არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უფრო მეტად შეიყვარეთ საძმო

უფრო მეტად შეიყვარეთ საძმო

უფრო მეტად შეიყვარეთ საძმო

„იარეთ სიყვარულში, როგორც ქრისტემ შეგიყვარათ“ (ეფეს. 5:2).

1. იესოს თქმით, რომელი თვისებით იქნებოდნენ მისი მოწაფეები გამორჩეულნი?

იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან იმით, რომ კარდაკარ ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. მაგრამ იესო ქრისტემ აღნიშნა, რომ მის ნამდვილ მოწაფეებს სხვა რამით ამოიცნობდნენ. მან თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35).

2, 3. როგორ მოქმედებს ძმური სიყვარული მათზე, ვინც ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრება?

2 ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებულ სიყვარულს ბადალი არ მოეძებნება. როგორც მაგნიტი იზიდავს რკინას, სიყვარულიც ასე იზიდავს იეჰოვას მსახურებს ერთმანეთისკენ, ხოლო გულწრფელ ადამიანებს — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ. მაგალითად, განვიხილოთ კამერუნელი მარსელინოს შემთხვევა, რომელმაც სამსახურში უბედური შემთხვევის დროს მხედველობა დაკარგა. ხალხში ხმები გავრცელდა, თითქოს ის იმიტომ დაბრმავდა, რომ ჯადოქარი იყო. ნაცვლად იმისა, რომ ენუგეშებინათ, მოძღვარმა და მისი ეკლესიის მრევლმა ის ეკლესიიდან მოკვეთეს. ერთმა იეჰოვას მოწმემ მარსელინო კრების შეხვედრაზე დაპატიჟა. თავიდან ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თუ არა, რადგან ეშინოდა, მისთვის იქაც არ ეკრათ ხელი.

3 მარსელინო ნამდვილად არ ელოდა იმას, რაც სამეფო დარბაზში მოხდა. ის კრებაში გულთბილად მიიღეს; შეხვედრაზე მოსმენილმა ბიბლიურმა აზრებმაც ძალიან გაამხნევა. მან კრების შეხვედრებზე რეგულარულად დაიწყო დასწრება. პარალელურად ის ბიბლიას სწავლობდა და 2006 წელს მოინათლა. ახლა მარსელინო ჭეშმარიტებას თავის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს უზიარებს. ის უკვე რამდენიმე ადამიანს ეხმარება ბიბლიის შესწავლაში. მას სურს, რომ მათაც იგრძნონ ის სიყვარული, რასაც თავად გრძნობს ღვთის ხალხთან ურთიერთობით.

4. რატომ უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს პავლეს მოწოდება: „იარეთ სიყვარულში“?

4 ძმური სიყვარული ყველას იზიდავს, მაგრამ ასეთი სიყვარული თავისით არ მოდის. წარმოიდგინეთ ღამით დანთებული კოცონი, რომლის სითბო და მოციმციმე ალი ადამიანებს იზიდავს. თუ კოცონს მიფიცხებულები შეშას არ შეუკეთებენ, ცეცხლი ჩაქრება. მსგავსადვე, კრებაში ძმური სიყვარული განელდება, თუ თითოეული ქრისტიანი თავის წვლილს არ შეიტანს ამ სიყვარულის გაღვივებაში. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? პასუხს მოციქული პავლე გვცემს: „იარეთ სიყვარულში, როგორც ქრისტემ შეგიყვარათ და თქვენთვის საკუთარი თავი გადასცა ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, ტკბილ სურნელებად“ (ეფეს. 5:2). იბადება კითხვა: როგორ შეგვიძლია ვიაროთ სიყვარულში?

„თქვენც გაფართოვდით“

5, 6. რატომ მოუწოდებდა პავლე კორინთელ ქრისტიანებს გაფართოებისკენ?

5 ძველ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს მოციქული პავლე სწერდა: „ბაგე გახსნილი გვაქვს თქვენთვის, კორინთელებო, გული კი — გაფართოებული. თქვენ ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ, არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში. ამიტომ გეუბნებით, როგორც ბავშვებს, თქვენც გაფართოვდით“ (2 კორ. 6:11—13). რატომ მოუწოდებდა პავლე კორინთელებს, გაფართოებულიყვნენ სიყვარულში?

