არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხადი გახადე შენი წარმატება

ცხადი გახადე შენი წარმატება

ცხადი გახადე შენი წარმატება

„ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:15).

1, 2. რა ვიცით ტიმოთეზე და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში, როცა ის დაახლოებით ოცი წლის იყო?

ტიმოთე გალატიაში (რომის პროვინცია), დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, გაიზარდა. იესოს სიკვდილის შემდეგ ათეული წლების განმავლობაში იქ კრებები ყალიბდებოდა. ტიმოთემ, მისმა დედამ და ბებიამ ქრისტიანობა დაახლოებით ამ პერიოდში მიიღეს. ისინი აქტიურად მსახურობდნენ ერთ-ერთ კრებაში (2 ტიმ. 1:5; 3:14, 15). მშობლიურ მხარეში ქრისტიანული მსახურება, უეჭველად, კმაყოფილებას ჰგვრიდა ტიმოთეს, თუმცა წინ უფრო დიდი სიხარული ელოდა.

2 ყველაფერი პავლე მოციქულის გალატიაში მეორედ ჩასვლით დაიწყო. იმ დროისთვის ტიმოთე დაახლოებით 20 წლის იყო. პავლემ, როგორც ჩანს, ლისტრაში სტუმრობისას შენიშნა, რომ „ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ“ (საქ. 16:2). ჩანდა, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ტიმოთე სულიერად მოწიფული იყო. წმინდა სულის ხელმძღვანელობით, აგრეთვე პავლესა და ადგილობრივი უხუცესთა საბჭოს ხელის დადებით, ტიმოთე კრებაში მნიშვნელოვანი საქმისთვის გაამწესეს (1 ტიმ. 4:14; 2 ტიმ. 1:6).

3. რა პატივი ერგო წილად ტიმოთეს?

3 ტიმოთემ მოულოდნელი შემოთავაზება მიიღო — ის პავლე მოციქულის თანამგზავრი უნდა გამხდარიყო (საქ. 16:3). წარმოიდგინეთ, როგორ გააკვირვებდა და გაახარებდა ტიმოთეს ეს სიახლე! წლების განმავლობაში მას პავლესთან და სხვა ძმებთან მოუწევდა მოგზაურობა და მოციქულებისა თუ უხუცესების დავალებით ბევრ საქმეს გააკეთებდა. პავლე და ტიმოთე მიმოსვლით მსახურებას შეუდგნენ, რაც ძმების სულიერად განმტკიცებას ემსახურებოდა (წაიკითხეთ საქმეების 16:4, 5 ). ამგვარად, ტიმოთე ცნობილი გახდა, როგორც წარმატებული ქრისტიანი. ტიმოთესთან ერთად დაახლოებით ათი წლის მსახურების შემდეგ მოციქული პავლე ფილიპელ ქრისტიანებს სწერდა: „არავინ მყავს [ტიმოთესნაირი] განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს თქვენზე . . . თქვენ იცით, როგორ წარმოაჩინა მან საკუთარი თავი, როგორც შვილი მამასთან, ისე მსახურობდა მონასავით ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად“ (ფილ. 2:20—22).

4. ა) რა საპასუხისმგებლო დავალება მიენდო ტიმოთეს? ბ) რა კითხვები შეიძლება წამოჭრას პავლეს 1 ტიმოთეს 4:15-ში ჩაწერილმა რჩევამ?

4 დაახლოებით მაშინ, როცა ფილიპელებს წერილი მისწერა, პავლემ ტიმოთეს მეტად საპასუხისმგებლო დავალება ანდო — უხუცესებისა და მომსახურეების დანიშვნა (1 ტიმ. 3:1; 5:22). ტიმოთე სანდო ქრისტიანი ზედამხედველი გახდა. მიუხედავად ამისა, იმავე წერილში პავლემ მოუწოდა ტიმოთეს, რომ ყველასთვის ცხადი გაეხადა თავისი წარმატება (1 ტიმ. 4:15). განა ტიმოთემ ისედაც არ ცხადყო, რომ საკმაოდ წარმატებული ქრისტიანი იყო? რას გულისხმობდა პავლე ამ სიტყვებში და შეუძლია თუ არა ამ რჩევას ჩვენზე კეთილისმყოფელი გავლენის მოხდენა?

