არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დააფასე შენი ადგილი კრებაში

დააფასე შენი ადგილი კრებაში

დააფასე შენი ადგილი კრებაში

„ღმერთმა სხეულის თითოეული ნაწილი თავისი ნებისამებრ განალაგა“ (1 კორ. 12:18).

1, 2. ა) საიდან ჩანს, რომ კრებაში ყველას აქვს თავისი ადგილი, რომელსაც უნდა აფასებდეს? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

იეჰოვა ოდითგანვე სთხოვდა თავის ხალხს, ერთად შეკრებილიყვნენ, რათა დაემოძღვრა ისინი. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქალაქი აი დაიპყრო, იესო ნავეს ძემ „ხმამაღლა წაიკითხა . . . კანონის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, რაც კანონის წიგნშია ჩაწერილი . . . წაუკითხა იესო ნავეს ძემ ისრაელის მთელ კრებულს“ (იეს. 8:34, 35).

2 ახ. წ. პირველ საუკუნეში, მოციქულმა პავლემ ქრისტიან უხუცესს, ტიმოთეს, უთხრა, რომ ქრისტიანული კრება იყო „ღვთის სახლეულობა“ და „ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი“ (1 ტიმ. 3:15). დღეს ღვთის „სახლეულობას“ წარმოადგენს ჭეშმარიტი ქრისტიანების მსოფლიო საძმო. კორინთელებისთვის მიწერილი პირველი წერილის მე-12 თავში პავლე კრებას ადამიანის სხეულს ადარებს. ის ამბობს, რომ სხეულის თითოეულ ნაწილს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია, მაგრამ ყველა საჭიროა. „ღმერთმა სხეულის თითოეული ნაწილი თავისი ნებისამებრ განალაგა“, — წერდა პავლე. მან ისიც აღნიშნა, რომ „სხეულის იმ ნაწილებს, რომლებსაც ნაკლებად საპატიოდ მივიჩნევთ, უფრო მეტი პატივით ვეპყრობით“ (1 კორ. 12:18, 23). აქედან გამომდინარე, ღვთის სახლეულობაში ერთი ერთგული ქრისტიანი მეორე ერთგულ ქრისტიანზე არაფრით უპირატესობს. უბრალოდ, მათ სხვადასხვა როლი აკისრიათ. როგორ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი კრებაში და როგორ დავაფასოთ ის? რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ჩვენი ადგილი კრებაში და როგორ გავხადოთ ჩვენი წარმატება ყველასთვის ცხადი? (1 ტიმ. 4:15).

როგორ დავაფასოთ ჩვენი ადგილი კრებაში?

3. რა არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ვიპოვოთ და დავაფასოთ ჩვენი ადგილი კრებაში?

3 კრებაში ჩვენი ადგილი რომ ვიპოვოთ და დავაფასოთ, პირველ რიგში უნდა ვითანამშრომლოთ „ერთგულ და გონიერ მონასთან“ და მის წარმომადგენელ ხელმძღვანელ საბჭოსთან (წაიკითხეთ მათეს 24:45—47 ). უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვეხმაურებით მონის კლასისგან მიღებულ მითითებებს. მაგალითად, წლების განმავლობაში მრავალი მითითება მივიღეთ ჩაცმულობასთან, გარეგნობასთან, გართობასა და ინტერნეტით სარგებლობასთან დაკავშირებით. ზედმიწევნით ითვალისწინებთ ამ რჩევებს, რათა სულიერად დაცული იყოთ? გამოყოფილი გაქვთ დრო ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის, რისკენაც უკვე არაერთხელ მოგვიწოდეს? რეგულარულად აკეთებთ ამას? თუ დაოჯახებული არ ხართ, უთმობთ დროს ბიბლიის პირად შესწავლას? იეჰოვა გვაკურთხებს, თუ ვითვალისწინებთ მონის კლასის მითითებებს.

4. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა საქმე პირად არჩევანს ეხება?

4 ზოგი თვლის, რომ პირადად მისი გადასაწყვეტია, რას ჩაიცვამს და რითი გაერთობა. მაგრამ ქრისტიანი, რომელიც აფასებს თავის ადგილს კრებაში, გადაწყვეტილებას მხოლოდ პირადი არჩევნის საფუძველზე არ მიიღებს. ის გაითვალისწინებს იეჰოვას თვალსაზრისს, რომელიც მის სიტყვაში, ბიბლიაშია გადმოცემული. მასში ჩაწერილი აზრები ლამპარი უნდა იყოს ჩვენი ფეხისთვის და სინათლე ჩვენი სავალისთვის (ფსალმ. 119:105). გონივრულად ვიქცევით, თუ ვფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი გადაწყვეტილებები ჩვენს მსახურებაზე და ადამიანებზე, როგორც კრების შიგნით, ისე კრების გარეთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:3, 4 ).