6 გავიხსენოთ, როგორ ჩაეყარა საფუძველი კორინთის კრებას. პავლე კორინთში ახ. წ. 50 წლის შემოდგომაზე ჩავიდა. თავიდან ის დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, მაგრამ მას ქადაგება არ შეუწყვეტია. მალე იმ ქალაქში ბევრი დადებითად გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. პავლე „წელიწადი და ექვსი თვე დარჩა“ იქ და ახლად ჩამოყალიბებულ კრებას ასწავლიდა და აძლიერებდა. აშკარაა, რომ მას ძალიან უყვარდა კორინთელი ქრისტიანები (საქ. 18:5, 6, 9—11). პავლე ნამდვილად იმსახურებდა მათ სიყვარულსა და პატივისცემას. მაგრამ კრებაში ზოგმა თავი შორს დაიჭირა პავლესგან. ზოგს, როგორც ჩანს, მისი პირდაპირობა არ მოსწონდა (1 კორ. 5:1—5; 6:1—10). სხვები შესაძლოა „უაღმატებულესი მოციქულების“ ცილისმწამებლურ ხმებს იყვნენ აყოლილნი (2 კორ. 11:5, 6). პავლეს სურდა, რომ და-ძმებს მთელი გულით ჰყვარებოდათ ის. ამიტომაც სთხოვდა მათ, გაფართოებულიყვნენ ანუ დაახლოებოდნენ როგორც მას, ისე ერთმანეთს.

7. როგორ შეგვიძლია გავფართოვდეთ ძმურ სიყვარულში?

7 ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ უნდა გავფართოვდეთ ძმურ სიყვარულში? ერთი ასაკის ან ერთი წარმოშობის ადამიანებს ჩვეულებრივ ერთმანეთისკენ მიუწევთ გული. ისინი, ვისაც ერთნაირი გართობა უყვარს, ხშირად ბევრ დროს ატარებენ ერთად. მაგრამ, თუ ვხვდებით, რომ საერთო ინტერესები ცალკეულ ქრისტიანებთან გვაახლოებს, სხვებთან კი გვაშორებს, „გაფართოებაზე“ უნდა ვიფიქროთ. კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: იშვიათად ვთანამშრომლობ ან ნაკლებად მაქვს ურთიერთობა იმ და-ძმებთან, რომლებთანაც ძალიან ახლოს არა ვარ? კრებაში ახლებისგან თავი შორს ხომ არ მიჭირავს, რადგან ვფიქრობ, რომ მათ ასე ადვილად ვერ დავიახლოებ? კრებაში განურჩევლად ვესალმები დიდსა თუ პატარას?

8, 9. როგორ გვეხმარება რომაელების 15:7-ში ჩაწერილი პავლეს რჩევა, რომ ხელი შევუწყოთ ძმური სიყვარულის გაღვივებას?

8 მისალმებაში ჩანს ჩვენი დამოკიდებულება თანამორწმუნეებისადმი. რომაელების მიმართ მიწერილი პავლეს წერილი დაგვეხმარება, რომ სწორი თვალსაზრისი გვქონდეს თანაქრისტიანებზე (წაიკითხეთ რომაელების 15:7 ). ბერძნულ სიტყვაში, რომელიც ნათარგმნია, როგორც „მიიღეთ“, იგულისხმება „საკუთარ წრეში ან სამეგობროში ვინმეს თბილად და სტუმართმოყვარულად მიღება“. ბიბლიურ დროში, როცა სტუმართმოყვარე მასპინძელი სტუმრებს სახლში ეპატიჟებოდა, აშკარად აგრძნობინებდა, რომ უხაროდა მათი დანახვა. ქრისტემაც ასე მიგვიღო კრებაში. ჩვენც უნდა მივბაძოთ ქრისტეს და გულთბილად მივიღოთ თანამორწმუნეები, რაც ჩვენს მისალმებაშიც გამოჩნდება.

