არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რაზე მეტყველებს შენი ლოცვები?

რაზე მეტყველებს შენი ლოცვები?

რაზე მეტყველებს შენი ლოცვები?

„ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“ (ფსალმ. 65:2).

1, 2. რატომ არიან იეჰოვას მსახურები დარწმუნებულნი, რომ ღმერთი ისმენს მათ ლოცვებს?

იეჰოვა არასდროს უგულებელყოფს თავის ერთგულ მსახურთა თხოვნას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის გვისმენს. ღვთის მილიონობით მსახურმა ერთდროულადაც რომ ილოცოს, იეჰოვა ყველას მოუსმენს.

2 ფსალმუნმომღერალ დავითს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ღმერთი ისმენდა მის ვედრებას. ის მღეროდა: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“ (ფსალმ. 65:2). იეჰოვა იმიტომ ისმენდა დავითის ლოცვებს, რომ ის მისი ერთგული თაყვანისმცემელი იყო. თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „ჩანს ჩემი ლოცვებიდან, რომ იეჰოვაზე ვარ მინდობილი? ან რომ წმინდა თაყვანისმცემლობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია? რაზე მეტყველებს ჩემი ლოცვები?“

მიუახლოვდით ღმერთს თავმდაბლურად

3, 4. ა) როგორ უნდა მივმართოთ ღმერთს ლოცვით? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სერიოზული ცოდვის გამო „მშფოთვარე ფიქრები“ მოსვენებას არ გვაძლევს?

3 ღმერთმა ჩვენი ლოცვები რომ შეისმინოს, მას თავმდაბლურად უნდა მივმართოთ (ფსალმ. 138:6). დავითივით ჩვენც უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ გამოგვიკვლიოს. ის ამბობდა: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე“ (ფსალმ. 139:23, 24). მოდი, ვილოცოთ, ამავე დროს მივცეთ იეჰოვას ჩვენი გამოკვლევის შესაძლებლობა და დავემორჩილოთ მის სიტყვაში ჩაწერილ მითითებებს. იეჰოვა „მარადიულობის გზაზე“ წაგვიძღვება ანუ მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე სიარულში დაგვეხმარება.

4 როგორ მოვიქცეთ თუ სერიოზული ცოდვის გამო „მშფოთვარე ფიქრები“ მოსვენებას არ გვაძლევს? (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:1—5 ). თუ სინდისის ხმის ჩახშობას ვცდილობთ, ეს ისე გამოგვფიტავს, როგორც ხეს ფიტავს უწყლოობა ზაფხულის ცხელ დღეებში. ცოდვამ დავითს სიხარული წაართვა და ძალა გამოაცალა. მაგრამ ღვთის წინაშე ცოდვის აღიარებამ მას დიდი შვება მოჰგვარა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დავითის სიხარული, როცა იეჰოვამ აპატია ურჩობა! ფაქტია, რომ ღვთის წინაშე ცოდვის აღიარებას შვება მოაქვს, მაგრამ სულიერი წონასწორობის აღსადგენად მომნანიებელს უხუცესების დახმარებაც სჭირდება (იგავ. 28:13; იაკ. 5:13—16).

შეღაღადეთ ღმერთს და მადლობა შესწირეთ

5. რა უნდა გავაკეთოთ, როცა დარდი მოსვენებას გვიკარგავს?

5 თუ რაღაცის გამო დარდმა მოსვენება დაგვიკარგა, უნდა გავითვალისწინოთ პავლეს რჩევა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილ. 4:6). ვედრებაში იგულისხმება „თავმდაბლურად თხოვნა“. იეჰოვას დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებით მაშინ უნდა ვევედროთ, როცა რაიმე საფრთხის წინაშე ვიმყოფებით ან გვდევნიან.

6, 7. რა მიზეზების გამო უნდა ვმადლობდეთ იეჰოვას?

6 რაზე მეტყველებს ჩვენი ლოცვები, თუ მარტო მაშინ ვლოცულობთ, როცა ღვთისგან რაღაც გვჭირდება? პავლემ თქვა, რომ ღმერთს ჩვენი სათხოვარი „მადლიერებით“ უნდა ვაცნობოთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მიზეზი დავითივით ვთქვათ: „შენია, იეჰოვა, სიდიადე, ძლევამოსილება, მშვენება, აღმატებულობა და ღირსება, რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე! შენია სამეფო, იეჰოვა, შენ ყველაზე ამაღლებული ხარ, როგორც მთავარი . . . ჩვენო ღმერთო, გმადლობთ და ვაქებთ შენს მშვენიერ სახელს!“ (1 მატ. 29:11—13).

