არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასაჭირმა იეჰოვასადმი ნდობა გაგვიძლიერა

გასაჭირმა იეჰოვასადმი ნდობა გაგვიძლიერა

გასაჭირმა იეჰოვასადმი ნდობა გაგვიძლიერა

მოგვითხრო ადა დელო სტრიტომ

ეს-ესაა დავამთავრე ყოველდღიური მუხლის გადაწერა ჩემს რვეულში. 36 წლის ვარ, მაგრამ რამდენიმე წინადადების დასაწერად ორი საათი დამჭირდა. დედაჩემი აგიხსნით, რატომ (ჯოელი).

მე და ჩემმა მეუღლემ 1968 წელს თავი მივუძღვენით იეჰოვას და მოვინათლეთ. ჩვენ ორი ჯანმრთელი ბიჭი, დავიდი და მარკი, გვყავდა, როცა მესამე ვაჟი, ჯოელი შეგვეძინა. ის 1973 წელს დაიბადა ბრიუსელის (ბელგია) სამხრეთით 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბინშეში. ის ნაადრევად დაიბადა და მხოლოდ 1,7 კილოგრამს იწონიდა. წონაში რომ მოემატა, ჯოელის სამშობიაროში დატოვება მომიწია.

გავიდა რამდენიმე კვირა, მაგრამ ჯოელის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ, ლუიჯიმ, ბავშვი პედიატრს მივუყვანეთ. ჯოელის გასინჯვის შემდეგ ექიმმა გვითხრა: „ვწუხვარ, მაგრამ ჯოელს თავისი ძმებისგან განსხვავებით არ გაუმართლა“. გაოგნებულები ხმას ვერ ვიღებდით. მაშინღა მივხვდი, რომ ჩვენს პატარას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ექიმმა ჩემი მეუღლე გვერდზე გაიხმო და უთხრა: „თქვენს ბავშვს ტრისომია 21 აქვს“. ეს დაავადება დაუნის სინდრომის სახელითაც არის ცნობილი. *

ამ დიაგნოზით დამწუხრებულებმა გადავწყვიტეთ ბავშვი სხვა სპეციალისტისთვისაც გვეჩვენებინა. ის მთელი საათი უსიტყვოდ ყურადღებით სინჯავდა ჯოელს. მე და ლუიჯის ეს დრო საუკუნედ მოგვეჩვენა. ბოლოს ექიმი მოგვიბრუნდა და გვითხრა: „თქვენი შვილი უთქვენოდ ვერაფერს გააკეთებს“. შემდეგ კი თბილად შემოგვხედა და დასძინა: „მაგრამ ჯოელი ბედნიერია, რადგან მის მშობლებს ის ძალიან უყვართ!“. აღელვებულმა ჯოელი ხელში ავიყვანე და სახლში დავბრუნდით. მაშინ ის მხოლოდ ორი თვის იყო.

ქრისტიანული შეხვედრებით და მსახურებით გაძლიერებულნი

დამატებითი გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯოელს გულის სერიოზული ანომალია და რაქიტის მწვავე ფორმა ჰქონდა. მისი გული ზომაზე დიდი იყო და ფილტვებს აწვებოდა, რის გამოც ორგანიზმი წინააღმდეგობას ვერ უწევდა ინფექციას. ჯოელი ოთხი თვის იყო, როცა ბრონქოპნევმონია დაემართა. ჩვენ ისევ საავადმყოფოში მოგვიწია მისი გადაყვანა, სადაც ის იზოლირებული ჰყავდათ. ჩვენთვის აუტანელი იყო მისი ტანჯვის ყურება. გვინდოდა, ხელში აგვეყვანა და მოვფერებოდით ჩვენს პატარას, მაგრამ ორ-ნახევარი თვის განმავლობაში მისი შეხების უფლებას არ გვაძლევდნენ. მე და ლუიჯი ბავშვს მხოლოდ შორიდან ვუყურებდით, ერთმანეთს გულში ვიკრავდით და ვლოცულობდით.