9 როცა თანაქრისტიანებს სამეფო დარბაზში ან სხვაგან ვხვდებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ, ვინც ბოლო დროს არ გვინახავს ან ვისთანაც არ გვისაუბრია. კარგი იქნება, თუ მათ რამდენიმე წუთს დავუთმობთ. მომდევნო ჯერზე შეგვიძლია სხვებს გავესაუბროთ. ამგვარად კრების არც ერთი წევრი არ დაგვრჩება უყურადღებოდ. არ უნდა ვინერვიულოთ, თუ ყველას ერთ დღეს ვერ გამოველაპარაკებით. არავის უნდა ეწყინოს, თუ ყოველ შეხვედრაზე ვერ მოვიკითხავთ.

10. რისი შესაძლებლობა ეძლევა ყველას კრებაში და როგორ შეგვიძლია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა?

10 მისალმება ერთმანეთის მიღებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. სწორედ ამით იწყება სასიამოვნო საუბრები და მეგობრული ურთიერთობა. მაგალითად, როცა კონგრესის დელეგატები ეცნობიან და ესაუბრებიან ერთმანეთს, მომავალში ერთმანეთის ნახვის სურვილი უჩნდებათ. მოხალისეები, რომლებიც სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობენ ან სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან, კარგი მეგობრები ხდებიან, რადგან ერთად მუშაობის დროს უკეთ ხედავენ ერთმანეთის კარგ თვისებებს. იეჰოვას ორგანიზაციაში კარგი მეგობრების პოვნის მრავალი შესაძლებლობა გვეძლევა. თუ „ვფართოვდებით“, ჩვენი მეგობრების წრე გაიზრდება და გაგვიძლიერდება სიყვარული, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს გვაერთიანებს.

დრო გამოყავით სხვებთან სასაუბროდ

11. მარკოზის 10:13—16-დან გამომდინარე, რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

11 ყველა ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, რომ იესოს მსგავსად სხვებს გაუადვილოს მასთან ურთიერთობა. გავიხსენოთ, როგორ მოიქცა იესო, როცა მოწაფეები მასთან ბავშვებს არ უშვებდნენ. „მოუშვით ბავშვები ჩემთან, — უთხრა მან მოწაფეებს. — ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო“. შემდეგ „მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა“ (მარ. 10:13—16). როგორ გაიხარებდნენ ბავშვები, როცა ამხელა სითბოს იგრძნობდნენ დიდებული მასწავლებლისგან!

12. რის გამო შეიძლება გვიჭირდეს სხვებთან ურთიერთობა?

12 ყველა ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს: ვაძლევ სხვებს ჩემთან ურთიერთობის საშუალებას თუ ყოველთვის რაღაცით ვარ დაკავებული? შეიძლება ერთი შეხედვით უწყინარმა ჩვევებმა სხვებთან საუბრის საშუალება არ მოგვცეს. მაგალითად, თუ ხელში სულ მობილური ტელეფონი გვიჭირავს ან ყურსასმენი გვიკეთია, სხვებს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ თავს ვარიდებთ მათთან საუბარს. თუ ხშირად ჯიბის კომპიუტერს ჩავკირკიტებთ, სხვები იფიქრებენ, რომ მათთვის არ გვცალია. რა თქმა უნდა, არის „დუმილის დრო“, მაგრამ, როცა საზოგადოებაში ვართ, ხშირ შემთხვევაში ეს „ლაპარაკის დროა“ (ეკლ. 3:7). ზოგი თავს იმით იმართლებს, რომ თავისთვის ურჩევნია ყოფნა ან დილით არ არის საუბრის ხასიათზე. თუ ლაპარაკის განწყობაზე არ ვართ, მაგრამ ამას მაინც ვაკეთებთ, ვამტკიცებთ ჩვენს სიყვარულს, რომელიც „თავისას არ ეძებს“ (1 კორ. 13:5).

13. როგორ უნდა მოპყრობოდა ტიმოთე ქრისტიან და-ძმებს პავლეს რჩევისამებრ?