7 იესო მადლობას უხდიდა ღმერთს საკვებისთვის. მან პურისა და ღვინისთვის ღმერთს მადლობა მაშინაც გადაუხადა, როცა თავისი გახსენების საღამო დააწესა (მათ. 15:36; მარ. 14:22, 23). ჩვენ მხოლოდ საკვებისთვის კი არ უნდა ვუხდიდეთ ღმერთს მადლობას, არამედ „ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის“, „სამართლის სამართლიანობის გამო“ და ბიბლიაში ჩაწერილი მისი სიტყვისთვის (ფსალმ. 107:15; 119:62, 105).

ილოცეთ სხვებისთვის

8, 9. რატომ უნდა ვილოცოთ თანაქრისტიანებისთვის?

8 ფაქტია, რომ ჩვენ პირადი ინტერესებისთვის ვლოცულობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვებისთვის ლოცვა, იმ ქრისტიანებისთვისაც კი, რომლებსაც პირადად არ ვიცნობთ. მოციქული პავლე ალბათ არ იცნობდა კოლოსეში მცხოვრებ ყველა მორწმუნეს, მაგრამ მათ სწერდა: „ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ, ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას, რადგან მოვისმინეთ ქრისტე იესოში თქვენი რწმენისა და ყველა წმინდისადმი თქვენი სიყვარულის შესახებ“ (კოლ. 1:3, 4). პავლე თესალონიკელი ქრისტიანებისთვისაც ლოცულობდა (2 თეს. 1:11, 12). ასეთი ლოცვები ბევრს ამბობს ჩვენზე და იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს თანაქრისტიანების მიმართ.

9 ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურ „სხვა ცხვარზე“ ლოცვა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, რა ხდება ღვთის ორგანიზაციაში (იოან. 10:16). პავლე თანამორწმუნეებს სთხოვდა ელოცათ, რათა მისცემოდა ლაპარაკის შესაძლებლობა და ეუწყებინა „სასიხარულო ცნობის წმინდა საიდუმლო“ (ეფეს. 6:17—20). ჩვენც ასე ვლოცულობთ თანაქრისტიანებისთვის?

10. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე სხვებისთვის ლოცვამ?

10 სხვებისთვის ლოცვამ შეიძლება მათზე თვალსაზრისი შეგვაცვლევინოს. როცა იმ ადამიანისთვის ვლოცულობთ, რომელიც გულზე არ გვეხატება, თანდათანობით მის მიმართ დადებითად განვეწყობით (1 იოან. 4:20, 21). ასეთი ლოცვები და-ძმების ერთიანობას უწყობს ხელს. უფრო მეტიც, ამით დავამტკიცებთ, რომ ქრისტეს მსგავსად ვავლენთ სიყვარულს (იოან. 13:34, 35). სიყვარული ღვთის სულის ნაყოფია. ვლოცულობთ წმინდა სულისთვის და ვთხოვთ ღმერთს, დაგვეხმაროს სულის ნაყოფის — სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სიკეთის, ყოველივე კარგის, რწმენის, რბილი ხასიათისა და თავშეკავების გამომუშავებაში? (ლუკ. 11:13; გალ. 5:22, 23). თუ ასე ვიქცევით, ჩვენი სიტყვები და საქმეები იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ სულით ვცოცხლობთ და დავდივართ (წაიკითხეთ გალატელების 5:16, 25 ).

11. რატომ შეგვიძლია სხვებს ვთხოვოთ, ჩვენთვის ილოცონ?

11 თუ ვიცით, რომ ჩვენს შვილებს სკოლაში ტესტების დროს გადაწერის ცდუნება აქვთ, უნდა ვილოცოთ მათთვის და ბიბლიის დახმარებით დავანახვოთ, რომ პატიოსნად უნდა მოიქცნენ და ცუდი არაფერი გააკეთონ. პავლემ კორინთელ ქრისტიანებს მისწერა: „ვლოცულობთ ღვთის წინაშე, რომ ცუდი არაფერი ჩაიდინოთ“ (2 კორ. 13:7). ასეთი თავმდაბლური ლოცვები იეჰოვას სიამოვნებს და ჩვენზეც ბევრ რამეს ამბობს (წაიკითხეთ იგავების 15:8). შეგვიძლია სხვებსაც ვთხოვოთ ჩვენთვის ილოცონ, როგორც ამას პავლე მოციქული აკეთებდა. მან დაწერა: „ილოცეთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრ. 13:18).

ჩვენს ლოცვებს გაცილებით მეტის თქმა შეუძლია

12. რა უნდა იყოს ჩვენს ლოცვებში მთავარი?

