არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მამაა შენთვის იეჰოვა?

მამაა შენთვის იეჰოვა?

მამაა შენთვის იეჰოვა?

ერთხელ ერთმა მოწაფემ იესოს უთხრა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“. იესომ უპასუხა: „ასე ილოცეთ: მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (ლუკ. 11:1, 2). იესოს შეეძლო იეჰოვასთვის ისეთი შთამბეჭდავი ტიტულებით მიემართა, როგორიცაა „ყოვლისშემძლე“, „დიდებული მოძღვარი“, „შემოქმედი“, „ძველი დღეთა“ და „მარადისობის მეფე“ (დაბ. 49:25; ეს. 30:20; 40:28; დან. 7:9; 1 ტიმ. 1:17). მაგრამ იესომ ღმერთი მამად მოიხსენია და ალბათ იმიტომ, რომ სამყაროში უაღმატებულესი პიროვნებისთვის ისე მიგვემართა, როგორც ბავშვი მიმართავს საყვარელ მამას.

ზოგისთვის რთულია, ღმერთი მამად წარმოიდგინოს. ერთი ქრისტიანი, სახელად აცუკო * ამბობს: „მონათვლიდან წლების შემდეგაც კი მიჭირდა იეჰოვასთან დაახლოება და მისი მამად წარმოდგენა“. ის ამის მიზეზსაც გვიმხელს: „ვერ ვიხსენებ, რომ ჩემს ბიოლოგიურ მამას ოდესმე ჩემდამი სიყვარული გამოევლინა“.

ამ მძიმე, ბოლო დღეებში მამები შვილების მიმართ ნაკლებად ავლენენ „თბილ გრძნობებს“ (2 ტიმ. 3:1, 3). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ ეუფლება ბევრს ისეთივე გრძნობები, როგორიც აცუკოს ჰქონდა. ყველაფრის მიუხედავად, სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ნამდვილად გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, იეჰოვა მოსიყვარულე მამად მივიჩნიოთ.

იეჰოვა — მოსიყვარულე და მზრუნველი მამა

იეჰოვა მამად რომ მივიჩნიოთ, კარგად უნდა ვიცნობდეთ მას. იესომ თქვა: „ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს გაუმჟღავნოს“ (მათ. 11:27). იეჰოვას გაცნობის საუკეთესო საშუალება ის არის, რომ ვიფიქროთ იმაზე, რაც იესომ ჭეშმარიტი ღვთის შესახებ გაგვიმჟღავნა. მაინც, რა გაგვაგებინა იესომ მამის შესახებ?

იესომ თქვა, რომ სიცოცხლე იეჰოვასგან ჰქონდა ბოძებული: „მისით [მამით] ვცოცხლობ“ (იოან. 6:57). სიცოცხლისთვის ჩვენც ზეციერ მამას უნდა ვუმადლოდეთ (ფსალმ. 36:9; საქ. 17:28). რატომ შექმნა იეჰოვამ ადამიანი? განა იმიტომ არა, რომ ღმერთი სიყვარულია? უდავოა, ამ საჩუქრისთვის ჩვენც უნდა გვიყვარდეს ზეციერი მამა.

ღვთის სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატულება იესოს მსხვერპლად გაღება იყო. ამ გამოსასყიდის წყალობით ცოდვილ ადამიანებს იეჰოვასთან დაახლოების საშუალება გვეძლევა (რომ. 5:12; 1 იოან. 4:9, 10). ჩვენი ზეციერი მამა არასდროს ღალატობს თავის სიტყვას, ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ყველა, ვისაც უყვარს მამა და მას ემორჩილება, საბოლოოდ „მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21).

გარდა ამისა, ზეციერ მამას ყოველდღე ჩვენთვის „მზე . . . ამოჰყავს“ (მათ. 5:45). საეჭვოა, ვინმემ, მზის ამოსვლისთვის ილოცოს. არადა, როგორ გვჭირდება მზის სხივები! ჩვენი ზეციერი მამა საუკეთესოდ ზრუნავს ჩვენზე, უფრო მეტიც, სანამ რამეს ვთხოვთ, მან უკვე იცის, რა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, განა არ უნდა დავუფიქრდეთ, როგორ ზრუნავს ზეციერი მამა თავის ქმნილებებზე და მადლიერნი არ უნდა ვიყოთ მისი?! (მათ. 6:8, 26).

ჩვენი მწყალობელი და მფარველი მამა

ღვთის ხალხს აიმედებდა ესაიას შემდეგი სიტყვები: «„შეიძლება მთები შეიძრას და შეიძლება გორები შეირყეს, მაგრამ ჩემი სიკეთე არ მოგშორდება, არც ჩემი მშვიდობის შეთანხმება შეირყევა“, — ამბობს იეჰოვა, შენი მწყალობელი» (ეს. 54:10). ღმერთი რომ მწყალობელი და მფარველია, კარგად ჩანს იესოს ლოცვიდანაც, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელ ღამეს წარმოთქვა. იესოს თავისი მოწაფეები ჰყავდა მხედველობაში, როცა მამას ეუბნებოდა: „ქვეყნიერებაში, ისინი . . . არიან. მე შენთან მოვდივარ. წმინდა მამა, დაიცავი ისინი შენი სახელის გულისთვის“ (იოან. 17:11, 14). იეჰოვა თვალყურს ადევნებდა და იცავდა იესოს მიმდევრებს.