ამ მძიმე პერიოდშიც ვაგრძელებდით კრების შეხვედრებზე დასწრებას დავიდთან და მარკთან ერთად, რომლებიც იმ დროს 6 და 3 წლისები იყვნენ. სამეფო დარბაზში განსაკუთრებით ვგრძნობდით იეჰოვას მზრუნველ ხელს. იქ, ქრისტიანი და-ძმების გარემოცვაში, უფრო მეტად ვანდობდით იეჰოვას ჩვენს ტვირთს და შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობდით (ფსალმ. 55:22). ის ექთნებიც კი, რომლებიც ჯოელს უვლიდნენ, ხედავდნენ, როგორ გვეხმარებოდა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება წონასწორობის შენარჩუნებაში.

იმ დროს იეჰოვას ვთხოვდი, ძალები მოეცა, რომ სამქადაგებლო მსახურებაში მიმეღო მონაწილეობა. არ მინდოდა, რომ სახლში ვმჯდარიყავი და დრო ტირილში გამეტარებინა. მერჩივნა, სხვებისთვისაც მეთქვა, როგორ მაძლიერებდა იმის ცოდნა, რომ ღვთის დაპირებისამებრ აღარ იქნებოდა ავადმყოფობა. ყოველთვის, როცა მსახურებაში გავდიოდი, ვგრძნობდი, რომ იეჰოვა პასუხობდა ჩემს ლოცვებს.

„ეს სასწაულია!“

არ დამავიწყდება ის დღე, როცა ჯოელი საავადმყოფოდან როგორც იქნა სახლში წამოვიყვანეთ. მაგრამ ჩვენი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ჯოელი მეორე დღესვე ცუდად გაგვიხდა და ისევ საავადმყოფოში გავაქანეთ. გასინჯვის შემდეგ ექიმებმა გვითხრეს, რომ ჯოელი ექვს თვეზე მეტს ვერ იცოცხლებდა. ორი თვის შემდეგ, როცა ჯოელი უკვე რვა თვის იყო, ექიმების წინასწარმეტყველება თითქმის გამართლდა და მისი მდგომარეობა გაუარესდა. ექიმმა გვითხრა: „ვწუხვარ, მაგრამ მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. ახლა ბავშვს მხოლოდ იეჰოვა თუ უშველის“.

ჯოელის პალატაში შევედი. ემოციურად და ფიზიკურად ძალაგამოცლილი ვიყავი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, ბავშვს გვერდიდან არ მოვშორებოდი. რამდენიმე თანაქრისტიანი მონაცვლეობით ჩემთან რჩებოდა, სანამ ლუიჯი დავიდზე და მარკზე ზრუნავდა. ერთი კვირის შემდეგ ჯოელს გულის შეტევა დაემართა. პალატაში ექთნები შემოცვივდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთმა მითხრა: „ყველაფერი დამთავრდა“. პალატიდან ატირებული გავვარდი. ვცდილობდი, იეჰოვასთვის ლოცვით მიმემართა, მაგრამ ჩემი ტკივილის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ ვპოულობდი. დაახლოებით 15 წუთში ექთანმა დამიძახა: „ჯოელი მდგომარეობიდან გამოდის!“. მან ხელი მომკიდა და ბავშვის საჩვენებლად პალატისკენ წამიყვანა. როცა პალატაში შევედი, ჯოელს პაწია გული კვლავ უცემდა. ეს ამბავი მალე მთელ საავადმყოფოს მოედო. ექიმები და ექთნები მის სანახავად მოდიოდნენ და ამბობდნენ, ეს სასწაულიაო.

ოთხი წლის ასაკში მომხდარი კიდევ ერთი სასწაული

სანამ ჯოელი პატარა იყო, პედიატრი სულ იმას გვეუბნებოდა, ბავშვს სიყვარულს ნუ მოაკლებთო. ჯოელის დაბადების შემდეგ მე და ლუიჯიმ განსაკუთრებით ვიგრძენით იეჰოვას მზრუნველობა, ამიტომ გვინდოდა, რომ ჩვენს შვილსაც არ მოჰკლებოდა სიყვარული. ამის გაკეთების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გვქონდა, რადგან ბავშვი მთლიანად ჩვენზე იყო დამოკიდებული.

