არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეინარჩუნეთ მეგობრობა ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში!

შეინარჩუნეთ მეგობრობა ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში!

შეინარჩუნეთ მეგობრობა ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში!

„ამას იმიტომ გიდებთ მცნებად, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ“ (იოან. 15:17).

1. რატომ უნდა ყოფილიყვნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ერთმანეთის კარგი მეგობრები?

სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის ერთგულ მოწაფეებს მოუწოდა, ერთმანეთისთვის კარგი მეგობრობა გაეწიათ. მანამდე იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი მიმდევრების განმასხვავებელი ნიშანი სიყვარული იქნებოდა (იოან. 13:35). მოახლოებული განსაცდელები რომ გადაეტანათ და იესოს მიცემული დავალება შეესრულებინათ, მოციქულები ერთმანეთის კარგი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. ეს ასეც იყო. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ღვთისა და ერთმანეთისადმი უბადლო ერთგულებით გამოირჩეოდნენ.

2. ა) რისი სურვილი უნდა გვქონდეს და რატომ? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

2 ძალიან გვიხარია, რომ ვართ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც პირველი საუკუნის ქრისტიანების კვალს მიჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ გავითვალისწინოთ იესოს მითითება და გულწრფელად გვიყვარდეს ერთმანეთი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დღეებში ადამიანთა უმეტესობა ორგული და სიყვარულს მოკლებულია (2 ტიმ. 3:1—3). მათთვის მეგობრობა ზედაპირულია და საკუთარი „მეს“ დაკმაყოფილებაზეა აგებული. მაგრამ ქრისტიანული სახე რომ არ დავკარგოთ, ჩვენი შეხედულება მეგობრობაზე სრულიად განსხვავებული უნდა იყოს. განვიხილოთ შემდეგი კითხვები: რა არის კარგი მეგობრობის საფუძველი? როგორ შეგვიძლია კარგი მეგობრების შეძენა? როდის ღირს მეგობრობაზე უარის თქმა? და რა უნდა გავაკეთოთ მეგობრობის შესანარჩუნებლად?

რა არის კარგი მეგობრობის საფუძველი?

3, 4. რა არის კარგი მეგობრობის საფუძველი და რატომ?

3 მეგობრობა ყველაზე მტკიცე მაშინ არის, როცა ის იეჰოვას სიყვარულს ეფუძნება. მეფე სოლომონმა დაწერა: „ერთს თუ მოერევა ვინმე, ორი ერთად ხომ გაუმკლავდება მას! მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკლ. 4:12). მეგობრობა მტკიცეა, როცა მისი შემაკავშირებელი მესამე ძაფი იეჰოვაა.

4 კარგი მეგობრები მათაც შეიძლება ჰყავდეთ, ვისაც იეჰოვა არ უყვარს. მაგრამ, როცა ორ ადამიანს ერთმანეთთან ღვთის სიყვარული აკავშირებს, მათი მეგობრობა უფრო მტკიცეა. გაუგებრობების დროს ნამდვილი მეგობრები ისე მოეპყრობიან ერთმანეთს, როგორც იეჰოვას სიამოვნებს. თუ ღვთის მოწინააღმდეგეები შეეცდებიან ღვთის ხალხის ერთიანობის დარღვევას, ისინი დაინახავენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების მეგობრობას ძირს ვერ გამოუთხრიან. ისტორიამ დაამტკიცა, რომ იეჰოვას მსახურები ერთმანეთის გაცემას სიკვდილს ამჯობინებენ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:16 ).

5. რატომ იყო რუთისა და ნაომის მეგობრობა მტკიცე?

5 უდავოა, რომ ყველაზე სასიამოვნო მათთან მეგობრობაა, ვისაც იეჰოვა უყვარს. განვიხილოთ რუთისა და ნაომის მაგალითი. ბიბლიაში აღწერილი ამ ქალების მეგობრობა ერთ-ერთ სამაგალითო მეგობრობად შეიძლება ჩაითვალოს. რამ შეუწყო ხელი მათი ურთიერთობის განმტკიცებას? ეს კარგად ჩანს ნაომის მისამართით ნათქვამი რუთის სიტყვებიდან: „შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი . . . ასე და ასე, და კიდევ უარესიც მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს“ (რუთ. 1:16, 17). აშკარაა, რომ ორივეს, რუთსაც და ნაომისაც უყვარდათ იეჰოვა ღმერთი და სწორედ ამ სიყვარულის გამო სცემდნენ ერთმანეთს დიდ პატივს. ამიტომაც აკურთხა ისინი იეჰოვამ.

როგორ შევიძინოთ კარგი მეგობრები?

