არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

«სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“»

«სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“»

«სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“»

«სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ . . . მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხ. 22:17).

1, 2. რა ადგილი უნდა ეკავოს ღვთის სამეფოს ჩვენს ცხოვრებაში და რატომ?

რა ადგილი უნდა ეკავოს ღვთის სამეფოს ჩვენს ცხოვრებაში? იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, უპირველესად ეძებათ სამეფო და დაარწმუნა, რომ თუ ასე მოიქცეოდნენ, ღმერთი ყველაფერს მისცემდა, რაც საჭირო იქნებოდა (მათ. 6:25—33). მან ღვთის სამეფო შეადარა უძვირფასეს მარგალიტს, რომელსაც დიდვაჭარი პოულობს; ის „ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას“ (მათ. 13:45, 46). ჩვენც უმნიშვნელოვანეს საქმედ უნდა ჩავთვალოთ სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება.

2 წინა ორი სტატიიდან დავინახეთ, რომ ღვთის სულის წყალობით ვქადაგებთ გაბედულად და ღვთის სიტყვას ოსტატურად ვიყენებთ. ეს სული იმაშიც გვეხმარება, რომ სამეფოს შესახებ ცნობა რეგულარულად ვაუწყოთ. ვნახოთ, როგორ.

მოწვეულია ყველა

3. რა წყლის დასალევად იწვევენ ყველა ადამიანს?

3 დღეს წმინდა სულის მეშვეობით ყველა ადამიანს მნიშვნელოვანი მოწოდება ესმის (წაიკითხეთ გამოცხადების 22:17 ). მწყურვალს მოუწოდებენ მივიდეს და წყურვილის გრძნობა განსაკუთრებული წყლით დაიკმაყოფილოს. ეს არ არის ჩვეულებრივი სასმელი წყალი — წყალბადისა და ჟანგბადის ქიმიური ნაერთი. მართალია, წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ იესო სხვა წყალს გულისხმობდა, როცა ჭასთან სამარიელ ქალს ეუბნებოდა: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოან. 4:14). ეს არაჩვეულებრივი წყალი, რომელსაც ადამიანებს სთავაზობენ, მარადიული სიცოცხლის მომცემია.

4. როდის გაჩნდა სიცოცხლის წყლის საჭიროება და რა იგულისხმება ამ წყალში?

4 სიცოცხლის წყლის საჭიროება მაშინ გაჩნდა, როცა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, თავიანთ შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს დაუპირისპირდნენ (დაბ. 2:16, 17; 3:1—6). ღმერთმა პირველი წყვილი ედემის ბაღიდან გააძევა, რათა ადამს ხელი არ გაეწოდებინა, „სიცოცხლის ხის ნაყოფიც“ არ მოეწყვიტა, არ შეეჭამა და მარადიულად არ ეცოცხლა (დაბ. 3:22). შედეგად, ადამმა — კაცთა წინაპარმა — თავის შთამომავლებს სიკვდილი უანდერძა (რომ. 5:12). სიცოცხლის წყალში იგულისხმება ყველაფერი, რასაც ღმერთი აძლევს მორჩილ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან თავის დასაღწევად და დედამიწაზე სამოთხეში უწყვეტი და სრულყოფილი სიცოცხლის მისაღებად; იესო ქრისტეს გამოსასყიდის გარეშე კი სიცოცხლის წყალს ვერავინ იგემებდა (მათ. 20:28; იოან. 3:16; 1 იოან. 4:9, 10).

5. ვინ გვიწვევს, რომ უსასყიდლოდ ავიღოთ „სიცოცხლის წყალი“? ახსენით.

5 ვინ გვიწვევს, რომ უსასყიდლოდ ავიღოთ „სიცოცხლის წყალი“? ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ადამიანები იესოს მეშვეობით სრულად მიიღებენ ყველაფერს, რაც სიცოცხლისთვის არის საჭირო. ეს ყველაფერი ბიბლიაში აღწერილია, როგორც სიცოცხლის წყლის მდინარე, რომელიც „ბროლივით სუფთაა“ და „ღვთისა და კრავის ტახტიდან“ მოედინება (გამოცხ. 22:1). აქედან გამომდინარე, სიცოცხლის მომცემი წყალი მომდინარეობს იეჰოვა ღმერთისგან (ფსალმ. 36:9). ღმერთმა ამ წყლის აღება „კრავის“, იესო ქრისტეს, მეშვეობით გახადა შესაძლებელი (იოან. 1:29). ეს არის სიმბოლური მდინარე, რომლითაც ღმერთი ადამის ცოდვის ყოველგვარ კვალს წაშლის. დიახ, იეჰოვა გვიწვევს, რომ მივიდეთ და ავიღოთ „სიცოცხლის წყალი“.

