არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას რომ ვეკუთვნით, დიდი წყალობაა!

იეჰოვას რომ ვეკუთვნით, დიდი წყალობაა!

იეჰოვას რომ ვეკუთვნით, დიდი წყალობაა!

„იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:8).

1, 2. ა) რა პატივი გვერგო წილად? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი?

რა დიდი პატივი უნდა ყოფილიყო ისრაელისთვის იეჰოვას სიტყვების მოსმენა: „ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის“ (გამ. 19:5). დღესაც ქრისტიანული კრების წევრებისთვის დიდი პატივია, იეჰოვას რომ ეკუთვნიან (1 პეტ. 2:9; გამოცხ. 7:9, 14, 15). მის საკუთრებად ყოფნა მარადიულ კეთილდღეობას მოგვიტანს.

2 გარდა იმისა, რომ იეჰოვას საკუთრებად ყოფნა დიდი პატივია, ეს ვალდებულებასაც გვაკისრებს. შეიძლება ზოგს კითხვები გაუჩნდეს: შევძლებ იეჰოვას მოლოდინის გამართლებას? ზურგს მაქცევს ღმერთი, თუ ოდესმე შევცოდავ? თავისუფლებას ხომ არ დავკარგავ, იეჰოვას საკუთრება თუ გავხდები? ამ კითხვებზე პასუხის გაგება ნამდვილად ღირს. მაგრამ თავდაპირველად განვიხილოთ, რა კურთხევები გვექნება, თუ იეჰოვას საკუთრება ვიქნებით.

ვინც იეჰოვას ეკუთვნის, ბედნიერია

3. რა კურთხევები ხვდა წილად რახაბს მას შემდეგ, რაც იეჰოვას მსახური გახდა?

3 აქვთ კურთხევები მათ, ვინც იეჰოვას ეკუთვნიან? განვიხილოთ ძველ იერიხონში მცხოვრები მეძავის, რახაბის ისტორია. ის ქანაანის მიწაზე გაიზარდა, სადაც ქანაანელთა ღმერთების უწმინდური თაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული. მაგრამ, როცა გაიგო იმ გამარჯვებების შესახებ, რომლებიც იეჰოვამ ისრაელს მოაპოვებინა, დარწმუნდა, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთი იყო. რახაბმა ღვთის რჩეული ხალხის დასაცავად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ამგვარად თავისი მომავალი ისრაელს ანდო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „განა მეძავი რახაბიც საქმეებით არ იქნა მართლად აღიარებული, როცა სტუმართმოყვარულად მიიღო მაცნეები და მერე სხვა გზით გაისტუმრა?“ (იაკ. 2:25). მან ბევრი კურთხევა მიიღო, როცა შეუერთდა ღვთის წმინდა ხალხის რიგებს, რომლებიც ღვთის კანონით იყვნენ განსწავლულნი და სიყვარულისა და სიმართლის გზით დადიოდნენ! რახაბს ძველი ცხოვრების წესის მიტოვებაც ბედნიერებას მოუტანდა. ის ცოლად გაჰყვა ისრაელ კაცს და გააჩინა ვაჟი, ბოაზი, რომელიც ღვთის ღირსეულ თაყვანისმცემლად აღზარდა (იეს. 6:25; რუთ. 2:4—12; მათ. 1:5, 6).

4. რა კურთხევა მოუტანა რუთს თავისმა არჩევანმა?

