„ბავშვის სულიერი განვითარების უფლება“
„ბავშვის სულიერი განვითარების უფლება“
შვედეთში 2008 წლის 9 დეკემბერს ბავშვთა უფლებების დაცვის აკადემიამ გამართა უჩვეულო სემინარი, რომლის თემა იყო: „ბავშვის სულიერი განვითარების უფლება“. ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს შვედეთის ეკლესიის, სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობის, ისლამისა და ჰუმანისტური მოძრაობის წარმომადგენლებმა.
ერთ-ერთმა სასულიერო პირმა თქვა: „რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სულიერი განვითარებისთვის ბიბლიური ისტორიების კითხვას“. როგორ შეუძლია ბიბლიას ბავშვის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება?
„ბიბლიური მოთხრობები ბავშვებისთვის კარგი მასალაა სააზროვნოდ — აღნიშნა სასულიერო პირმა. — მაგალითად, ისტორიები, რომლებიც მოგვითხრობს ადამსა და ევაზე, კაენსა და აბელზე, დავითსა და გოლიათზე, იესოს დაბადებაზე, გადასახადების ამკრეფ ზაქეზე, აგრეთვე, იგავები გზასაცდენილ შვილსა და კეთილ სამარიელზე, ბავშვს დაეხმარება, იფიქროს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ღალატი, პატიება, მონანიება, სიძულვილი, უზნეობა, ცოდვის საზღაური, ძმური და თავდადებული სიყვარული“. ის დასძენს: „ეს მაგალითები ბავშვს სწორად ცხოვრებას ასწავლის, მოქმედებისკენ აღძრავს და გამოცდილებას შესძენს“.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის წახალისება ბიბლიის კითხვისკენ, კეთილშობილური მიზანია. მაგრამ შეუძლია მას დამოუკიდებლად „გაიაზროს წაკითხული, იფიქროს მასზე“ და თანაც სწორი დასკვნები გააკეთოს?
ბიბლიის ახსნა არათუ ბავშვებს, დიდებსაც სჭირდებათ. მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს კაცზე, რომელიც კითხულობდა წმინდა წერილებიდან ერთ მონაკვეთს, მაგრამ დამოუკიდებლად გაუჭირდა მისი გაგება. ეს კაცი ეთიოპი საჭურისი იყო. ის ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა არ ესმოდა. მას სურდა, ჩასწვდომოდა წაკითხულის არსს, ამიტომ სიხარულით დათანხმდა იესოს მოწაფე ფილიპეს, რომ მისთვის წაკითხულის მნიშვნელობა აეხსნა (საქ. 8:26—40). ეთიოპი არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ახსნა ესაჭიროებოდა. ბიბლიის ახსნა ყველას გვჭირდება, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
ბიბლია გვაფრთხილებს: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავ. 22:15). ბავშვებს აღზრდა-დარიგება სჭირდებათ. მშობლის მოვალეობაა ბიბლიისა და კრების შეხვედრების მეშვეობით სულიერი განათლება მისცენ შვილებს და ზნეობრივი ფასეულობები ჩაუნერგონ. ბავშვებს აქვთ უფლება მიიღონ ასეთი განათლება. მშობლებმა პატარაობიდანვე უნდა ჩაუყარონ საფუძველი შვილების სულიერ განვითარებას, რათა ისინი გახდნენ მოწიფულები, რომლებიც „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრ. 5:14).