ყველასთვის ცხადი გახდეს შენი ქრისტიანული თვისებები

5, 6. რა პრობლემის წინაშე იდგა ეფესოს კრება და რა უნდა გაეკეთებინა ტიმოთეს?

5 მიმოვიხილოთ 1 ტიმოთეს 4:15-ის კონტექსტი (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:11—16 ). სანამ ამ სიტყვებს დაწერდა, პავლე მაკედონიაში იყო და ტიმოთეს ეფესოში დარჩენას სთხოვდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ ქალაქში ზოგიერთები ცრუ სწავლებებს ავრცელებდნენ, რაც კრებაში განხეთქილებას იწვევდა; ტიმოთეს კი კრების სულიერი სიწმინდე უნდა დაეცვა. როგორ უნდა გაეკეთებინა ეს? მას შეეძლო კარგი მაგალითი მიეცა მათთვის.

6 პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ერთგულთათვის მაგალითი იყავი ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში“. შემდეგ დასძინა: „ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:12, 15). ტიმოთეს წარმატებულს ქრისტიანული თვისებები გახდიდა და არა კრებაში რაიმე სტატუსი. ასეთი წარმატებისკენ თითოეული ქრისტიანი უნდა ისწრაფოდეს.

7. რა მოეთხოვება კრების თითოეულ წევრს?

7 დღეს, ისევე როგორც ტიმოთეს დროს, ქრისტიანებს კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობა აკისრიათ. ზოგი უხუცესად, მომსახურედ, პიონერად, მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს; ზოგიც ბეთელელი ან მისიონერია. უხუცესებს თავისი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში, მაგალითად, საოლქო, სარაიონო თუ სპეციალური ერთდღიანი კონგრესების პროგრამაში. მაგრამ ყველა ქრისტიანს, კაცს, ქალსა თუ ბავშვს, შეუძლია ცხადი გახადოს თავისი სულიერი წარმატება (მათ. 5:16). როგორც ტიმოთეს მაგალითიდან დავინახეთ, იმ ქრისტიანებმაც კი, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ცხადი უნდა გახადონ ყველასთვის თავიანთი ქრისტიანული თვისებები.

„მაგალითი იყავი ლაპარაკში“

8. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენმა საუბარმა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე?

8 ტიმოთე მაგალითი უნდა ყოფილიყო ლაპარაკშიც. როგორ შეგვიძლია ამ მხრივ ცხადი გავხადოთ ჩვენი წარმატება? ჩვენი საუბარი ბევრს ამბობს ჩვენზე. იესომ მართლაც რომ კარგად თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). იესოს ნახევარძმამ იაკობმაც აღნიშნა, როგორ შეიძლება ჩვენმა საუბარმა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს: „თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს და თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი თაყვანისცემა“ (იაკ. 1:26).

9. როგორი უნდა იყოს ჩვენი მეტყველება?

9 ჩვენი საუბრით კრების წევრებისთვის ცხადი ხდება, თუ რამდენად გავიზარდეთ სულიერად. აქედან გამომდინარე, მოწიფული ქრისტიანი უღირსად, უარყოფითად, კრიტიკულად და გულსატკენი სიტყვებით კი არ ილაპარაკებს, არამედ ყოველთვის ეცდება, აღაშენოს, ანუგეშოს და გაამხნეოს სხვები (იგავ. 12:18; ეფეს. 4:29; 1 ტიმ. 6:3—5, 20). თუ გვიყვარს ზნეობრივ ფასეულობებზე მსჯელობა და მზად ვართ, ღვთის წმინდა ნორმების დასაცავად ვილაპარაკოთ, ცხადვყოფთ, რომ ღვთის ერთგულები ვართ (რომ. 1:15, 16). გულმართალი ადამიანები უეჭველად დაინახავენ, როგორ ვიყენებთ მეტყველების უნარს და მოგვბაძავენ (ფილ. 4:8, 9).

სამაგალითონი ვიყოთ საქციელსა და სიწმინდეში

10. რატომ არის უთვალთმაქცო რწმენა სულიერი მოწიფულობისთვის მნიშვნელოვანი?