ერთ-ერთი საშუალება, რითაც ღმერთი დღეს სატანის ხრიკებისგან გვიცავს, „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული დროული სულიერი საზრდოა (მათ. 24:45). ამ გამაჯანსაღებელი საზრდოს მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ „ღვთის სრული საჭურვლით“ შევიმოსოთ. მაგალითად, „რწმენის დიდი ფარით“ შევძლებთ „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების ჩაქრობას“ (ეფეს. 6:11, 16). რწმენა სულიერი დაცემისგან დაგვიცავს, ეს კი იმის ნიშანი იქნება, რომ მამა ჩვენი მფარველია.

ღვთის სათუთი გრძნობების შესახებ უფრო მეტს გავიგებთ, თუ კარგად გამოვიკვლევთ, როგორ ეპყრობოდა იესო დედამიწაზე ადამიანებს. ამ მხრივ აღსანიშნავია მარკოზის 10:13—16. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან“. როცა ბავშვები იესოს შემოეხვივნენ, თბილად მოეხვია და აკურთხა ისინი. წარმოიდგინეთ, როგორ გაუბრწყინდებოდათ ბავშვებს სიხარულისგან სახეები! იესომ თქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“. ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ ჭეშმარიტ ღმერთს სურს, მას დავუახლოვდეთ (იოან. 14:9).

იეჰოვა ღმერთი უსაზღვროდ ავლენს სიყვარულსა და მზრუნველობას; მას ვერც მფარველობაში შეედრება ვინმე. და აი, ასეთ ღმერთს სურს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს (იაკ. 4:8). ასე რომ, წარმოუდგენელია გვყავდეს იეჰოვაზე უკეთესი მამა!

მამისგან კურთხეულნი

ჩვენი მოსიყვარულე და მზრუნველი ზეციერი მამა კურთხევებს არ დაიშურებს ჩვენთვის, თუ მას მივენდობით (იგავ. 3:5, 6). იესო კურთხეული იყო, რადგან მამას ბოლომდე ენდობოდა. „მარტო არა ვარ, — უთხრა ქრისტემ თავის მოწაფეებს. — არამედ ჩემთან არის მამა, რომელმაც გამომგზავნა“ (იოან. 8:16). იესო არასოდეს დაეჭვებულა იეჰოვას მხარდაჭერაში. მაგალითად, როცა ინათლებოდა, მამამ ის თავის სიყვარულში დაარწმუნა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:15—17). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ ხმამაღლა დაიძახა: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ (ლუკ. 23:46). იესო ამჯერადაც ბოლომდე მიენდო იეჰოვას.

იეჰოვა ჩვენც დაგვიცავს. რისი უნდა გვეშინოდეს, როცა გვერდით იეჰოვა გვყავს?! (ფსალმ. 118:6). სტატიის დასაწყისში მოხსენიებული აცუკო პრობლემების დროს მხოლოდ საკუთარ ძალაზე იყო დაიმედებული. მაგრამ ის ღრმად ჩაუკვირდა იესოს ცხოვრებას და დაინახა, რომ ძეს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ზეციერ მამასთან. აცუკო ამბობს: „როგორც იქნა გავიგე, რას ნიშნავს გყავდეს მამა და ენდობოდე მას. ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ და ვგრძნობ სულის სიმშვიდეს. სადარდებელი მართლა არაფერი გვაქვს“.

რა კურთხევებს მივიღებთ მომავალში, თუ იეჰოვას ჩვენს მამად ვაღიარებთ? ჩვეულებრივ, ბავშვებს უყვართ მშობლები და უნდათ, რომ ასიამოვნონ მათ. ღვთის ძე სიყვარულით ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მამას მოსწონდა (იოან. 8:29). ჩვენც ზეციერი მამის სიყვარული აღგვძრავს, ბრძნულად მოვიქცეთ და ყველას წინაშე განვადიდოთ მამა (მათ. 11:25; იოან. 5:19).

ჩვენი მარჯვენა ღმერთს უჭირავს

ჩვენმა ზეციერმა მამამ „დამხმარე“ — წმინდა სული მოგვცა. იესომ თქვა: „წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 14:15—17; 16:12, 13). ღვთის წმინდა სული გვეხმარება, უკეთ გავიცნოთ მამა. ის გვეხმარება ისეთ „სიმაგრეთა დასამხობად“, როგორიცაა წინასწარშექმნილი აზრი, მცდარი შეხედულებები და დამახინჯებული თვალსაზრისი. ამგვარად, „ყოველ აზრს ვატყვევებთ ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2 კორ. 10:4, 5). ამიტომ ლოცვაში ვთხოვოთ იეჰოვას დაპირებული დამხმარე და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი „ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“ (ლუკ. 11:13). უნდა ვილოცოთ იმაზეც, რომ წმინდა სული დაგვეხმაროს იეჰოვასთან დაახლოებაში.

ბავშვი უსაფრთხოდ და უშიშრად გრძნობს თავს, როცა მამას მისი ხელი უჭირავს. თუ იეჰოვას მამად მიიჩნევ, შენს გულს მალამოდ დაედება შემდეგი სიტყვები: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ეს. 41:13). შენ ღმერთთან ერთად მარადიულად სიარულის უდიდესი პატივი გხვდა წილად (მიქ. 6:8). ყოველთვის შეასრულე ღვთის ნება, ახლო ურთიერთობა გქონდეს ზეციერ მამასთან და შეიგრძნობ სიყვარულს, ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სახელი შეცვლილია.