წიგნი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, ახსოვდეთ შემოქმედი
წიგნი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, ახსოვდეთ შემოქმედი
„გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“. ეს სიტყვები ბრძენმა მეფე სოლომონმა დაახლოებით 3 000 წლის წინათ დაწერა (ეკლ. 12:1). დიდებული შემოქმედი რომ ახსოვდეთ, ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდა კიდევ ერთი წიგნი, „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2). ეს წიგნი გამოიცა იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართებოდა 2008 წლის მაისიდან 2009 წლის იანვრამდე. კონგრესის თემა იყო: „მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“.
წიგნის გადაშლისთანავე ნახავთ ხელმძღვანელი საბჭოს წერილს, რომელშიც ნათქვამია: „ვლოცულობთ, რომ ამ წიგნის დახმარებით შეძლო ღვთის თვალში სწორი გადაწყვეტილებების მიღება და იმ სირთულეებთან გამკლავება, რომლებსაც დღევანდელი ახალგაზრდები ხვდებიან“.
ცხადია, მშობლებს უნდათ შვილები „იეჰოვას მოსაწონად“ აღზარდონ და დაარიგონ (ეფეს. 6:4). მაგრამ ბევრს სიყმაწვილის ასაკში საკუთარი თავის რწმენა აკლია და რჩევები სჭირდება. ქვემოთ მოცემული რჩევებიდან გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ ამ წიგნის მეშვეობით დაეხმაროთ თქვენს შვილებს.
▪ იქონიეთ ამ წიგნის პირადი ეგზემპლარი და კარგად გაეცანით მას. ამ წიგნის მხოლოდ წაკითხვა არ კმარა. დააკვირდით, როგორ არის მასში აზრები გადმოცემული. წიგნი ახალგაზრდებს მხოლოდ იმას კი არ ეუბნება, რა არის სწორი და რა — არასწორი, არამედ მათ „აღქმის უნარის“ გაწაფვაში ეხმარება (ებრ. 5:14). მასში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ახალგაზრდები სწორად. მაგალითად, მე-15 თავი („რა გავაკეთო, თანატოლების გავლენაში რომ არ მოვექცე?“) ახალგაზრდებს მხოლოდ იმას კი არ ასწავლის, რა შემთხვევებში უნდა თქვან „არა“, არამედ, როგორ გამოიყენონ ბიბლიის პრინციპები პრობლემების გადასაჭრელად და რეალურ სიტუაციებში იცოდნენ, „ვის როგორი პასუხი გასცენ“ (კოლ. 4:6).
▪ ცარიელ ადგილებში ჩაწერეთ თქვენი აზრები. მართალია ცარიელი ადგილები ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ პირად ეგზემპლარში * მაგალითად, უპასუხეთ მე-16 გვერდზე მოცემულ კითხვებს, რომლებიც ეხება ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას და ეცადეთ გაიხსენოთ, რას გრძნობდით და განიცდიდით თქვენი შვილის ასაკში. შეგიძლიათ ის ჩაწეროთ, რასაც მაშინ ფიქრობდით. შემდეგ დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხზე წლების შემდეგ? რა ისწავლეთ ამ წლების განმავლობაში და როგორ დაეხმარებით ამ მხრივ თქვენს შვილს?
თქვენც შეგიძლიათ ჩაწეროთ პასუხები.▪ ნუ გააკონტროლებთ, რას წერს თქვენი შვილი თავის წიგნში. შესავსები ადგილები იმისთვის არის, რომ მოზარდმა თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი წერილობით ან უბრალოდ იფიქროს მასზე. თქვენი მიზანი მის გულში ჩახედვა უნდა იყოს და არა მის წიგნში. მე-3 გვერდზე, რომელიც მშობლებისთვის არის განკუთვნილი, წერია: „ნუ დაიწყებთ იმის გაკონტროლებას, თუ რას წერს თქვენი შვილი თავის წიგნში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება გაუჭირდეს თავისი აზრების გულწრფელად გამოხატვა. მოგვიანებით შესაძლოა ის თვითონ გესაუბროთ იმაზე, რასაც დაწერს“.