10 ქრისტიანი სამაგალითო რომ იყოს, უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ გამამხნევებელი ლაპარაკი. თუ ადამიანი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, თვალთმაქცობს. პავლე კარგად იცნობდა თვალთმაქც ფარისევლებსა და მათ დამღუპველ გზას. ის არაერთხელ აფრთხილებდა ტიმოთეს, რომ თავი დაეცვა თვალთმაქცობისგან (1 ტიმ. 1:5; 4:1, 2). ტიმოთე თვალთმაქცი არ ყოფილა, რადგან პავლე მას მეორე წერილში სწერდა: „ვიხსენებ შენს უთვალთმაქცო რწმენას“ (2 ტიმ. 1:5). მიუხედავად ამისა, ტიმოთეს თავისი სიწრფელე ყველასთვის უნდა დაენახვებინა. ის სანიმუშო უნდა ყოფილიყო საქციელში.

11. რა მისწერა პავლემ ტიმოთეს სიმდიდრეზე?

11 პავლემ ორივე წერილში მისცა ტიმოთეს რჩევები, თუ როგორ საქციელს უნდა მორიდებოდა. მაგალითად, მას არ უნდა ესწრაფა გამდიდრებისკენ. პავლემ დაწერა: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმ. 6:10). სიმდიდრის სიყვარული სულიერი სისუსტის მაჩვენებელია. ქრისტიანები, რომლებსაც აკმაყოფილებთ უბრალო ცხოვრება — „საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი“ — ცხადყოფენ, რომ სულიერად მოწიფულები არიან (1 ტიმ. 6:6—8; ფილ. 4:11—13).

12. როგორ შეგვიძლია ყოველდღიური ცხოვრებით ცხადი გავხადოთ ჩვენი წარმატება?

12 პავლემ წერილში ისიც მოიხსენია, რომ ქრისტიანი ქალების მშვენება „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში“ ყოფილიყო (1 ტიმ. 2:9). მოკრძალებული ქალები საღი აზრით ირჩევენ ტანსაცმელს, მაკიაჟსა თუ ვარცხნილობას და ამგვარად შესანიშნავ მაგალითს იძლევიან (1 ტიმ. 3:11). იგივე პრინციპი ქრისტიან მამაკაცებზეც ვრცელდება. პავლემ ზედამხედველებს მოუწოდა, რომ „ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი“ ყოფილიყვნენ (1 ტიმ. 3:2). თუ ასეთ თვისებებს ყოველდღიურად ვავლენთ, ჩვენი წარმატება ყველასთვის ცხადი გახდება.

13. ტიმოთეს მსგავსად როგორ შეგვიძლია ვიყოთ სამაგალითონი სიწმინდეში?

13 ტიმოთე სიწმინდეშიც სამაგალითო უნდა ყოფილიყო. პავლემ სიტყვა სიწმინდე ზნეობრივი ქცევის ერთ-ერთ მხარეს, სექსუალურ ურთიერთობას დაუკავშირა. ტიმოთე განსაკუთრებით მანდილოსნებთან ურთიერთობისას უნდა ყოფილიყო წუნდაუდებელი. ის უნდა მოპყრობოდა „უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას, და ახალგაზრდა ქალს — როგორც დას, მთელი სიწმინდით“ (1 ტიმ. 4:12; 5:2). უზნეო საქციელი, რომელსაც სხვები შეიძლება ვერ ხედავენ, ღვთისთვის არაა დაფარული და საბოლოოდ სხვებიც გაიგებენ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ქრისტიანის კარგი საქმეებიც არ დარჩება დაფარული (1 ტიმ. 5:24, 25). კრებაში თითოეულს შეუძლია ცხადი გახადოს თავისი წარმატება სიწმინდითა და ქცევით.

სიყვარული და რწმენა უმთავრესია

14. როგორ უსვამს ბიბლია ხაზს სიყვარულის აუცილებლობას?

14 ჭეშმარიტი ქრისტიანობის დედაარსი სიყვარულია. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). როგორ შეგვიძლია ასეთი სიყვარულის გამოვლენა? ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“. ბიბლია იმასაც გვირჩევს, რომ სტუმართმოყვარენი ვიყოთ (ეფეს. 4:2, 32; ებრ. 13:1, 2). პავლე მოციქულმა აგრეთვე დაწერა: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“ (რომ. 12:10).

15. რატომ უნდა ავლენდეს სიყვარულს ყველა, განსაკუთრებით კი ზედამხედველები?