68. ა) როგორ ვითარდება მტკიცე მეგობრობა? ბ) როგორ შეგიძლია ინიციატივის გამოჩენა?

6 რუთისა და ნაომის შემთხვევა ადასტურებს, რომ კარგი მეგობრობა თავისით არ მოდის. ასეთი მეგობრობა იეჰოვას სიყვარულზე უნდა იყოს აგებული. ეს კი ძალისხმევასა და გაცემის სულს მოითხოვს. ღვიძლმა და-ძმებმაც კი, რომლებიც ქრისტიანულ ოჯახებში იზრდებიან, ძალისხმევა უნდა მოახმარონ იმას, რომ ერთმანეთის კარგი მეგობრები გახდნენ. როგორ შეგიძლია კარგი მეგობრების შეძენა?

7 გამოიჩინე ინიციატივა. მოციქული პავლე თავის მეგობრებს რომის კრებიდან მოუწოდებდა, რომ სტუმართმოყვარეები ყოფილიყვნენ (რომ. 12:13). სტუმართმოყვარეობა ჩვენგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ეს ბილიკზე სიარულს ჰგავს, როცა ერთ ნაბიჯს მეორე მოსდევს. შენ მაგივრად ამ ბილიკს სხვა ვერ გაივლის. ეს ასეა სტუმართმოყვარეობის შემთხვევაშიც (წაიკითხეთ იგავების 3:27 ). სტუმართმოყვარეობის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება კრების წევრების უბრალო სადილზე ან ვახშამზე მიპატიჟებაა. შეგიძლია ჩვევად გაიხადო სტუმართმოყვარეობის ასეთი სახით გამოვლენა?

8 ინიციატივის გამოჩენის კიდევ ერთი საშუალება ის არის, რომ სხვადასხვა მაუწყებელთან ერთად ვიმსახუროთ. როცა კართან დგახარ და ისმენ, როგორ ესაუბრება მთელი გულით შენი თანამორწმუნე მობინადრეს იეჰოვას სიყვარულზე, ძალაუნებურად მასთან დაახლოების სურვილი გიჩნდება.

9, 10. რისი მაგალითი მოგვცა პავლემ და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

9 გაფართოვდი სათუთ გრძნობებში (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:12, 13). გიფიქრია, რომ კრებაში ვერავის დაუმეგობრდები? თუ დიახ, შეიძლება იმიტომ, რომ ამ საკითხს სწორი კუთხით არ უყურებ. პავლე მოციქულმა სათუთ გრძნობებში გაფართოების კარგი მაგალითი მოგვცა. ერთ დროს მისთვის წარმოუდგენელი იყო არაებრაელებთან მეგობრობა, მაგრამ მოგვიანებით ის „უცხოტომელთა მოციქული“ გახდა (რომ. 11:13).

10 გარდა ამისა, პავლე მხოლოდ თავისი ასაკის ხალხთან არ მეგობრობდა. მაგალითად, ის თავისზე გაცილებით უმცროს ტიმოთეს დაუმეგობრდა. ისინი წარმომავლობითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ქრისტიანი ახალგაზრდები დღესაც აფასებენ კრებაში უფროსი ასაკის და-ძმებთან მეგობრობას. ოც წელს გადაცილებული ვანესა ამბობს: „ჩემი ძვირფასი მეგობარი 50 წელზე მეტისაა, მაგრამ შემიძლია მას ისიც კი მოვუყვე, რასაც ჩემს ტოლებს მოვუყვებოდი. ის ძალიან მზრუნველია“. რა უწყობს ხელს ასეთი მეგობრობის განვითარებას? ვანესა ამბობს: „მე თვითონ ვდგავდი ნაბიჯებს და გულხელდაკრეფილი არ ველოდი, თავისით როდის განვითარდებოდა ასეთი მეგობრობა“. შეგიძლია დაუმეგობრდე სხვა ასაკის თანამორწმუნეებს? იეჰოვა დაგიფასებს ძალისხმევას.

11. რას გვასწავლის იონათანისა და დავითის მაგალითი?

11 იყავი ერთგული. სოლომონი წერდა: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავ. 17:17). ამ სიტყვების დაწერისას სოლომონს შესაძლოა მამამისის, დავითის, და იონათანის მეგობრობა ჰქონდა მხედველობაში (1 სამ. 18:1). მეფე საულს უნდოდა, რომ მის ვაჟი იონათანი ასულიყო ისრაელის ტახტზე. მაგრამ იონათანს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვას დავითის გამეფება სურდა. საულისგან განსხვავებით იონათანს არ შურდა დავითის. ის არ განაწყენებულა, როცა დავითს აქებდნენ. არც ის დაუჯერებია, რასაც საული აბრალებდა დავითს (1 სამ. 20:24—34). ვიქცევით იონათანივით? გვახარებს მეგობრების წარმატება? მათ გვერდით ვართ გასაჭირში? როცა მასზე რამე უარყოფითს გვეუბნებიან, მაშინვე ვიჯერებთ, თუ იონათანივით ერთგულად ვიცავთ?

