არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა!

იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა!

იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა!

„უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე“ (დან. 4:17).

1, 2. რა მიზეზების გამო განიცადა ადამიანთა მმართველობამ კრახი?

ადამიანთა მმართველობამ კრახი განიცადა და ეს სრული ჭეშმარიტებაა. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანებს არა აქვთ წარმატებული მმართველობისთვის საჭირო სიბრძნე. ადამიანთა მმართველობის დაკნინება განსაკუთრებით თვალსაჩინოა დღეს, როცა მრავალი მმართველი ‘საკუთარი თავის და ფულის მოყვარულია, თავდაჯერებული, ამპარტავანი, ორგული, ცილისმწამებელი, თავშეუკავებელი, სასტიკი, კარგის მოძულე, გამცემი და გაყოყოჩებულია, მათთან შეუძლებელია მორიგება’ (2 ტიმ. 3:2—4).

2 დიდი ხნის წინათ ჩვენმა პირველმა მშობლებმა უარყვეს ღვთის მმართველობა. მათ ეგონათ, რომ ამით დამოუკიდებლობას მიაღწიეს, სინამდვილეში კი სატანის მმართველობის ქვეშევრდომები გახდნენ. ადამიანთა ექვსიათასწლიანმა წარუმატებელმა მმართველობამ, რომელიც „ამ ქვეყნიერების მმართველის“, სატანის ძლიერი გავლენის ქვეშაა, ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო (იოან. 12:31). ერთ-ერთი წიგნი ასეთ კომენტარს აკეთებს: „სრულყოფილი მსოფლიოს ძიებას აზრი არა აქვს. მას ვერავინ იპოვის, რადგან ასეთი მსოფლიოს შექმნას ადამიანი უბედურებამდე, ტოტალიტარულ რეჟიმამდე და, რაც ყველაზე უარესია, ომამდე მიჰყავს“ (The Oxford History of the Twentieth Century). ეს გულწრფელი აღიარება მართლაც რომ ადამიანთა მმართველობის კრახზე მეტყველებს!

3. როგორი იქნებოდა ღვთის მმართველობა, ადამსა და ევას რომ არ შეეცოდათ?

3 რა სამწუხაროა, რომ ჩვენმა პირველმა მშობლებმა უარყვეს ის ერთადერთი მმართველობა, ღვთის მმართველობა, რომელიც ყოველმხრივ წუნდაუდებელია! ცხადია, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მართვის როგორი სისტემა ექნებოდა იეჰოვას, ადამი და ევა მისი ერთგულები რომ დარჩენილიყვნენ. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვართ, რომ კაცობრიობის მიერ აღიარებული ღვთის მმართველობა სიყვარულითა და მიუკერძოებლობით იქნებოდა გამორჩეული (საქ. 10:34; 1 იოან. 4:8). ღმერთი უბადლო სიბრძნეს ფლობს, ამიტომ იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ ადამიანები, თუ ღვთის მმართველობას არ შეაქცევდნენ ზურგს, ყველა ის შეცდომა, რომელიც ადამიანთა მმართველობის მომხრეებმა დაუშვეს, არიდებული იქნებოდა. ღვთის მმართველობა, ანუ თეოკრატია, დააკმაყოფილებდა „ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმ. 145:16). მოკლედ რომ ვთქვათ, ის იქნებოდა სრულყოფილი მმართველობა (კან. 32:4). რა სამწუხაროა, რომ ადამიანებმა უარყვეს იგი!

4. რისი უფლება აქვს მიცემული სატანას, როგორც მმართველს?

4 და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ მმართველობის უფლება მისცა ადამიანებს, მას უარი არ უთქვამს თავის უფლებაზე, ყოფილიყო თავისი ქმნილებების მმართველი. ბაბილონის ძლევამოსილი მეფეც კი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ „უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე“ (დან. 4:17). საბოლოოდ ღვთის სამეფოს მეშვეობით შესრულდება იეჰოვას ნება (მათ. 6:10). იეჰოვამ უფლება მისცა სატანას, რომ დროებით „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ ყოფილიყო, რათა ახლო მომავალში მის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხი საფუძვლიანად გადაჭრილიყო (2 კორ. 4:4; 1 იოან. 5:19). მაგრამ სატანას იმაზე მეტის გაკეთების უფლება არასდროს ჰქონია, ვიდრე მისთვის იეჰოვას ჰქონდა მიცემული (2 მატ. 20:6; შეადარეთ იობის 1:11, 12; 2:3—6). ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ღმერთს ემორჩილებოდნენ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ ქვეყნიერებაში, რომელსაც ღვთის ყველაზე ვერაგი მტერი მართავდა.

ისრაელი — ღვთის მმართველობის ქვეშევრდომი

5. რა აღუთქვეს ისრაელებმა ღმერთს?

