არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის მსახურები კარგი მანერებით უნდა გამოირჩეოდნენ

ღვთის მსახურები კარგი მანერებით უნდა გამოირჩეოდნენ

ღვთის მსახურები კარგი მანერებით უნდა გამოირჩეოდნენ

„მიჰბაძეთ ღმერთს“ (ეფეს. 5:1).

1, 2. ა) რატომ არის კარგი მანერები მნიშვნელოვანი? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

თავაზიანობის შესახებ ერთ-ერთი წიგნის ავტორი, სიუ ფოქსი, წერდა: „კარგი მანერები ადამიანს ყოველთვის სჭირდება. ზრდილობა ყველგან და ყოველთვის ჭრის“. ვისაც თავაზიანობა ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, სხვებთან ურთიერთობის დროს ნაკლები პრობლემები ექმნება ან თუ ექმნება, მას ადვილად აგვარებს. საპირისპირო შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით ხდება. უხეშობას კონფლიქტური სიტუაციები, გაღიზიანება და გულისტკივილი მოჰყვება.

2 როგორც წესი, ქრისტიანები კარგი მანერებით გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე გვმართებს, რომ არ გადავიღოთ ქვეყნიერებაში გავრცელებული ცუდი მანერები. მოდი ვნახოთ, როგორ დაგვიცავს ამ მხრივ თავაზიანობასთან დაკავშირებული ბიბლიის პრინციპები და როგორ მიიზიდავს ეს სხვებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ. განვიხილოთ, თავაზიანობის რა მაგალითს გვაძლევენ იეჰოვა ღმერთი და მისი ძე. ეს კი უკეთ დაგვანახვებს, რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი მანერები.

იეჰოვა და მისი ძე — თავაზიანობის საუკეთესო მაგალითები

3. თავაზიანობის რა მაგალითს გვაძლევს იეჰოვა ღმერთი?

3 იეჰოვა ღმერთი თავაზიანობის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. ის სამყაროს უზენაესი მმართველია, მაგრამ ადამიანებს თავაზიანად და პატივისცემით ეპყრობა. აბრაამთან და მოსესთან საუბარში იეჰოვამ გამოიყენა ზრდილობიანი მიმართვის ებრაული ფორმა (დაბ. 13:14; გამ. 4:6). თავისი მსახურების მიმართ, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, იეჰოვა „გულმოწყალე და მწყალობელი[ა] . . . რისხვაში ნელი და სიკეთითა და ჭეშმარიტებით სავსე“ (ფსალმ. 86:15). ის არ ჰგავს ადამიანებს, რომლებიც უმალ ანთხევენ ბრაზს მათზე, ვინც არ ამართლებს მათ მოლოდინს.

4. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას, როცა სხვები გველაპარაკებიან?

4 ღვთის თავაზიანობა იქიდანაც ჩანს, თუ როგორ უსმენს ის ადამიანებს. იეჰოვამ მოთმინებით გასცა აბრაამს ყველა კითხვაზე პასუხი, რაც მას სოდომელების განადგურების შესახებ აინტერესებდა (დაბ. 18:23—32). ღმერთი არ ფიქრობდა, რომ აბრაამთან საუბრით დროს ტყუილად კარგავდა. იეჰოვა ისმენს თავის მსახურთა ლოცვებს და მომნანიე შემცოდველების ღაღადს (წაიკითხეთ ფსალმუნის 51:11, 17 ). განა არ უნდა მივბაძოთ იეჰოვას და ყურადღებით მოვუსმინოთ სხვებს, როცა გველაპარაკებიან?!

5. თუ მივბაძავთ ქრისტეს, როგორ იმოქმედებს ეს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე?