კარგი სახელმძღვანელო ბიბლიის ოჯახური შესწავლისთვის
წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“ (ტომი 2) შესანიშნავი განსახილველი სახელმძღვანელოა ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს. აბზაცების ბოლოს კითხვები არ არის დასმული, ამიტომ თავად მოიფიქრეთ, როგორ იქნება უკეთესი თქვენს შვილებთან ამ წიგნით შესწავლის ჩატარება.
ზოგმა ოჯახმა ჩარჩოს, „ჩემი სამოქმედო გეგმის“ (გვერდები 132, 133) განხილვისას შეიძლება ინსცენირებებიც მოაწყოს. ჩარჩოში მოცემული პირველივე კითხვა ბავშვს საშუალებას მისცემს, თქვას რა აწუხებს ყველაზე მეტად. მეორე კითხვიდან გამოჩნდება, თუ სად შეიძლება დადგეს თქვენი შვილი ამ პრობლემის წინაშე. ჯერ იმსჯელებთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ თქვენი შვილი მოექცევა თანატოლების გავლენაში ან პირიქით, გაუძლებს ცდუნებას. შემდეგ კი სთხოვეთ მას მოიფიქროს პასუხები სხვადასხვა შემთხვევისთვის. მაგალითად, მაშინ როცა პირდაპირ უნდა უპასუხოს, როცა სიტყვაზე არ უნდა გამოეკიდოს და როცა იერიშზე არ უნდა გადავიდეს. დაეხმარეთ შვილს, გამოიჩინოს საზრიანობა და მოამზადოს მისთვის ყველაზე ადვილი პასუხები, რომლებსაც დამაჯერებლად იტყვის (ფსალმ. 119:46).
ურთიერთობის საშუალება
წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“ (ტომი 2) მოუწოდებს ბავშვებს ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ მშობლებთან. მაგალითად, ჩარჩოებში „როგორ დაველაპარაკო დედას ან მამას სექსზე?“ (გვერდები 63, 64) და „ესაუბრე მშობლებს“ (გვერდი 189) მოყვანილია რჩევები, თუ როგორ შეიძლება მშობლებთან დელიკატურ საკითხებზე საუბრის დაწყება. ერთმა 13 წლის გოგონამ დაწერა: „ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გაბედულება მოვიკრიბე და მშობლებს ყველაფერი მოვუყევი, რასაც ვფიქრობდი და ვაკეთებდი“.
ეს წიგნი სხვა მხრივაც უწყობს ხელს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობას. ყოველი თავის ბოლოს ნახავთ ჩარჩოს „როგორ ფიქრობ?“ ეს ჩარჩო მხოლოდ მასალის გასამეორებლად არ არის მოცემული. ეს კითხვები შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა ერთად განიხილოთ. თითოეული თავის ბოლოში აგრეთვე შეხვდებით ჩარჩოს, „რა უნდა გავაკეთო?“. ამ ჩარჩოში ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩაწერონ, როგორ გამოიყენებენ ცხოვრებაში ნასწავლს. ამავე ჩარჩოში მოცემული ბოლო კითხვა, „რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე?“, აღძრავს ახალგაზრდებს, მშობლებს მიმართონ ძვირფასი რჩევების მისაღებად.
ჩასწვდით ბავშვის გულს!
მშობლის მიზანი უნდა იყოს, გაიგოს, რა დევს მისი შვილის გულში. წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“ (ტომი 2) ამ მხრივაც დაგეხმარებათ. განვიხილოთ, როგორ დაეხმარა ეს წიგნი ერთ მამას, გაეგო, რა ხდებოდა თავისი ქალიშვილის გულში.
«მე და რებეკა ხშირად ვსეირნობთ ხოლმე ფეხით, ველოსიპედით ან მანქანით. ასეთი გარემო ჩემს შვილს მეტად განაწყობს სალაპარაკოდ.
თავდაპირველად მე და ჩემმა ქალიშვილმა ამ წიგნიდან წავიკითხეთ ხელმძღვანელი საბჭოს წერილი და მითითება მშობლებისთვის. ჩემს გოგონას ვუთხარი, რომ მე-3 გვერდზე მოცემული მითითების თანახმად, შეეძლო წიგნში თავისუფლად დაეწერა თავისი აზრები და შევპირდი, რომ მის ნაწერს არ წავიკითხავდი.