პირველი შვიდი წლის განმავლობაში ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდებოდა. ოქტომბრიდან მარტამდე ჯოელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალ-ახალი პრობლემა უჩნდებოდა, ამიტომ წარამარა საავადმყოფოში გავრბოდით. ამავე დროს ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად ყურადღება არ მომეკლო დავიდისა და მარკისთვის. ისინიც ძალიან მეხმარებოდნენ ჯოელზე ზრუნვაში. შედეგმაც არ დააყოვნა. ექიმებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ ჯოელი ვერასდროს გაივლიდა. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ჯოელი ოთხი წლის იყო, მარკმა დაუძახა: „მოდი ჯოელ, დედიკოს აჩვენე, რისი გაკეთება შეგიძლია!“. ჩემდა გასაოცრად ჯოელმა პირველი ნაბიჯი გადადგა. სიხარულისგან ცას ვეწიეთ. მთელმა ოჯახმა იეჰოვას მივმართეთ ლოცვით და მთელი გულით გადავუხადეთ მადლობა. ჯოელს უმნიშვნელო ცვლილებისთვისაც ვაქებდით.

ბავშვობაში ნასწავლმა შედეგი გამოიღო

ჯოელი შეძლებისდაგვარად დაგვყავდა სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე. მას სპეციალურ საბავშვო ეტლში ვსვამდით, რომ მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ბაქტერიებისგან დაგვეცვა. ეტლი გამჭვირვალე ცელოფნით იყო დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ ჯოელი დაფარულ ეტლში იჯდა, მას ძალიან სიამოვნებდა კრების შეხვედრებზე ყოფნა.

ჩვენი ქრისტიანი და-ძმები სიყვარულს არ გვაკლებდნენ და მხარში გვედგნენ, რაც ძალების მოკრებაში გვეხმარებოდა. ერთი ძმა ხშირად გვახსენებდა ესაიას 59:1-ში ჩაწერილ სიტყვებს: „აი, იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა ისე, რომ ვერ იხსნას, არც ყური დამძიმებულა ისე, რომ ვერ მოისმინოს“. ეს მანუგეშებელი სიტყვები დაგვეხმარა იეჰოვას მივნდობოდით.

ყველანაირად ვცდილობდით, რომ ღვთის მსახურება ჯოელისთვისაც მნიშვნელოვანი გამხდარიყო. ყოველთვის ვესაუბრებოდით იეჰოვაზე ისე, რომ მასში ზეციერი მამისადმი სიყვარული ჩაგვენერგა. იეჰოვას ვთხოვდით, ეკურთხებინა ჩვენი ძალისხმევა და ამ ყველაფერს უშედეგოდ არ ჩაევლო.

ჯოელი წამოიზარდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვხედავდით, როგორ უზიარებდა ის ბიბლიურ ჭეშმარიტებას სხვებს. თოთხმეტი წლის ჯოელმა ერთ-ერთი მძიმე ოპერაციის შემდეგ მკითხა: «დე, შეიძლება ქირურგს წიგნი „მარადიული ცხოვრება“ მივცე?». რამდენიმე წლის შემდეგ ჯოელს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს. ვიცოდით, რომ მას ეს ოპერაცია შეიძლება ვერ გადაეტანა. ოპერაციამდე ჯოელმა ექიმებს ჩვენი ერთობლივად დაწერილი წერილი გადასცა. მასში ახსნილი იყო მისი პოზიცია სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. როცა ქირურგმა ჰკითხა ჯოელს, ეთანხმებოდა თუ არა წერილის შინაარსს, მან უყოყმანოდ მიუგო: „დიახ, ექიმო!“. ჩვენ გვეამაყებოდა ის, რომ ჩვენი შვილი ენდობოდა თავის შემოქმედს და მზად იყო ესიამოვნებინა მისთვის. საავადმყოფოს პერსონალი დიდ დახმარებას გვიწევდა, რისთვისაც მათი მადლიერნი ვიყავით.

ჯოელის სულიერი წინსვლა

17 წლის ჯოელმა თავი მიუძღვნა იეჰოვას და წყალში მოინათლა. ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო. დიდ სიხარულს გვანიჭებდა მისი სულიერი წინსვლის დანახვა. მას შემდეგ იეჰოვასადმი მისი სიყვარული და მსახურებაში ენთუზიაზმი ერთი წუთითაც არ განელებულა. ჯოელის საყვარელი ფრაზაა: „ჭეშმარიტება ჩემი ცხოვრებაა!“.