5. რატომ უნდა დავიცვათ თავი დამოუკიდებლობის სულისგან?

5 სული, „რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“, ჰაერივით ყველგან აღწევს (ეფეს. 2:2). ამ სულმა შეიძლება ჩვენზეც იმოქმედოს და გვაფიქრებინოს, რომ არ გვჭირდება იეჰოვას ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ჩვენ არ გვინდა, ვგავდეთ დიოტრეფეს, რომელიც მოციქულ იოანესგან არაფერს იღებდა პატივისცემით (3 იოან. 9, 10). უნდა ვიფრთხილოთ, რომ დამოუკიდებლობის სულმა ჩვენშიც არ შემოაღწიოს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სიტყვით თუ საქმით უპატივცემულობა არ გამოვავლინოთ ერთგული მონისადმი, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა გვხელმძღვანელობს (რიცხ. 16:1—3). უნდა ვაფასებდეთ იმას, რომ მონის კლასთან თანამშრომლობა შეგვიძლია. ასევე უნდა ვემორჩილებოდეთ და პატივს ვცემდეთ ჩვენი კრების უხუცესებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:7, 17 ).

6. რატომ უნდა დავფიქრდეთ ჩვენს მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე?

6 ახლა ვისაუბროთ მეორე საშუალებაზე, რითაც ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ჩვენს ადგილს კრებაში. კარგად უნდა დავფიქრდეთ ჩვენს მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ „განვადიდოთ“ ჩვენი მსახურება და პატივი მივაგოთ იეჰოვას (რომ. 11:13). კრებაში ზოგი პიონერია. სხვები სრული დროით მსახურების ისეთ სფეროებში იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა მისიონერად, მიმომსვლელ ზედამხედველად ან ბეთელში მსახურება. მრავალი და-ძმა სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობს. იეჰოვას ხალხის დიდი ნაწილი მაქსიმალურად ზრუნავს ოჯახის წევრების სულიერ კეთილდღეობაზე და ყოველკვირა მაქსიმალურად მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში (წაიკითხეთ კოლოსელების 3:23, 24 ). თუ თავს ვუძღვნით ღვთის მსახურებას და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ღმერთს მთელი გულით ვემსახურებით, ჩვენი ადგილი ყოველთვის იქნება კრებაში.

კრებაში ჩვენი ადგილის განმსაზღვრელი ფაქტორები

7. ახსენით, როგორ მოქმედებს ჩვენი შესაძლებლობები კრებაში ჩვენს პასუხისმგებლობებზე.

7 მნიშვნელოვანია, კარგად ავწონ-დავწონოთ ჩვენი შესაძლებლობები, რადგან კრებაში ჩვენი ადგილი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგალითად, ძმის პასუხისმგებლობა კრებაში განსხვავდება დის პასუხისმგებლობისგან. ასაკი, ჯანმრთელობა და სხვა ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენს გავაკეთებთ იეჰოვასთვის. იგავების 20:29-ში ნათქვამია: „ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა“. კრებაში ახალგაზრდებს ფიზიკურად უფრო მეტის კეთება შეუძლიათ ახალგაზრდული ენერგიის გამო, ხანდაზმულები კი თავიანთი სიბრძნითა და გამოცდილებით ამდიდრებენ კრებას. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ იეჰოვას ორგანიზაციაში რამეს ვაკეთებთ, ეს ისევ ღვთის წყალობით (საქ. 14:26; რომ. 12:6—8).

8. რა კავშირი აქვს ჩვენს სურვილს იმასთან, თუ რას ვაკეთებთ კრებაში?

8 ორი ღვიძლი დის მაგალითი დაგვეხმარება კიდევ ერთი ფაქტორის დანახვაში. ორივე დამ დაამთავრა საშუალო სკოლა. მათი მდგომარეობა ერთნაირი იყო. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ შვილებს პიონერად დაეწყოთ მსახურება. ერთი და ასეც მოიქცა, მეორემ კი სრულგანაკვეთიანი სამსახური მოძებნა. რატომ გააკეთეს მათ განსხვავებული არჩევანი? იმიტომ რომ, განსხვავებული სურვილები ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, თითოეულმა ის გააკეთა, რაც უნდოდა. განა უმეტესობა ასე არ ვიქცევით?! სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა გვინდა, გავაკეთოთ ღვთისთვის. მზად ვართ, უფრო მეტად დავიხარჯოთ, თუნდაც ამისთვის რაღაცის შეცვლა მოგვიწიოს? (2 კორ. 9:7).