15 ტიმოთე უხეშად და უპატივცემულოდ რომ მოქცეოდა თანაქრისტიანებს, მის, როგორც მასწავლებლისა და ზედამხედველის კარგ საქმეებს, ფასი დაეკარგებოდა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:1—3). მეორე მხრივ, თუ ტიმოთეს ნამდვილად ეყვარებოდა ძმები და მათ მიმართ სტუმართმოყვარეობასა და სიკეთეს გამოავლენდა, ეს მისი სულიერი წინსვლის ნიშანი იქნებოდა. გასაკვირი არ არის, რატომ მოიხსენია ტიმოთესთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა სიყვარული ისეთ თვისებად, რომელიც ტიმოთეს სამაგალითო ქრისტიანად აქცევდა.

16. რატომ უნდა ჰქონოდა ტიმოთეს ძლიერი რწმენა?

16 ეფესოში ყოფნისას ტიმოთეს რწმენა გამოიცადა. ზოგიერთები ისეთ მოძღვრებებს ასწავლიდნენ, რასაც საერთო არაფერი ჰქონდა ქრისტიანობასთან. ზოგიც „არაფრის მომტან ზღაპრებს“ ავრცელებდა და „გამოსაკვლევ კითხვებს“ წამოჭრიდა, რაც კრების სულიერ კეთილდღეობას აფერხებდა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:3, 4). პავლემ ასეთ ადამიანებზე თქვა, რომ გაყოყოჩებულები არიან, არაფერი ესმით, სიტყვებს ეკიდებიან და კამათის სენით არიან შეპყრობილნი (1 ტიმ. 6:3, 4). ნუთუ ალალბედზე იმოქმედებდა ტიმოთე და ანგარიშს გაუწევდა კრებაში შემოპარულ დამღუპველ აზრებს? არა, რადგან პავლემ ტიმოთეს მოუწოდა: „იბრძოლე რწმენის ღირსეულ ბრძოლაში . . . და ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში“ (1 ტიმ. 6:12, 20, 21). ეჭვგარეშეა, ტიმოთემ გაითვალისწინა პავლეს ბრძნული რჩევა (1 კორ. 10:12).

17. როგორ შეიძლება დღეს გამოიცადოს ჩვენი რწმენა?

17 საინტერესოა, კიდევ რა უთხრა პავლემ ტიმოთეს: „გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“ (1 ტიმ. 4:1). კრების ყველა წევრმა, მათ შორის, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ტიმოთესავით ძლიერი და ურყევი რწმენა უნდა გამოავლინოს. თუ განდგომილების წინააღმდეგ მტკიცე და უკომპრომისო პოზიციას დავიკავებთ, ცხადს გავხდით ჩვენს წარმატებას და სხვებსაც რწმენის კარგ მაგალითს მივცემთ.

ეცადე, ცხადი გახადო შენი წარმატება

18, 19. ა) როგორ შეგიძლია ყველასთვის ცხადი გახადო შენი წარმატება? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 ცხადია, ჭეშმარიტი ქრისტიანის წარმატებას არ განაპირობებს გარეგნობა, ნიჭი, მდგომარეობა და არც ქრისტიანულ კრებაში გატარებული წლები. ნამდვილი წარმატება ცხადი მაშინ ხდება, როცა ჩვენი ფიქრებით, სიტყვებითა თუ საქმეებით იეჰოვას ვემორჩილებით (რომ. 16:19). ჩვენ ერთმანეთის მიმართ სიყვარული უნდა გამოვავლინოთ და რწმენა განვიმტკიცოთ. ვიფიქროთ პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიწერილ სიტყვებზე, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს ჩვენი წარმატება!

19 კიდევ ერთი თვისება, რაც ჩვენს წარმატებასა და მოწიფულობაზე მეტყველებს, სიხარულია — ღვთის წმინდა სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილი (გალ. 5:22, 23). მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, თუ როგორ შეგვიძლია განვივითაროთ და შევინარჩუნოთ სიხარული სირთულეების დროს.

როგორ უპასუხებთ?

• რაზე მეტყველებს ჩვენი საუბარი?

• როგორ ხდება ცხადი ჩვენი წარმატება საქციელსა და სიწმინდეში?

• რატომ უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ნამდვილი სიყვარული და ურყევი რწმენა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 11 გვერდზე]

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ტიმოთე სულიერად მოწიფული იყო

[სურათები 13 გვერდზე]

ცხადია სხვებისთვის შენი წარმატება?