6. როდის დაიწყო დინება „სიცოცხლის წყლის მდინარემ“?

6 „სიცოცხლის წყლის მდინარე“ სრულად ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდში იდინებს; თუმცა მდინარემ დინება „უფლის დღეს“, 1914 წელს დაიწყო, როცა ზეცაში „კრავი“ გამეფდა (გამოცხ. 1:10). სწორედ ამის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი ბევრი რამ, რაც ადამიანებს სიცოცხლის მიღებაში ეხმარება. ამაში შედის ღვთის სიტყვა, ბიბლია, რადგან მასში ჩაწერილი ცნობა „წყალთან“ არის შედარებული (ეფეს. 5:26). სიცოცხლის წყლის მიღება ყველასთვის არის შესაძლებელი, ვინც მოისმენს და გამოეხმაურება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. მაგრამ, ვინ იწვევს ხალხს „უფლის დღეში“?

„პატარძალი“ ამბობს: „მოდი!“

7. ვინ თქვა პირველად „მოდი!“ და ვის იწვევდნენ ისინი?

7 პატარძლის კლასი, სულითცხებული ქრისტიანები, პირველები იყვნენ, რომლებმაც თქვეს „მოდი!“. ვის იწვევდნენ ისინი? ცხადია, თავიანთ თავს არა. პატარძლის კლასი იწვევს მათ, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს. ეს კი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ ომი მოხდება (წაიკითხეთ გამოცხადების 16:14, 16 ).

8. რა ცხადყოფს, რომ ცხებულმა ქრისტიანებმა მოწვევა ჯერ კიდევ 1918 წლიდან დაიწყეს?

8 ქრისტეს ცხებულმა მიმდევრებმა მოწვევა ჯერ კიდევ 1918 წლიდან დაიწყეს. იმ წელს წარმოთქმულმა საჯარო მოხსენებამ, „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, ბევრს იმის იმედი ჩაუსახა, რომ დედამიწაზე მარადიულად იცოცხლებდნენ არმაგედონის შემდეგ. 1922 წელს სიდარ-პოინტში, ოჰაიოს შტატში (აშშ) გამართულ ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე მსმენელებს მოუწოდეს, ეუწყებინათ „მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. ამ მოწოდებამ პატარძლის კლასის დარჩენილ ნაწილს იმის სტიმული მისცა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეწვიათ. 1929 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია „გულთბილი მოწვევა“, რომლის წამყვანი მუხლი იყო გამოცხადების 22:17. სტატიაში აღნიშნული იყო: «ცხებულთა დარჩენილი ნაწილი უერთდება [უზენაესის] გულთბილ მოწვევას და ამბობს: „მოდი!“. ეს ცნობა უნდა გაცხადებულიყო მათთვის, ვინც სიმართლესა და ჭეშმარიტებას იყო მოწყურებული. ეს საქმე ახლაა შესასრულებელი». პატარძლის კლასისგან ეს მოწვევა დღემდე გაისმის.

«მომსმენმაც თქვას: „მოდი!“»

9, 10. რა გააკეთეს მათ, ვინც მოისმინა მოწვევა, „მოდი!“?

9 რისი თქმა შეიძლება მათზე, ვინც მოისმინა მოწვევა, „მოდი!“? მათაც უნდა გაიმეორონ: „მოდი!“. 1932 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, 232-ე გვერდზე აღნიშნული იყო: «დაე, ცხებულებმა მსურველებს მოუწოდონ, გაავრცელონ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ამ ცნობის გასაცხადებლად საჭირო არ არის, რომ უფალმა ისინი სულით სცხოს. იეჰოვას მოწმეებისთვის უდიდესი ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ ამიერიდან მათ მიეცათ ნება „სიცოცხლის წყალი“ მიუტანონ უამრავ ადამიანს, რომლებსაც არმაგედონის გადატანისა და დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემათ».

10 ათას ცხრაას ოცდათოთხმეტი წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, 249-ე გვერდზე აღნიშნული იყო, თუ რა ევალებოდა მათ, ვინც მოწვევას გამოეხმაურებოდა: „იონადაბის კლასი ფეხდაფეხ უნდა მიჰყვეს იეჰუს კლასს, სულითცხებულებს, და აუწყოს სამეფოს ცნობა მიუხედავად იმისა, რომ თავად ცხებულები არ არიან“. 1935 წელს ნათელი მოეფინა გამოცხადების 7:9—17-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხის“ ვინაობას. შედეგად უფრო დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს ხალხის მოწვევა. მას შემდეგ მოწვევას „უამრავი ხალხის“ მზარდი რიცხვი — 7 მილიონზე მეტი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი — გამოეხმაურა. მათ დააფასეს ეს ცნობა, წყალში ნათლობით ღმერთს თავი მიუძღვნეს და პატარძლის კლასთან ერთად აქტიურად დაიწყეს სხვების მოწვევა, რათა ისინიც მოვიდნენ და უსასყიდლოდ დალიონ „სიცოცხლის წყალი“.