4 მოაბელმა რუთმაც იეჰოვას მსახურება აირჩია. როგორც ჩანს, ყმაწვილქალობაში ის ქემოშისა და მოაბელთა სხვა ღვთაებების თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი გაიცნო და შემდეგ იქორწინა ისრაელ მამაკაცზე, რომელიც მოაბის მიწაზე ხიზნობდა (წაიკითხეთ რუთის 1:1—6 ). მოგვიანებით, რუთი და მისი რძალი ორფა თავიანთ დედამთილთან ნაომისთან ერთად ბეთლემის გზას დაადგნენ. ნაომი არწმუნებდა ახალგაზრდა ქალებს, სახლში დაბრუნებულიყვნენ, რადგან ისრაელში ცხოვრება მათთვის ადვილი არ იქნებოდა. ორფა „დაუბრუნდა . . . თავის ხალხსა და ღმერთებს“, რუთი კი დედამთილთან დარჩა. მან რწმენით იმოქმედა, რადგან სურდა, იეჰოვას საკუთრება ყოფილიყო. რუთმა ნაომის უთხრა: „ნუ მეხვეწები, მიგატოვო და წავიდე შენგან. სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. სადაც შენ გაათევ ღამეს, მეც იქ გავათევ. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“ (რუთ. 1:15, 16). სწორედ ასეთმა არჩევანმა შესაძლებლობა მისცა რუთს, ესარგებლა ღვთის კანონით, რომელიც ითვალისწინებდა ქვრივების, ღარიბებისა და უადგილმამულოების დახმარებას. იეჰოვას ფრთებქვეშ ის ბედნიერი და დაცული იყო.

5. რის თქმა შეიძლება იმ ქრისტიანებზე, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას?

5 შეიძლება იცნობ ისეთ ქრისტიანებს, რომლებიც მიძღვნის შემდეგ ათწლეულებია იეჰოვას ემსახურებიან. ჰკითხე, რა კურთხევები მოუტანა მათ იეჰოვას მსახურებამ. მართალია, პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ ფსალმუნმომღერლის სიტყვები ღვთის უდიდეს მხარდაჭერაზე მეტყველებს: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15).

იეჰოვა ჩვენს შესაძლებლობებზე მეტს არ ითხოვს

6. რატომ არ უნდა შეგვაშფოთოს იმ აზრმა, რომ ვერ შევძლებთ იეჰოვას მოლოდინის გამართლებას?

6 შეიძლება გაიფიქრო: შევძლებ კი იეჰოვას მოლოდინის გამართლებას? გასაკვირი არ არის, თუ შეგაშფოთებს ის აზრი, რომ ვაითუ ვერ შეძლო ღვთის კანონის თანახმად ცხოვრება და მისი სახელით ლაპარაკი. მაგალითად, მოსე ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა ისრაელისა და ეგვიპტის ფარაონის წინაშე ლაპარაკს. მაგრამ ღმერთი მოსესგან იმაზე მეტს არ მოელოდა, ვიდრე მას შეეძლო. იეჰოვამ მას ასწავლა, რა უნდა გაეკეთებინა (წაიკითხეთ გამოსვლის 3:11; 4:1, 10, 13—15 ). მოსემ მიიღო ღვთისგან დახმარება და ღვთის ნების შესრულება მას სიხარულს ჰგვრიდა. იეჰოვა ჩვენგანაც იმაზე მეტს არ მოელის, ვიდრე შეგვიძლია. ის იცნობს ჩვენს არასრულყოფილ ბუნებას და სურს ჩვენი დახმარება (ფსალმ. 103:14). ღვთის მსახურება, რაც ქრისტეს მიმდევრობას ნიშნავს, სასიამოვნოა და არა დამთრგუნველი, რადგან ცხოვრების ასეთ გზაზე სიარული სხვებისთვისაც კურთხევების მომტანია და იეჰოვასაც გულს უხარებს. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან . . . და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მათ. 11:28, 29).

7. რატომ შეგიძლია იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა თავისი ნების შესრულებაში დაგეხმარება?

7 იეჰოვა ყოველთვის ამოგვიდგება მხარში, სანამ მის ძალაზე ვიქნებით დაიმედებული. მაგალითად, იერემიას სიტყვაში სითამამე აკლდა. როცა იეჰოვამ იგი თავის წინასწარმეტყველად აირჩია, იერემიამ უთხრა: „ო, უზენაესო უფალო, იეჰოვა! არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“. მოგვიანებით ისიც კი თქვა, რომ იეჰოვას სახელით აღარ ილაპარაკებდა (იერ. 1:6; 20:9). მაგრამ იეჰოვას მხარდაჭერით იერემიამ შეძლო 40 წლის მანძილზე ხალხისთვის არასასურველი ცნობის ქადაგება. იეჰოვა გამუდმებით არწმუნებდა მას: „შენთანა ვარ შენ გადასარჩენად და სახსნელად“ (იერ. 1:8, 19; 15:20).

8. როგორ ვავლენთ იეჰოვასადმი ნდობას?

