არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიხარულით ვირჯებით ღვთის მსახურებაში

სიხარულით ვირჯებით ღვთის მსახურებაში

სიხარულით ვირჯებით ღვთის მსახურებაში

იეჰოვას უნდა, რომ სიხარული არ დაკარგო (ფსალმ. 100:2). როგორც ღვთის მსახური, ალბათ, ბევრს ირჯები. ვიდრე ღმერთს თავს მიუძღვნიდი, შესაძლოა, იმდენი საქმე არ გქონდა, რამდენიც დღეს გაქვს. ახლა სამუშაო და ქრისტიანული ვალდებულებები მხრებზე გაწევს. შეიძლება თავს დამნაშავედ გრძნობ იმის გამო, რომ იმდენს ვერ აკეთებ, რამდენის გაკეთებაც გინდა. როგორ შეგიძლია გამოიჩინო ზომიერება და შეინარჩუნო „იეჰოვას სიხარული“? (ნეემ. 8:10).

ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ და ყოველმხრივ სტრესს განვიცდით, ამიტომ გეგმაზომიერები უნდა ვიყოთ. ამ მხრივ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებული რჩევის გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანია: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“ (ეფეს. 5:15, 16).

ამ ბრძნული რჩევის გათვალისწინებით როგორ შეგიძლია რეალური მიზნები დაისახო და პირადი შესწავლის, ოჯახზე ზრუნვის, მსახურების, სამუშაოსა თუ სხვა საქმიანობის დროს გეგმაზომიერი იყო?

გაიხსენე, როგორ გიხაროდა, როცა ღმერთს თავი მიუძღვენი და მოინათლე. სიხარულს იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ცოდნა გგვრიდა. შესაძლოა ღვთის სიტყვას თვეების მანძილზე საგულდაგულოდ იკვლევდი, რათა ცოდნა და სიხარული გეპოვა. და ეს ღირდა ძალისხმევად, რადგან ღვთის სიტყვის შესწავლამ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

სიხარული რომ არ დაკარგო, სულიერი საკვების მიღება არ უნდა შეწყვიტო. თუ გიჭირს ბიბლიის კითხვისა და შესწავლისთვის დროის გამონახვა, შენს გეგმას გადახედე. რამდენიმე წუთიც რომ დაუთმო ბიბლიის შესწავლასა და წაკითხულზე ფიქრს, იეჰოვას უფრო დაუახლოვდები, რაც უდავოდ სიხარულს შეგმატებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეები რომ აკეთონ, ღვთის მსახურებმა ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისგან უნდა გამოისყიდონ დრო. ჰკითხე საკუთარ თავს: რამდენ დროს ვუთმობ ჟურნალ-გაზეთების კითხვას, ტელევიზორის ყურებას, მუსიკის მოსმენასა თუ ჰობის? ამ ყველაფრის კეთება კარგია, თუ ზომიერებას გამოიჩენ (1 ტიმ. 4:8). თუ ხვდები, რომ დროს ცუდად ანაწილებ, ძალ-ღონეს ნუ დაიშურებ გეგმაში ცვლილებების შესატანად.

ადამი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს და უხუცესად მსახურობს, გვიზიარებს, რა ეხმარება: „ვცდილობ უბრალოდ ვიცხოვრო; არ მაქვს ისეთი ჰობი, რომელიც ბევრ დროს წამართმევს და არც ისეთი ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ვერ ვიტყვი, რომ ასკეტი ვარ, უბრალოდ, გართობას გადაყოლილი არა ვარ“.

თუ იმ შედეგებზე იფიქრებ, რასაც სწორი არჩევანი მოგიტანს, სიხარული განგიახლდება და დადებით განწყობას შეინარჩუნებ. მაგალითად, ერთი უხუცესი, მარიუში, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, ამბობს: „ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ ოპტიმისტი გავხდი. დროდადრო სირთულეების პირისპირ ვდგები, ბევრი მათგანის შესახებ მხოლოდ იეჰოვამ იცის; მისი დახმარებით მომავალს სიხარულით ველი“.

როგორც მარიუშის შემთხვევიდან ჩანს, დადებითი განწყობა ყველანაირ წუხილს არ აქარწყლებს, თუმცა გვეხმარება, მშვიდად ვიყოთ და ცხოვრებისეულ სირთულეებს უფრო ადვილად გავართვათ თავი. ბიბლიაში წერია: „დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავ. 15:15). იმაზეც იფიქრე, თუ როგორ გამოავლინა ღმერთმა შენ მიმართ სიყვარული. ეს უფრო შეგაყვარებს მას და სიხარულს შეგმატებს (მათ. 22:37).

იეჰოვას პირველ ადგილზე დაყენება შენი ოჯახის წევრებსაც მოჰგვრის სიხარულს. თუ ქრისტიანული თვისებები გექნება, ოჯახში ნაკლებ უსიამოვნებებს შეხვდები; უფრო დაუახლოვდებით ერთმანეთს და დროსაც უფრო სასიამოვნოდ გაატარებთ ერთად. ამგვარად, თქვენს სახლში მშვიდობა და ერთიანობა დაისადგურებს (ფსალმ. 133:1).