13 პავლე ახალგაზრდა ტიმოთეს მოუწოდებდა, რომ პატივისცემით მოპყრობოდა კრების ყველა წევრს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:1, 2). ჩვენც ისე უნდა მოვექცეთ უფროსი ასაკის თანაქრისტიანებს, როგორც ჩვენს მშობლებს, ახალგაზრდებს კი — როგორც ღვიძლ და-ძმებს. თუ ასე ვიფიქრებთ ძვირფას თანაქრისტიანებზე, ისეთი გრძნობა არ გაუჩნდებათ, თითქოს თავს ვარიდებთ მათ.

14. რა დადებითი შედეგები მოჰყვება სხვებთან გამამხნევებელ თემებზე საუბარს?

14 ჩვენი გამამხნევებელი საუბრები დადებითად იმოქმედებს თანაქრისტიანების სულიერობასა და განწყობაზე. ერთი ბეთელელი ძმა იხსენებს იმ პერიოდს, როცა ის ახალბედა იყო. მას არ ავიწყდება ის გამოცდილი ბეთელელი ძმები, რომლებიც ყოველთვის პოულობდნენ დროს მასთან სასაუბროდ. მათი გამამხნევებელი სიტყვების წყალობით, მან ბეთელში თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ის ახლა თავად ცდილობს გამოელაპარაკოს და გაამხნევოს ახალი ბეთელელები.

თავმდაბლობა გვეხმარება მშვიდობის შენარჩუნებაში

15. საიდან ჩანს, რომ უთანხმოებებისგან არ ვართ დაზღვეული?

15 ფილიპეში მცხოვრებ ქრისტიანებს, ევოდიასა და სინტიქეს, როგორც ჩანს, უჭირდათ მათ შორის არსებული პრობლემის მოგვარება (ფილ. 4:2, 3). პავლე და ბარნაბა ცხარე კამათის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და სხვადასხვა გზით წავიდნენ. ამ ამბავმა ბევრის ყურამდე მიაღწია (საქ. 15:37—39). ეს შემთხვევები ადასტურებს, რომ ღვთის თაყვანისმცემლები არ არიან დაზღვეული უთანხმოებებისგან. იეჰოვა ღმერთი გვეხმარება გაუგებრობების მოგვარებასა და მეგობრობის აღდგენაში. მაგრამ რაღაც ჩვენგანაც მოითხოვება.

16, 17. ა) რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბლობა უთანხმოებების მოსაგვარებლად? ბ) როგორ ცხადყოფს იაკობისა და ესავის შეხვედრა, რომ თავმდაბლობა მნიშვნელოვანია?

16 წარმოიდგინე, რომ მეგობართან ერთად მანქანით სადმე აპირებ გამგზავრებას. თქვენ ადგილიდან ვერ დაიძვრებით, თუ გასაღებს არ გადაატრიალებ და მანქანას არ დაქოქავ. პრობლემის მოსაგვარებლადაც გასაღები გვჭირდება. ეს გასაღები თავმდაბლობაა (წაიკითხეთ იაკობის 4:10). მომდევნო აბზაცში განხილული ბიბლიური ისტორიიდან ჩანს, რომ ამ გასაღების ანუ თავმდაბლობის გარეშე ვერ შევძლებთ უთანხმოებების დროს ბიბლიური პრინციპების გამოყენებას.

17 ოცი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც პირმშოობის დაკარგვის გამო იაკობზე გამწარებული ესავი მის მოკვლას ცდილობდა. ამდენი ხნის შემდეგ ტყუპი ძმები კვლავ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ იაკობი ძალიან შეშინებული და შეწუხებული იყო. ის ხვდებოდა, რომ თავდასხმის დიდი საშიშროება არსებობდა. მაგრამ შეხვედრის დროს იაკობმა ის გააკეთა, რასაც ესავი არ ელოდა; სანამ მიუახლოვდებოდა, თავის ძმას „მდაბლად თაყვანი სცა“. რა რეაქცია ჰქონდა ესავს? „გამოექანა ესავი შესაგებებლად, კისერზე მოეხვია, აკოცა და ორივენი აქვითინდნენ“. ასე აიცილა თავიდან იაკობმა ძმის რისხვა. მისმა თავმდაბლობამ ესავს გული მოულბო (დაბ. 27:41; 32:3—8; 33:3, 4).