მოგვიანებით ჯოელმა წერა-კითხვა ისწავლა, რისთვისაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა. თითოეული სიტყვის დაწერა მისთვის გამარჯვების ტოლფასი იყო. ყოველ დღეს ის ყოველდღიური მუხლის განხილვით იწყებს. შემდეგ ის გულმოდგინედ იწერს მუხლის კომენტარს თავის ერთ-ერთ რვეულში, რომელიც დღეისთვის უკვე გავსებული აქვს.

ჯოელს უყვარს კრების დღეებში სამეფო დარბაზში ადრე მისვლა, რათა ყველა შემომსვლელს გულთბილად მიესალმოს. შეხვედრების დროს ის აკეთებს კომენტარებს და ინსცენირებებში მონაწილეობს. ზოგჯერ ის მიკროფონებს დაატარებს ან სხვა საქმეებს ასრულებს. როცა ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ის ყოველკვირა ჩვენთან ერთად ქადაგებს. 2007 წელს კრებაში გამოცხადდა, რომ ჯოელი მომსახურედ დაინიშნა. სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდით. ასეთ კურთხევას ნამდვილად არ ველოდით.

ჩვენ ვგრძნობთ იეჰოვას მხარდაჭერას

1999 წელს ახალი განსაცდელის წინაშე დავდექით. ჩვენს მანქანას ერთი დაუდევარი მძღოლი დაეჯახა და ლუიჯი სერიოზულად დაშავდა. მისთვის ცალი ფეხის მოკვეთა გახდა საჭირო და ხერხემალზე რამდენიმე სერიოზული ოპერაციაც დასჭირდა. იეჰოვამ არც ამჯერად მიგვატოვა და ძალები შეგვმატა (ფილ. 4:13). მართალია ლუიჯი დაინვალიდდა, მაგრამ ვცდილობთ, ყველაფერს დადებითად ვუყუროთ. მას მუშაობა არ შეუძლია, ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს ჯოელთან ატარებს. ამის წყალობით უფრო მეტი დრო მაქვს სულიერი საქმეებისთვის. გარდა ამისა, ლუიჯის ახლა მეტი დრო რჩება, რომ იზრუნოს ოჯახისა თუ კრების სულიერ მოთხოვნილებებზე. დღემდე ის უხუცესთა საბჭოს კოორდინატორად მსახურობს.

ჩვენი უჩვეულო მდგომარეობის გამო ოჯახის წევრები ერთმანეთს მეტ დროს ვუთმობთ. დროთა განმავლობაში ვისწავლეთ, ვიყოთ გონიერები და რეალობას თვალი გავუსწოროთ. როდესაც გული გვიტყდება, იეჰოვას მივმართავთ ლოცვით და ჩვენს გრძნობებს ვუზიარებთ. სამწუხაროდ, როცა ჩვენი შვილები, დავიდი და მარკი, წამოიზარდნენ და სახლიდან წავიდნენ, იეჰოვას მსახურება მიატოვეს. იმედი გვაქვს, რომ ისინი დაუბრუნდებიან იეჰოვას (ლუკ. 15:17—24).

წლების მანძილზე არაერთხელ ვიგრძენით იეჰოვას მხარდაჭერა და ვისწავლეთ ნებისმიერი სირთულის დროს მასზე მინდობა. ძალიან გვიყვარს ესაიას 41:13-ში ჩაწერილი სიტყვები: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“. ძალიან გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას მაგრად აქვს ჩვენთვის ხელი ჩაჭიდებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასაჭირმა იეჰოვასადმი, ჩვენი ზეციერი მამისადმი ნდობა გაგვიძლიერა.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ტრისომია 21 არის თანდაყოლილი დაავადება, რომელიც იწვევს გონებრივ ჩამორჩენილობას. ქრომოსომები ჩვეულებრივ წყვილად გვხვდება, მაგრამ ტრისომიის შემთხვევაში ერთ-ერთ ქრომოსომულ წყვილზე ზედმეტი ქრომოსომა ჩნდება. ტრისომია 21 ქრომოსომების 21-ე წყვილზე გვხვდება.

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

ჯოელი დედასთან, ადასთან ერთად

[სურათი 18 გვერდზე]

ადა, ჯოელი და ლუიჯი

[სურათი 19 გვერდზე]

ჯოელი სიხარულით ესალმება და-ძმებს სამეფო დარბაზში