8 სწორედ ისე, როგორც მოსე და იერემია გააძლიერა იეჰოვამ, ჩვენც დაგვეხმარება შევასრულოთ ის, რაც ქრისტიანს მოეთხოვება. მთავარია, ღმერთს მივენდოთ. ბიბლია ამბობს: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავ. 3:5, 6). ღვთისადმი ნდობას მაშინ ვავლენთ, როცა ცხოვრებაში ვიყენებთ ყველაფერს, რასაც ღმერთი თავისი სიტყვისა და კრების მეშვეობით გვაძლევს. თუ იეჰოვას მივცემთ ჩვენი ნაბიჯების წარმართვის საშუალებას, მისადმი ერთგულებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის.

იეჰოვა ზრუნავს თითოეულ მსახურზე

9, 10. როგორ დაცვას ჰპირდება იეჰოვა თავის ხალხს 91-ე ფსალმუნის თანახმად?

9 ზოგი ყოყმანობს, მიუძღვნას თუ არა იეჰოვას თავი, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება შესცოდონ, იეჰოვას მსახურებისთვის შეუფერებელნი და მისგან უარყოფილნი გახდნენ. საბედნიეროდ, იეჰოვა ყველაფერს გვაძლევს საიმისოდ, რომ მოვუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას. ეს ძალიან კარგად ჩანს 91-ე ფსალმუნიდან.

10 ეს ფსალმუნი ასე იწყება: «უზენაესის საფარში დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს. ვეტყვი იეჰოვას: „ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ მოგენდობი“. ის დაგიხსნის მონადირის კაკანათისგან» (ფსალმ. 91:1—3). აღსანიშნავია, რომ ღმერთი დაპირებისამებრ მათ დაიცავს, ვისაც უყვარს იგი და ენდობა (წაიკითხეთ ფსალმუნის 91:9, 14 ). როგორ დაიცავს ღმერთი თავის მსახურებს? ძველად იეჰოვამ ფიზიკური განადგურებისგან დაიცვა ზოგი თავისი მსახური; ზოგ შემთხვევაში ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ დაპირებულ მესიამდე მიმყვანი გენეალოგიური ხაზი დაცული ყოფილიყო. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ღვთის ბევრი მსახური, რომლებსაც აიძულებდნენ, იეჰოვასთვის ექციათ ზურგი, დააპატიმრეს, აწამეს და სადისტურად მოკლეს (ებრ. 11:34—39). მათ ეყოთ იმის ძალა, რომ აეტანათ ამდენი უბედურება და ბოლომდე ყოფილიყვნენ ღვთის ერთგულები, რადგან მათ იეჰოვა იცავდა სულიერად. ამრიგად, 91-ე ფსალმუნიდან ჩანს, რომ იეჰოვა სულიერ დაცვას ჰპირდება თავის ხალხს.

11. რას ნიშნავს სიტყვები „უზენაესის საფარში დამკვიდრებული“, და ვის იფარებს ღმერთი თავის საფარში?

11 ფსალმუნმომღერლის მიერ წარმოთქმული სიტყვები „უზენაესის საფარში დამკვიდრებული“ სულიერ თავშესაფარს გულისხმობს. ვინც იეჰოვას ‘ესტუმრება და მასთან დაივანებს’, დაცული იქნება ყველასგან და ყველაფრისგან, რაც საფრთხეს უქმნის იეჰოვასადმი მათ რწმენასა და სიყვარულს (ფსალმ. 15:1, 2; 121:5). ჩვეულებრივ, თავშესაფარი დაფარული ადგილია; ამიტომაც ურწმუნოებისთვის ის დაფარულია. იეჰოვა მხოლოდ მათ იცავს, ვინც ამბობს: „ჩემი ღმერთი ხარ, შენ მოგენდობი“. თუ ვრჩებით ამ თავშესაფარში, მეტისმეტად არ უნდა გვშთანთქას იმაზე ფიქრმა, რომ სატანის მახეში, ანუ „მონადირის კაკანათში“ გავებმებით და დავკარგავთ ღვთის კეთილგანწყობას.

12. რა უქმნის საფრთხეს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას?