12 ჩანს ჩვენი ლოცვებიდან, რომ იეჰოვას ბედნიერი და გულმოდგინე მსახურები ვართ? არის ჩვენი ლოცვების ძირითადი თემა ღვთის ნების შესრულება, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება, იეჰოვას უზენაესობის გამართლება და მისი სახელის განწმენდა? იესომ ლოცვის ნიმუშით გვასწავლა, რომ ეს საკითხები ლოცვისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს. ის ასეთი სიტყვებით იწყება: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:9, 10).

13, 14. რაზე მეტყველებს ჩვენი ლოცვები?

13 ჩვენი ლოცვებიდან კარგად ჩანს ჩვენი მოტივები, ინტერესები და სურვილები. იეჰოვამ კარგად იცის, როგორები ვართ შინაგანად. იგავების 17:3-ში წერია: „სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის, იეჰოვა კი გულების შემმოწმებელია“. ღმერთი ხედავს, რა ხდება ჩვენს გულში (1 სამ. 16:7). მან იცის, რა დამოკიდებულება გვაქვს კრების შეხვედრების, მსახურებისა და თანაქრისტიანების მიმართ. იეჰოვასთვის უცნობი არ არის, რას ვფიქრობთ ქრისტეს ძმებზე (მათ. 25:40). მან იცის, ნამდვილად გვსურს იმის შესრულება, რასაც ვთხოვთ, თუ უბრალოდ დაზეპირებულ სიტყვებს ვიმეორებთ. იესომ თქვა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც [ტყუილად] ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“ (მათ. 6:7).

14 ლოცვაში ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს, რამდენად ვენდობით ღმერთს. დავითმა თქვა: „შენ [იეჰოვა] ხარ ჩემი თავშესაფარი, ძლიერი კოშკი მტრის წინაშე. სტუმრად ვიქნები შენს კარავში მარადიულად; შენს ფრთებქვეშ შევაფარებ თავს“ (ფსალმ. 61:3, 4). ჩვენ თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ, როცა იეჰოვა, ასე ვთქვათ, თავის კარავს შლის ჩვენზე (გამოცხ. 7:15). მართლაც მანუგეშებელია, რომ შეგვიძლია იეჰოვას მივუახლოვდეთ ლოცვით ღრმად დარწმუნებულები, რომ რწმენის ნებისმიერი გამოცდის დროს, ის ჩვენ გვერდით იქნება (წაიკითხეთ ფსალმუნის 118:5—9 ).

15, 16. რის დანახვაში შეიძლება დაგვეხმაროს ლოცვები, თუ პასუხისმგებლობის მიღება გვინდა?

15 ჩვენი მოტივების შესახებ გულწრფელი ლოცვა დაგვეხმარება, დავინახოთ, რამდენად სწორი მოტივები გვამოძრავებს. მაგალითად, ნამდვილად იმიტომ გვსურს ზედამხედველობა, რომ სხვებს თავმდაბლურად მოვემსახუროთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ სამეფოს ინტერესებისთვის? თუ იმიტომ, რომ პირველობა ან სხვებზე ბატონობა გვინდა? იეჰოვას ხალხს ასეთი მოტივები არ უნდა ამოძრავებდეს (წაიკითხეთ 3 იოანეს 9, 10; ლუკას 22:24—27 ). თუ გულწრფელად ვლოცულობთ, იეჰოვა დაგვეხმარება, რომ გავაანალიზოთ ჩვენი მოტივები და მანამ შევიცვალოთ თვალსაზრისი, სანამ გვიანი არ იქნება.

16 ქრისტიან ცოლებს შესაძლოა ძალიან სურთ, რომ მათმა ქმრებმა მომსახურეებად და მოგვიანებით უხუცესებად იმსახურონ. მათ უნდა ილოცონ ამაზე და ლოცვის შესაბამისად ეცადონ, სამაგალითოები იყვნენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძმაზე ბევრის თქმა შეუძლია მისი ოჯახის წევრების საუბრებსა და ქცევებს.

საჯარო ლოცვებში სხვების მოხსენიება

17. რატომ არის ლოცვისას განმარტოება საჭირო?

17 მამასთან რომ ესაუბრა, იესო ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე (მათ. 14:13; ლუკ. 5:16; 6:12). განმარტოება ჩვენც გვჭირდება. მშვიდ გარემოში ლოცვა დაგვეხმარება, იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებასა და სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში. თუმცა იესო საჯაროდაც ლოცულობდა. კარგი იქნება, თუ განვიხილავთ, როგორ შეიძლება ამის სათანადოდ გაკეთება.

18. რა უნდა გაითვალისწინონ ძმებმა საჯარო ლოცვის დროს?