5 აბელის დროიდან ისრაელის ერად ჩამოყალიბების დრომდე არსებობდნენ იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლები, რომლებიც მის მცნებებს იცავდნენ (ებრ. 11:4—22). მოსეს დღეებში იეჰოვამ შეთანხმება დადო იაკობის შთამომავლებთან და ისინი იქცნენ ერად, რომელსაც ისრაელი ეწოდა. ძვ. წ. 1513 წელს ისრაელებმა აღთქმა დადეს, რომ ისინი და მათი შთამომავლები იეჰოვას თავიანთ მმართველად აღიარებდნენ: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“ (გამ. 19:8).

6, 7. როგორ მართავდა ღმერთი ისრაელს?

6 იეჰოვამ განსაკუთრებული მიზნით აირჩია ისრაელი თავის ხალხად (წაიკითხეთ კანონის 7:7, 8). ეს მხოლოდ ისრაელის საკეთილდღეოდ კი არ გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ განეწმინდა თავისი სახელი და დაემტკიცებინა თავისი უზენაესობა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო. ისრაელ ერს უნდა დაემოწმებინა, რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იყო (ეს. 43:10; 44:6—8). იეჰოვამ უთხრა ისრაელს: „წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის“ (კან. 14:2).

7 ღვთის მმართველობა ითვალისწინებდა ისრაელთა არასრულყოფილებას. ამავე დროს, ღვთის კანონები სრულყოფილი იყო და კანონმდებლის თვისებებს ირეკლავდა. მოსეს მეშვეობით ისრაელისთვის მიცემული მცნებებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ღმერთი წმინდაა, სამართლიანობის მოყვარულია, მზად არის პატიებისთვის და მომთმენია. იესო ნავეს ძის დროს ისრაელი იეჰოვას მცნებებს იცავდა და მშვიდობა და სულიერი კეთილდღეობა არ აკლდა (იეს. 24:21, 22, 31). ისრაელი ერის ისტორიის ამ მონაკვეთმა დაგვანახვა, რომ იეჰოვას მმართველობა წუნდაუდებელია.

ხალხს ძვირად დაუჯდა თავისი არჩევანი

8, 9. რა მოითხოვა ისრაელმა, და რატომ იყო ეს მოთხოვნა არაგონივრული?

8 ისრაელმა არაერთხელ უარყო ღვთის მმართველობა, რის გამოც დაკარგა მისი მფარველობა. ბოლოს წინასწარმეტყველ სამუელის პირით ისრაელმა მოითხოვა ხილული, მიწიერი მეფე. იეჰოვამ სამუელს უთხრა, რომ გაითვალისწინებდა მათ თხოვნას, მაგრამ ისიც დასძინა: „შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“ (1 სამ. 8:7). მართალია, იეჰოვამ მიწიერი მეფის ყოლის ნება დართო ისრაელს, მაგრამ გააფრთხილა, რომ ძვირად დაუჯდებოდათ თავიანთი არჩევანი (წაიკითხეთ 1 სამუელის 8:9—18).

9 ისტორიამ დაამტკიცა იეჰოვას სიტყვების ჭეშმარიტება. ადამიანთა მმართველობა ისრაელს სერიოზულ სირთულეებს უქმნიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერს ორგული მეფე მართავდა. თუ ამ ფაქტს მივიღებთ მხედველობაში, გასაკვირი არ არის, რომ საუკუნეების მანძილზე იმ ადამიანების მმართველობამ, რომლებიც არ ცნობდნენ იეჰოვას, კარგი ვერაფერი მოუტანა ხალხს. მართალია, ზოგი პოლიტიკოსი ღმერთს სთხოვს დახმარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად, მაგრამ როგორ აკურთხებს ღმერთი მათ, როცა ისინი უარყოფენ მის მმართველობას?! (ფსალმ. 2:10—12).

ახალი ერი — ღვთის მმართველობის ქვეშევრდომი

10. რატომ აირჩია ღმერთმა ისრაელის ნაცვლად ახალი ერი?

10 ისრაელი ერი იეჰოვას ორგული აღმოჩნდა. მათ უარყვეს ღვთის მიერ დანიშნული მესია. იეჰოვამაც უარყო ისრაელი და მათ მაგივრად აირჩია ადამიანთა ახალი ჯგუფი, რომლისგანაც ახალი ერი ჩამოყალიბდა. ახ. წ. 33 წელს იშვა იეჰოვას ცხებული თაყვანისმცემლებისგან შემდგარი ქრისტიანული კრება. ეს კრება, ფაქტობრივად, იყო ახალი ერი, რომელზეც იეჰოვა მმართველობდა. პავლე მოციქული ამ ერს „ღვთის ისრაელად“ მოიხსენიებდა (გალ. 6:16).

