ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!
ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!
„აიღეთ . . . სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა“ (ეფეს. 6:17).
1, 2. რა უნდა გავაკეთოთ, სამეფოს ბევრი მქადაგებელი რომ იყოს?
იესომ დაინახა, რომ ხალხი სულიერს იყო მოწყურებული და მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“. იესო მხოლოდ ნათქვამს არ დასჯერდა; მან „მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს“ და საქადაგებლად ანუ სამკალში გაგზავნა (მათ. 9:35—38; 10:1, 5). მოგვიანებით იმავე საქმის შესასრულებლად იესომ „სამოცდაათი ამოარჩია და წინასწარ გაგზავნა ორ-ორი“ (ლუკ. 10:1, 2).
2 სამეფოს მქადაგებლებზე დღესაც დიდი მოთხოვნილებაა. 2009 სამსახურებრივ წელს, მთელ მსოფლიოში გახსენების საღამოს 18 168 323 დაესწრო, რაც დაახლოებით 10 მილიონით აღემატება იეჰოვას მოწმეების საერთო რაოდენობას. ყანები მართლაც მზად არის მოსამკელად (იოან. 4:34, 35). ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა უფრო მეტი მუშა გამოგზავნოს. ჩვენ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში? უნდა ვეცადოთ, უკეთესად და გულმოდგინედ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა და მოვამზადოთ მოწაფეები (მათ. 28:19, 20; მარ. 13:10).
3. რატომ შეუძლია ღვთის სულს, დახელოვნებული მსახურები გაგვხადოს?
3 წინა სტატიაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გვეხმარება წმინდა სული „ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკში“ (საქ. 4:31). ამ სულს ისიც შეუძლია, რომ დახელოვნებული მქადაგებლები გაგვხადოს. მსახურების გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალებაა, ოსტატურად გამოვიყენოთ იეჰოვასგან ბოძებული წერილობითი სიტყვა, ბიბლია. ბიბლია წმინდა სულით დაიწერა (2 ტიმ. 3:16). აქედან გამომდინარე, წერილებში ჩაწერილი ჭეშმარიტების ზუსტად ახსნა წმინდა სულის ხელმძღვანელობის გარეშე შეუძლებელია. სანამ იმაზე ვილაპარაკებთ, თუ როგორ შეგვიძლია ბიბლიის მარჯვედ გამოყენება, განვიხილოთ, რა ძალა აქვს ღვთის სიტყვას.
ღვთის სიტყვა მოქმედია
4. როგორ შეუძლია ღვთის სიტყვას ადამიანის გარდაქმნა?
4 ღვთის სიტყვას მართლაც დიდი ძალა აქვს! (ებრ. 4:12). ხატოვანი ენით თუ ვიტყვით, ბიბლიაში ჩაწერილი ცნობა ნებისმიერ მახვილზე ბასრია, რადგან ის, ასე ვთქვათ, აღწევს სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე. ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანში ღრმად, გულსა და გონებამდე აღწევს და ააშკარავებს მის შინაგან სამყაროს. ჭეშმარიტებას ძალუძს ადამიანის რადიკალურად გარდაქმნა (წაიკითხეთ კოლოსელების 3:10). დიახ, ღვთის სიტყვა ცვლის ადამიანს.
5. როგორ გვხელმძღვანელობს ბიბლია და რა შედეგი მოაქვს ამას?
5 გარდა ამისა, ბიბლია შეუდარებელი სიბრძნის წიგნია. მისი რჩევები ძალიან გვეხმარება ამ რთულ დროში. ღვთის სიტყვა მარტო ახლომდებარე გზას კი არ გვინათებს, არამედ — შორეულსაც (ფსალმ. 119:105). ბიბლიის დახმარებით ადვილად ვაგვარებთ პრობლემებს, ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მაგალითად, ვისთან ვიმეგობროთ, სად ვიმუშაოთ, რით გავერთოთ, რა ჩავიცვათ და ასე შემდეგ (ფსალმ. 37:25; იგავ. 13:20; იოან. 15:14; 1 ტიმ. 2:9). ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები გვეხმარება, კარგი ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან (მათ. 7:12; ფილ. 2:3, 4). როცა შორეული გზა კარგად არის განათებული, ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგებს ადვილად დავინახავთ (1 ტიმ. 6:9). წმინდა წერილები ღვთის განზრახვებსაც გვიმხელს. ამის ცოდნა კი გვეხმარება, ღვთის ნების თანახმად ვიცხოვროთ (მათ. 6:33; 1 იოან. 2:17, 18). ჩვენი ცხოვრება ნამდვილად შინაარსიანი იქნება, თუ ვეცდებით, ღვთის პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ.