9, 10. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ იეჰოვას მსახურებაში ბევრის გაკეთების სურვილი არ გვაქვს?

9 როგორ მოვიქცეთ, თუ მხოლოდ მინიმუმით ვკმაყოფილდებით და არ გვაქვს იმის სურვილი, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ იეჰოვასთვის? ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ აღნიშნა: „ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“. იეჰოვას ნამდვილად შეუძლია იმოქმედოს ჩვენზე და ჩვენს სურვილებზე (ფილ. 2:13; 4:13).

10 აქედან გამომდინარე, სთხოვეთ იეჰოვას, რომ მისი ნების შესრულების სურვილი გაგიძლიეროთ. ძველი ისრაელის მეფე დავითი ასე იქცეოდა. ის ლოცულობდა: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკები! მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ჩემი ხსნის ღმერთი. მთელი დღე შენზე ვარ დაიმედებული“ (ფსალმ. 25:4, 5). ჩვენც შეგვიძლია ლოცვით ვთხოვოთ იეჰოვას, ჩვენში იმის სურვილი აღძრას, რომ მისი მოსაწონი საქმეები ვაკეთოთ. გული მადლიერებით გვევსება, როცა ვფიქრობთ იმაზე, რომ იეჰოვა ღმერთი და მისი ძე აფასებენ ჩვენს მსახურებას (მათ. 26:6—10; ლუკ. 21:1—4). მადლიერება იმის სურვილსაც გაგვიღვივებს, რომ ვთხოვოთ იეჰოვას, უფრო მეტის კეთებაში დაგვეხმაროს. წინასწარმეტყველ ესაიას მაგალითიდან შეიძლება იმის დანახვა, თუ როგორი განწყობა უნდა გვქონდეს. როცა იეჰოვამ იკითხა: „ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“, წინასწარმეტყველმა მიუგო: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8).

რა შეგვიძლია გავაკეთოთ სულიერი წინსვლისთვის?

11. ა) რატომ უნდა ისწრაფონ ძმებმა მეტი პასუხისმგებლობებისკენ? ბ) როგორ შეუძლია ძმას, ისწრაფოს მეტი პასუხისმგებლობებისკენ?

11 მთელ მსოფლიოში 2008 სამსახურებრივ წელს 289 678 ადამიანი მოინათლა, რაც იმაზე მოწმობს, რომ კრებაში სულ უფრო მეტი პასუხისმგებელი ძმაა საჭირო. ამიტომ ძმები უნდა ეცადონ, დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებიც წმინდა წერილებში მომსახურეებისა და უხუცესებისთვის არის ჩაწერილი (1 ტიმ. 3:1—10, 12, 13; ტიტ. 1:5—9). როგორ შეუძლია ძმას ისწრაფოს ასეთი მიზნისკენ? მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს მსახურებაში, გულმოდგინედ შეასრულოს დავალებები კრებაში, გააუმჯობესოს კომენტარები და ყურადღებით მოეკიდოს თანამორწმუნეებს. ასეთი სახით ის იმასაც ცხადყოფს, რომ აფასებს თავის ადგილს კრებაში.

12. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს დაამტკიცონ, რომ აფასებენ ჭეშმარიტებას?

12 რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს, განსაკუთრებით მოზარდებს, რომ სულიერად წინ წაიწიონ? მათ შეუძლიათ უკეთესად ჩასწვდნენ წმინდა წერილებს და ამგვარად შეიძინონ „სიბრძნე და სულიერი გაგება“ (კოლ. 1:9). ამ მიზნის მიღწევაში მათ ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლა და კრების შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა დაეხმარება. ახალგაზრდებს აგრეთვე შეუძლიათ, შევიდნენ მოღვაწეობის „დიდ კარში“ ანუ მონაწილეობა მიიღონ სრული დროით მსახურების სხვადასხვა სფეროში (1 კორ. 16:9). იეჰოვას მსახურებისთვის თავის მიძღვნას კმაყოფილება და დიდი კურთხევები მოაქვს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:1 ).

13, 14. როგორ შეუძლიათ დებს დაამტკიცონ, რომ აფასებენ თავიანთ ადგილს კრებაში?

