არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ დაკარგავთ სიხარულს მძიმე წუთებში

ნუ დაკარგავთ სიხარულს მძიმე წუთებში

ნუ დაკარგავთ სიხარულს მძიმე წუთებში

„ყველა, ვინც თავს გაფარებს [იეჰოვა], გაიხარებს და მარადიულად სიხარულით იყიჟინებს“ (ფსალმ. 5:11).

1, 2. ა) რა აგდებს ადამიანებს უმძიმეს მდგომარეობაში? ბ) კიდევ რისი ატანა უწევთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?

იეჰოვას მოწმეები არ არიან დაზღვეულნი იმ უბედურებებისგან, რომლებიც კაცობრიობას თავს ატყდება. ღვთის ბევრი მსახური დანაშაულის, ომისა თუ სხვა უსამართლობის მსხვერპლი გამხდარა. სტიქიური უბედურებები, სიღარიბე, ავადმყოფობა და სიკვდილი უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ადამიანებს. მოციქულმა პავლემ მართებულად აღნიშნა: „ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომ. 8:22). ჩვენ საკუთარი არასრულყოფილების მსხვერპლიც ვართ. ისრაელის მეფე დავითის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: „თავზე გადამდის ჩემი დანაშაული, უმძიმეს ტვირთად მაწევს“ (ფსალმ. 38:4).

2 გარდა იმ უბედურებებისა, რომლებიც ყველა ადამიანს ატყდება თავს, ჭეშმარიტი ქრისტიანები ქრისტეს წამების ბოძსაც ატარებენ (ლუკ. 14:27). იესოს მსგავსად, მისი მოწაფეები მოძულებულნი და დევნილნი არიან (მათ. 10:22, 23; იოან. 15:20; 16:2). აქედან გამომდინარე, სანამ ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვრებთ, ქრისტეს მიმდევრობა დიდ ნებისყოფასა და ამტანობას მოითხოვს (მათ. 7:13, 14; ლუკ. 13:24).

3. საიდან ვიცით, რომ ღმერთს არ სურს, მისი მსახურების ცხოვრება მწუხარებით იყოს მოცული?

3 ნიშნავს ეს იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების ცხოვრება სიხარულსა და ბედნიერებასაა მოკლებული? ამ ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე სევდითა და მწუხარებით უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება მოცული? სანამ თავის დაპირებებს შეასრულებს, იეჰოვას უდავოდ უნდა, რომ ბედნიერები ვიყოთ. ბიბლია არაერთხელ მოიხსენიებს ღვთის ბედნიერ თაყვანისმცემლებს (წაიკითხეთ ესაიას 65:13, 14 ). „ყველა, ვინც თავს გაფარებს [იეჰოვა], გაიხარებს და მარადიულად სიხარულით იყიჟინებს“, — ნათქვამია ფსალმუნის 5:11-ში. მძიმე წუთებშიც კი შესაძლებელია, რომ ადამიანმა არ დაკარგოს სიხარული, სულის სიმშვიდე და კმაყოფილება. გავიგოთ, როგორ გვეხმარება ბიბლია განსაცდელების დროს სიხარულის შენარჩუნებაში.

იეჰოვა ბედნიერი ღმერთია

4. რას გრძნობს ღმერთი, როცა მის ნებას უგულებელყოფენ?

4 ვიმსჯელოთ იეჰოვას მაგალითზე. ღმერთი ყოვლისშემძლეა და მთელი სამყარო მის ხელშია. ღმერთი არავის და არაფერს საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა უბადლო ძალას ფლობს, მას გული ეტკინა, როცა მისი ერთ-ერთი სულიერი ძე ეურჩა და სატანა გახდა. მოგვიანებით იგივე იგრძნო ღმერთმა, როცა ზოგმა ანგელოზმა სატანის მხარე დაიკავა. წარმოიდგინეთ, აგრეთვე, რა ტკივილს იგრძნობდა ღმერთი, როცა მისმა მიწიერი შემოქმედების შედევრებმა, ადამმა და ევამ ზურგი შეაქციეს. მას შემდეგ მილიარდობით მათი შთამომავალი უარყოფს იეჰოვას უზენაესობას (რომ. 3:23).

5. რა სტკენს გულს იეჰოვას?

