არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეინარჩუნეთ „სუფთა გული“ ამ მძიმე დროში

შეინარჩუნეთ „სუფთა გული“ ამ მძიმე დროში

შეინარჩუნეთ „სუფთა გული“ ამ მძიმე დროში

„ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დღეს ეკლესიაში ზნეობრივი სიწმინდე მოიკოჭლებს“, — აღნიშნა კათოლიკე ჟურნალისტმა, ვიტორიო მესორიმ იტალიის ეკლესიაში სექსუალური უზნეობის გამო ამასწინათ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით. „ამ პრობლემას საეკლესიო ცელიბატის გაუქმებაც ვერ უშველის, რადგან ამ შემთხვევათა 80 პროცენტში ჰომოსექსუალისტები არიან გარეული. შემთხვევათა უმეტესობა უკავშირდება მღვდლებს, რომლებიც ხრწნიან მამაკაცებსა და ბიჭებს“ (La Stampa).

ბოროტების მომძლავრება ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეების“ ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანია (2 ტიმ. 3:1—5). როგორც ახალი ამბებიდან ვიგებთ, ზნეობრივმა დეგრადაციამ უარყოფითად იმოქმედა არა მარტო საზოგადოებაზე, არამედ ეგრეთ წოდებულ ღვთის მსახურებზეც. გარყვნილი და უწმინდური გული მათ ყველანაირ სისაძაგლეს აკეთებინებს (ეფეს. 2:2). იესო ტყუილუბრალოდ არ ამბობდა, რომ „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათ. 15:19). მაგრამ იეჰოვა ღმერთს სურს, რომ მისი მსახურები „სუფთა გულის“ მოყვარულები იყვნენ (იგავ. 22:11). როგორ უნდა შეინარჩუნოს ქრისტიანმა სუფთა გული ამ კრიტიკულ ჟამს?

რას ნიშნავს გქონდეს „სუფთა გული“?

ბიბლიაში სიტყვა „გულს“ ხშირად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ერთი ლექსიკონის თანახმად, „გულში“ იგულისხმება „შინაგანი პიროვნება“ ანუ „ის მთავარი ნაწილი, რომელსაც ღმერთი აქცევს ყურადღებას და სადაც ისახება რელიგიური მისწრაფებები, რაც საბოლოო ჯამში ადამიანის ზნეობრიობას განსაზღვრავს“. გულით ჩვენი შინაგანი პიროვნებაა წარმოდგენილი. როგორც ზემოხსენებულ ლექსიკონში იყო ნათქვამი, სწორედ ამ „გულს“ იკვლევს იეჰოვა და ამის მიხედვით აფასებს თავის მსახურებს (1 პეტ. 3:4).

ბიბლიაში სიტყვა „სუფთა“ ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ სისუფთავეს უკავშირდება. მაგრამ ზოგჯერ ეს სიტყვა გამოყენებულია იმის აღსაწერად, რაც ზნეობრივი თუ რელიგიური თვალსაზრისით არ არის შებღალული, შებილწული და შერყვნილი. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი“. ამ შემთხვევაში ის შინაგან სისუფთავეს გულისხმობდა (მათ. 5:8). ასეთი ადამიანის სურვილები, მისწრაფებები და მოტივები სუფთაა. მადლიერებით აღძრულს მას მთელი გულით, გულწრფელად უყვარს იეჰოვა (ლუკ. 10:27). არ გინდათ, რომ თქვენც სუფთა გულის ადამიანად ითვლებოდეთ?

რატომ არ არის ადვილი „სუფთა გულის“ შენარჩუნება?

იეჰოვას მსახურს არა მარტო „უდანაშაულო ხელი“, არამედ „სუფთა გულიც“ უნდა ჰქონდეს (ფსალმ. 24:3, 4). მაგრამ დღეს ღვთის მსახურებისთვის განსაკუთრებით რთულია „სუფთა გულის“ შენარჩუნება. სატანასა და მის ძალაუფლებაში მყოფ ქვეყნიერებას, ამავე დროს ჩვენს არასრულყოფილ სხეულს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. „სუფთა გულის“ შეყვარება და გულის სისუფთავის დაცვა დაგვეხმარება, ადვილად არ მოვექცეთ უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ. ასე დავიცავთ თავს და არ გავიფუჭებთ ღმერთთან მეგობრულ ურთიერთობას. როგორ შევინარჩუნოთ სუფთა გული?