როდის ღირს მეგობრობაზე უარის თქმა?

1214. რა არჩევნის წინაშე დგებიან ბიბლიის შემსწავლელები და როგორ დავეხმაროთ მათ?

12 როცა ადამიანი ბიბლიის შესწავლას იწყებს და ცხოვრებას ღვთის ნორმების თანახმად ცვლის, მეგობრებთან მისი ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შეიძლება მას ისეთი მეგობრები ჰყავს, რომლებიც ბიბლიის პრინციპების თანახმად არ ცხოვრობენ. ადრე ის შეიძლება დიდ დროს ატარებდა მათთან. ახლა კი ხედავს, რომ ასეთი მეგობრები ცუდად მოქმედებენ მასზე და ხვდება, რომ მათთან ურთიერთობა უნდა შეზღუდოს (1 კორ. 15:33). მაგრამ შეიძლება იმასაც ფიქრობს, რომ თუ მათთან ურთიერთობას გაწყვეტს, ეს მეგობრების ღალატი იქნება.

13 თუ ბიბლიას სწავლობ, გახსოვდეს, რომ ნამდვილ მეგობარს უნდა ახარებდეს შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მან შეიძლება თვითონაც მოინდომოს იეჰოვას გაცნობა. მაგრამ ვაიმეგობრებმა შეიძლება დაგგმონ იმის გამო, რომ „აღარ ისწრაფვი აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ“ (1 პეტ. 4:3, 4). თუ ასეა, შენ კი არა, ისინი გღალატობენ.

14 თუ ბიბლიის შემსწავლელს ზურგს აქცევენ ის მეგობრები, რომლებსაც არ უყვართ ღმერთი, ამ დანაკარგს მას კრების წევრები აუნაზღაურებენ (გალ. 6:10). არიან თქვენს კრებაში ბიბლიის შემსწავლელები? შეგიძლია მხარში ამოუდგე მათ?

15, 16. ა) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი მეგობარი ზურგს აქცევს იეჰოვას? ბ) როგორ დავუმტკიცებთ ღმერთს ჩვენს სიყვარულს?

15 როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი მეგობარი კრებაში ზურგს აქცევს იეჰოვას და გარიცხვის საშიშროების წინაშე დგება? ასეთი სიტუაცია ძალიან დამთრგუნველია. ერთი და, რომლის მეგობარმაც უარი თქვა იეჰოვას მსახურებაზე, თავისი გრძნობების შესახებ გვიყვება: „თავზარდაცემული ვიყავი. მეგონა, რომ ჩემს მეგობარს რწმენას ვერაფერი შეურყევდა. როგორც ჩანს, იეჰოვას ის მხოლოდ თავისი ოჯახის წევრების ხათრით ემსახურებოდა. ამის შემდეგ მეც დავიწყე საკუთარი თავის შემოწმება და იმაზე ფიქრი, თუ რა მამოძრავებდა იეჰოვას მსახურებაში“. როგორ გაუმკლავდა ეს და მეგობრის დაკარგვას? ის ამბობს: „ჩემი ტვირთი იეჰოვას მივანდე. მინდა, მას ჩემი სიყვარული დავუმტკიცო, მაგრამ იმიტომ არა, რომ მეგობრები მაპოვნინა თავის ორგანიზაციაში“.

16 ჩვენ ვერ ვიქნებით ღვთის მეგობრები, თუ მხარს დავუჭერთ მას, ვინც ქვეყნიერებასთან მეგობრობა არჩია. მოწაფე იაკობი წერდა: „განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკ. 4:4). ღმერთს ჩვენს სიყვარულს და ერთგულებას იმით დავუმტკიცებთ, თუ მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის დავიწყებას მას მივანდობთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 18:25 ). ზემოხსენებული და ასეთ დასკვნას აკეთებს: „მივხვდი, რომ სხვას ვერც იეჰოვას შევაყვარებთ და ვერც საკუთარ თავს. ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს“. მაგრამ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კრებაში კარგი მეგობრების შესანარჩუნებლად?

როგორ შევინარჩუნოთ მეგობრები?

17. როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს კარგი მეგობრები?