სული ამბობს: მოდი!

11. რა როლი შეასრულა ქადაგების საქმეში წმინდა სულმა პირველ საუკუნეში?

11 ნაზარეთის სინაგოგაში ქადაგებისას იესომ გადაშალა ესაიას წინასწარმეტყველების გრაგნილი და წაიკითხა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“. იესოს საკუთარი თავი ჰყავდა მხედველობაში, როცა თქვა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი“ (ლუკ. 4:17—21). ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). პირველ საუკუნეში წმინდა სულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასიხარულო ცნობის გავრცელებაში.

12. დღეს როგორ ეხმარება წმინდა სული ღვთის ხალხს სხვების მოწვევაში?

12 დღეს როგორ ეხმარება წმინდა სული ღვთის ხალხს სხვების მოწვევაში? წმინდა სული იეჰოვასგან მოდის. პატარძლის კლასს წმინდა სული ეხმარება ღვთის სიტყვის, ბიბლიის გაგებაში. ეს სული აღძრავს მათ, ყველა მოიწვიონ და ბიბლიური ჭეშმარიტება აუხსნან დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მოიმედეებს. რისი თქმა შეიძლება მათზე, ვინც გამოეხმაურა მოწვევას, გახდა იესო ქრისტეს მოწაფე და ახლა თავად იწვევს სხვებს? წმინდა სული მათაც ეხმარება. ისინი წმინდა სულის სახელით ინათლებიან, მიჰყვებიან ამ სულის ხელმძღვანელობას და მის ძალას ენდობიან (მათ. 28:19). დაფიქრდით, რა ცნობას ქადაგებენ ცხებულები და უამრავი ხალხი. ეს ცნობა ჩაწერილია ბიბლიაში, წიგნში, რომელიც ღვთის სულის ხელმძღვანელობით დაიწერა. ამგვარად მოწვევა, „მოდი!“ წმინდა სულის ძალით გაისმის. ჩვენ ეს სული გვხელმძღვანელობს. ამის ცოდნამ უნდა აღგვძრას, უფრო მეტად მივიღოთ მონაწილეობა ამ საქმეში.

ისინი «ამბობენ: „მოდი!“»

13. რას ნიშნავს სიტყვები: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“»?

13 სული და პატარძალი მოწვევაში „მოდი!“ ერთჯერად მოწვევას არ გულისხმობენ. ბერძნულ ორიგინალში აქ გამოყენებული ზმნა განგრძობით მოქმედებას გამოხატავს. ამ ფაქტის გათვალისწინებით „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ამ მუხლს ასე თარგმნის: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!». ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოწვევა რეგულარულად გაისმის. რა ევალებათ მათ, ვინც მოისმინა მოწვევა და დადებითად გამოეხმაურა? ისინიც ამბობენ: „მოდი!“. ღვთის თაყვანისმცემელ „უამრავ ხალხზე“ ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას „ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე“ (გამოცხ. 7:9, 15). რა იგულისხმება დღე და ღამე მსახურებაში? (წაიკითხეთ ლუკას 2:36, 37; საქმეების 20:31; 2 თესალონიკელების 3:8). ხანდაზმული წინასწარმეტყველების, ანასა და მოციქული პავლეს მაგალითებიდან ჩანს, რომ „დღე და ღამე“ მსახურებაში იგულისხმება გამუდმებული და გულითადი მსახურება.

14, 15. საიდან ჩანს, რომ დანიელი ყოველთვის ემსახურებოდა ღმერთს?

14 წინასწარმეტყველი დანიელის მაგალითიდანაც კარგად გამოჩნდა, რომ ღმერთი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს (წაიკითხეთ დანიელის 6:4—10, 16). დანიელს ერთი თვეც კი არ შეუწყვეტია ლოცვა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ლომების ლუკმა გახდებოდა. ის ლოცულობდა „დღეში სამჯერ . . . რასაც მანამდეც გამუდმებით აკეთებდა“. მისი მოქმედებიდან სხვები კარგად ხედავდნენ, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვას თაყვანისმცემლობა იყო (მათ. 5:16).