ებრაელების 3:12-ში ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „გაფრთხილდით, ძმებო, რომ არ ჩამოშორდეთ ცოცხალ ღმერთს და რომელიმე თქვენგანს ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს“. „სუფთა გულს“ ვერ შევინარჩუნებთ, თუ „ურწმუნო გული“ განგვივითარდება. რომელი შეხედულებებით ცდილობს სატანა ეშმაკი ძირი გამოუთხაროს ღვთისადმი ჩვენს რწმენას? მაგალითად, ევოლუციის თეორიით, ეთიკური და რელიგიური რელატივიზმით, რომლის თანახმადაც არ არსებობს მტკიცედ დადგენილი ეთიკური თუ ზნეობრივი ნორმები, აგრეთვე წმინდა წერილების ღვთივშთაგონებულობის ეჭვქვეშ დაყენებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არ მოვექცეთ ამ დამღუპველი იდეოლოგიის გავლენაში (კოლ. 2:8). ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და წაკითხულზე ფიქრი ყველაზე ძლიერი საშუალებაა ასეთი აზროვნებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა გაგვიძლიერებს იეჰოვას სიყვარულს და უკეთ დაგვანახვებს, რა დგას მისი ქმედებების უკან. სწორედ ეს სიყვარული და წვდომის უნარი დაგვეხმარება, არ მოვექცეთ მცდარი აზროვნების გავლენის ქვეშ და გვქონდეს ისეთი რწმენა, რომელიც სუფთა გულს შეგვანარჩუნებინებს (1 ტიმ. 1:3—5).

როგორ შევინარჩუნოთ „სუფთა გული“ ხორციელ სურვილებთან ბრძოლისას?

ჩვენი გულის სისუფთავეს კიდევ ერთ საფრთხეს ხორცისა და თვალის სურვილები უქმნის (1 იოან. 2:15, 16). ფულისა და ქონების სიყვარულმა შეიძლება გული გაგვიხრწნას და ის გაგვაკეთებინოს, რაც ღმერთს არ მოეწონება. სამსახურში ზოგი უპატიოსნოდ იქცევა, თაღლითობს და ფულს ან სხვა ნივთებს იპარავს (1 ტიმ. 6:9, 10).

მაგრამ, თუ გვეშინია, გული არ ვატკინოთ იეჰოვას, გვიყვარს სამართლიანობა და სუფთა სინდისის შენარჩუნება გვინდა, ვამტკიცებთ, რომ „სუფთა გულის“ მოყვარულები ვართ. სწორედ ეს სიყვარული გვეხმარება, „ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრ. 13:18). ჩვენი პატიოსნება შეიძლება კარგი დამოწმება აღმოჩნდეს. ერთმა იტალიელმა იეჰოვას მოწმემ, ემილიომ, რომელიც ავტობუსის მძღოლად მუშაობს, იპოვა საფულე, რომელშიც 470 ევრო იდო. თანამშრომლების გასაკვირად მან საფულე თავის უფროსს გადასცა. მოგვიანებით საფულის პატრონიც გამოჩნდა. ამან ემილიოს ზოგიერთ თანამშრომელზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ისინი ბიბლიით დაინტერესდნენ და შესწავლა დაიწყეს. შედეგად, ორი ოჯახის შვიდმა წევრმა ჭეშმარიტება მიიღო. „სუფთა გულიდან“ გამომდინარე ჩვენმა პატიოსნებამ შეიძლება სხვებსაც ღვთის განდიდების სურვილი გაუჩინოს (ტიტ. 2:10).

სექსუალური უზნეობისადმი არასწორი დამოკიდებულება კიდევ ერთი ფაქტორია, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქრისტიანის გულის სისუფთავეზე. ქორწინებამდელი სექსისადმი, ცოლქმრული ღალატისა და ჰომოსექსუალიზმისადმი შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამ შეიძლება გარყვნას ქრისტიანის გული. თუ ქრისტიანი სექსუალურ უზნეობას სჩადის, თავისი ცოდვის დამალვის მიზნით მან შეიძლება გაორებული ცხოვრება დაიწყოს. ასეთ ადამიანზე კი ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მას „სუფთა გული“ აქვს.