6. რა როლს ასრულებს ბიბლია სულიერ ბრძოლაში?
6 ბიბლია, აგრეთვე, ძლიერი იარაღია სულიერ ბრძოლაში, რომელსაც ქრისტიანები ეწევიან. პავლემ ღვთის სიტყვას „სულის მახვილი“ უწოდა (წაიკითხეთ ეფესოელების 6:12, 17 ). როცა მსახურებაში ბიბლიას ოსტატურად ვიყენებთ, მას შეუძლია, ხალხი სატანის მარწუხებისგან გაათავისუფლოს. ეს მახვილი კი არ ანადგურებს, არამედ სიცოცხლეს უნარჩუნებს ადამიანს. ამიტომ ამ იარაღს კარგად უნდა ვფლობდეთ.
სწორად გადაეცი ღვთის სიტყვა
7. რატომ უნდა ვისწავლოთ „სულის მახვილის“ კარგად გამოყენება?
7 ჯარისკაცი იარაღს ბრძოლაში კარგად გამოიყენებს, თუ წინასწარ ისწავლის მის ხმარებას და საკმარის გამოცდილებასაც შეიძენს. იმავეს თქმა შეიძლება სულიერ ბრძოლაში „სულის მახვილის“ გამოყენებაზე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმ. 2:15).
8, 9. რა გვეხმარება ბიბლიური მუხლების გაგებაში? მოიყვანეთ მაგალითი.
8 რა დაგვეხმარება, რომ მსახურებაში სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა? სანამ ბიბლიურ ცნობას სხვებს გავუზიარებთ, თავად კარგად უნდა ვწვდებოდეთ მის არსს. ამისათვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მუხლის ან ამა თუ იმ მონაკვეთის კონტექსტს. ერთი ლექსიკონის თანახმად, „კონტექსტი“ ნიშნავს „სიტყვის, წინადადების ან ტექსტის წინამორბედ თუ შემდგომ ინფორმაციას, რაც აადვილებს იმავე სიტყვის, წინადადების ან ტექსტის აზრის გაგებას“.
9 ბიბლიური მუხლი სწორად რომ გავიგოთ, მის ირგვლივ არსებული ტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად მოვიყვანოთ გალატელების 5:13-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები: „თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად კი ნუ გამოიყენებთ, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც მონებმა“. რა თავისუფლებას გულისხმობდა პავლე ამ მუხლში? თავისუფლებას ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან, ცრუ სწავლებებისგან, თუ სხვა რამისგან? ამ მუხლის კონტექსტი ააშკარავებს, რომ პავლე „კანონის წყევლისგან“ გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა (გალ. 3:13, 19—24; 4:1—5). ის მიუთითებდა თავისუფლებაზე, რომელიც ქრისტეს მიმდევრობას მოჰქონდა. ისინი, ვინც აფასებდნენ ამ თავისუფლებას, სიყვარულით ემსახურებოდნენ ერთმანეთს, როგორც მონები; არ ლაპარაკობდნენ ზურგს უკან და არ კამათობდნენ (გალ. 5:15).
10. რა უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიური მუხლის ზუსტი მნიშვნელობის გასაგებად?
10 კონტექსტი ისტორიულ ფონს, გარემოებასა და ვითარებასაც გულისხმობს. ბიბლიური მუხლის მნიშვნელობის ზუსტად გასაგებად, უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული ფონი, მაგალითად, ვისი დაწერილია ბიბლიის ეს წიგნი, როდის და რა ვითარებაში დაიწერა. დამხმარეა იმის ცოდნაც, თუ რა მიზნით იყო ის დაწერილი და, თუ შესაძლებელია, იმის გარკვევა, როგორი სოციალური, ზნეობრივი და რელიგიური გარემო იყო იმ დროს.11. რა უნდა გვახსოვდეს ბიბლიური მუხლების ახსნისას?
11 ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემაში მუხლების სწორ ახსნაზე მეტი იგულისხმება. ხალხი არ უნდა დავაშინოთ ბიბლიით. მართალია, ბიბლიის მეშვეობით ჭეშმარიტებას ვიცავთ, როგორც ეს იესომ გააკეთა, როცა ეშმაკი სცდიდა, მაგრამ ის ხელ-კეტი არ არის, რომ ხალხს ვუქნიოთ (კან. 6:16; 8:3; 10:20; მათ. 4:4, 7, 10). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს პეტრეს რჩევა: „წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში, როგორც უფალი, და ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტ. 3:15).
12, 13. როგორ შეუძლია ღვთის სიტყვას „სიმაგრეთა დამხობა“? მოიყვანეთ მაგალითი.
