არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

უნდა დაიფაროს დამ თავზე, როცა ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებზე მოხსენებას თარგმნის ჟესტების ენაზე?

როგორც ვიცით, ქრისტიანმა ქალმა თავზე უნდა დაიფაროს, თუ იმის კეთება უწევს, რაც ჩვეულებრივ მისი ქმრის ან ქრისტიანი ძმის პასუხისმგებლობაა. ეს შეესაბამება მოციქულ პავლეს მიერ მოხსენიებულ შემდეგ პრინციპს: „ყოველი ქალი, რომელიც თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს არცხვენს“, რადგან „ქალის თავი კაცია“ (1 კორ. 11:3—10). როცა და ასეთ სიტუაციებში მოკრძალებულ და შესაფერის თავსაბურავს იფარებს, ეს იმაზე მოწმობს, რომ ის ემორჩილება ქრისტიანულ კრებაში დადგენილ თეოკრატიულ წესრიგს (1 ტიმ. 2:11, 12). *

როგორ უნდა მოიქცეს და, თუ ის ჟესტების ენაზე თარგმნის ძმის მოხსენებას? ამ დროს და ძმის სათქმელს გადასცემს აუდიტორიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუდიტორიას ის კი არ მოძღვრავს, არამედ ძმა, რომლის სიტყვებსაც ის თარგმნის. მაგრამ ჟესტების ენაზე თარგმნა საკმაოდ განსხვავდება ერთი სამეტყველო ენიდან მეორე სამეტყველო ენაზე თარგმნისგან. საუბრის დროს აუდიტორია თარჯიმანს უსმენს, მაგრამ ის მომხსენებელს უყურებს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში თარჯიმანი დები თვალში საცემ ადგილას არ დგანან. ზოგჯერ ისინი სხედან ან თუ დგანან, მომხსენებლისკენ არიან პირშექცეული და არა აუდიტორიისკენ. ამიტომ მათ არ სჭირდებათ თავზე დაფარება.

მაგრამ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ჟესტების ენაზე თარგმნისას აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მთარგმნელი ხვდება. ხშირ შემთხვევაში დიდ ეკრანზე მთარგმნელი ჩანს და არა მომხსენებელი ძმა. აქედან გამომდინარე, მართებულია, რომ დამ, რომელიც ჟესტების ენაზე თარგმნის, თავზე დაიფაროს. ამგვარად ცხადყოფს, რომ ის მხოლოდ მომხსენებლის დამხმარეა.

თუ გავითვალისწინებთ საკითხისადმი ახლებურ მიდგომას, როგორ უნდა მოიქცნენ დები, როცა ჟესტების ენაზე თარგმნიან თეოკრატიული მსახურების სკოლის პროგრამას, ინსცენირებებს, კრების ბიბლიის შესწავლის დროს გაკეთებულ კომენტარებს, სამსახურებრივი შეხვედრის პროგრამას ან „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას? როგორც ჩანს, ზოგ შემთხვევაში აუცილებელი არ არის თავზე დაფარება, რადგან აუდიტორია ისედაც ხედავს, რომ კრების შეხვედრას და არ უძღვება. მაგალითად, ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა და თარგმნის აუდიტორიის კომენტარებს, დების დავალებებს ან ინსცენირებებს. მაგრამ, როცა და თარგმნის ძმის მოხსენებას, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელის, კრების ბიბლიის შესწავლის ხელმძღვანელის ან სიმღერის სიტყვებს, მაშინ მან თავზე უნდა დაიფაროს. შეხვედრის მსვლელობის დროს დას შეიძლება მოუწიოს ძმების, დების, ბავშვებისა და უხუცესების აზრების თარგმნა. ამიტომ, უფრო პრაქტიკული იქნება, თუ მთელი შეხვედრის განმავლობაში თარჯიმანს თავსაბურავი ეხურება.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის უნდა დაიფაროს თავზე ქრისტიანმა ქალმა, იხილეთ წიგნში „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვერდები 209—212.