არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხართ „ფესვგადგმულნი და საძირკველზე დაფუძნებულნი“?

ხართ „ფესვგადგმულნი და საძირკველზე დაფუძნებულნი“?

ხართ „ფესვგადგმულნი და საძირკველზე დაფუძნებულნი“?

გინახავთ ოდესმე როგორ აქანავებს აქეთ-იქით ძლიერი ქარი უზარმაზარ ხეს? ხე ქარს უძალიანდება და ურყევად დგას. როგორ ახერხებს ის ამას? მიწაში ღრმად გადგმული ძლიერი ფესვების მეშვეობით. ჩვენც შეგვიძლია ამ ხესავით ძლიერები ვიყოთ და გავუძლოთ ქარიშხალივით თავს დატეხილ განსაცდელებს, თუ ვიქნებით „ფესვგადგმულნი და საძირკველზე დაფუძნებულნი“ (ეფეს. 3:14—17). რა იგულისხმება საძირკველში?

ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ იესო ქრისტიანული კრების „საძირკვლის ქვაკუთხედია“ (ეფეს. 2:20; 1 კორ. 3:11). ყველა ქრისტიანს ეხება ეს სიტყვები: „იარეთ მასთან ერთობაში, რადგან ფესვგადგმულნი ხართ მასში, შენდებით მასში და მტკიცდებით რწმენაში“. თუ ასე მოვიქცევით, გავუძლებთ რწმენის ნებისმიერ გამოცდას, მათ შორის ადამიანთა „ფუჭ ცდუნებაზე“ დაფუძნებულ „დამაჯერებელ მტკიცებებს“ (კოლ. 2:4—8).

„სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე“

როგორ შეგვიძლია, ვიყოთ ფესვგადგმულნი და რწმენაში განმტკიცებულნი? ფესვების ღრმად გასადგმელად ღვთის შთაგონებული სიტყვის გულმოდგინე კვლევაა საჭირო. იეჰოვას სურს, რომ ბოლომდე ჩავწვდეთ, „რა არის [ჭეშმარიტების] სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე“ (ეფეს. 3:18). ამიტომ ქრისტიანები არ უნდა დაკმაყოფილდნენ ღვთის სიტყვის ზედაპირული ცოდნით ანუ „ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლებით“ (ებრ. 5:12; 6:1). თითოეული უნდა ვცდილობდეთ, გავიღრმაოთ ჭეშმარიტების შესახებ ცოდნა (იგავ. 2:1—5).

მაგრამ მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჭეშმარიტებაში „ფესვგადგმულნი“ ვიყოთ. სატანამაც კარგად იცის, რა წერია ბიბლიაში. ჩვენ უნდა შევიცნოთ „ქრისტეს სიყვარული, რაც ცოდნას აღემატება“ (ეფეს. 3:19). თუ ბიბლიას ღვთისა და ჭეშმარიტების სიყვარულით ვიკვლევთ, ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნის გაღრმავება რწმენას განგვიმტკიცებს (კოლ. 2:2).

შეამოწმე საკუთარი თავი

მოდი, ახლავე შეამოწმე, რამდენად კარგად გესმის ბიბლიაში ჩაწერილი რამდენიმე მნიშვნელოვანი აზრი. ასეთი თვითშემოწმება დაგეხმარება, შემდგომში უფრო გულმოდგინედ იკვლიო ბიბლია. წაიკითხე ეფესოელი ქრისტიანებისთვის მიწერილი პავლეს წერილის შესავალი სიტყვები (იხილე ჩარჩო  „ეფესოელების მიმართ“). წაკითხვის შემდეგ დაფიქრდი, გესმის თუ არა დახრილი შრიფტით დაწერილი ფრაზების მნიშვნელობა. მოდი, ერთად გამოვიკვლიოთ, რა აზრია მათში ჩადებული.

წინასწარ განწესებულნი „ქვეყნიერების გაჩენამდე“

პავლემ თანამორწმუნეებს მისწერა: „[ღმერთმა] წინასწარ განგვაწესა იმისთვის, რომ ვეშვილეთ იესო ქრისტეს მეშვეობით“. იეჰოვას განზრახული ჰქონდა, ზოგიერთი ადამიანი ეშვილა და თავის სრულყოფილ ზეციერ ოჯახში მიეღო. ღვთის ეს შვილობილები ქრისტესთან ერთად მეფეები და მღვდლები იქნებიან (რომ. 8:19—23; გამოცხ. 5:9, 10). როცა სატანამ იეჰოვას მმართველობის საკითხი დააყენა ეჭვქვეშ, მან ისიც თქვა, რომ ღვთის შექმნილი ადამიანი უვარგისი იყო. იეჰოვამ კი სწორედ ამ „უვარგის“ ადამიანებს მიანდო მთელ სამყაროში ბოროტების, მათ შორის სატანა ეშმაკის, მოსპობის პასუხისმგებლობა. იეჰოვას წინასწარ არ განუწესებია, კონკრეტულად ვის იშვილებდა. მან წინასწარ მხოლოდ ის განსაზღვრა, რომ იქნებოდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ზეცაში ქრისტესთან ერთად იმეფებდა (გამოცხ. 14:3, 4).