სულიერ ღონისძიებებში ერთობლივი მონაწილეობა ოჯახს სიხარულის კიდევ ერთ მიზეზს აძლევს. მარიუში ამბობს: „ძალიან ვაფასებ იმ დროს, რომელსაც ოჯახთან ერთად ვატარებ. მეუღლე ყოველთვის მხარში მიდგას. როცა ვმსახურობ, კონგრესამდე სტადიონს ვალაგებ ან, როცა სხვა კრებაში საჯარო მოხსენებას ვკითხულობ, ის თითქმის ყოველთვის ჩემ გვერდით არის. მისი თანადგომა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

წმინდა წერილები ქრისტიანებს ოჯახზე მატერიალურად ზრუნვის პასუხისმგებლობას აკისრებს (1 ტიმ. 5:8). მაგრამ, თუ სამუშაო ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას გართმევს, შეიძლება ღვთის მსახურებაში სიხარული დაკარგო. დაელაპარაკე ამის შესახებ ლოცვაში იეჰოვას (ფსალმ. 55:22). ზოგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დასაყენებლად საჭირო იყო სხვა სამუშაოს პოვნა. არც ერთმა ქრისტიანმა არ უნდა დაუშვას, რომ ფინანსურად მომგებიანმა სამსახურმა, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, სულიერი საკითხების მიმართ მისი ყურადღება მოადუნოს (იგავ. 22:3).

კარგი იქნება, თუ ჩამოწერ ამჟამინდელი თუ მომავალი სამუშაოს დადებით და უარყოფით მხარეებს. სასურველია, რომ სამუშაო მაღალანაზღაურებადიც იყოს და სასიამოვნოც. მაგრამ გაძლევს შენი სამუშაო ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვის საშუალებას? კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და მიიღე ისეთი გადაწყვეტილება, რითაც გამოჩნდება, რომ იეჰოვას პირველ ადგილზე აყენებ.

თუ ახლანდელი სამუშაო შენს სულიერ წინსვლას აფერხებს, რაღაც უნდა იღონო. ბევრმა ქრისტიანმა სულიერი საქმეებისთვის დრო რომ გამოენახა, ძირეული ცვლილებები მოახდინა. ერთი პოლონელი ძმა ჰყვება: „სხვა არჩევანი არ მქონდა გარდა იმისა, რომ უნდა დამეტოვებინა კომპანია, სადაც ვმუშაობდი. ხშირად ვიყავი მივლინებაში; დრო არ მქონდა, რომ სულიერი საქმეებისთვის და ოჯახისთვის სათანადოდ მიმეხედა“. ახლა მას ისეთი სამუშაო აქვს, რაც ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

დაეხმარე სხვებს და პოვე სიხარული

იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). ქრისტიანებისთვის გაცემის უამრავი საშუალება არსებობს. თბილი ღიმილი, ხელის ჩამორთმევა, თეოკრატიულ დავალებაში გაწეული დახმარებისთვის გულწრფელი მადლობის გადახდა გამცემსაც ახარებს და მიმღებსაც.

მოციქულმა პავლემ მოუწოდა თანაქრისტიანებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ (1 თეს. 5:14). დამწუხრებული სულები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ არ ხელეწიფებათ პრობლემის მოგვარება. შეგიძლია დახმარების ხელი გაუწოდო ასეთებს? თუ ხედავ, რომ ძმას სიხარულს აღარ ჰგვრის იეჰოვას მსახურება, შეეცადე გაამხნეო, და თავადაც გამხნევდები. არის პრობლემები, რომლებიც ადამიანისთვის გადაუჭრელია. მიუხედავად ამისა, შეგიძლია დამწუხრებულს გულწრფელად თანაუგრძნო და უთხრა, რომ ყოველთვის ჰქონდეს იეჰოვას მხარდაჭერის იმედი. თუ ასე მოიქცევა, იმედგაცრუებული არასდროს დარჩება (ფსალმ. 27:10; ეს. 59:1).

იმ თანამორწმუნეებს, რომლებიც სიხარულით ვეღარ მსახურობენ, შეგიძლია იმითაც დაეხმარო, თუ მათთან მსახურებას დაგეგმავ. იესომ 70 მოწაფე ორ-ორად გაგზავნა საქადაგებლად (ლუკ. 10:1). და ეს იმიტომ გააკეთა, რომ ერთმანეთი გაემხნევებინათ. ეს შეგიძლია ნიმუშად გამოიყენო და დაეხმარო მათ, ვისაც სურს, რომ კვლავ სიხარულით ემსახუროს ღმერთს.

დღეს წუხილის უამრავი მიზეზი არსებობს. მიუხედავად ამისა, პავლე მოგვიწოდებს: „ყოველთვის იხარეთ უფალში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“ (ფილ. 4:4). შენ ხომ გიყვარს იეჰოვა და იცი, რა არის ცხოვრების აზრი?! ამიტომ, დაემორჩილე ღმერთს და გულმოდგინედ განაგრძე მისი დავალების შესრულება, რაც სიხარულს მოგიტანს. იეჰოვა აუცილებლად დაგეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში (რომ. 2:6, 7).

ჩვენ რწმენის თვალით ვხედავთ, თუ რაოდენ ახლოს არის იეჰოვას დაპირებული ახალი ქვეყნიერება, რაც უამრავ კურთხევასა და სიხარულს მოიტანს (ფსალმ. 37:34). ასე რომ, ნუ დავკარგავთ სიხარულს და ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ იეჰოვა დღესაც არ გვაკლებს თავის კურთხევას. ჩვენ შეგვიძლია სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას! (ფსალმ. 100:2).

[დიაგრამა 8 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სიხარული რომ შეინარჩუნო, დრო სწორად უნდა გაანაწილო

დასვენება და გართობა

სახლი და ოჯახზე ზრუნვა

სამუშაო

ქრისტიანული შეხვედრები

პირადი შესწავლა

მსახურება

[სურათი 10 გვერდზე]

შეგიძლია დაეხმარო სხვებს სიხარულის დაბრუნებაში?