15 დანიელმა ერთი ღამე ლომების ხაროში გაატარა. მეორე დილით მასთან მეფე მივიდა და ჩასძახა: „დანიელ, ცოცხალი ღვთის მსახურო, შეძლო შენმა ღმერთმა, რომელსაც გამუდმებით ემსახურები, ლომებისგან შენი დახსნა?“ დანიელმა მაშინვე მიუგო: „ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამოგზავნა და ლომებს პირი აუკრა. მათ არაფერი დაუშავებიათ ჩემთვის, რადგან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და, მეფეო, შენ წინაშეც ცუდი არაფერი გამიკეთებია“. იეჰოვამ აკურთხა დანიელი იმის გამო, რომ მას „გამუდმებით ემსახურებოდა“ (დან. 6:19—22).

16. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, დანიელის მაგალითზე დაფიქრებით?

16 დანიელს ერჩია მომკვდარიყო, ვიდრე უარი ეთქვა თავის ჩვეულებაზე. რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? რა მსხვერპლი შეგვიძლია გავიღოთ, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა განუწყვეტლივ ვიქადაგოთ? თვე ისე არ უნდა გავიდეს, რომ იეჰოვას შესახებ არ ვისაუბროთ. თუ მდგომარეობა ხელს გვიწყობს, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველკვირა ვიქადაგოთ. თუ ცუდი ჯანმრთელობა გვაქვს და თვეში 15 წუთს მაინც ვქადაგებთ, ეს ანგარიშის ფურცელზე უნდა აღვნიშნოთ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სულთან და პატარძალთან ერთად, ჩვენც ვეუბნებით სხვებს „მოდი!“. დიახ, ჩვენი სურვილია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა რეგულარულად ვაუწყოთ სამეფოს ცნობა.

17. ქადაგების რა შესაძლებლობები არ უნდა გავუშვათ ხელიდან?

17 ქადაგებისთვის ყოველი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და მხოლოდ მაშინ არ უნდა ვიქადაგოთ, როცა სპეციალურად ამ მიზნით ვართ გასულები. ჩვენთვის დიდი პატივია, ნებისმიერ დროს — საყიდლებზე წასვლისას, მოგზაურობისას, შვებულებაში ყოფნისას, სამუშაოზე თუ სკოლაში — მოვიწვიოთ მწყურვალი, „უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“. მაშინაც კი, თუ მთავრობა ზღუდავს ჩვენს საქმიანობას, არ ვწყვეტთ ქადაგებას, ოღონდ ამას გონივრულად ვაკეთებთ, მაგალითად, ყველა კარზე მიყოლებით არ ვაკაკუნებთ ან უფრო ხშირად არაფორმალურად ვქადაგებთ.

ამბობენ: „მოდი!“

18, 19. რით ცხადყოფთ, რომ აფასებთ ღვთის თანამშრომლად ყოფნის პატივს?

18 ცხრა ათეულ წელზე მეტია, რაც სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ და ყველა მწყურვალს იწვევენ სიცოცხლის წყლის ასაღებად. თქვენს ყურსაც მოსწვდა მათი ხმა? თუ ასეა, ახლა, თქვენ მოიწვიეთ სხვები!

19 ჩვენ არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება ეს მოწვევა, მაგრამ თუ ვეხმაურებით ამ მოწვევას და სხვებსაც ვეუბნებით: „მოდი!“, ღვთის თანამშრომელნი ვხდებით (1 კორ. 3:6, 9). გიფიქრიათ, რამხელა პატივია ეს?! მაშ, გამუდმებით ვიქადაგოთ და ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას და „ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს“ (ებრ. 13:15). დაე, პატარძლის კლასთან ერთად, მიწიერი იმედის მქონენიც ვამბობდეთ: „მოდი!“ და ბევრმა აიღოს სიცოცხლის წყალი!

რა ისწავლეთ?

• ვის მოუწოდებენ, „მოდი!“

• რატომ შეიძლება ითქვას, რომ მოწვევა იეჰოვასგან მომდინარეობს?

• რა როლს ასრულებს წმინდა სული ამ საქმეში?

• რატომ უნდა ვეცადოთ, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა განუწყვეტლივ ვიქადაგოთ?

[სასწავლო კითხვები]

[ცხრილი⁄სურათები 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

«ამბობენ: „მოდი!“»

1914

5 100 მაუწყებელი

1918

ბევრი მარადიულად იცოცხლებს სამოთხეში, დედამიწაზე

1922

„აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“

1929

ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ამბობს: „მოდი!“

1932

მოწვევა „მოდი!“ მხოლოდ ცხებულებისთვის არ გაისმის

1934

იონადაბის კლასს ქადაგებისკენ მოუწოდებენ

1935

ცნობილი ხდება „უამრავი ხალხის“ ვინაობა

2009

7 313 173 მაუწყებელი