არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იარეთ სულით და იცხოვრეთ მიძღვნის თანახმად!

იარეთ სულით და იცხოვრეთ მიძღვნის თანახმად!

იარეთ სულით და იცხოვრეთ მიძღვნის თანახმად!

„იარეთ სულით და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს“ (გალ. 5:16).

1. რა და რა სახის ნათლობა მოხდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

იესოს მიმდევრები ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც წმინდა სულით მოინათლნენ. წმინდა სულის წყალობით მათ სხვა მრავალი საოცარი ძღვენიც მიიღეს (1 კორ. 12:4—10). რა შედეგი გამოიღო წმინდა სულის ძღვენმა და მოციქულ პეტრეს მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა? ბევრი „გულის სიღრმემდე“ შეიძრა. ისინი გამოეხმაურნენ პეტრეს მოწოდებას, მოინანიეს და მოინათლნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც მთელი გულით მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა და იმ დღეს დაახლოებით სამი ათასი სული შეემატათ“ (საქ. 2:22, 36—41). იესოს მითითებისამებრ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით წყალში უნდა მონათლულიყვნენ (მათ. 28:19).

2, 3. ა) ახსენით, რა განსხვავებაა წმინდა სულით ნათლობასა და წმინდა სულის სახელით ნათლობას შორის. ბ) რატომ მოითხოვება ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისგან წყალში ნათლობა?

2 რა განსხვავებაა წმინდა სულით ნათლობასა და წმინდა სულის სახელით ნათლობას შორის? ისინი, ვინც წმინდა სულით ინათლებიან, ხელახლა იბადებიან, როგორც ღვთის სულით შობილი ძეები (იოან. 3:3). ისინი ცხებულნი არიან, რათა ღვთის ზეციერ სამეფოში მეფეებად და მღვდლებად იმსახურონ. ისინი ქრისტეს სულიერი სხეულის ნაწილები არიან (1 კორ. 12:13; გალ. 3:27; გამოცხ. 20:6). ამგვარად, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული იეჰოვა წმინდა სულით ნათლავდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ქრისტეს თანამემკვიდრეებად ირჩევდა (რომ. 8:15—17). მაგრამ რას ნიშნავს „წმინდა სულის სახელით“ წყალში ნათლობა, რომელიც დღეს ხშირად ხდება იეჰოვას მოწმეების კონგრესებზე?

3 ჭეშმარიტი ქრისტიანის შემთხვევაში წყალში ნათლობა იმის სიმბოლოა, რომ ის იეჰოვა ღმერთს უპირობოდ უძღვნის თავს. ეს ეხება ზეციერი მოწოდების მქონე ქრისტიანებსაც. ამავე დროს, წყალში ნათლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მილიონობით ქალისა და მამაკაცისთვის, რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ. ასე რომ, რა იმედიც არ უნდა გვქონდეს, „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ ნათლობა აუცილებელია, რათა ღმერთმა მიგვიღოს. ყველა, ვინც ამგვარად ინათლება, ღვთის სულით უნდა დადიოდეს (წაიკითხეთ გალატელების 5:16). დადიხართ სულით და ცხოვრობთ თქვენი მიძღვნის თანახმად?

რას ნიშნავს სულით სიარული?

4. რას ნიშნავს სულით სიარული?

4 სულით სიარული ნიშნავს, რომ მას ვაძლევთ ჩვენზე მოქმედების საშუალებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ყოველდღიურად მივყვებით მის ხელმძღვანელობას. გალატელების მე-5 თავში ნათლად არის დანახვებული, როგორ განსხვავდება წმინდა სულის საქმეები ხორცის საქმეებისგან (წაიკითხეთ გალატელების 5:17, 18).

5. რას ავარიდებთ თავს, თუ წმინდა სულით დავდივართ?

5 თუ წმინდა სულს მივყვებით, ყველანაირად თავს ვარიდებთ ხორცის საქმეებს. ამ საქმეებში შედის: „სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, შური, გადამეტებული სმა, ღრეობა“ (გალ. 5:19—21). შეიძლება ითქვას, რომ თქვენ „სულით სხეულის საქმეებს“ კლავთ (რომ. 8:5, 13). ეს დაგეხმარებათ, რომ ხორციელ სურვილებს კი არ აჰყვეთ, არამედ სულიერზე იყოთ კონცენტრირებულნი და მიჰყვეთ სულის ხელმძღვანელობას.

6. მაგალითის დახმარებით ახსენით, რა არის საჭირო სულის ნაყოფის გამოსაღებად.

