამო უარი თქვან კომფორტულ ცხოვრებაზე, ამის გაკეთება ჩემს ქვეყანაში მე რატომ ვერ უნდა შევძლო-მეთქი. კონგრესის ბოლოს უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ პიონერად დავიწყებდი მსახურებას.

ამ პერიოდში დავუახლოვდი ერთ დას, ეველინ მონდაკს, რომელიც გულმოდგინედ მსახურობდა ჩვენს კრებაში. ეველინის დედა, რომელმაც ექვსი შვილი გაზარდა, უშიშარი ქალი იყო. მას უყვარდა ქუჩაში ქადაგება დიდი კათოლიკური ეკლესიის წინ. გაბრაზებულმა მღვდელმა არაერთხელ უბრძანა იქაურობის დატოვება, მაგრამ უშედეგოდ. დედის მსგავსად ეველინსაც არ ეშინოდა ადამიანების (იგავ. 29:25).

1951 წელს მე და ეველინი დავქორწინდით, ორივემ მივატოვეთ სამსახური და პიონერობა დავიწყეთ. სარაიონო ზედამხედველმა გვირჩია, გადავსულიყავით სოფელ ამაგანსეტში, რომელიც ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ნიუ-იორკიდან 160 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. იქაური კრებისგან შევიტყვეთ, რომ ჩვენს დასაბინავებლად ადგილი არ ჰქონდათ. ამიტომ ავტომისაბმელის ყიდვა გადავწყვიტეთ, მაგრამ ხელმისაწვდომ ფასში ვერაფერი ვნახეთ. ბოლოს ერთ ძველ ავტომისაბმელს მივაგენით. პატრონმა 900 დოლარი დაგვიფასა. ქორწილში სწორედ ამდენი თანხა მივიღეთ საჩუქრად, ამიტომ ავტომისაბმელი ვიყიდეთ, შევაკეთეთ და ჩვენი ახალი ტერიტორიისკენ ავიღეთ გეზი. იქ ჩასულებს ერთი ცენტიც აღარ გვქონდა და ვფიქრობდით, როგორ უნდა გაგვეტანა თავი.

ეველინმა სახლების დალაგება დაიწყო, მე კი იტალიურ რესტორანში ღამის ცვლაში დავიწყე დამლაგებლად მუშაობა. რესტორნის პატრონმა ნება დამრთო, დარჩენილი საჭმელი სახლში ცოლისთვის წამეღო. როცა ღამის ორ საათზე სახლში ვბრუნდებოდი, ჩვენი ავტომისაბმელი პიცისა და მაკარონის სურნელით ივსებოდა. საჭმელს ვაცხელებდით და გემრიელად შევექცეოდით. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ზამთარში, როცა გაყინულ ავტომისაბმელში სიცივისგან ვკანკალებდით. ზოგჯერ ადგილობრივი ძმები კართან დიდ თევზს გვიტოვებდნენ. ამაგანსეტში ძვირფას თანაქრისტიანებთან ერთად გატარებულმა რამდენიმე წელმა გვასწავლა, რომ მცირედით დაკმაყოფილებას ბედნიერება მოაქვს. ეს წლები არასდროს დამავიწყდება.

უფრო მეტის გაცემა ვისწავლეთ

1953 წლის ივლისში ასობით მისიონერს შევხვდით ნიუ-იორკში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე. ისინი საოცარ ისტორიებს გვიყვებოდნენ. მათი ენთუზიაზმი გადამდები იყო. გარდა ამისა, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში არ იყო ნაქადაგები სამეფოს შესახებ ცნობა. მივხვდით, რომ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა და მსახურება გაგვეფართოებინა. კონგრესზევე შევავსეთ განცხადება მისიონერად მსახურების მსურველთათვის. იმავე წელს მიგვიწვიეს სკოლა „გალაადის“ 23-ე კლასში, რომელიც 1954 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო. ეს ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო.

ჩვენ ბრაზილიაში დაგვნიშნეს. წინ 14-დღიანი მგზავრობა გველოდა ზღვით. გამგზავრებამდე ერთმა პასუხისმგებელმა ძმამ ბეთელიდან მთხოვა, ყურადღება მიმექცია ცხრა გასათხოვარი მისიონერი დისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ ბრაზილიაში. წარმოიდგინეთ მეზღვაურების გაოცება, როცა დამინახეს, როგორ ავდიოდი გემზე ათ ქალთან ერთად. მაგრამ დებს გზაში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. მიუხედავად ამისა, შვებით ამოვისუნთქე, როცა ბოლოს და ბოლოს მშვიდობიანად ჩავედით ბრაზილიაში.