5 სატანის ურჩობის შედეგი დღესაც სახეზეა. დაახლოებით 6 000 წელია, რაც იეჰოვა დედამიწაზე კერპთაყვანისმცემლობას, ძალადობას, მკვლელობასა და სექსუალურ აღვირახსნილობას ხედავს (დაბ. 6:5, 6, 11, 12). აგრეთვე შემზარავ სიცრუესა და მკრეხელურ ლაპარაკს ისმენს. ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებიც კი ხანდახან გულს სტკენენ მას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში, გაანაწყენეს იგი უკაცრიელ ადგილზე! კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს, ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (ფსალმ. 78:40, 41). იეჰოვას ძალიან სტკივა გული, როცა მისი ხალხი უარყოფს მას (იერ. 3:1—10). დედამიწაზე ბევრი ცუდი ხდება და იეჰოვა ძალიან განიცდის, როცა ამდენ ბოროტებას ხედავს (წაიკითხეთ ესაიას 63:9, 10).

6. როგორ იქცევა ღმერთი მძიმე ვითარებაში?

6 გულისტკივილის მიუხედავად, იეჰოვა არ ყრის ფარ-ხმალს. მძიმე ვითარებაში მან დაუყოვნებლივ მიიღო ზომები ცოდვის შედეგების მინიმუმადე დასაყვანად. იეჰოვამ აგრეთვე სამომავლო გეგმები დასახა, რომელთა მეშვეობითაც საბოლოოდ შესრულდება მისი განზრახვა. ამის გათვალისწინებით იგი სიხარულით ელოდება იმ დროს, როცა მისი უზენაესობა გამართლდება და ერთგული თაყვანისმცემლები იკურთხებიან (ფსალმ. 104:31). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ჩირქს სცხებენ, ის ბედნიერი ღმერთია (1 ტიმ. 1:11; ფსალმ. 16:11).

7, 8. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას პრობლემების დროს?

7 რასაკვირველია, ჩვენს თავს იეჰოვას ვერ შევადარებთ, როცა საკითხი პრობლემების მოგვარებას ეხება. და მაინც, განსაცდელში მყოფთ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სირთულეების დროს სასოწარკვეთილებას მივეცეთ, მაგრამ ამ მდგომარეობაში დიდხანს არ უნდა დავრჩეთ. ჩვენ იეჰოვას მსგავსად ვართ შექმნილები, გვაქვს აზროვნების უნარი და ღვთიური სიბრძნე, რაც პრობლემის გაანალიზებისა და შეძლებისდაგვარად სწორად მოქმედების საშუალებას გვაძლევს.

8 განსაცდელების დროს მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამგვარ პრობლემებზე მძაფრად რეაგირება უფრო მეტად დაგვთრგუნავს და დაგვაკარგვინებს სიხარულს, რომელიც ღვთისმსახურებას მოაქვს. პრობლემის გადასაჭრელად გონივრული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, კარგი იქნება, თუ აღარ ვიფიქრებთ მასზე და კეთილი საქმეებით დავკავდებით. ამ საკითხს კარგად დაგვანახვებს ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური მაგალითები.

აუცილებელია გონიერება

9. როგორ გამოიჩინა ხანამ გონიერება?

9 გავიხსენოთ ხანა, რომელიც წინასწარმეტყველ სამუელის დედა გახდა. იგი გულდამძიმებული იყო, რადგან შვილი არ უჩნდებოდა. უშვილობის გამო ის დაცინვის ობიექტიც კი გახდა. დროდადრო ხანას გულზე სევდა ისე მოაწვებოდა, რომ ტირილს იწყებდა და არაფერს ჭამდა (1 სამ. 1:2—7). ერთხელ იეჰოვას საწმინდარში მისული „სულგამწარებული ხანა ლოცულობდა იეჰოვას წინაშე და მწარედ ტიროდა“ (1 სამ. 1:10). მას შემდეგ, რაც ხანამ იეჰოვას თავისი გრძნობები გადმოუღვარა, მღვდელმთავარი ელი მივიდა და უთხრა: „წადი მშვიდობით, ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“ (1 სამ. 1:17). ამ დროს ხანამ კარგად გაიაზრა, რომ მეტი არაფრის გაკეთება შეეძლო; ის ვერაფრით შეცვლიდა თავის მდგომარეობას. ხანამ გონიერება გამოიჩინა, „წავიდა . . . ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამ. 1:18).

10. რით გამოჩნდა, რომ პავლე რეალურად უყურებდა თავის პრობლემას?