გაბრიელე 15 წლის ასაკში მოინათლა და მალევე შეუდგა პიონერულ მსახურებას. მოგვიანებით მან ცუდ წრეში დაიწყო ტრიალი და ღამის კლუბებში სიარული (ფსალმ. 26:4). ეს იყო უზნეო და გაორებული ცხოვრების დასაწყისი, რის გამოც ის ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა. გარიცხვის შემდეგ ის სერიოზულად დაფიქრდა. გაბრიელე იხსენებს: „მივხვდი, რომ ის უნდა მეკეთებინა, რასაც ადრე სერიოზულად არ ვეკიდებოდი. ამიტომ დავიწყე ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, ვცდილობდი გამეგო, რისი თქმა უნდოდა იეჰოვას და ყურადღებით ვსწავლობდი თეოკრატიულ პუბლიკაციებს. დავინახე, რამდენად გამამხნევებელია პირადი შესწავლა და რამხელა ძალას გაძლევს ბიბლიის კითხვა და მხურვალე ლოცვა“. ეს დაეხმარა გაბრიელეს, თავი დაენებებინა უზნეო ცხოვრებისთვის და იეჰოვასთან აღედგინა ურთიერთობა.

ამჟამად გაბრიელე მეუღლესთან ერთად ისევ პიონერად მსახურობს. მისი შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ბიბლიისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების კვლევა ეხმარება ადამიანს, თავი აარიდოს უზნეობას და შეინარჩუნოს „სუფთა გული“ (მათ. 24:45; ფსალმ. 143:10).

„სუფთა გულის“ შენარჩუნება განსაცდელების დროს

წინააღმდეგობები, ეკონომიკური პრობლემები და სერიოზული ავადმყოფობა ღვთის ზოგიერთ მსახურს თრგუნავს. ზოგჯერ ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ გულზე. თავად მეფე დავითმაც გამოსცადა ეს: „სული დამიუძლურდა; გული ჩამიკვდა“ (ფსალმ. 143:4). როგორ მოერია დავითი საკუთარ თავს? ის ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა თავის მსახურებს და იხსენებდა, თუ როგორ იხსნა ღმერთმა ის სხვადასხვა სიტუაციაში. დავითი ფიქრობდა ღვთის ნამოქმედარსა და იმაზე, რა გააკეთა იეჰოვამ თავისი დიდებული სახელის გულისთვის (ფსალმ. 143:5). იმაზე ფიქრი, თუ რა გააკეთა და რას აკეთებს ჩვენი შემოქმედი ჩვენთვის, განსაცდელების დროს ჩვენც დაგვეხმარება.

ზოგჯერ შეიძლება თანაქრისტიანის საქციელმა გული გვატკინოს. მაგრამ, თუ მუდამ ამაზე ვფიქრობთ, შეიძლება და-ძმების მიმართ უარყოფითად განვეწყოთ. ამის გამო შეიძლება საკუთარ თავში ჩავიკეტოთ და სხვებით აღარ დავინტერესდეთ. იქნება ასეთი რეაქცია სწორი, თუ გსურს „სუფთა გულის“ შენარჩუნება? სუფთა გულის შენარჩუნებაში ისიც იგულისხმება, რომ თანაქრისტიანებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს და სწორი რეაგირება მოვახდინოთ უთანხმოების დროს.

ამ უზნეო ქვეყნიერებაში, რომელიც სულ უფრო იხრწნება, ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველასგან განვსხვავდებით, რადგან „სუფთა გულის“ მოყვარულები ვართ. ღვთის ნების შესრულება სულის სიმშვიდეს გვანიჭებს, რაც დადებითად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. და რაც მთავარია, ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს შემოქმედთან, რომელსაც უყვარს ის, ვინც „სუფთაა გულით“ (ფსალმ. 73:1). ასე რომ, ჩვენც შეიძლება მოვხვდეთ იმ ბედნიერთა რიცხვში, რომლებიც იესოს დაპირებისამებრ „ღმერთს იხილავენ“, როცა ის „სუფთა გულის“ მოყვარულთა სასარგებლოდ იმოქმედებს (მათ. 5:8).