გესმით, რას გეკითხებათ იეჰოვა?
გესმით, რას გეკითხებათ იეჰოვა?
ბიბლიაში უამრავ კითხვას შეხვდებით, რომლებიც გულამდე აღწევს. კითხვების მეშვეობით იეჰოვა ღმერთი გვასწავლის მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, იეჰოვამ კითხვების მეშვეობით გააფრთხილა კაენი, სერიოზულ ცოდვაში არ გახვეულიყო (დაბ. 4:6, 7). ზოგჯერ იეჰოვას ერთი კითხვაც კი საკმარისი იყო, რომ მას სათანადო გამოხმაურება მოჰყოლოდა. როცა იეჰოვამ იკითხა, ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნებაო, წინასწარმეტყველმა ესაიამ მიუგო: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8).
დიდებული მასწავლებელი, იესო ქრისტეც დახელოვნებული იყო კითხვების დასმაში. სახარებებში იესოს მიერ დასმული 280-ზე მეტი კითხვაა ჩაწერილი. ზოგჯერ იესო კითხვებს თავისი მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად სვამდა, მაგრამ უმეტესწილად ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მსმენელის გულამდე მიეტანა სათქმელი და ღმერთთან ურთიერთობაზე დაეფიქრებინა (მათ. 22:41—46; იოან. 14:9, 10). მოციქული პავლეც, რომელმაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 14 წერილი დაწერა, დამაფიქრებელ კითხვებს სვამდა (რომ. 10:13—15). მაგალითად, რომაელებისთვის მიწერილ მის წერილში მრავალ კითხვას ვხვდებით. პავლეს მიერ დასმული კითხვები მკითხველს აღძრავდა, დაეფასებინა „ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე“ (რომ. 11:33).
ზოგი კითხვა პასუხს მოითხოვს, მაგრამ არის კითხვები, რომლებიც დასაფიქრებლად არის გამიზნული. როგორც სახარებებიდან ვიგებთ, იესო უფრო ხშირად სწორედ ამ ტიპის კითხვებს იყენებდა. ერთხელ იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“. ამ სიტყვებით იესო მათ ფარისევლობასა და ცრუ სწავლებებს გულისხმობდა (მარ. 8:15; მათ. 16:12). მისი მოწაფეები ვერ მიხვდნენ, რისი თქმა უნდოდა იესოს და იმაზე დაიწყეს კამათი, რომ პურის წამოღება დაავიწყდათ. ყურადღება მიაქციეთ, რა კითხვები დაუსვა მათ იესომ კამათის მოსმენის შემდეგ: „რატომ კამათობთ იმაზე, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებით და არაფერი გესმით? ნუთუ დახშული გაქვთ გულები? თვალები გაქვთ და ნუთუ ვერ ხედავთ? ყურები გაქვთ და ნუთუ არ გესმით? . . . მაინც ვერ ხვდებით?“. იესოს კითხვებს უნდა დაეფიქრებინა ისინი, რომ მისი სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობას ჩასწვდომოდნენ (მარ. 8:16—21).
„შეგეკითხები“
იეჰოვა ღმერთი კითხვებით ცდილობდა, თავის მსახურ იობს სწორად აზროვნებაში დახმარებოდა. კითხვების მეშვეობით იეჰოვამ დაანახვა მას, რამდენად პატარაა ადამიანი თავის შემოქმედთან შედარებით (იობი, თავები 38—41). ელოდა იეჰოვა პასუხს იობისგან? როგორც ჩანს, არა. მაგალითად კითხვა, „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?“, იობის დასაფიქრებლად იყო გამიზნული. იობს კრინტიც არ დაუძრავს, როცა იეჰოვა მსგავს კითხვებს უსვამდა. ბოლოს მხოლოდ ესღა თქვა: „რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი აფარებული“ (იობ. 38:4; 40:4). იობი მიუხვდა იეჰოვას სათქმელს და მის წინაშე თავი დაიმდაბლა. მაგრამ იეჰოვას იობისთვის კითხვები მხოლოდ იმიტომ არ დაუსვამს, რომ მისთვის თავმდაბლობა ესწავლებინა. იეჰოვა მას სწორად აზროვნებაშიც დაეხმარა. როგორ?