11, 12. რა მსგავსებაა ძველ ისრაელსა და „ღვთის ისრაელს“ შორის?

11 ისრაელ ერსა და „ღვთის ისრაელს“ შორის განსხვავებაც არის და მსგავსებაც. ძველი ისრაელისგან განსხვავებით, ქრისტიანულ კრებას არ ჰყავს მიწიერი მეფე და ცოდვების გამოსასყიდად არ საჭიროებს ცხოველურ შესაწირავს. მსგავსება კი ის არის, რომ როგორც ისრაელში ჰყავდათ უხუცესები, ისე ჰყავთ ქრისტიანულ კრებაშიც (გამ. 19:3—8). ქრისტიანი უხუცესები არ ბატონობენ სამწყსოზე. ისინი მწყემსავენ კრებას და ერთგულად ზედამხედველობენ ქრისტიანულ საქმიანობას. უხუცესები კრების თითოეულ წევრს ღირსეულად, სიყვარულითა და პატივისცემით ექცევიან (2 კორ. 1:24; 1 პეტ. 5:2, 3).

12 „ღვთის ისრაელი“ და მათი თანამშრომელი „სხვა ცხვარი“, როცა ფიქრობენ, როგორ ეპყრობოდა ღმერთი ძველად ისრაელს, უსაზღვროდ მადლიერნი არიან იეჰოვასი და მისი მმართველობის (იოან. 10:16). მაგალითად, ისტორიიდან ჩანს, რომ ისრაელის მეფეები როგორც კარგ, ისე ცუდ გავლენას ახდენდნენ თავიანთ ქვეშევრდომებზე. ეს საყურადღებო ფაქტია მათთვის, ვინც ზედამხედველობას უწევს ქრისტიანულ კრებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძველი ისრაელის მეფეების მსგავსად არ მმართველობენ, ყოველთვის უნდა იძლეოდნენ რწმენის კარგ მაგალითს (ებრ. 13:7).

იეჰოვას მმართველობა დღეს

13. რით არის აღსანიშნავი 1914 წელი?

13 დღეს ქრისტიანები მთელ მსოფლიოში აცხადებენ, რომ მალე აღარ იარსებებს ადამიანთა მმართველობა. 1914 წელს იეჰოვამ ზეცაში დაამყარა სამეფო, რომლის მეფედაც იესო ქრისტე დანიშნა. სწორედ მაშინ მისცა იეჰოვამ იესოს ძალაუფლება, რათა ‘გამოსულიყო და სრულად დაეპყრო’ (გამოცხ. 6:2). ახალგამეფებულ მეფეს იეჰოვამ უთხრა: „იბატონე შენს მტრებს შორის“ (ფსალმ. 110:2). სამწუხაროდ, ერები ყოველთვის უარს ამბობენ იეჰოვას მმართველობაზე. ისინი ისე ცხოვრობენ, თითქოს „არ არსებობს იეჰოვა“ (ფსალმ. 14:1).

14, 15. ა) როგორ მმართველობს დღეს ღვთის სამეფო თავის ქვეშევრდომებზე, და რა კითხვები უნდა დავუსვათ თავს? ბ) რა ცხადყოფს, რომ დღესაც კი აღმატებულია ღვთის მმართველობა?

14 ამჟამად „ღვთის ისრაელის“, ანუ ცხებულების დარჩენილი ნაწილია დედამიწაზე და როგორც იესოს ძმები, ‘ელჩები არიან ქრისტეს ნაცვლად’ (2 კორ. 5:20). ისინი წარმოადგენენ ერთგულ და გონიერ მონას; მათ ევალებათ სულიერი საზრდოს მიწოდება როგორც ცხებულებისთვის, ისე იმ მილიონობით ქრისტიანისთვის, რომელთაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (მათ. 24:45—47; გამოცხ. 7:9—15). იეჰოვას კურთხევაზე მოწმობს ის, რომ დღეს ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს სულიერი კეთილდღეობა აქვთ.

15 კარგი იქნება, თუ თითოეული ვკითხავთ თავს: ბოლომდე გააზრებული მაქვს, რა ვალდებულებები უნდა შევასრულო ქრისტიანულ კრებაში? ღირსეულად ვუჭერ მხარს იეჰოვას მმართველობას? მეამაყება, რომ იეჰოვას სამეფოს ქვეშევრდომი ვარ? ვესაუბრები შეძლებისდაგვარად სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ? როგორც ღვთის თაყვანისმცემლებისგან შემდგარი ჯგუფი, ჩვენ ხალისით მივყვებით ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს და ვთანამშრომლობთ კრების უხუცესებთან. ამგვარად ცხადვყოფთ, რომ ვაღიარებთ ღვთის მმართველობას (წაიკითხეთ ებრაელების 13:17 ). ასეთი ნებაყოფლობითი მორჩილების შედეგია მსოფლიო საძმოს ერთიანობა, რაც დიდი იშვიათობაა ამ დაქსაქსულ ქვეყნიერებაში. მორჩილება აგრეთვე ხელს უწყობს მშვიდობასა და სამართლიანობას, რაც განადიდებს იეჰოვას და ცხადს ხდის, რომ მისი მმართველობა უბადლოა.

