მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რა შემთხვევებში შეიძლება იყოს დასაშვები ხელახლა ნათლობა?
ზოგ შემთხვევაში მონათლულმა ქრისტიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მისი ნათლობა არ იყო გამართლებული და ხელახლა ნათლობა მოისურვოს. მაგალითად, ვინმე შეიძლება ისე მოინათლა, რომ ძველი ცხოვრება ბოლომდე არ ჰქონდა მიტოვებული და ისეთ რამეს აკეთებდა, რის გამოც მონათლული რომ ყოფილიყო, კრებიდან გაირიცხებოდა. მისაღები იქნებოდა ღვთისთვის მისი მიძღვნა? მისი მიძღვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მისაღები, თუ მიძღვნამდე ცოდვილი გზა მიტოვებული ექნებოდა. ამგვარად, თუ ადამიანი ჯერ კიდევ არასწორად იქცეოდა, და მაინც მოინათლა, შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ხელახლა ნათლობა.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, როცა ქრისტიანი ნათლობამდე არ სჩადიოდა ცოდვას, მაგრამ ნათლობის შემდეგ შესცოდა და მისი საქმე სამართლებრივი კომიტეტის განსახილველი გახდა. დავუშვათ, ის ამბობს, რომ ბოლომდე არ ესმოდა, რასაც აკეთებდა და აქედან გამომდინარე თავის ნათლობას უსაფუძვლოდ თვლის. შემცოდველთან შეხვედრისას უხუცესებმა არ უნდა წამოჭრან ხოლმე ნათლობასთან დაკავშირებული კითხვები, კერძოდ, თვლის თუ არა, რომ მისი მიძღვნა და ნათლობა გაუმართლებელი იყო. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მას ძალიან კარგად ესმოდა ნათლობის მნიშვნელობა, რადგან მან მოისმინა ბიბლიაზე დაფუძნებული ნათლობის მოხსენება, დამაჯერებლად უპასუხა მონათვლის მსურველთათვის დასმულ კითხვებს, შემდეგ კი ტანსაცმელი გამოიცვალა და წყალში ჩავიდა. ამიტომ უხუცესებმა მისი საქმე ისე უნდა განიხილონ, როგორც მონათლული ქრისტიანის.
თუ ქრისტიანი ეჭვქვეშ დააყენებს თავის ნათლობას, უხუცესებს შეუძლიათ მას დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარონ. ხელახლა ნათლობის საკითხი დაწვრილებით განიხილება „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: 1960 წლის 1 მარტი, გვერდები 159, 160 და 1964 წლის 15 თებერვალი, გვერდები 123—126 (ინგლ.). ხელახლა ნათლობა ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, თუ მას ნათლობამდე ბიბლიური საკითხები კარგად არ ესმოდა) თითოეული ქრისტიანის პირადი გადასაწყვეტია.
რა უნდა გაითვალისწინონ ქრისტიანებმა, როცა ვინმესთან ერთად ერთ სახლში ცხოვრებას აპირებენ?
საცხოვრებელი ყველას სჭირდება. მაგრამ დღეს ბევრს არა აქვს საკუთარი ჭერი. ეკონომიკური პირობების, ჯანმრთელობისა თუ სხვა მიზეზების გამო შეიძლება აუცილებელი გახდეს ნათესავებთან ან სხვებთან ერთად ცხოვრება. ზოგ ქვეყანაში ნათესავებს ერთ ოთახშიც კი შეიძლება მოუწიოთ ცხოვრება, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია განმარტოება.
რა თქმა უნდა, იეჰოვას ორგანიზაცია ვრცელი წესების სიას არ ადგენს, თუ რა პირობებში უნდა იცხოვრონ მთელ მსოფლიოში მცხოვრებმა და-ძმებმა. მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე ქრისტიანები უნდა დაფიქრდნენ, არის თუ არა
მათი საცხოვრებელი პირობები ღვთისთვის მისაღები. რომელი პრინციპები უნდა გაითვალისწინონ ამ დროს ქრისტიანებმა?პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ჩვენს სულიერობაზე ამა თუ იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება. როგორი ადამიანები არიან ისინი? არიან იეჰოვას თაყვანისმცემლები? ცხოვრობენ ბიბლიური ნორმების თანახმად? პავლე მოციქულმა დაწერა: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33).
წმინდა წერილებიდან ვგებულობთ, რომ იეჰოვა გმობს სიძვასა და მრუშობას (ებრ. 13:4). ასე რომ, ღვთისთვის მიუღებელია, ვცხოვრობდეთ ისეთ ადგილას, სადაც საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი ადამიანები ცოლ-ქმარივით ცხოვრობენ. ქრისტიანმა არ უნდა იცხოვროს იქ, სადაც უზნეობას იწყნარებენ.
ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვების მსურველთ, ბიბლია ურჩევს: „გაექეცით სიძვას“ (1 კორ. 6:18). გონივრულია, ქრისტიანი მოერიდოს ისეთ ოჯახში ცხოვრებას, სადაც შეიძლება უზნეობის ჩადენის საფრთხის წინაშე დადგეს. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, რამდენიმე ქრისტიანი ერთ სახლში ცხოვრობს. შეიძლება ისინი ცდუნების წინაშე აღმოჩნდნენ? ხომ შეიძლება, რომ ორი დაუქორწინებელი ქრისტიანი მოულოდნელად მარტო აღმოჩნდეს სახლში. მსგავსადვე, ცდუნების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ის ქრისტიანები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ სიმპათია აქვთ და ერთ სახლში ცხოვრობენ. გონიერი მოერიდება ასეთ სიტუაციებს.
აგრეთვე შეუფერებელია განქორწინებული წყვილის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ისინი ახლო ურთიერთობას იყვნენ მიჩვეულნი და ადვილი შესაძლებელია, რომ უზნეობა ჩაიდინონ (იგავ. 22:3).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი — როგორ შეაფასებენ გარშემო მყოფნი თქვენს არჩევანს. ქრისტიანისთვის შეიძლება მისაღებია ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, მაგრამ თუ ეს მითქმა-მოთქმის საგანი გახდება, ამაზე ღირს დაფიქრება. ნამდვილად არ გვინდა, რომ ჩვენი საქციელით იეჰოვას სახელი შეურაცხვყოთ. პავლემ დაწერა: „ნუ დააბრკოლებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ღვთის კრებას, როგორც მე ყველას ყველაფერში ვასიამოვნებ და იმას კი არ ვეძებ, რაც ჩემთვის არის სასარგებლო, არამედ იმას, რაც სხვებისთვის არის სასარგებლო, რათა გადარჩნენ“ (1 კორ. 10:32, 33).
შესაფერისი საცხოვრებლისა და თანამობინადრის მოძებნა შეიძლება რთული იყოს მათთვის, ვინც ცდილობს იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრებას. მაგრამ ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა შეამოწმონ, „რა არის მოსაწონი უფლისთვის“. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ სახლში უწესოდ და უპატიოსნოდ არავინ იქცევა (ეფეს. 5:5, 10). ქრისტიანებმა ხელმძღვანელობისთვის ღმერთს უნდა მიმართონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დაცულები იყვნენ როგორც ფიზიკურად, ისე ზნეობრივად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩრდილი არ მიაყენონ იეჰოვას სახელს.