17 მეგობრობა წარმოუდგენელია აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარეშე. ალბათ, როცა ბიბლიაში წაიკითხე რუთისა და ნაომის, დავითისა და იონათანის, პავლესა და ტიმოთეს შესახებ, ყურადღება მიაქციე იმას, რომ კარგი მეგობრები თავისუფლად, მაგრამ პატივისცემით ესაუბრებიან ერთმანეთს. პავლემ სხვებთან ურთიერთობის შესახებ დაწერა: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“. აქ პავლე გულისხმობდა „გარეშეებთან“ ანუ მათთან საუბარს, ვინც ჩვენს ქრისტიანულ საძმოს არ მიეკუთვნება (კოლ. 4:5, 6). თუ გარეშეები იმსახურებენ ჩვენი მხრიდან პატივისცემით მოპყრობას, მით უმეტეს ჩვენი მეგობრები.

18, 19. როგორ უნდა ვუყურებდეთ მეგობრის რჩევას და რა მაგალითი დაგვიტოვეს ეფესოელმა უხუცესებმა?

18 კარგი მეგობრები აფასებენ ერთმანეთის შეხედულებებს. ამიტომ მათი საუბრები თავაზიანი და გულღია უნდა იყოს. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „როგორც ზეთი და საკმეველი ახალისებს გულს, ისე ახალისებს კაცს გულითადი რჩევის მომცემი ტკბილი მეგობარი“ (იგავ. 27:9). შენც ასე უყურებ მეგობრის რჩევას? (წაიკითხეთ ფსალმუნის 141:5 ). როგორ რეაგირებ, როცა მეგობარი წუხს შენი საქციელის ან გადაწყვეტილების გამო? მის რჩევას სიკეთედ თვლი თუ ნაწყენდები?

19 პავლე მოციქულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეფესოს კრების უხუცესებთან. ზოგი მათგანი პავლემ მაშინ გაიცნო, როცა ისინი ქრისტიანები გახდნენ. მაგრამ უკანასკნელი შეხვედრის დროს, პავლემ მათ პირდაპირი რჩევები მისცა. როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ? პავლეს მეგობრები არ განაწყენებულან, პირიქით, დააფასეს პავლეს მზრუნველობა და ტირილით გამოემშვიდობნენ, რადგან იცოდნენ, რომ ვეღარ ნახავდნენ მას (საქ. 20:17, 29, 30, 36—38).

20. როგორ მოიქცევა ნამდვილი მეგობარი?

20 კარგი მეგობარი არა მარტო იღებს გონივრულ რჩევებს, არამედ თავადაც მზად არის, მეგობარს რჩევა მისცეს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზედმეტად არ ჩავერიოთ სხვის ცხოვრებაში (1 თეს. 4:11). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12). მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ნამდვილი მეგობარი მეგობარს იეჰოვას ნორმებზე გაუმახვილებს ყურადღებას (1 კორ. 7:39). მაგალითად, როგორ მოიქცევი თუ ხედავ, რომ შენი დაუქორწინებელი მეგობარი ურწმუნოს დაუახლოვდა? არაფერს ეტყვი იმის შიშით, რომ თქვენს მეგობრობას საფრთხე არ შეექმნას? ან როგორ მოიქცევი, თუ მეგობარი ყურად არ იღებს რჩევას? ნამდვილი მეგობარი მოსიყვარულე მწყემსების მეშვეობით დაეხმარება მეგობარს, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა. ამის გაკეთებას გაბედულება სჭირდება. მაგრამ თუ ორი ადამიანის ურთიერთობა იეჰოვასადმი სიყვარულზეა დაფუძნებული, მათ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს.

21. რის მიზეზს ვაძლევთ ზოგჯერ მეგობრებს და რატომ უნდა გაუფრთხილდნენ კრების წევრები ერთმანეთთან მეგობრობას?

21 წაიკითხეთ კოლოსელების 3:13, 14. შეიძლება ზოგჯერ ჩვენს მეგობრებს „ჩივილის მიზეზი“ მივცეთ, ზოგჯერ კი შეიძლება მათ გაგვაღიზიანონ სიტყვით ან საქმით. „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“, — წერდა იაკობი (იაკ. 3:2). ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს შეცდომებს არ უთვლიან. ისინი მზად არიან, მთელი გულით აპატიონ ერთმანეთს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობრული კვანძები გავაძლიეროთ, რაშიც გულღია საუბრები და მიმტევებლობა დაგვეხმარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი სიყვარული „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირი“.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ შევიძინოთ კარგი მეგობრები?

• როდის ღირს მეგობრობაზე უარის თქმა?

• რა უნდა გავაკეთოთ მტკიცე მეგობრობის შესანარჩუნებლად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

რატომ იყო რუთისა და ნაომის მეგობრობა მტკიცე?

[სურათი 19 გვერდზე]

ხარ სტუმართმოყვარე?