იეჰოვას მმართველობის ბრწყინვალე გამარჯვება

16. რა გადაწყვეტილების წინაშე დგას დღეს თითოეული ადამიანი?

16 ახლოვდება დრო, როცა ედემში წამოჭრილი საკამათო საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. ახლა იმის დროა, რომ ადამიანებმა გააკეთოთ არჩევანი. თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს, იეჰოვას მმართველობას დაუჭერს მხარს თუ ადამიანთა მმართველობას. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, რომ თავმდაბალ ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ. მალე, არმაგედონის შემდეგ იეჰოვას მმართველობა სამუდამოდ შეცვლის სატანის გავლენაში მოქცეულ ადამიანთა მმართველობას (დან. 2:44; გამოცხ. 16:16). ადამიანთა მმართველობას ბოლო მოეღება და მთელ დედამიწაზე ღვთის სამეფო იმმართველებს. საბოლოოდ დამტკიცდება, რომ იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა (წაიკითხეთ გამოცხადების 21:3—5 ).

17. რა დაეხმარება თავმდაბალ ადამიანებს სწორი არჩევნის გაკეთებაში?

17 მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკავებია იეჰოვას მხარე, ლოცვით უნდა აწონ-დაწონონ, რა სასიკეთო შედეგებს მოუტანს იეჰოვას მმართველობა ადამიანებს. დღევანდელმა მმართველებმა ვერ გადაჭრეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დამნაშავეობა და ტერორიზმი, ღვთის სამეფო კი სამუდამოდ წაშლის ბოროტების კვალს დედამიწაზე (ფსალმ. 37:1, 2, 9). ადამიანთა მმართველობის შედეგად გამუდმებით ხდება ომები, მაგრამ ღვთის მმართველობის წყალობით შეწყდება „ომები დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმ. 46:9). უფრო მეტიც, ღვთის სამეფო ადამიანებსა და ცხოველებს შორისაც კი აღადგენს მშვიდობას (ეს. 11:6—9). ადამიანების მმართველობას მუდამ თან სდევს სიღარიბე და შიმშილი, მაგრამ ღვთის სამეფო სამუდამოდ გადაჭრის ამ პრობლემებს (ეს. 65:21). კეთილი მოტივებით აღძრულ პოლიტიკოსებსაც კი არ ძალუძთ ავადმყოფობისა და სიკვდილის მოსპობა, მაგრამ ღვთის მმართველობის დროს მოხუცი და ავადმყოფი დაიბრუნებს თავის ახალგაზრდულ ენერგიას და გაიხარებს სიცოცხლით (იობ. 33:25; ეს. 35:5, 6). დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, სადაც მკვდრეთით აღდგენილებიც იცხოვრებენ (ლუკ. 23:43; საქ. 24:15).

18. რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ღვთის მმართველობა საუკეთესოა?

18 დიახ, ღვთის სამეფო აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც სატანამ მიაყენა დედამიწას, როცა ჩვენი პირველი მშობლები შემოქმედის წინააღმდეგ აამხედრა. სატანას დაახლოებით 6 000 წელია ადამიანებისთვის უბედურების მეტი არაფერი მოაქვს, მაგრამ ღმერთი ქრისტეს მეშვეობით ათასი წლის განმავლობაში ამ უბედურების ყოველგვარ კვალს წაშლის. ღვთის მმართველობა მართლაც რომ აღმატებულია! როდესაც ღვთის შესახებ ვამოწმებთ, მას ჩვენს მეფედ ვაღიარებთ. მოდი, ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე, ყოველი საათი ღირსეულად განვლოთ და დავამტკიცოთ, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები და მისი სამეფოს ქვეშევრდომები ვართ! დაე, გვეამაყებოდეს, რომ ღვთის მოწმეები ვართ! ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ყველა მომსმენ ყურს გავაგებინოთ, რომ იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა!

რას ვიგებთ ღვთის მმართველობის შესახებ ქვემოთ მოცემული მუხლებიდან:

კანონი 7:7, 8

1 სამუელი 8:9—18

ებრაელები 13:17

გამოცხადება 21:3—5

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 29 გვერდზე]

იეჰოვას არასდროს შეუწყვეტია მმართველობა

[სურათი 31 გვერდზე]

მსოფლიო საძმოს ერთიანობა ნებაყოფლობითი მორჩილების შედეგია