6 წმინდა სული გვიყალიბებს ღვთისმოსაწონ თვისებებს ანუ „სულის ნაყოფს“ (გალ. 5:22, 23). მაგრამ ეს თვისებები თავისით არ ვითარდება, ჩვენი მხრიდანაც ძალისხმევაა საჭირო. მაგალითად, მიწათმოქმედი ამუშავებს მიწას. ბუნებრივია, ის მოსავალს მზისა და წყლის გარეშე ვერ აიღებს. მაგრამ თუ მიწათმოქმედი გულმოდგინედ არ იმუშავებს, შეძლებს ის მოსავლის აღებას? (იგავ. 10:4). წმინდა სული შეგვიძლია შევადაროთ მზეს. მაგრამ მხოლოდ „მზის შუქი“ სულის ნაყოფის გამოღებაში ვერ დაგვეხმარება. ნაყოფის ხარისხი და რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვამუშავებთ ჩვენი გულის „ნიადაგს“. ამიტომ დაფიქრდით: ეხმარებით წმინდა სულს, რომ თქვენში თავისი ნაყოფი გამოიღოს?

7. წმინდა სულის ნაყოფის გამოსაღებად რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სიტყვის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი?

7 კარგი მოსავალი მორწყვაზეც არის დამოკიდებული. სულის ნაყოფის განსავითარებლად საჭიროა ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტების წყალი, რომელსაც ქრისტიანული კრების მეშვეობით ვიღებთ (ეს. 55:1). ალბათ არაერთხელ აგიხსნიათ სხვებისთვის, რომ ბიბლია წმინდა სულით დაიწერა (2 ტიმ. 3:16). ერთგული და გონიერი მონის კლასი ამ სუფთა წყლის, ბიბლიური ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში გვეხმარება (მათ. 24:45—47). აქედან გამომდინარე, წმინდა სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას მივცემთ, თუ ვკითხულობთ ღვთის სიტყვას და წაკითხულს ვაანალიზებთ. თუ ასე ვიქცევით, იმ წინასწარმეტყველებს ვბაძავთ, რომლებიც „ატარებდნენ გულმოდგინე კვლევა-ძიებას“. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ანგელოზებსაც აინტერესებთ აღთქმულ შთამომავალთან და ცხებულ ქრისტიანთა კრებასთან დაკავშირებული დეტალები (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:10—12).

როგორ მოქმედებს წმინდა სული?

8. რატომ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას წმინდა სული?

8 მხოლოდ ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წმინდა სულმა იმოქმედოს ჩვენზე. დახმარება და ხელმძღვანელობა იეჰოვას უნდა ვთხოვოთ. მას შეუძლია „იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20; ლუკ. 11:13). მაგრამ ვინმეს შეიძლება დაებადოს კითხვა: „რატომ უნდა ვთხოვდე ღმერთს რამეს, თუ მან ისედაც იცის, რა მჭირდება?“ (მათ. 6:8). როცა ღმერთს წმინდა სულს სთხოვ, აჩვენებ, რომ ენდობი მას. მაგალითად, თუ ვინმე მოვა და დახმარებას გთხოვს, ყველაფერს გააკეთებ მის დასახმარებლად, რადგან ხედავ, რომ ეს ადამიანი გენდობა (შეადარეთ იგავების 3:27). მსგავსად, იეჰოვასაც სიამოვნებს, როცა მას წმინდა სულს ვთხოვთ და ის აუცილებლად შეგვისრულებს სათხოვარს (იგავ. 15:8).

9. როგორ ვაძლევთ კრების შეხვედრებზე დასწრებით წმინდა სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას?

9 წმინდა სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას მაშინაც ვაძლევთ, როცა კრების შეხვედრებსა და კონგრესებს ვესწრებით. ძალიან მნიშვნელოვანია, დავესწროთ ამ შეხვედრებს და ყურადღებით ვუსმინოთ პროგრამას. ეს დაგვეხმარება ჩავწვდეთ „ღვთის სიღრმეებს“ (1 კორ. 2:10). კარგია, თუ რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას კომენტარებში. ახლა გაიხსენეთ, ბოლო ერთი თვის მანძილზე რამდენჯერ ასწიეთ ხელი, რომ თქვენი რწმენა საჯაროდ გამოგეხატათ კომენტარით? თუ ხედავთ, რომ ამ საკითხში გაუმჯობესება გჭირდებათ, მიზნად დაისახეთ, ახლო მომავალში ამას მეტი ყურადღება მიაქციოთ. იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენი მონდომება და თავის სულს დაგახმარებთ, რათა კრების შეხვედრებმა სულიერად უფრო გაგამდიდროთ.

10. რას გავაკეთებთ, თუ სულით დავდივართ?

10 წმინდა სულით მაშინაც დავდივართ, თუ ვეხმაურებით გამოცხადების 22:17-ში ჩაწერილ მოწოდებას: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი». სული, რომელიც ცხებულთა კლასის მეშვეობით მოქმედებს, სიცოცხლის წყლის ასაღებად იწვევს ყველას. თუ უკვე გამოეხმაურეთ ამ მოწვევას, მზად ხართ, რომ ახლა თქვენც მოიწვიოთ სხვები? რა უნდა იყოს სიცოცხლის გადამრჩენ საქმეში მონაწილეობაზე უკეთესი!

11, 12. რა როლს ასრულებს წმინდა სული სამქადაგებლო საქმიანობაში?

11 ეს მნიშვნელოვანი საქმე დღეს წმინდა სულის ხელმძღვანელობით ხორციელდება. ბიბლიიდან ვიცით, როგორ მიეცათ მისიონერებს პირველ საუკუნეში წმინდა სულის დახმარებით ახალ ტერიტორიებზე ქადაგების შესაძლებლობა. მოციქულ პავლესა და მის თანამსახურებს „წმინდა სულმა აზიაში სიტყვის ქადაგება აუკრძალა“. სულმა ისინი არც ბითინიაში გაუშვა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ აუკრძალა სულმა მათ აღნიშნულ ადგილებში წასვლა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, წმინდა სული პავლეს ევროპის ვრცელი ტერიტორიებისკენ გაუძღვა. მან ხილვაში იხილა ვიღაც მაკედონელი კაცი, რომელიც დახმარებას ითხოვდა (საქ. 16:6—10).

12 იეჰოვას სული დღესაც ხელმძღვანელობს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას. მართალია იეჰოვა დღეს სასწაულებრივ ხილვებში არ გვაძლევს მითითებებს, მაგრამ ის წმინდა სულით უძღვება სულითცხებულებს. სწორედ წმინდა სული აღძრავს ქრისტიანებს, რომ თავი არ დაზოგონ ქადაგებისა და სწავლებისთვის. თუ შენ უკვე მონაწილეობ ამ მნიშვნელოვან საქმეში, შეგიძლია მეტი სიხარულით აკეთო ეს საქმე?

13. როგორ შეგვიძლია მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას? მოიყვანეთ მაგალითი.

13 წმინდა სულის ხელმძღვანელობას იმ შემთხვევაშიც მივყვებით, თუ ვითვალისწინებთ ჩვენთვის მოცემულ მითითებებს. განვიხილოთ იაპონელი მიჰოკოს შემთხვევა. ამ ახალგაზრდა დას პიონერული მსახურება ახალი დაწყებული ჰქონდა, ამიტომ თვლიდა, რომ განმეორებით მონახულებებს კარგად ვერ გაართმევდა თავს. მას ეგონა, რომ თავისი საუბრით მობინადრეს ვერ დააინტერესებდა. იმ პერიოდში „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ დაიბეჭდა რჩევები, რომლებიც განმეორებით მონახულებას ეხებოდა. მალევე გამოიცა ბროშურა „როგორ მივაღწიოთ კმაყოფილების მომგვრელ ცხოვრებას“. ეს ბროშურა იაპონელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მიჰოკომ გაითვალისწინა რჩევები, რომლებიც ამ ბროშურის მსახურებაში, განსაკუთრებით კი განმეორებითი მონახულებების დროს გამოყენებას ეხებოდა. მალე მან ისეთებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რომლებსაც ადრე შესაძლოა მისთვის შესწავლაზე უარი ეთქვათ. მიჰოკო ამბობს: „იყო დრო, ბიბლიის 12 შესწავლა მქონდა. ამის გამო ზოგს ვთხოვდი, მოეცადათ, ვიდრე მათთანაც შევძლებდი შესწავლის დაწყებას“. თუ ღვთის სულით დავდივართ და მივყვებით ღვთისგან მიღებულ მითითებებს, შედეგები გაგვაოცებს.

მიენდეთ ღვთის სულს

14, 15. ა) როგორ შეუძლია არასრულყოფილ ადამიანს იცხოვროს მიძღვნის თანახმად? ბ) როგორ შეიძლება კარგი მეგობრების შეძენა?

14 ღვთის მსახურებს მისი საქმის შესრულება გვევალება (რომ. 10:14). ზოგჯერ შეიძლება ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ ამ პასუხისმგებლობის შესრულებას. მაგრამ როგორც ცხებულებს, შენც ღმერთი გხდის გამოსადეგს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 3:5 ). მიძღვნის თანახმად მაშინ შეძლებთ ცხოვრებას, თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ და ღვთის სულს მიენდობით.

15 არასრულყოფილ ადამიანებს გვიჭირს, ვიცხოვროთ ჩვენი სრულყოფილი ღვთის, იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ჩვენი ნაცნობები ვერ იგებენ, რატომ ავირჩიეთ ეს გზა, რის გამოც გვგმობენ (1 პეტ. 4:4). მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ არჩევნის წყალობით თქვენ უამრავი მეგობარი შეიძინეთ და რაც მთავარია, იეჰოვასა და იესო ქრისტეს დაუმეგობრდით (წაიკითხეთ იაკობის 2:21—23). კარგს იზამთ, თუ თქვენს კრებაში დაუახლოვდებით ძმებსა და დებს, რომლებიც საერთაშორისო საძმოს მიეკუთვნებიან (1 პეტ. 2:17; იგავ. 17:17). იეჰოვა თავისი სულის დახმარებით ისეთ მეგობრებს შეგძენთ, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ თქვენზე.

16. როგორ შეიძლება სისუსტემ პავლეს მსგავსად თქვენც მოგანიჭოთ სიამოვნება?

16 კრებაში კარგი მეგობრები რომც გყავდეთ, შეიძლება მაინც გაგიჭირდეთ ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. პრობლემებთან ჭიდილი შეიძლება ზოგჯერ ძალიან გღლით და გგონიათ, რომ მათ თავს ვერასდროს დააღწევთ. წმინდა სული იეჰოვას განსაკუთრებით ამ დროს უნდა სთხოვოთ. „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“, — წერდა მოციქული პავლე (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:7—10; 12:10). პავლემ კარგად იცოდა, რომ ღვთის სულს შეუძლია, დაგვაძლევინოს ნებისმიერი ადამიანური სისუსტე. ასე რომ, ღვთის მოქმედ ძალას შეუძლია გაგაძლიეროთ, როცა ძალაგამოცლილი ხართ და დახმარება გჭირდებათ. „სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები“, — წერდა პავლე. ამით მას იმის თქმა უნდოდა, რომ როცა სუსტი იყო, ის წმინდა სულის ძალას გრძნობდა. თქვენც შეგიძლიათ ეს საკუთარ თავზე გამოსცადოთ (რომ. 15:13).

17. როგორ დაგეხმარებათ წმინდა სული სწორი მიმართულებით სვლაში?

17 მიძღვნის თანახმად რომ ვიცხოვროთ, ღვთის სული გვჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ გემის კაპიტანი ხართ. თქვენი მიზანია, მარადიულად ემსახუროთ იეჰოვას. წმინდა სული ზურგის ქარივითაა, რომელიც დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მისვლაში გეხმარებათ. თქვენ არ გინდათ, რომ სატანის ქვეყნიერების სულმა უგზო-უკვლოდ გახეტიალოთ (1 კორ. 2:12). ამიტომ უნდა გაარკვიოთ ქარის მიმართულება და მიჰყვეთ „ზურგის ქარს“ ანუ წმინდა სულს. ღვთის სიტყვისა და ღვთის სულით მოქმედი ორგანიზაციის მეშვეობით, წმინდა სული სწორი მიმართულებით წაგიყვანთ.

18. რის გაკეთებას აპირებთ და რატომ?

18 თუ უკვე სწავლობთ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას და გსიამოვნებთ მათთან ურთიერთობა, მაგრამ ჯერ არ მიგიძღვნიათ თავი ღვთისთვის და არ მონათლულხართ, დაფიქრდით, რატომ აყოვნებთ. თუ ხვდებით, რა როლს ასრულებს წმინდა სული დღეს იეჰოვას ნების განხორციელებაში და ხედავთ მის ძალას, ნუ დააყოვნებთ და გადადგით სწორი ნაბიჯი. იეჰოვა არც კურთხევებს მოგაკლებთ და არც წმინდა სულს დაგიკავებთ. თუ უკვე წლებია, რაც მოინათლეთ, ალბათ, საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადეთ წმინდა სულის ძალა. აუცილებლად იგრძნობდით, როგორ შეგმატათ ძალები იეჰოვამ თავისი სულით. ამიტომ თუ გსურთ, მარადიულად იგრძნოთ ღვთის სულის ძალა, კვლავაც იარეთ წმინდა სულით!

გახსოვთ?

• რას ნიშნავს სულით სიარული?

• რა დაგეხმარებათ სულით სიარულში?

• როგორ შეგიძლიათ იცხოვროთ მიძღვნის თანახმად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

გულის „ნიადაგის“ დამუშავებას ძალისხმევა სჭირდება

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

მოქმედებს თქვენზე ღვთის სული?