10 განსაცდელის პირისპირ მყოფმა პავლე მოციქულმაც გონიერება გამოიჩინა. განსაცდელს, რომელიც ტანჯავდა, მან „სხეულში ეკალი“ უწოდა (2 კორ. 12:7). რაც უნდა ყოფილიყო მისი ტანჯვის მიზეზი, პავლემ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და ლოცვაში დახმარება სთხოვა იეჰოვას. მან სამჯერ სთხოვა იეჰოვას, სხეულიდან ეკალი მოეშორებინა. მესამე თხოვნაზე ღმერთმა უთხრა პავლეს, რომ განსაცდელისგან სასწაულებრივად არ იხსნიდა. პავლე შეეგუა თავის მდგომარეობას და მთელი გულით ჩაება მსახურებაში (წაიკითხეთ 2 კორინთელების 12:8—10).

11. როგორ გვეხმარება ლოცვა გაჭირვების ჟამს?

11 ეს მაგალითები იმაზე არ მიგვანიშნებს, რომ ლოცვაში აღარ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას შველა (ფსალმ. 86:7). ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“. როგორ უპასუხებს იეჰოვა ჩვენს ხვეწნა-მუდარას? ბიბლია დასძენს: „და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). იეჰოვამ შეიძლება პრობლემა არ გადაგვიჭრას, მაგრამ მას შეუძლია დაიცვას ჩვენი გონება და ეს იყოს ჩვენს ლოცვაზე პასუხი. ლოცვის წყალობით დავმშვიდდებით და უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რა საფრთხე იმალება მეტისმეტი წუხილის მიღმა.

გიხაროდეთ იეჰოვას ნების შესრულება!

12. რატომ მოქმედებს საზიანოდ დიდი ხნის მანძილზე სასოწარკვეთილებაში ყოფნა?

12 იგავების 24:10-ში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“. კიდევ ერთი იგავი ამბობს: „გულისტკივილი სულს ამწუხრებს“ (იგავ. 15:13). ზოგი ქრისტიანი იმდენად მიეცა სასოწარკვეთილებას, რომ შეწყვიტა ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი, მათი ლოცვები ფორმალური გახდა. გულგატეხილმა ქრისტიანმა შეიძლება თანამორწმუნეებისგანაც დაიჭიროს თავი შორს. დიდი ხნის მანძილზე სასოწარკვეთილებაში ყოფნა, უეჭველად, საზიანოდ მოქმედებს (იგავ. 18:1, 14).

13. რა საქმეები აქარვებს გულგატეხილობის გრძნობას და რა გვგვრის დიდ სიხარულს?

13 მეორე მხრივ, დადებითი განწყობა დაგვეხმარება, მთელი ყურადღება გადავიტანოთ იმ საქმეებზე, რაც სიხარულს მოგვგვრის. დავითი წერდა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო“ (ფსალმ. 40:8). როცა ჩვენს ცხოვრებაში ისე არ არის ყველაფერი, როგორც უნდა იყოს, არ უნდა დავკარგოთ ქრისტიანულ საქმეებში მონაწილეობის ხალისი. სევდიან განწყობას სწორედ რომ სიხარულის მომგვრელ საქმეებში ჩაბმა შველის. იეჰოვას რჩევისამებრ, თუ ბიბლიას რეგულარულად და ყურადღებით ვიკითხავთ, სიხარულს არ დავკარგავთ (ფსალმ. 1:1, 2; იაკ. 1:25). როგორც წმინდა წერილებიდან, ისე ქრისტიანული შეხვედრებიდან, ჩვენ ვისმენთ „სასიამოვნო სიტყვებს“, რომლებიც მხნეობას გვმატებს და გულს გვიხარებს (იგავ. 12:25; 16:24).

14. იეჰოვას რომელი დანაპირებით ვხარობთ დღეს?

14 ღვთის შეწევნით სიხარულის არაერთი მიზეზი გვაქვს. სიხარულის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ღმერთი ხსნას გვპირდება (ფსალმ. 13:5). რაც უნდა ხდებოდეს დღეს ქრისტიანის თავს, ბოლოს ღმერთი დააჯილდოვებს თავის გულწრფელ მაძიებლებს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 8:12). წინასწარმეტყველი აბაკუმი დარწმუნებული იყო ამაში და ხატოვანი ენით გადმოსცა თავისი გრძნობები: „რომც არ აყვავდეს ლეღვი და ვაზმა არ გამოიღოს მტევანი, რომც არ მოისხას ნაყოფი ზეთისხილმა და ტერასებზე არ მოვიდეს მოსავალი, ფარაც რომ მოიკვეთოს ფარეხიდან და საქონელიც აღარ დარჩეს სადგომებში, მაინც გავიხარებ იეჰოვათი და ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით“ (აბაკ. 3:17, 18).

„ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“

15, 16. ჩამოთვალეთ ღვთისგან ბოძებული ზოგი ძღვენი, რომლითაც უნდა გავიხაროთ მომავალი კურთხევების მოლოდინში.

15 ჩვენ შესანიშნავი მომავალი გველის, მანამდე კი იეჰოვას უნდა, იმით გავიხაროთ, რასაც დღეს გვაძლევს. ბიბლიაში წერია: „დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლ. 3:12, 13). სიკეთის კეთებაში სხვების სასარგებლოდ კარგის კეთება იგულისხმება. იესომ თქვა, რომ გაცემას უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას. მეუღლისთვის, შვილებისთვის, მშობლებისა და ნათესავებისთვის სიკეთის კეთებას ღრმა კმაყოფილების გრძნობა ახლავს თან (იგავ. 3:27). თუ თანამორწმუნეების მიმართ სათუთ გრძნობებს ვავლენთ, ვპატიობთ შეცდომებს და ვართ სტუმართმოყვარენი, ყველა იგრძნობს სიხარულს და იეჰოვაც კმაყოფილი დარჩება (გალ. 6:10; კოლ. 3:12—14; 1 პეტ. 4:8, 9). თავგანწირული სულისკვეთებით მსახურებას კი სასიხარულო შედეგები მოაქვს.

16 სოლომონი ზემომოყვანილ მუხლში მოიხსენიებს ბევრ სასიამოვნო რამეს, მაგალითად ჭამა-სმას. ამიტომ, მძიმე წუთებშიც კი შეიძლება იეჰოვას საბოძვრით გავიხაროთ. ამასთანავე, სიხარულსა და ღვთის მიმართ მოწიწების გრძნობას მოგვგვრის ბუნების ისეთი საოცრებებით ტკბობა, როგორიცაა მზის ჩასვლა, პატარა საყვარელი ცხოველების კუნტრუში, თვალწარმტაცი ლანდშაფტები, ყველაფერი, რასაც ფულით ვერ იყიდი. როცა ამაზე ვფიქრობთ, იეჰოვას მიმართ სიყვარული გვიძლიერდება, რადგან ის არის ყოველივე კარგის მბოძებელი.

17. საბოლოოდ როგორ გავთავისუფლდებით საწუხარისგან და მანამდე რა გვანუგეშებს?

17 საბოლოო ჯამში, თუ გვეყვარება ღმერთი, დავემორჩილებით მის კანონებს და ვირწმუნებთ, რომ ქრისტეს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, სამუდამოდ გავთავისუფლდებით არასრულყოფილებით მოტანილი საწუხარისგან და მარადიულად გავიხარებთ (1 იოან. 5:3). დღეს კი შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ იმით, რომ იეჰოვამ კარგად იცის, რაც გვაწუხებს. დავითი წერდა: „გავიხარებ და ვიმხიარულებ შენი სიკეთით, რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება; შენ იცი, რა უჭირს ჩემს სულს“ (ფსალმ. 31:7). იეჰოვას ადამიანების სიყვარული აღძრავს, რომ გვიხსნას უბედურებისგან (ფსალმ. 34:19).

18. რატომ აქვს ღვთის ხალხს სიხარულის მიზეზი?

18 სანამ იეჰოვას დანაპირების შესრულებას ველოდებით, მივბაძოთ მას, ბედნიერ ღმერთს. მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები, რაც სულიერ უმოქმედობას იწვევს. განსაცდელის პირისპირ ყოფნისას მოვუხმოთ ჭკუას და სიბრძნით ვიხელმძღვანელოთ! როცა უბედურება დაგვატყდება თავს, იეჰოვა დაგვეხმარება ჩვენი ემოციების მართვასა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც შეგვიმსუბუქებს სატკივარს. გავიხაროთ იმ ფიზიკური და სულიერი ძღვნით, რომელიც იეჰოვასგან გვაქვს! ახლოს ვიყოთ იეჰოვასთან და გავიხაროთ, რადგან „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15).

რა ისწავლეთ?

• როგორ უნდა მივბაძოთ იეჰოვას მძიმე წუთებში?

• როგორ გვეხმარება გონიერება განსაცდელების დროს?

• როგორ გვაპოვნინებს სიხარულს იეჰოვას ნების შესრულება გასაჭირის დროს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 16 გვერდზე]

იეჰოვას გული სტკივა, ამდენ ბოროტებას რომ ხედავს

[საავტორო უფლება]

© G.M.B. Akash/Panos Pictures

[სურათები 18 გვერდზე]

იეჰოვას წყალობით სიხარულის შესანარჩუნებლად უამრავი მიზეზი გვაქვს