5 იესომ ბევრი რამ ისწავლა მამისგან, მათ შორის თავაზიანობა. მსახურება იესოს დიდ დროსა და ენერგიას ართმევდა, მაგრამ ადამიანებს ის ყოველთვის მოთმინებით და თავაზიანად ეპყრობოდა. იესო მზად იყო დახმარებოდა კეთროვნებს, სიბრმავის გამო გამათხოვრებულებსა და სხვა გაჭირვებულებს. ის უყურადღებოდ არ ტოვებდა მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მასთან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიდიოდნენ. გამწარებული ადამიანების დასახმარებლად იესო ხშირად თავის საქმეს გვერდზე დებდა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენდა მათ მიმართ, ვისაც მისი სწამდა (მარ. 5:30—34; ლუკ. 18:35—41). როგორც ქრისტიანები, ჩვენც ვბაძავთ ქრისტეს — კეთილად ვექცევით ადამიანებს და დახმარების ხელს ვუწვდით. ეს შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენს ნათესავებს, მეზობლებსა და სხვებს. უფრო მეტიც, ასეთი საქციელი განადიდებს იეჰოვა ღმერთს, ჩვენ კი ბედნიერებას გვანიჭებს.

6. სხვების პატივისცემისა და სითბოს გამოვლენის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

6 იესო ადამიანებისადმი პატივისცემას იმითაც გამოხატავდა, რომ მათ სახელებით მიმართავდა. მაგრამ ებრაელი რელიგიური წინამძღოლები ასე არ იქცეოდნენ. ისინი კანონის უცოდინარ ხალხს დაწყევლილად მიიჩნევდნენ და შესაბამისადაც ექცეოდნენ (იოან. 7:49). როგორც აღვნიშნეთ, ღვთის ძე სხვაგვარად ექცეოდა ხალხს. მართას, მარიამს, ზაქეს და სხვებს იესო სახელებით მიმართავდა (ლუკ. 10:41, 42; 19:5). მართალია დღეს კულტურული ნორმები და სიტუაცია გვკარნახობს, ვის როგორ მივმართოთ, მაგრამ იეჰოვას მსახურები ვცდილობთ, ხალხს თბილად მოვექცეთ. * ჩვენ ფენებად არ ვყოფთ ადამიანებს და ყველას პატივს ვცემთ (წაიკითხეთ იაკობის 2:1—4).

7. როგორ გვეხმარება ბიბლიის პრინციპები, რომ ყველას მიმართ პატივისცემა გამოვავლინოთ?

7 ღმერთი და მისი ძე პატივისცემით ეპყრობიან ყველა ერისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, რაც ღვთისკენ იზიდავს ჭეშმარიტებისადმი სწორად განწყობილებს. ფაქტია, რომ ზოგ ქვეყანაში კარგ მანერად სხვადასხვა რამ ითვლება. ამიტომ, ჩვენ ქცევის მკაცრი ნორმები არ გვაქვს დადგენილი. ბიბლიის პრინციპები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სიტუაციიდან გამომდინარე ნებისმიერ ადამიანს პატივისცემით მოვეპყროთ. განვიხილოთ, როგორ დაგვეხმარება თავაზიანობა, უფრო წარმატებულები ვიყოთ მსახურებაში.

მისალმება და ხალხთან საუბარი

8, 9. ა) რა შეიძლება ჩაგვეთვალოს უზრდელობაში? ბ) რატომ უნდა გავითვალისწინოთ სხვებთან ურთიერთობისას მათეს 5:47-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები?

8 ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, ხშირად ადამიანები მისალმებისა და მოკითხვის გარეშე ჩაუვლიან ხოლმე ერთმანეთს. ფაქტია, არავინ ელის, რომ გადატვირთულ ქუჩაზე ყველა გამვლელ-გამომვლელს მიესალმები. მაგრამ სხვა სიტუაციებში მისალმება აუცილებელია. ესალმები სხვებს თუ უსიტყვოდ გაუვლი ხოლმე და არც კი გაუღიმებ? ადამიანს შეიძლება გაუცნობიერებლად განუვითარდეს ისეთი ჩვევა, რომელიც სინამდვილეში უზრდელობად ითვლება.

9 იესომ შეგვახსენა: „თუ მხოლოდ თქვენს ძმებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა უცხოტომელებიც ასევე არ იქცევიან?“ (მათ. 5:47). ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტანტი დონალდ ვაისი წერს: „ყველას სწყინს, როცა გვერდზე ისე ჩაუვლიან, თითქოს ვერ შეამჩნიეს. თავს ვერაფრით გავიმართლებთ მათ წინაშე, ვინც უყურადღებოდ დავტოვეთ. გამოსავალი მარტივია: მიესალმეთ ხალხს და გამოელაპარაკეთ“. ბევრს მივაღწევთ, თუ ცივი და გულგრილი დამოკიდებულებით სხვებთან ურთიერთობას არ გავიფუჭებთ.

10. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს კარგი მანერები ნაყოფიერად მსახურებაში? (იხილეთ ჩარჩო  „საუბარი თბილი ღიმილით დაიწყეთ“)

10 განვიხილოთ ქრისტიანი ცოლ-ქმრის, ტომისა და კეროლის მაგალითი. ისინი შეერთებული შტატების ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობენ. მათ არ უჭირთ უცნობებთან საუბარი. როგორც ტომი ამბობს, ამაში მათ იაკობის 3:18-ში ჩაწერილი სიტყვები ეხმარებათ: „ვცდილობთ, ყველასთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. თუ ვინმეს თავისი სახლის წინ დავინახავთ, ღიმილით ვუახლოვდებით და ვესალმებით. მერე მათთვის საინტერესო თემებზე ვიწყებთ საუბარს, მაგალითად მათ შვილებზე, ძაღლებზე, სახლებსა და სამუშაოზე. დროთა განმავლობაში ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა ვითარდება“. კეროლი დასძენს: „მომდევნო შეხვედრისას სახელებით ვეცნობით ერთმანეთს. ვეუბნებით, რას ვსაქმიანობთ, მაგრამ საუბარს დიდხანს არ ვუგრძელებთ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მომავალში ღვთის სამეფოზე ვესაუბროთ“. ტომმა და კეროლმა ბევრის ნდობა დაიმსახურეს. ზოგი სიამოვნებით იღებს მათგან ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას, ზოგი კი სერიოზულად დაინტერესდა ჭეშმარიტებით.

როცა თავაზიანად მოქცევა რთულია

11, 12. რატომ არ გვიკვირს, თუ სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს უხეშად გვექცევიან და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

11 ზოგჯერ, როცა ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას, უხეშად გვექცევიან. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან იესომ წინასწარ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოან. 15:20). მაგრამ თუ უხეშობაზე უხეშობით ვუპასუხებთ, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? მოციქული პეტრე წერდა: „წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში, როგორც უფალი, და ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტ. 3:15). თუ თავაზიანად ვიქცევით ანუ შეურაცხმყოფელს რბილად და პატივისცემით ვპასუხობთ, შეიძლება ის ჩვენ მიმართ დადებითად განვაწყოთ (ტიტ. 2:7, 8).

12 შეგვიძლია წინასწარ მოვემზადოთ კიდეც იმისთვის, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ უხეშ კომენტარებზე. პავლე გვირჩევს: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:6). თუ ჩვევად გავიხდით იმას, რომ ოჯახის წევრებთან, თანაკურსელებთან, თანამშრომლებთან, თანაქრისტიანებთან და მეზობლებთან თავაზიანები ვიყოთ, დაცინვასა და შეურაცხყოფას ისე შევხვდებით, როგორც ქრისტიანს შეჰფერის (წაიკითხეთ რომაელების 12:17—21 ).

13. მოიყვანეთ იმის მაგალითი, როგორ შეუძლია თავაზიანობას გული მოულბოს მოწინააღმდეგეებს.

13 რთულ სიტუაციებში თავაზიანად მოქცევას კარგი შედეგები მოაქვს. მაგალითად, იაპონიაში ერთ მოწმეს კარდაკარ ქადაგებისას მობინადრემ და მისმა სტუმარმა დაცინვა დაუწყეს. ძმას უხეშად არ უპასუხია, თავაზიანად დაემშვიდობა და სხვებთან გააგრძელა ქადაგება. ცოტა ხანში მან შენიშნა, რომ სტუმარი შორიდან აკვირდებოდა. ძმა მასთან მივიდა. კაცმა მოუბოდიშა და უთხრა: „ვწუხვარ, რომ ასე ცუდად გამოგვივიდა. ჩვენ დაგცინეთ, თქვენ კი მაინც ღიმილით დაგვშორდით. მეც მინდა, თქვენნაირი ვიყო“. ეს კაცი უმუშევრად იყო დარჩენილი, თან დედაც ახალი მკვდარი ჰყავდა. ამის გამო ცხოვრების ხალისი ჰქონდა დაკარგული. ძმამ მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. ის დათანხმდა. მალე მან კვირაში ორჯერ მოითხოვა შესწავლა.

კარგი მანერების გამომუშავების საუკეთესო საშუალება

14, 15. როგორ ზრდიდნენ იეჰოვას მსახურები შვილებს ბიბლიურ დროში?

14 ბიბლიურ დროში შვილები თავაზიანობას ღვთისმოშიში მშობლებისგან სწავლობდნენ. ყურადღება მიაქციეთ, რა თავაზიანად მიმართავენ ერთმანეთს აბრაამი და მისი ვაჟი ისაკი, რაც კარგად ჩანს დაბადების 22:7-დან. იოსების შემთხვევაშიც გამოჩნდა, რომ ის მშობლებს კარგად ჰყავდათ აღზრდილი. როცა ციხეში ჩასვეს, იოსები პატიმრებსაც კი თავაზიანად ეპყრობოდა (დაბ. 40:8, 14). ფარაონისთვის ნათქვამი მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ მან კარგად იცოდა, როგორ უნდა მიემართა მათთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა ეკავა (დაბ. 41:16, 33, 34).

15 ისრაელის ძეებისთვის მიცემული ათი მცნებიდან ერთ-ერთი ასეთი იყო: „პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს“ (გამ. 20:12). შვილების მხრიდან მშობლების პატივისცემის ერთ-ერთი საშუალება ის იყო, რომ ოჯახში ზრდილობიანად მოქცეულიყვნენ. იფთახის ასულმა დიდი პატივისცემა გამოავლინა მამისადმი, როცა მის მიერ დადებული აღთქმა უსიტყვოდ შეასრულა, თუმცა ამის გაკეთება მისთვის ადვილი არ ყოფილა (მსაჯ. 11:35—40).

1618. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს კარგი მანერები ასწავლონ შვილებს? ბ) რა დადებითი მხარეები აქვს შვილებისთვის კარგი მანერების სწავლებას?

16 შვილებისთვის კარგი მანერების სწავლება აუცილებელია. ბავშვებმა უნდა ისწავლონ, როგორ მიესალმონ სტუმრებს, როგორ უპასუხონ ტელეფონის ზარებს და როგორ მოიქცნენ სუფრასთან. ამის ცოდნა მათ ყოველთვის გამოადგებათ. მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ, რატომ უნდა დაუთმონ ადგილი უფროსებს, რატომ უნდა მოექცნენ ხანდაზმულებსა და ავადმყოფებს გულისხმიერებით, რატომ უნდა შესთავაზონ დახმარება მათ, ვისაც მძიმე ჩანთები მიაქვს. შვილებს უნდა ესმოდეთ, გულწრფელი ბოდიშის, მადლობისა და სხვა თავაზიანი სიტყვების ფასი.

17 შვილებისთვის კარგი მანერების სწავლება რთული არ არის. მშობლებს შეუძლიათ შვილებს ეს პირადი მაგალითით დაანახვონ. 25 წლის კურტი ამბობს, როგორ ისწავლეს მან და მისმა სამმა ძმამ ზრდილობიანი ქცევა: „ჩვენ ვხედავდით, რომ მშობლები ერთმანეთს თავაზიანად ელაპარაკებოდნენ; ისინი სხვების მიმართ მომთმენები და ყურადღებიანები იყვნენ. სამეფო დარბაზში შეხვედრის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ მამას ყოველთვის გვერდით ვყავდი, როცა და-ძმებს ესაუბრებოდა. ვხედავდი, როგორ ესალმებოდა მათ და პატივისცემით ეპყრობოდა. დროთა განმავლობაში მისი მანერები მეც გადმომედო და თავაზიანობა უკვე ჩვევად მექცა. ასე რომ, ამას ფორმალურად კი არ ვაკეთებ, არამედ მინდა, რომ ასე მოვიქცე“.

18 რაში დაეხმარება ბავშვებს მშობლებისგან ნასწავლი კარგი მანერები? ისინი ადვილად იპოვიან მეგობრებს და მშვიდობიან ურთიერთობას შეინარჩუნებენ სხვებთან. ადვილად გამონახავენ საერთო ენას სამსახურში თანამშრომლებთან და უფროსთან. და რაც მთავარია, ზრდილი, თავაზიანი და სიმართლის მოყვარული შვილები მშობლებს გაუხარებენ გულს (წაიკითხეთ იგავების 23:24, 25 ).