მას შემდეგ, რაც პორტუგალიური ვისწავლე, რიუ-გრანდი-დუ-სულში, ბრაზილიის სამხრეთ შტატში დამნიშნეს. დაუქორწინებელმა ძმამ, რომელიც იქ ჩემამდე სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, მე და ჩემს ცოლს გვითხრა: „ძალიან მიკვირს, რომ ამ ოღროჩოღრო მხარეში ცოლ-ქმარი გამოგაგზავნეს“. კრებები ვეებერთელა ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული. ზოგიერთ კრებამდე მხოლოდ სატვირთო მანქანით შეიძლებოდა მისვლა. მძღოლი იმ პირობით გვაძლევდა საბარგულზე აძრომის ნებას, თუ საჭმელს ვუყიდიდით. ბარგზე მხედრებივით ვიყავით ხოლმე გადამჯდარი და ორივე ხელით ვებღაუჭებოდით ზემოდან გადაკრულ თოკებს. მკვეთრ მოსახვევებში ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, რადგან ხან იქით გადავქანდებოდით და ხან აქეთ, ქვემოდან კი პირდაღებული უფსკრული შემოგვყურებდა. მაგრამ მტანჯველი მგზავრობა მაშინვე გვავიწყდებოდა, როცა ჩვენი დანახვით გახარებული ძმების სახეებს ვხედავდით.

ჩვენ ძმების სახლებში ვცხოვრობდით. ისინი ძალიან ღარიბები იყვნენ, მაგრამ ეს მათ გულუხვობაში ხელს არ უშლიდა. ერთ მოშორებულ მხარეში ყველა ძმა ხორცკომბინატში მუშაობდა. დაბალი ანაზღაურების გამო ისინი დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებებოდნენ. სამუშაო ერთი დღეც რომ გაეცდინათ, მშივრები დარჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენი სტუმრობის დროს ისინი ორი დღით თავისუფლდებოდნენ სამსახურიდან, რათა კრებისთვის დაეჭირათ მხარი. ისინი მთლიანად იეჰოვაზე იყვნენ მინდობილნი. ამ თავმდაბალი ძმებისგან ვისწავლეთ, რას ნიშნავს სამეფოს ინტერესებისთვის მსხვერპლზე წასვლა. ეს არასოდეს დაგვავიწყდება. მათთან ცხოვრებამ იმდენი რამ გვასწავლა, რასაც ვერც ერთ სკოლაში ვერ ვისწავლიდით. დღესაც თვალზე ცრემლი მადგება, როცა ამ ძმებს ვიხსენებ.

დედაჩემი ავად გახდა და 1976 წელს შეერთებულ შტატებში დავბრუნდით, რათა მასზე გვეზრუნა. ბრაზილიის დატოვება ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ გვიხარია, რომ საკუთარი თვალით ვიხილეთ, როგორ გაიზარდა მაუწყებლების რიცხვი ამ ქვეყანაში. ბრაზილიიდან მიღებული წერილები ტკბილად გვახსენებს იქ გატარებულ სასიამოვნო წლებს.

ძველ მეგობრებთან შეხვედრა

ვიდრე დედას ვუვლიდით, პიონერად ვმსახურობდით და თავის სარჩენად დამლაგებლად ვმუშაობდით. 1980 წელს დედა დაიღუპა. ის ბოლომდე იეჰოვას ერთგული იყო. მალე შეერთებულ შტატებში სარაიონო ზედამხედველად დავინიშნე. 1990 წელს მე და ჩემი მეუღლე ვეწვიეთ ერთ კრებას კონექტიკუტში, სადაც ერთ განსაკუთრებულ ადამიანს შევხვდი. კრებაში ერთ-ერთი უხუცესი ბენი იყო. ეს სწორედ ის ბენი იყო, რომელიც 50 წლის წინ დამეხმარა, იეჰოვას მხარე დამეკავებინა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი სიხარული, როცა ერთმანეთს გადავეხვიეთ?

1996 წლიდან მე და ეველინმა ნიუ-ჯერზიში ქალაქ ელიზაბეთის პორტუგალიურენოვან კრებაში, სპეციალურ პიონერებად დავიწყეთ მსახურება. ხანდაზმულობის გამო საათების ნორმა შემცირებული გვქონდა. მართალია, ცუდი ჯანმრთელობა მაქვს, მაგრამ ჩემი ძვირფასი მეუღლის დახმარებით მაინც ვახერხებ მსახურების გაგრძელებას. ეველინი ერთ ასაკოვან, დაუძლურებულ დაზეც ზრუნავს. გაინტერესებთ, ვინ არის ეს და? ეს ბერტაა, რომელიც 70 წლის წინ დედაჩემს ბიბლიის შესწავლაში დაეხმარა. გვიხარია, რომ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ბერტას მიმართ იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენი ოჯახისთვის გააკეთა.

ბედნიერი ვარ, რომ ის სამი კონგრესი დამეხმარა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე დამეკავებინა, უბრალოდ მეცხოვრა და მსახურება გამეფართოვებინა. მართლაც, იმ კონგრესებმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

[სურათი 23 გვერდზე]

ეველინის დედა (მარცხნივ) და დედაჩემი

[სურათი 23 გვერდზე]

ჩემი მეგობარი ბენი

[სურათი 24 გვერდზე]

ბრაზილიაში

[სურათი 25 გვერდზე]

ეველინთან ერთად