13 დებიც აფასებენ იმას, რომ პირადად მონაწილეობენ ფსალმუნის 68:11-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულებაში: „იეჰოვა გასცემს ბრძანებას; ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“. დებისთვის მოწაფეების მომზადების საქმეში მონაწილეობა იმის დამტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ მადლიერნი არიან თავიანთი ადგილისთვის კრებაში (მათ. 28:19, 20). აქედან გამომდინარე, დები აფასებენ კრებაში თავიანთ პასუხისმგებლობას, თუ მთელი გულით მსახურობენ და მზად არიან, მსხვერპლიც კი გაიღონ სამეფო საქმისთვის.

14 პავლე ტიტეს სწერდა: „ხანში შესული ქალებიც ისე მოიქცნენ, როგორც ღვთისმოშიშებს შეშვენით . . . [იყვნენ] კარგის მასწავლებლები, რათა ჭკუა დაარიგონ ახალგაზრდა ქალებს, რომ უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ საღად მოაზროვნეები, ზნეობრივად სუფთები, მეოჯახეები, კარგები, ქმრების მორჩილები, რომ არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (ტიტ. 2:3—5). ასე რომ, მოწიფულ დებს კრებაში ბევრის გაკეთება შეუძლიათ. ისინი აფასებენ პასუხისმგებელ ძმებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჩაცმულობა, გარეგნობა და გართობა-დასვენება. ამგვარად ისინი კარგ მაგალითს აძლევენ სხვებს და ამტკიცებენ, რომ აფასებენ თავიანთ ადგილს კრებაში.

15. როგორ შეუძლიათ დაუქორწინებელ დებს მარტოობის გრძნობასთან გამკლავება?

15 დაუქორწინებელ დას ზოგჯერ შეიძლება გაუჭირდეს კრებაში თავისი ადგილის პოვნა. ერთი და გვიზიარებს თავის გრძნობებს: „დროდადრო თავს მარტოდ ვგრძნობ“. როგორ ეგუება ის თავის მდგომარეობას? ის ამბობს: „ლოცვა და შესწავლა მეხმარება, კრებაში თავი მარტოდ არ ვიგრძნო. იმაზე ვფიქრობ, როგორ მიყურებს იეჰოვა. ვცდილობ, მხარში ამოვუდგე კრების წევრებს. ეს მეხმარება, საკუთარ თავზე აღარ ვიფიქრო“. როგორც ფსალმუნის 32:8-დან ჩანს, იეჰოვამ უთხრა დავითს: „რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“. იეჰოვა დაინტერესებულია თითოეული თავისი მსახურის, მათ შორის დაუქორწინებელი დების, კეთილდღეობით. ის კრებაში ყველას აპოვნინებს თავის ადგილს.

გაუფრთხილდი შენს ადგილს კრებაში!

16, 17. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ნაბიჯი გადავდგით, როცა იეჰოვას მოწვევა მივიღეთ და მისი ორგანიზაციის წევრები გავხდით? ბ) როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ადგილს იეჰოვას ორგანიზაციაში?

16 იეჰოვამ სიყვარულით დაიახლოვა თითოეული თავისი მსახური. იესომ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოან. 6:44). დღეს დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ იეჰოვამ ჩვენ მიგვიწვია თავის კრებაში. ყველაზე საუკეთესო ნაბიჯი მაშინ გადავდგით, როცა ეს მოწვევა მივიღეთ. ამის შედეგად ჩვენი ცხოვრება აზრიანი გახდა. რამხელა სიხარულსა და კმაყოფილებას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ კრებაში ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ადგილი!

17 „იეჰოვა, მიყვარს შენი სახლი, შენი სამყოფელი“, — ამბობდა ფსალმუნმომღერალი. ის ამ სიტყვებსაც მღეროდა: „ფეხს სწორ ადგილზე დავდგამ; შეკრებილ ხალხში ვაკურთხებ იეჰოვას“ (ფსალმ. 26:8, 12). ჭეშმარიტ ღმერთს ყველასთვის აქვს ადგილი თავის ორგანიზაციაში. თუ კვლავ მივყვებით თეოკრატიულ ხელმძღვანელობას და აქტიურად ვიქნებით ჩაბმული ღვთის მსახურებაში, გავუფრთხილდებით ჩვენს ადგილს კრებაში.

გახსოვთ?

• რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრებაში ყველა ქრისტიანს აქვს თავისი ადგილი?

• როგორ ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ ჩვენს ადგილს ღვთის ორგანიზაციაში?

• რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ჩვენი ადგილი კრებაში?

• როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს დაამტკიცონ, რომ აფასებენ თავიანთ ადგილს კრებაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 16 გვერდზე]

როგორ შეუძლიათ ძმებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მიიღონ კრებაში?

[სურათი 17 გვერდზე]

როგორ შეუძლიათ დებს დაამტკიცონ, რომ აფასებენ თავიანთ ადგილს კრებაში?