კარგი მანერები სხვებისგან გამოგვარჩევს

19, 20. რატომ უნდა ვეცადოთ, რომ მივბაძოთ ჩვენს ღირსეულ ღმერთს და მის ძეს?

19 „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“, — წერდა პავლე (ეფეს. 5:1). იეჰოვა ღმერთს და იესოს იმ შემთხვევაში მივბაძავთ, თუ გავითვალისწინებთ ამ სტატიაში განხილულ ბიბლიის პრინციპებს. ამგვარად, არ ვითვალთმაქცებთ და მხოლოდ მათ არ მოვექცევით თავაზიანად, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია. ამას არც გამორჩენის მიზნით გავაკეთებთ (იუდ. 16).

20 თავისი მმართველობის ბოლო დღეებში სატანა ცდილობს, ხალხს დაავიწყოს იეჰოვას მიერ დადგენილი ღირსეული ქცევის ნორმები. მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ის კარგ მანერებს ვერ დაავიწყებს. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივყვეთ ღვთისა და მისი ძის ღირსეულ მაგალითს. ამგვარად, ჩვენი მეტყველებითა და ქცევით არასდროს დავემსგავსებით მათ, ვისთვისაც კარგი მანერები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ასე განვადიდებთ ჩვენი ღირსეული ღვთის, იეჰოვას სახელს და გულწრფელ ადამიანებს მისი თაყვანისცემის სურვილს აღვუძრავთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ზოგ კულტურაში უფროსი ასაკის ადამიანისთვის მისი ნებართვის გარეშე სახელით მიმართვა უზრდელობად ითვლება. ქრისტიანებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

გახსოვთ?

• რას ვსწავლობთ იეჰოვასა და მისი ძისგან თავაზიანობასთან დაკავშირებით?

• რატომ არის კარგი, როცა სხვებს თბილად ვესალმებით?

• როგორ გვეხმარება თავაზიანობა მსახურებაში?

• რა როლი აკისრიათ მშობლებს შვილებისთვის კარგი მანერების სწავლებაში?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 27 გვერდზე]

 საუბარი თბილი ღიმილით დაიწყეთ

ბევრს უჭირს უცნობებთან გამოლაპარაკება. ღვთისა და მოყვასის სიყვარული იეჰოვას მოწმეებს აღგვძრავს, რომ სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარების მიზნით, გადავლახოთ ეს ბარიერი. რა დაგვეხმარება ამაში?

ფილიპელების 2:4-ში საინტერესო პრინციპია ჩაწერილი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“. მოდი ასეთი კუთხით მივუდგეთ ამ სიტყვებს: თუ ადამიანს არასდროს შეხვედრიხარ, მისთვის შენ უცხო ხარ. რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ მან შენთან თავი თავისუფლად იგრძნოს? ამაში თბილი ღიმილი და მისალმება დაგეხმარება. თუმცა სხვა რამეც უნდა გავითვალისწინოთ.

ზოგჯერ, როცა ვინმესთან საუბარს ვიწყებთ, ის შეიძლება ფიქრებშია გართული. თუ ვცდილობთ, ფიქრი შევაწყვეტინოთ და იმაზე ვამსჯელოთ, რაც ჩვენ გვინდა, ის შეიძლება არ აგვყვეს საუბარში. ამიტომ, თუ ხვდები, რაზე შეიძლება ის ფიქრობდეს, საუბარი იმაზე წამოიწყე. სწორედ ასე მოიქცა იესო, როცა სამარიაში ერთ ქალს შეხვდა ჭასთან (იოან. 4:7—26). ქალი წყლის ამოღებაზე ფიქრობდა. იესომ საუბარი ამ თემით დაიწყო და ცოტა ხანში ღრმა სულიერ საკითხებზე გადავიდა.

[სურათები 26 გვერდზე]

თავაზიანობამ შეიძლება ქადაგების შესაძლებლობა მოგვცეს

[სურათი 28 გვერდზე]

კარგი მანერები ყოველთვის გამოსადეგია