12 რა ძალა აქვს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას, თუ მას კარგად ვიყენებთ? (წაიკითხეთ 2 კორინთელების 10:4, 5 ). ღვთის სიტყვას შეუძლია „დაამხოს სიმაგრეები“, ანუ გამოააშკარაოს ცრუ სწავლებები, ცუდი ჩვევები და ფილოსოფიური მოძღვრებები, რომლებშიც ადამიანური სიბრძნეა ასახული. ბიბლიის მეშვეობით შეგვიძლია გავაბათილოთ ნებისმიერი აზრი, რომელიც მიმართულია „ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ“. მისი სწავლებები გვეხმარება, ჩვენი აზროვნება ღვთის აზროვნებას შევუსაბამოთ.
13 განვიხილოთ ინდოეთში მცხოვრები 93 წლის ქალბატონის მაგალითი, რომელსაც ბავშვობიდან რეინკარნაციის სწამდა. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო წერილების მეშვეობით, რომლებსაც საზღვარგარეთ მცხოვრები შვილი უგზავნიდა. თავიდან ის სიხარულით იღებდა ყველაფერს, რასაც იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ გებულობდა. მაგრამ, როცა შვილმა აუხსნა, თუ რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ, ქალს ძალიან გაუჭირდა ამ აზრთან შეგუება, რადგან მთელი ცხოვრება რეინკარნაციის სწამდა. დედა წერდა: „არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ჭეშმარიტება იყოს! ყველა რელიგია იმას ასწავლის, რომ ჩვენში რაღაც უკვდავი არსებობს. ყოველთვის მწამდა, რომ სხეული კვდება, მაგრამ ის რაღაც უხილავი და უკვდავი გარდაისახება სხვა სხეულებში და ეს
პროცესი დაახლოებით 8 400 000-ჯერ მეორდება. შეუძლებელია, რომ ეს ტყუილი იყოს! ნუთუ ცდება რელიგიების უმრავლესობა?!“ როგორ ფიქრობთ, შეუძლია სულის მახვილს ასე შესისხლხორცებული რწმენის დამსხვრევა? დედა-შვილმა ამ საკითხზე უფრო ფართოდ იმსჯელა. რამდენიმე კვირის მერე დედა თავის ვაჟს ასეთ სიტყვებს სწერდა: „როგორც იქნა ნელ-ნელა ვიგებ სიმართლეს მკვდრების მდგომარეობაზე. ძალიან მიხარია, რომ მკვდრები გაცოცხლდებიან და ჩვენს საყვარელ ახლობლებს ისევ ვნახავთ. იმედი მაქვს, რომ ღვთის სამეფო მალე მოვა“.დამაჯერებლად ილაპარაკე!
14. რას ნიშნავს დამაჯერებლად ლაპარაკი?
14 ღვთის სიტყვა ოსტატურად რომ გამოვიყენოთ, მხოლოდ მუხლების ციტირება არ კმარა. პავლე მოციქული ღვთის სიტყვას „დამაჯერებლად აუწყებდა“ და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ (წაიკითხეთ საქმეების 19:8, 9; 28:23). დამაჯერებლად ლაპარაკი ნიშნავს ისე ილაპარაკო, რომ მსმენელი დაეთანხმოს შენს ნათქვამს. როცა ვინმე ბიბლიის ამა თუ იმ სწავლებაში რწმუნდება, ის უარყოფს ძველ შეხედულებას და ახალს იზიარებს. ამიტომ, აუცილებელია მსმენელი ჩვენი სიტყვების ჭეშმარიტებაში დავარწმუნოთ. ამის გაკეთება შემდეგნაირად შეიძლება.
15. როგორ უნდა მივმართოთ მსმენელის ყურადღება ღვთის სიტყვისკენ ისე, რომ მან დააფასოს ის?
15 მსმენელის ყურადღება ღვთის სიტყვისკენ ისე მიმართე, რომ მან დააფასოს ეს წიგნი. მუხლის წაკითხვამდე ყურადღება გაამახვილე იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოცემულ საკითხზე ღვთის აზრის გაგება. მას შემდეგ, რაც მობინადრეს კითხვას დაუსვამ და მის პასუხს მოისმენ, შეგიძლია უთხრა: ვნახოთ, რას ფიქრობს ღმერთი ამაზე, ან რისი თქმა უნდა ღმერთს. თუ მუხლის წაკითხვამდე ასეთ შესავალს გააკეთებ, ხაზს გაუსვამ იმას, რომ ბიბლია ღვთისგან არის და მსმენელიც დააფასებს მას. ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ისეთ ადამიანს ვუქადაგებთ, რომელსაც ღმერთის სწამს, მაგრამ ბიბლიაში არ ერკვევა (ფსალმ. 19:7—10).