18 კრებაში მხოლოდ ერთგულ მამაკაცებს შეუძლიათ საჯარო ლოცვების წარმოთქმა (1 ტიმ. 2:8). კრების დანარჩენმა წევრებმა ლოცვის ბოლოს უნდა თქვან „ამინ“, რაც ნიშნავს „დაე იყოს ასე“. ამისათვის ისინი უნდა ეთანხმებოდნენ ლოცვაში ნათქვამს. ლოცვის ნიმუშში იესოს უტაქტო და აღმაშფოთებელი არაფერი უთქვამს (ლუკ. 11:2—4). მას დეტალურად არ უსაუბრია თითოეული მსმენელის საჭიროებებსა და პრობლემებზე. ასეთი საკითხები პირად ლოცვებში უნდა მოვიხსენიოთ და არა საჯარო ლოცვებში. ასევე საჯარო ლოცვების დროს უნდა მოვერიდოთ კონფიდენციალურ საკითხებზე საუბარს.

19. როგორ უნდა ვიქცეოდეთ საჯარო ლოცვის დროს?

19 საჯარო ლოცვის წარმოთქმისას ღვთისადმი მოკრძალებულ შიშს უნდა ვავლენდეთ (1 პეტ. 2:17). ზოგი რამ ქრისტიანული შეხვედრების დროს მიუღებელია, რადგან ყველაფერს თავისი განსაზღვრული დრო და ადგილი აქვს (ეკლ. 3:1). მაგალითად, ზოგი ფიქრობს, რომ ლოცვის დროს ყველას ხელი უნდა ჰქონდეს ჩაჭიდებული ან გადახვეული. ამან შეიძლება ზოგს უხერხულად აგრძნობინოს თავი ან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს, მათ შორის სტუმრებს, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ. ზოგჯერ ცოლ-ქმარი ლოცვის დროს მოკრძალებით ჰკიდებს ხელს ერთმანეთს, მაგრამ თუ ერთმანეთს ეხუტებიან, შეიძლება ვინმე დააბრკოლონ და აფიქრებინონ, რომ იეჰოვას პატივისცემის ნაცვლად ისინი ამ დროს რომანტიკულ ურთიერთობაზე ფიქრობენ. ამიტომ ღვთისადმი პატივისცემის ნიშნად „ყველაფერი ღვთის სადიდებლად“ უნდა ვაკეთოთ და მოვერიდოთ იმას, რამაც სხვა შეიძლება აღაშფოთოს ან დააბრკოლოს (1 კორ. 10:31, 32; 2 კორ. 6:3).

რაზე უნდა ვილოცოთ?

20. რა მნიშვნელობა აქვს რომაელების 8:26, 27-ში ჩაწერილ სიტყვებს?

20 ზოგჯერ ლოცვის დროს სიტყვებს ვერ ვპოულობთ. პავლემ დაწერა: „როცა უნდა ვილოცოთ და არ ვიცით, რაზე ვილოცოთ, [წმინდა] სული გვშუამავლობს გამოუთქმელი ოხვრით; ხოლო მან [ღმერთმა], ვინც გულებს იკვლევს, იცის, რა არის სულის ზრახვა“ (რომ. 8:26, 27). იეჰოვას ნებით წმინდა წერილებში ბევრი ლოცვა ჩაიწერა. მძიმე წუთებში წაკითხულ ამ ლოცვებს ღმერთი ისე იღებს, თითქოს ჩვენ წარმოგვეთქვას და შესაბამისად ისმენს კიდეც. ღმერთი ჩვენც გვიცნობს და იმის მნიშვნელობაც ესმის, რაც მისი სულის მეშვეობით ბიბლიაში ჩაიწერა. იეჰოვა ისმენს ჩვენს ვედრებას, როცა სული „გვშუამავლობს“. მაგრამ, რაც უფრო კარგად გვესმის ღვთის სიტყვა, მით უფრო ადვილად მოგვდის თავში ლოცვისთვის საჭირო სიტყვები.

21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი ლოცვები ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგალითად, რამდენად ახლო ურთიერთობა გვაქვს იეჰოვასთან და რამდენად კარგად ვიცით მისი სიტყვა (იაკ. 4:8). შემდეგ სტატიაში განვიხილავთ ბიბლიაში ჩაწერილ ზოგიერთ ლოცვას. აგრეთვე იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენს ლოცვებზე ასეთმა ლოცვებმა.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ უნდა მივმართოთ ღმერთს ლოცვით?

• რატომ უნდა ვილოცოთ თანაქრისტიანებისთვის?

• რას ამბობს ჩვენი ლოცვები ჩვენს მოტივებზე?

• როგორ უნდა ვიქცეოდეთ საჯარო ლოცვის დროს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 4 გვერდზე]

ყოველთვის განადიდებთ და მადლობთ იეჰოვას?

[სურათი 6 გვერდზე]

საჯარო ლოცვის დროს ჩვენს ქცევაში უნდა ჩანდეს, რომ პატივს ვცემთ იეჰოვას