ბიბლია დიდ წითელ კუნძულზე
ბიბლია დიდ წითელ კუნძულზე
კუნძული მადაგასკარი აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან 400 კილომეტრში მდებარეობს. იგი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძულია. ამ კუნძულზე მცხოვრებმა მალაგასიელმა ხალხმა დიდი ხანია იცის, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. 170 წელზე მეტია, რაც მათთვის ხელმისაწვდომია ბიბლიის ის თარგმანები, რომლებშიც ღვთის სახელია მოხსენიებული. ბიბლიის მალაგასიურ ენაზე თარგმანი შეუპოვრობისა და თავგანწირვის შედეგია.
მალაგასიურ ენაზე ბიბლიის თარგმნა პირველად მადაგასკარის ახლომდებარე კუნძულ მავრიკიზე დაიწყო. 1813 წლის დასაწყისში მავრიკის ბრიტანელი გამგებელი სერ რობერტ ფარკუჰარი სახარებების მალაგასიურ ენაზე თარგმნას შეუდგა. მოგვიანებით მან მადაგასკარის მეფე რადამა I-ს ურჩია, ლონდონის მისიონერული საზოგადოების მასწავლებლები დიდ წითელ კუნძულზე (ასე მოიხსენიებენ ხშირად მადაგასკარს) მიეწვია.
1818 წლის 18 აგვისტოს უელსელი მისიონერები დეივიდ ჯოუნზი და თომას ბივანი მავრიკიდან საპორტო ქალაქ ტუამასინაში ჩავიდნენ. იქ მათ ღრმად მორწმუნე ადამიანები დახვდათ, რომელთათვისაც წინაპრების თაყვანისცემა და ზეპირსიტყვიერი ტრადიციების დაცვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მალაგასიელების ენა მდიდარი იყო. ეს ენა უმთავრესად მალაიურ-პოლინეზიური ოჯახიდან მომდინარეობს.
ჯოუნზმა და ბივანმა იქ სკოლა დააარსეს და ცოტა ხანში მავრიკიდან ტუამასინაში ცოლ-შვილიც ჩაიყვანეს. სამწუხაროდ, ორივე ოჯახი მალარიით დაავადდა. 1818 წლის დეკემბერში ამ დაავადებამ ჯერ ჯოუნზის ცოლ-შვილს მოუსწრაფა სიცოცხლე, ხოლო ორი თვის შემდეგ — ბივენსა და მის ოჯახს. გადარჩა მხოლოდ დეივიდ ჯოუნზი.
ტრაგედიამ ვერ შეაჩერა ჯოუნზი. მას სურდა, ღვთის სიტყვა ხელმისაწვდომი ყოფილიყო მადაგასკარელებისთვის. მავრიკიზე მკურნალობის შემდეგ, ჯოუნზმა რთული, მალაგასიური ენის შესწავლა დაიწყო. ამის შემდეგ ის მალევე შეუდგა იოანეს სახარების სათარგმნად მოსამზადებელ სამუშაოს.
1820 წლის ოქტომბერში ჯოუნზი მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში ჩავიდა და ცოტა ხანში მისიონერული სკოლა დააარსა. შეგირდებს არახელსაყრელ პირობებში უწევდათ სწავლა, არ ჰქონდათ სახელმძღვანელოები, დაფა და მერხები, სამაგიეროდ ჰქონდათ კარგი სასწავლო გეგმა და ენთუზიაზმი.
შვიდი თვის მანძილზე მარტო მუშაობის შემდეგ ჯოუნზს ახალი თანამოაზრე მისიონერი დეივიდ გრიფიტსი შეუერთდა, რომელმაც თომას ბივანი შეცვალა. ისინი დაუღალავად შრომობდნენ, რომ ბიბლია მალაგასიურ ენაზე თარგმნილიყო.
თარგმნა იწყება
მე-19 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მალაგასიურ ენას ერთადერთი დამწერლობა ჰქონდა, რომელსაც სურაბე ერქვა. მალაგასიური სიტყვები არაბული ასოებით იწერებოდა, რომლის წაკითხვაც ერთეულებს თუ შეეძლოთ. მისიონერებმა მეფე რამადა I-ს სურაბეს ნაცვლად ლათინური ანბანის გამოყენება სთხოვეს, რაზეც მისგან თანხმობა მიიღეს.