იობი უმწიკვლო და მართალი კაცი იყო, მაგრამ ზოგჯერ ის არასწორად მსჯელობდა. ეს არ გამორჩენია ელიჰუს, რომელმაც გაკიცხა იობ. 1:8; 32:2; 33:8—12). იეჰოვას მიერ დასმული კითხვები იობს ყველაფრის სწორად დანახვაში დაეხმარა. იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან მიუგო: „ვინ არის ეს, რომ განზრახულს უცოდინარი სიტყვებით აბნელებს? ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი, შეგეკითხები და მიპასუხე“ (იობ. 38:1—3). კითხვების მეშვეობით იეჰოვამ იობს ყურადღება თავის უსაზღვრო სიბრძნესა და ძალაზე გაუმახვილა, რომელიც მის საოცარ საქმეებში ვლინდება. ამის ცოდნა იობს დაეხმარა ახლა უფრო მეტად მინდობოდა იეჰოვას სამართლიანობას და გადაწყვეტილებებს. რა შთამბეჭდავი იქნებოდა იობისთვის ის, რომ მას კითხვებს ყოვლისშემძლე ღმერთი უსვამდა.
იობი, რადგან „საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა“ (როგორ გვესმის, რას გვეკითხება იეჰოვა?
ჩვენთვის რით არის საინტერესო ბიბლიაში ჩაწერილი კითხვები? ამ კითხვებზე დაფიქრება ჩვენს სულიერობაზეც დადებითად აისახება. ღვთის სიტყვა გარკვეულწილად კითხვების წყალობით არის გულში ჩამწვდომი. ნამდვილად, „ღვთის სიტყვა არის მოქმედი . . . და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). უფრო მეტი სარგებლობა რომ მივიღოთ, ამ კითხვებს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს იეჰოვა ჩვენ გვისვამს მათ (რომ. 15:4). მოდი, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
„განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“ (დაბ. 18:25 ). ეს რიტორიკული კითხვა აბრაამმა იეჰოვას დაუსვა მაშინ, როცა ის სოდომისა და გომორას განადგურებას აპირებდა. აბრაამისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ იეჰოვა უსამართლოდ მოიქცეოდა და მართლებს ბოროტებთან ერთად გაანადგურებდა. აბრაამის კითხვიდან ჩანს, რომ ის ღრმად იყო დარწმუნებული იეჰოვას სამართლიანობაში.
დღეს ზოგს უყვარს იმაზე მსჯელობა, თუ როგორ აღასრულებს იეჰოვა სამართალს მომავალში, კერძოდ, ვინ გადარჩება არმაგედონში ან ვინ აღდგება. ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ფიქრით დავკავდეთ, კარგი იქნება, თუ აბრაამის კითხვა გვემახსოვრება. თუ გვესმის, რომ იეჰოვა მოსიყვარულე ზეციერი მამაა და აბრაამის მსგავსად დარწმუნებული ვართ მის სამართლიანობასა და გულმოწყალებაში, დროსა და ენერგიას უაზრო წუხილში, ეჭვებსა და კამათში აღარ დავკარგავთ.
„რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“ (მათ. 6:27 ). ასეთი კითხვით მიმართა იესომ მასთან შეკრებილ ხალხს, მათ შორის თავის მოწაფეებს. იესოს ამ სიტყვებით იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ ისინი იეჰოვას უნდა მინდობოდნენ. ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში ბევრი საწუხარი გვაქვს, მაგრამ ამაზე მეტისმეტი ფიქრი ვერც სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს და ვერც მდგომარეობას გაგვიუმჯობესებს.
მაშინ, როცა საკუთარ თავზე ან ