არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ეწინააღმდეგება ეზეკიელის 18:20-ში ჩაწერილი სიტყვები — „ვაჟს არაფერი მოეკითხება მამის დანაშაულის გამო“, გამოსვლის 20:5-ში ჩაწერილ სიტყვებს — „ვსჯი ძეებს . . . მამების დანაშაულის გამო“?

ამ მუხლებს შორის არ არის შეუსაბამობა. ერთ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება პირად პასუხისმგებლობაზე, მეორეში კი შედეგებზე, რომელსაც შთამომავლები იმკიან წინაპრის შეცდომის გამო.

ეზეკიელის მე-18 თავის კონტექსტიდან ჩანს, რომ ამ თავში პირად პასუხისმგებლობაზეა საუბარი. მაგალითად, მე-4 მუხლში ნათქვამია: „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“. რა შეიძლება ითქვას კაცზე, რომელიც „მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა“? ის „იცოცხლებს“ (ეზეკ. 18:5, 9). ასე რომ, თუ ადამიანი იმ ასაკშია, როცა საკუთარი მოქმედებისთვის აგებს პასუხს, მაშინ ის თავისი „გზისამებრ“ გასამართლდება (ეზეკ. 18:30).

ეს პრინციპი კარგად გამოჩნდა ლევიანი კორახის შემთხვევიდან. იმ დროს ისრაელი უდაბნოში იყო. კორახს აღარ აკმაყოფილებდა თავისი პასუხისმგებლობა. მღვდლობის მისაღებად კორახი და მისი თანამოაზრეები იეჰოვას წარმომადგენლებს, მოსესა და აარონს აუჯანყდნენ. იეჰოვამ აჯანყებულები სიკვდილით დასაჯა, რადგან გაკადნიერდნენ და ის მოინდომეს, რაც არ ეკუთვნოდათ (რიცხ. 16:8—11, 31—33). მაგრამ კორახის ვაჟებს მამისთვის მხარი არ დაუჭერიათ. ამიტომ ღმერთმა მათ მამის დანაშაულის გამო პასუხი არ აგებინა. იეჰოვასადმი ერთგულების გამო ისინი ცოცხლები დარჩნენ (რიცხ. 26:10, 11).

მაშ, რას ნიშნავს გამოსვლის 20:5-ში ჩაწერილი გაფრთხილება, რომელიც ათ მცნებაში შედიოდა? ყურადღება მივაქციოთ კონტექსტს. იეჰოვამ კანონის საფუძველზე დაუდო შეთანხმება ისრაელს. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების მოსმენის შემდეგ, ისრაელებმა საჯაროდ განაცხადეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“ (გამ. 19:5—8). ამგვარად, ისრაელს იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობის საშუალება მიეცა. ასე რომ, გამოსვლის 20:5-ში ჩაწერილი სიტყვები მთელ ერს ეხებოდა.

როცა ისრაელები იეჰოვას ერთგულები იყვნენ, ღვთისგან კურთხევები არ აკლდათ (ლევ. 26:3—8). მაგრამ იეჰოვა აღარ აკურთხებდა და აღარ მფარველობდა ისრაელს მას შემდეგ, რაც მათ უარყვეს იეჰოვა და ცრუღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ამის გამო მათ მრავალი უბედურება დაატყდათ თავს (მსაჯ. 2:11—18). თუმცა ისრაელში ყოველთვის იყვნენ ისეთები, რომლებიც ირგვლივ გაბატონებული კერპთაყვანისმცემლობის მიუხედავად იეჰოვას ერთგულები რჩებოდნენ და მის კანონებს იცავდნენ (1 მეფ. 19:14, 18). ერის ცოდვების გამო ზოგჯერ ერთგულებიც იჩაგრებოდნენ, მაგრამ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა მათზე.

იეჰოვამ გადაწყვიტა თავისი ხალხის დასჯა, რადგან ისრაელმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, რის გამოც ღვთის სახელი დასაცინი გახდა სხვა ერებში. ისინი ბაბილონელებმა დაიპყრეს და ტყვედ წაასხეს. ფაქტია, რომ ეს სასჯელი როგორც მთელ ერს, ისე ამ ერის ცალკეულ წარმომადგენლებსაც შეეხოთ (იერ. 52:3—11, 27). როგორც ბიბლიიდან ჩანს, ისრაელის დანაშაული იმდენად დიდი იყო, რომ სამ-ოთხ თაობაზე მეტმაც კი იწვნია წინაპართა ბოროტების შედეგები. ასე გამართლდა გამოსვლის 20:5-ში ჩაწერილი სიტყვები.

ბიბლიაში ისიც არის ჩაწერილი, რა გავლენას ახდენდა ცალკეულ ოჯახებზე წინაპრების შეცდომები. მღვდელმთავარმა ელიმ გული ატკინა იეჰოვას, რადგან თავის უვარგის და უზნეო ვაჟებს მღვდლობა არ ჩამოართვა (1 სამ. 2:12—16, 22—25). რადგან ელიმ თავისი შვილები ღმერთზე წინ დააყენა, ღმერთმა თქვა, რომ ელის ოჯახს ჩამოერთმეოდა მღვდელმთავრობა. ღვთის ეს სიტყვები ელის შვილთაშვილის შვილზე, აბიათარზე შესრულდა (1 სამ. 2:29—36; 1 მეფ. 2:27). გამოსვლის 20:5-ში ჩაწერილი პრინციპი ელისეს მსახურზე, გეხაზიზეც გამართლდა. მან თავისი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, რომ განკურნებული სირიელი მხედართმთავრისგან, ნაამანისგან ძღვენი მიეღო. ელისეს პირით იეჰოვამ მას ასეთი განაჩენი გამოუტანა: „მარადიულად შეგეყრებათ ნაამანის კეთრი შენ და შენს შთამომავლობას“ (2 მეფ. 5:20—27). ასე რომ, გეხაზის ცოდვის შედეგები მისმა შთამომავლებმაც მოიმკეს.

იეჰოვა შემოქმედი და სიცოცხლის წყაროა, ამიტომ მას აქვს სრული უფლება, გადაწყვიტოს, ვის შემთხვევაში რა იქნება სამართლიანი სასჯელი. ზემოთქმულიდან გავიგეთ, რომ შთამომავლებმა თავიანთი წინაპრების ცოდვის გამო შეიძლება მოიმკან სავალალო შედეგები. მაგრამ იეჰოვა „ისმენს დაჩაგრულთა ღაღადს“. მათ, ვინც მთელი გულით მიმართავს მას, იეჰოვა წყალობის თვალით შეხედავს და შვებასაც მოჰგვრის (იობ. 34:28).

[სურათი 29 გვერდზე]

კორახმა და მისმა თანამოაზრეებმა პასუხი აგეს თავიანთი საქციელისთვის