12 რა საფრთხე ემუქრება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას? ფსალმუნმომღერალი რამდენიმე საფრთხეს მოიხსენიებს, მათ შორის „წყვდიადში მოარულ ჭირს . . . [და] განადგურებას, შუადღისას რომ ძარცვავს“ (ფსალმ. 91:5, 6). „მონადირემ“ ბევრი გააბა დამოუკიდებლობის მოპოვების ეგოისტური სურვილის „კაკანათში“ (2 კორ. 11:3). ზოგი სიხარბის, სიამაყისა და მატერიალიზმის მახეში გააბა, ზოგს კი თავგზა აუბნია სხვადასხვა ფილოსოფიითა და იდეოლოგიით, რომელთა შორისაცაა პატრიოტიზმი, ევოლუცია და ცრუ რელიგია (კოლ. 2:8). ბევრისთვის მიმზიდველი გახადა უკანონო სქესობრივი ურთიერთობები. ამგვარმა სულიერად მომაკვდინებელმა ჭირმა მილიონებს დააკარგვინა ღვთის სიყვარული (წაიკითხეთ ფსალმუნის 91:7—10; მათ. 24:12).

მოუფრთხილდი ღვთის სიყვარულს

13. როგორ გვიცავს იეჰოვა სულიერი საფრთხისგან?

13 როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს სულიერი საფრთხისგან? ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ის თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ ყველა შენს გზაზე დაგიცვან“ (ფსალმ. 91:11). ზეციერი ანგელოზები გვხელმძღვანელობენ და გვიცავენ, რათა შევძლოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება (გამოცხ. 14:6). ქრისტიანი უხუცესებიც გვიცავენ; არასწორი შეხედულებების გავლენაში რომ არ მოვექცეთ, სწავლებისას ისინი წმინდა წერილებს ეყრდნობიან. უხუცესები პირადად ეხმარებიან მათ, ვინც ცდილობს გაექცეს ქვეყნიურ აზროვნებას (ტიტ. 1:9; 1 პეტ. 5:2). გარდა ამისა, „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის სულიერ საზრდოს, რათა არ გავებათ ევოლუციის თეორიის გავლენის, სიმდიდრისა და დიდებისკენ სწრაფვის, მაცდური უზნეო სურვილებისა თუ სხვა მავნე სურვილების მახეში (მათ. 24:45). პირადად შენ რა დაგეხმარა სულიერი საფრთხის თავიდან არიდებაში?

14. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღვთის საფარში დავრჩეთ?

14 რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღვთის საფარში დავრჩეთ? როგორც ფიზიკური საფრთხისგან ვიცავთ გამუდმებით თავს, მაგალითად, უბედური შემთხვევებისგან, კრიმინალებისგან, ინფექციური დაავადებებისგან, ისე მუდმივად უნდა ვიცავდეთ თავს ნებისმიერი სულიერი საფრთხისგან. რეგულარულად უნდა მივიღოთ იეჰოვასგან ხელმძღვანელობა, რომელსაც ის პუბლიკაციების, კრების შეხვედრებისა და კონგრესების მეშვეობით გვაძლევს. კრების უხუცესებსაც უნდა მივმართოთ რჩევისთვის. გარდა ამისა, ბევრს ვსწავლობთ იმ ქრისტიანი და-ძმებისგან, რომლებიც კარგ თვისებებს ავლენენ. უდავოა, რომ თანამორწმუნეებთან ურთიერთობა დაგვაბრძენებს (იგავ. 13:20; წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:10 ).

15. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვას შეუძლია ჩვენი დაცვა ნებისმიერი რამისგან, რაც მის კეთილგანწყობას დაგვაკარგვინებდა?

15 არასოდეს შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იეჰოვა დაგვიცავს ნებისმიერი რამისგან, რაც მის კეთილგანწყობას დაგვაკარგვინებდა (რომ. 8:38, 39). იეჰოვას არაერთხელ დაუცვია კრება ძლიერი რელიგიური თუ პოლიტიკური მტრებისგან, რომელთა მიზანი, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი განადგურება კი არა, წმინდა ღვთისგან ჩამოშორებაა. იეჰოვას პირობა არასდროს გამტყუნებულა: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ეს. 54:17).