რებეკას ვუთხარი, რომ შეგვეძლო წიგნიდან თავები მისთვის სასურველი თანმიმდევრობით განგვეხილა. ერთ-ერთი პირველი თავი, რომელიც მან აირჩია იყო: „გავერთო კომპიუტერული თამაშებით?“ ვერ წარმოვიდგენდი, ამ თავს თუ აირჩევდა. ეს თემა არცთუ უსაფუძვლოდ შეარჩია, რადგან რამდენიმე მისი მეგობარი ძალადობისა და უზნეობის ამსახველი თამაშებით ერთობოდა. წარმოდგენა არ მქონდა, ეს თამაშები ამდენ ძალადობასა და ბილწსიტყვაობას თუ შეიცავდა. ეს მაშინ გავიგე, როცა ერთად განვიხილეთ 251-ე გვერდზე ჩარჩო სათაურით, „რა უნდა გავაკეთო“. ამ ჩარჩოს დახმარებით რებეკამ მოამზადა პასუხი მისთვის, ვინც თამაშში მის აყოლიებას ეცდებოდა.
იმ დღიდან მოყოლებული რებეკა არაფერს მიმალავდა და ყველაფერს მიყვებოდა, რასაც წიგნში წერდა. შესწავლის დროს თავისუფლად ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს. აბზაცებს რიგრიგობით ვკითხულობთ, რებეკას ყველაფერზე სურს ლაპარაკი, ის არც ერთ სურათს და ჩარჩოს არ ტოვებს უყურადღებოდ. მე მას ვუყვები, რას განვიცდიდი მისი ასაკის რომ ვიყავი და ისიც არაფერს მიმალავს».
უდავოა, რომ ამ წიგნის გამოცემა ყველა მშობელს გაუხარდა. თქვენ შეგიძლიათ ის საუკეთესოდ გამოიყენოთ. ხელმძღვანელი საბჭო იმედოვნებს, რომ ის თქვენს ოჯახს ნამდვილად გამოადგება. დაე, ამ წიგნის დახმარებით ყველამ, განსაკუთრებით კი თქვენმა შვილებმა ღვთის წმინდა სულით იარონ (გალ. 5:16).
[სქოლიო]
^ აბზ. 6 წიგნში ზოგი გვერდი უფროსებისთვისაც არის განკუთვნილი. მაგალითად, 221-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო „აიყვანე თავი ხელში“, შესაძლოა, თქვენთვისაც დამხმარე აღმოჩნდეს. აგრეთვე ჩარჩოები: „ჩემი სამოქმედო გეგმა“ (გვერდები 132, 133), „ჩემი თვიური ბიუჯეტი“ (გვერდი 163) და „ჩემი მიზნები“ (გვერდი 314).
[ჩარჩო 30 გვერდზე]
ახალგაზრდების კომენტარები
„ეს ისეთი წიგნია, რომ უნდა დაჯდე, აიღო კალამი და დაფიქრებით წაიკითხო. ეს წიგნი რაღაცით დღიურს მაგონებს, სადაც შეგიძლია დაწერო შენი ნააზრევი და ამას იმისთვის აკეთებ, რომ ცხოვრების საუკეთესო გზაზე იარო“ (ნიკოლა).
„ყველა, კეთილმოსურნეებიც კი იმას ჩამჩიჩინებდნენ, რომ შეყვარებული მყოლოდა. ამ წიგნის პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ვინც რა უნდა მითხრას, ვიცი რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ“ (კეტრინა).
«ჩარჩომ სახელწოდებით „ფიქრობ მონათვლაზე?“, სერიოზულად დამაფიქრა და აღმძრა, შესწავლის ხარისხი გამეუმჯობესებინა» (ეშლი).
„მიუხედავად იმისა, რომ მშობლები პატარაობიდანვე ქრისტიანად მზრდიან, ამ წიგნმა დამანახვა, რა მიზნები უნდა დავისახო ცხოვრებაში. მისი წაკითხვის შემდეგ მშობლებთან უფრო გახსნილი ვარ“ (ზამირა).
[სურათი 31 გვერდზე]
მშობლებო, კარგად გაეცანით ამ წიგნს!
[სურათი 32 გვერდზე]
გაიგეთ, რა ხდება თქვენი შვილის გულში