თარგმნა 1823 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. ჯოუნზი „დაბადებასა“ და „მათეს“ თარგმნიდა, გრიფიტსი კი — „გამოსვლასა“ და „ლუკას“. ორივე მთარგმნელი თავდაუზოგავად შრომობდა. გარდა იმისა, რომ ბიბლიას თარგმნიდნენ, დღის განმავლობაში სკოლაში ასწავლიდნენ და სამ სხვადასხვა ენაზე საეკლესიო მსახურებას ატარებდნენ, თუმცა თარგმნას მათთვის უმთავრესი ადგილი ეკავა.
ამ ორმა მისიონერმა 12 მოწაფის დახმარებით სულ რაღაც 18 თვეში მთლიანად თარგმნა ბერძნული წერილები და ებრაული წერილების უმეტესი ნაწილი. მომდევნო წელს უკვე მთლიანი ბიბლია იყო ნათარგმნი. რა თქმა უნდა, ტექსტი შესწორებასა და დახვეწას საჭიროებდა. ამ მიზნით ინგლისიდან ორი ლინგვისტი, დეივიდ ჯონსი და ჯოზეფ ფრიმენი გაგზავნეს.
დაბრკოლებების გადალახვა
მალაგასიურ თარგმანზე მუშაობის დასრულების შემდეგ ლონდონის მისიონერულმა საზოგადოებამ ჩარლზ ჰოვენდენი გაგზავნა მადაგასკარზე პირველი საბეჭდი დაზგის დასამონტაჟებლად. ჰოვენდენი იქ 1826 წლის 21 ნოემბერს ჩავიდა. მას იქ მალარია შეეყარა და ჩასვლიდან ერთ თვეში დაიღუპა, ასე რომ დაზგის ამწყობი არავინ იყო. მომდევნო წელს ნიჭიერმა შოტლანდიელმა ხელოსანმა ჯეიმზ კამერონმა დაზგაში ნაპოვნი ინსტრუქციის დახმარებით მისი აწყობა მოახერხა. მან 1827 წლის 4 დეკემბერს რის ვაივაგლახით დაბეჭდა დაბადების პირველი თავის მონაკვეთი. *
1828 წლის 27 ივლისს მეფე რადამა I გარდაიცვალა და ბიბლიის გამოცემას მორიგი დაბრკოლება შეექმნა. ბიბლიის თარგმნას მეფე რადამა მხარს უჭერდა. იმ დროს დეივიდ ჯოუნზმა თქვა: „მეფე რადამა უსაზღვროდ სათნო და კეთილმოსურნე კაცია; განათლების დიდი ქომაგია და ოქრო-ვერცხლის მოხვეჭაზე მეტად თავისი ხალხის კულტურულ განვითარებაზე ზრუნავს“. მეფის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტი მისმა ცოლმა რანავალონა I-მა დაიკავა. მალე გაირკვა, რომ მეუღლისგან განსხვავებით, ის არ უჭერდა მხარს ბიბლიის გამოცემას.
ტახტზე ასვლიდან ცოტა ხანში ინგლისიდან ჩასულმა ერთმა პირმა ბიბლიის თარგმნის საკითხზე სასაუბროდ დედოფალთან შეხვედრა მოინდომა, რაზეც უარი მიიღო. სხვა დროს, როცა მისიონერებმა უთხრეს დედოფალს, რომ ხალხისთვის ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდათ სასწავლი, მაგალითად, ბერძნული და ებრაული, ამაზე დედოფალმა მიუგო: „არაფერში მჭირდება თქვენი ბერძნული და ებრაული, მაგრამ მაინტერესებს თუ შეგიძლიათ უფრო გამოსადეგი რამ ასწავლოთ ჩემს ხალხს, მაგალითად საპნის კეთება“. მისიონერები მიხვდნენ, რომ მალაგასიურ ენაზე მთლიანი ბიბლიის გამოცემამდე შეიძლებოდა ქვეყნიდან გაეძევებინათ, ამიტომ კამერონმა დედოფალს მის ნათქვამზე საფიქრელად ერთი კვირა სთხოვა.
მომდევნო კვირას კამერონმა დედოფლის სამეფო კარის წარმომადგენლებს იქაური ნედლეულისგან დამზადებული საპნის პატარა ნაჭრები წარუდგინა. ამ და სხვა სახის საზოგადოებრივ სამუშაოს ასრულებდნენ ხელმარჯვე მისიონერები, რომლებმაც დედოფლის გული მოიგეს და ებრაული წერილების თითქმის ყველა წიგნი გამოსცეს.