16. რა არის საჭირო ბიბლიური მუხლების სათანადოდ ასახსნელად?
16 საკმარისი არ არის ბიბლიური მუხლის წაკითხვა; საჭიროა მისი ახსნაც. პავლე მსმენელებს „უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა“ იმას, რასაც ასწავლიდა (საქ. 17:3). ერთ მუხლში შეიძლება რამდენიმე აზრი იყოს, ამიტომ უნდა გამოყო ის ფრაზა ან წინადადება, რომელიც შენი მსჯელობის საგანს ეხება. ამისათვის ჯერ გაიმეორე ხაზგასასმელი სიტყვები და ფრაზები ან მსმენელს ისეთი კითხვები დაუსვი, რომ მან შეძლოს მუხლში მთავარი აზრის გამოკვეთა. მერე განუმარტე წაკითხული მონაკვეთის აზრი. ბოლოს კი დაანახვე მსმენელს, როგორ ეხება ეს მუხლი პირადად მას.
17. როგორ შეგიძლია წმინდა წერილების საფუძველზე დამაჯერებლად მსჯელობა?
17 დამაჯერებლად იმსჯელე წმინდა წერილების საფუძველზე. პავლე გულითადად და ლოგიკურად „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“ (საქ. 17:2, 4). პავლეს მსგავსად, შენც ეცადე, ჩასწვდე მსმენელის გულს. დაინტერესდი მსმენელით და ტაქტიანად დასმული კითხვებით ამოხაპე ის, რაც მის გულშია (იგავ. 20:5). მოერიდე უხერხული კითხვების დასმას; იმსჯელე გასაგებად და ლოგიკურად; მოიყვანე ნათქვამის შესაბამისი მტკიცებულებები; საუბარი აუცილებლად ღვთის სიტყვაზე დააფუძნე. ჯობია მობინადრეს ერთი ბიბლიური მუხლი წაუკითხო და კარგად აუხსნა, ვიდრე ერთი მეორის მიყოლებით, რამდენიმე. დამატებითი მტკიცებულების მოშველიებაც შემატებს შენს ნათქვამს დამაჯერებლობას (იგავ. 16:23). ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს კვლევა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ზემოთ მოხსენიებულ 93 წლის ქალბატონს აინტერესებდა, რატომ იყო სულის უკვდავების შესახებ სწავლება ასე გავრცელებული. მან გაიგო, სად მიეცა დასაბამი ამ სწავლებას და როგორ გავრცელდა იგი სხვადასხვა რელიგიებში. ამ არგუმენტმა ის საბოლოოდ დაარწმუნა ბიბლიის ჭეშმარიტებაში. *
კვლავაც ოსტატურად გამოიყენეთ!
18, 19. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ „სულის მახვილის“ ოსტატურად გამოყენება?
18 „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“, — ნათქვამია ბიბლიაში. ბოროტი ადამიანები კიდევ უფრო ბოროტდებიან (1 კორ. 7:31; 2 ტიმ. 3:13). ამიტომ მნიშვნელოვანია „სიმაგრეთა დასამხობად“, ყოველთვის გამოვიყენოთ „სულის მახვილი ანუ ღვთის სიტყვა“.
19 ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს ბიბლია და მისი მეშვეობით შეგვიძლია გამოვააშკარაოთ ცრუ სწავლებები და გადავარჩინოთ წრფელი გულის ადამიანები! ღვთის სიტყვაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს. ამიტომ, თავი არ დავზოგოთ ღვთის მიერ დავალებული ცნობის გასაცხადებლად და სულის მახვილი ოსტატურად გამოვიყენოთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 10 ბიბლიის წიგნების ისტორიული ფონის გაგებაში დაგვეხმარება პუბლიკაციები: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“, „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ (ინგლ.) და „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „იეჰოვას სიტყვა ცოცხალია“.
^ აბზ. 17 იხილეთ ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, გვერდები 5—16.
გახსოვთ?
• რა ძალა აქვს ღვთის სიტყვას?
• როგორ შეგვიძლია „ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების“ სწორად გადაცემა?
• როგორ შეუძლია ბიბლიას „სიმაგრეთა დამხობა“?
• რა უნდა გააკეთო, უფრო დამაჯერებლად რომ ილაპარაკო?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]
როგორ ვილაპარაკოთ ღვთის სიტყვა დამაჯერებლად?
▪ ისე ილაპარაკე, რომ მობინადრემ დააფასოს ბიბლია
▪ ახსენი ბიბლიური მუხლები
▪ იმსჯელე დამაჯერებლად, რათა ჩასწვდე მსმენელის გულს
[სურათი 11 გვერდზე]
ისწავლე „სულის მახვილის“ ოსტატურად გამოყენება