ვინ გვაძლევს თავისუფლებას?

16. რატომ ვერ მოგვცემს ქვეყნიერება ნამდვილ თავისუფლებას?

16 თავისუფლებას ხომ არ დავკარგავთ, იეჰოვას საკუთრება თუ ვიქნებით? პირიქით, თავისუფლებას მაშინ დავკარგავთ, თუ ქვეყნიერების საკუთრება გავხდებით. ქვეყნიერება იეჰოვასგან გაუცხოებულია და მას მართავს სასტიკი ღმერთი, რომელიც ხალხს იმონებს (იოან. 14:30). მაგალითად, სატანის ქვეყნიერება ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს, რათა ხალხს თავისუფლება დააკარგვინოს (შეადარეთ გამოცხადების 13:16, 17). ცოდვაც მაცდუნებელი ძალაა, რომელიც ადამიანებს იმონებს (იოან. 8:34; ებრ. 3:13). ურწმუნოები პროპაგანდას უწევენ თავისუფალი ცხოვრების ისეთ წესს, რომელიც ეწინააღმდეგება იეჰოვას სწავლებებს, და ბევრი, ვინც მათ უსმენს, მალევე ხვდება, რომ ცოდვისა და ზნედაცემული ცხოვრების მონა გამხდარა (რომ. 1:24—32).

17. რისგან გვათავისუფლებს იეჰოვა?

17 თუ იეჰოვას თავს ვანდობთ, გაგვათავისუფლებს ყველაფრისგან, რაც ზიანს მოგვაყენებდა. ნაწილობრივ, ჩვენი მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ იმ ავადმყოფის მდგომარეობას, რომელიც თავის სიცოცხლეს ანდობს გამოცდილ ქირურგს; ამ უკანასკნელს კი მისი გადარჩენა შეუძლია. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო ყველა ჩვენგანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იეჰოვას მივანდობთ თავს, ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე სამუდამოდ გავთავისუფლდებით ცოდვის მონობისგან და მარადიულად ვიცხოვრებთ (იოან. 3:36). თუ გავიგებთ, რომ ქირურგს კარგი რეპუტაცია აქვს, მის მიმართ მეტი ნდობით განვიმსჭვალებით. მსგავსად ამისა, თუ იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას არ შევწყვეტთ, მისადმი ნდობა გაგვიძლიერდება (1 იოან. 4:18).

18. რა კურთხევებს მიიღებენ ისინი, ვინც იეჰოვას ეკუთვნიან?

18 იეჰოვა არჩევნის თავისუფლებას ყველას აძლევს. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც, თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (კან. 30:19, 20). ღმერთს სურს, რომ საკუთარი ნებით ვემსახუროთ მას და ამით გამოვხატოთ მისადმი სიყვარული. თუ იეჰოვას საკუთრება ვიქნებით, რომელიც გვიყვარს, თავისუფლებას კი არ დავკარგავთ, არამედ ბედნიერები ვიქნებით.

19. რატომ არის იეჰოვას წყალობის მაჩვენებელი, რომ მას ვეკუთვნით?

19 ჩვენ ცოდვილები ვართ და არ ვიმსახურებთ სრულყოფილი ღვთის საკუთრებად ყოფნას. ეს მხოლოდ ღვთის წყალობით არის შესაძლებელი (2 ტიმ. 1:9). მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ ვცოცხლობთ, იეჰოვასთვის ვცოცხლობთ და თუ ვკვდებით, იეჰოვასთვის ვკვდებით. ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:8). ჩვენ არასოდეს ვინანებთ, რომ იეჰოვას საკუთრებად ვარჩიეთ ყოფნა!

როგორ უპასუხებთ?

• რა კურთხევებს იღებენ ისინი, ვინც იეჰოვას ეკუთვნიან?

• რატომ შეგვიძლია ღვთის მოლოდინის გამართლება?

• როგორ იცავს იეჰოვა თავის მსახურებს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 8 გვერდზე]

ჰკითხე თანამორწმუნეებს, რა კურთხევები მოაქვს მათთვის იმას, რომ იეჰოვას ეკუთვნიან

[სურათები 10 გვერდზე]

როგორ გვიცავს იეჰოვა?