სიხარული და იმედგაცრუება
დედოფლის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1831 წლის მაისში, ყველასდა გასაოცრად, მისივე ბრძანებით გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერს შეეძლო ქრისტიანად მონათვლა. მაგრამ ეს კანონი დიდხანს არ დარჩენილა ძალაში. წიგნში „მადაგასკარის ისტორია“ წერია: „იმ დროს იმდენად ბევრი გაქრისტიანდა, რომ სამეფო კარის კონსერვატორმა წარმომადგენლებმა განგაში ატეხეს და დედოფალი დაარწმუნეს, რომ ქრისტიანობის მიღება ბრიტანეთისადმი ერთგულების ფიცის დადების ტოლფასი იქნებოდა“. ამგვარად, 1831 წლის დასასრულს, ამ ახალი კანონის გამოცემიდან ექვსი თვის თავზე ქრისტიანული ნათლობა აიკრძალა.
სანამ დედოფალი ორჭოფობდა და მთავრობაში ტრადიციონალისტების გავლენა იზრდებოდა,
მისიონერებმა მთლიანი ბიბლიის გამოცემა მოასწრეს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები დამთავრებული იყო და ათასობით ეგზემპლარი გავრცელებული. მაგრამ 1835 წლის 1 მარტს მისიონერებს კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდათ: დედოფალმა რანავალონა I-მა ქვეყანაში ქრისტიანობა უკანონო რელიგიად გამოაცხადა და ბრძანება გასცა, ყველა ქრისტიანული წიგნი ხელისუფლებისთვის გადაეცათ.დედოფლის ბრძანება იმასაც ნიშნავდა, რომ მალაგასიელი შეგირდები ვეღარ დაბეჭდავდნენ ბიბლიას. ამრიგად, რამდენიმე მისიონერიღა იყო დარჩენილი, რომლებიც დღე-ღამეს ასწორებდა, ბიბლია თავიდან ბოლომდე რომ გამოეცათ. როგორც იქნა, 1835 წლის ივნისში მალაგასიურმა ბიბლიამ მზის შუქი იხილა.
მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაში იყო, ბიბლია სწრაფად გავრცელდა. განადგურებისგან რომ გადაერჩინათ, წმინდა წერილების 70 ეგზემპლარი მიწაში ჩაფლეს. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ერთი წლის მანძილზე ორის გარდა ყველა მისიონერს მოუწია კუნძულის დატოვება. მაგრამ ღვთის სიტყვა მაინც ვრცელდებოდა დიდ წითელ კუნძულზე.
მალაგასიელებს უყვართ ბიბლია
ვერ წარმოიდგენთ, რა სიხარული განიცადა მალაგასიელმა ხალხმა, როცა მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვა წაიკითხეს! ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანში უზუსტობებია და დღეისთვის ენაც მოძველებული, თუმცა იშვიათად ნახავთ ოჯახს, ბიბლია რომ არ ჰქონდეთ; ბევრი მალაგასიელი მას რეგულარულად კითხულობს. აღსანიშნავია, რომ ამ თარგმანის ებრაულ წერილებში ღვთის სახელი იეჰოვა ხშირად გამოიყენება. თავდაპირველ გამოცემებში ღვთის სახელი ბერძნულ წერილებში მოიხსენიებოდა. ასე რომ, მალაგასიელებისთვის ღვთის სახელი კარგად არის ცნობილი.
როცა პირველად ბერძნული წერილების პირველი ეგზემპლარები დაიბეჭდა, მესტამბემ, ბეიკერმა, მალაგასიელების სიხარული ამგვარად გამოხატა: „არ ვწინასწარმეტყველებ, მაგრამ ასე მგონია, რომ ღვთის სიტყვა ამ ქვეყანაში ყოველთვის იარსებებს“. მისი სიტყვები გამართლდა. ვერც მალარიამ, ვერც რთულმა ენამ, ვერც ხელისშემშლელმა კანონებმა ვერ დააბრკოლა ღვთის სიტყვის გავრცელება მადაგასკარზე.
ამჟამად ქვეყანაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. 2008 წელს გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია მალაგასიურ ენაზე. ეს თარგმანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან თანამედროვე, ადვილად გასაგებ ენაზეა შესრულებული. ასე რომ, ღვთის სიტყვა დღეს, ისე როგორც არასდროს, საყოველთაოდ არის ცნობილი დიდ წითელ კუნძულზე (ეს. 40:8).
[სქოლიო]
^ აბზ. 14 1826 წლის აპრილ-მაისში მავრიკიში მალაგასიურ ენაზე პირველად ათი მცნება და უფლის ლოცვა გამოიცა. თუმცა, მისი ეგზემპლარები მხოლოდ მეფე რადამას ოჯახსა და სამეფო კარის წარმომადგენლებს ერგოთ წილად.
[სურათი 31 გვერდზე]
მალაგასიურ ენაზე შესრულებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ განადიდებს ღვთის სახელს, იეჰოვას