18, 19. ა) რატომ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად? ბ) რატომ არ უნდა გადავიწუროთ იმედი, თუ მეორე მხარე მაშინვე სათანადოდ არ რეაგირებს?

18 ბიბლია შესანიშნავ რჩევებს გვთავაზობს უთანხმოებების მოსაგვარებლად (მათ. 5:23, 24; 18:15—17; ეფეს. 4:26, 27). * თუ ამ რჩევებს თავმდაბლურად არ გავითვალისწინებთ, გაგვიჭირდება მშვიდობის აღდგენა. ნუ დაველოდებით, როდის გამოავლენს მეორე მხარე თავმდაბლობას, მაშინ როცა გასაღები ჩვენც გვიჭირავს ხელში.

19 თუ მშვიდობისკენ გადადგმულ ჩვენს ნაბიჯებს შედეგი მაშინვე არ მოჰყვა, იმედი არ უნდა გადავიწუროთ. შესაძლოა მეორე მხარეს უფრო მეტი დრო სჭირდება თავის გრძნობებთან გასამკლავებლად. იოსებს ვერაგულად მოექცნენ საკუთარი ძმები. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, ვიდრე ისინი კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. იმ დროს იოსები ეგვიპტის გამგებელი იყო. მისმა ძმებმა დანაშაული მოინანიეს და იოსებს პატიება სთხოვეს. მანაც დაინდო ძმები. შედეგად იაკობის ვაჟებისგან წარმოიშვა ერი, რომელსაც იეჰოვას სახელის ტარების პატივი ხვდა წილად (დაბ. 50:15—21). თუ მშვიდობას შევინარჩუნებთ და-ძმებთან, ხელს შევუწყობთ კრების ერთიანობასა და სიხარულს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:12—14 ).

გვიყვარდეს „საქმითა და ჭეშმარიტებით“

20, 21. რისი სწავლა შეგვიძლია იესოსგან, რომელმაც თავის მოციქულებს ფეხები დაბანა?

20 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოან. 13:15). სანამ ამას იტყოდა, იესომ 12 მოციქულს ფეხები დაბანა. ამით იესოს არც ჩვეული რიტუალი შეუსრულებია და არც მოჩვენებითი სიკეთე გამოუვლენია. ამ შემთხვევის აღწერამდე, იოანემ დაწერა: „[იესომ] შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოან. 13:1). იესო მოწაფეების სიყვარულმა აღძრა ის გაეკეთებინა, რაც ჩვეულებრივ მონის მოვალეობაში შედიოდა. იმ დღიდან მათ ერთმანეთისთვის თავმდაბლურად, საქმით უნდა დაემტკიცებინათ სიყვარული. ნამდვილმა ძმურმა სიყვარულმა უნდა აღგვძრას, ვიზრუნოთ ჩვენს ქრისტიან და-ძმებზე.

21 მოციქული პეტრე, რომელსაც ღვთის ძემ ფეხები დაბანა, მიხვდა, რა უნდოდა ესწავლებინა იესოს მათთვის. მან დაწერა: „ვინაიდან ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით გაისპეტაკეთ სულები და ახლა უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას ავლენთ. მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 1:22). იოანე, კიდევ ერთი მოციქული, რომელსაც უფალმა ფეხები დაბანა, წერდა: „შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოან. 3:18). მოდი, და-ძმებისადმი ჩვენი სიყვარული ჩვენც საქმით დავამტკიცოთ!

[სქოლიო]

^ აბზ. 18 იხილეთ წიგნი „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 144—150.

გახსოვთ თუ არა?

• რა მხრივ შეგვიძლია გავფართოვდეთ ერთმანეთის სიყვარულში?

• რა დაგვეხმარება, რომ დრო დავუთმოთ სხვებს?

• რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბლობა უთანხმოებების მოსაგვარებლად?

• რამ უნდა აღგვძრას, ვიზრუნოთ თანამორწმუნეებზე?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

გულთბილად მიესალმეთ თანამორწმუნეებს

[სურათი 23 გვერდზე]

ხელიდან ნუ გაუშვებთ სხვებთან ურთიერთობის შესაძლებლობას