რომელი „ქვეყნიერება“ ჰქონდა პავლეს მხედველობაში, როცა თანაქრისტიანებს მისწერა, რომ ისინი, როგორც ჯგუფი, „ქვეყნიერების გაჩენამდე“ იყვნენ არჩეული? ის არ გულისხმობდა დედამიწის ან ადამიანის შექმნამდე პერიოდს. ეს სამართლიანობის პრინციპის დარღვევა იქნებოდა. რატომ უნდა ეგოთ ადამსა და ევას პასუხი თავიანთი საქციელისთვის, თუ ღმერთს მათ შექმნამდე უკვე განსაზღვრული ჰქონდა, რომ შეცდებოდნენ? მაშ, როდის განსაზღვრა ღმერთმა, როგორ გამოესწორებინა სიტუაცია, რომელიც ადამისა და ევას ურჩობის შედეგად შეიქმნა? ეს მოხდა ჩვენი პირველი მშობლების შეცოდების შემდეგ, თუმცა მანამ, სანამ გაჩნდებოდა მათი არასრულყოფილი შთამომავლობისგან შემდგარი ქვეყნიერება.

„მისი წყალობის სიუხვით“

რატომ თქვა პავლემ, რომ ღმერთმა ეს ყველაფერი თავისი „წყალობის სიუხვით“ გააკეთა? პავლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ იეჰოვა არ იყო ვალდებული, გამოესყიდა ცოდვილი კაცობრიობა.

არც ერთი ჩვენგანი არ ვიმსახურებთ გამოსყიდვას. მაგრამ იეჰოვამ ისე შეიყვარა ადამიანები, რომ მათ სახსნელად განსაკუთრებული რამ გააკეთა. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს არასრულყოფილ და ცოდვილ მდგომარეობას, როგორც პავლემ თქვა, გამოსასყიდი ნამდვილად ღვთის წყალობაა.

ღვთის განზრახვის წმინდა საიდუმლო

ღმერთს წინასწარ არ უთქვამს, როგორ გამოასწორებდა სატანის წახდენილ საქმეს. ეს „წმინდა საიდუმლო“ იყო (ეფეს. 3:4, 5). მოგვიანებით, ქრისტიანული კრების დაარსების შემდეგ, იეჰოვამ ნათელი მოჰფინა იმას, თუ როგორ შეასრულებდა თავის თავდაპირველ განზრახვას ადამიანებთან დაკავშირებით. პავლემ განმარტა, რომ „დანიშნული დროების გასრულებიდან“ ღმერთი ისე განაგებდა ყველაფერს, რომ ყველა თავის გონიერ ქმნილებას ერთად მოეყარა თავი.

თავმოყრის პირველი ეტაპი ახ. წ. 33 წელი იყო, ორმოცდამეათე დღის დღესასწაული, როცა იეჰოვამ ქრისტეს თანამმართველების შეკრება დაიწყო (საქ. 1:13—15; 2:1—4). მეორე ეტაპი არის მათი შეკრება, ვინც დედამიწაზე სამოთხეში უნდა იცხოვროს მესიის სამეფოს მმართველობის დროს (გამოცხ. 7:14—17; 21:1—5). სიტყვა „განეგო“ არ ეხება მესიის სამეფოს მმართველობას, რადგან ეს სამეფო 1914 წლამდე არ დამყარებულა. ამაში იგულისხმება ის, რასაც ღმერთი აკეთებს თავისი განზრახვის განსახორციელებლად და სამყაროში სრული ერთიანობის აღსადგენად.

იყავით აზროვნებით ზრდადასრულებულები

ფაქტია, რომ კარგი პირადი შესწავლა დაგეხმარება ბოლომდე ჩასწვდე ჭეშმარიტების „სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“. მაგრამ სატანას ადვილად შეუძლია ისარგებლოს ჩვენი გადატვირთული ცხოვრების წესით და პირადი შესწავლისთვის დრო აღარ დაგვიტოვოს. ნუ მისცემ მას ამის საშუალებას. გამოიყენე ღვთისგან ბოძებული გონება, რომ აზროვნებით ზრდადასრულებული გახდე (1 იოან. 5:20; 1 კორ. 14:20). კარგად გაიაზრე, რატომ გწამს ის, რაც გწამს, რათა ყოველთვის შეძლო შენი „იმედის გამო ახსნა-განმარტების“ მიცემა (1 პეტ. 3:15).

წარმოიდგინე, რომ პირველ საუკუნეში ეფესოს კრებაში ხარ და პავლეს წერილს ისმენ. არ გაგიჩნდებოდა იმის სურვილი, რომ გაგეღრმავებინა „ღვთის ძის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა“? (ეფეს. 4:13, 14). თუ დიახ, მაშინ პავლეს ამ სიტყვებმა დღესაც ასევე უნდა იმოქმედოს შენზე. იეჰოვას სიყვარული და ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა დაგეხმარება, იყო ფესვგადგმული და ქრისტეს საძირკველზე დაფუძნებული. ამგვარად შენ გაუძლებ ნებისმიერ ქარტეხილს, რომელიც სატანამ შეიძლება მოგვივლინოს ამ ბოროტი ქვეყნიერების საბოლოო განადგურებამდე (ფსალმ. 1:1—3; იერ. 17:7, 8).

[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]

 „ეფესოელების მიმართ“

„კურთხეული იყოს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რადგან გვაკურთხა ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში ქრისტესთან ერთობაში, როგორც მასთან ერთობაში აგვირჩია ქვეყნიერების გაჩენამდე, რათა წმინდები და უმანკოები ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულში. მან წინასწარ განგვაწესა იმისთვის, რომ ვეშვილეთ იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ, თავისი დიდებული წყალობის საქებრად, რომელიც მოგვმადლა მისი მეშვეობით, ვინც უყვარს. მისი მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია შეცოდებები მისი წყალობის სიუხვით. მან ის უხვად მოგვცა ყოველგვარ სიბრძნესა და საღ აზროვნებასთან ერთად. ამით გვამცნო თავისი ნების წმინდა საიდუმლო, რომელიც მოსაწონია მისთვის, და გადაწყვიტა, განეგო დანიშნული დროების გასრულებიდან, ანუ ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფეს. 1:3—10).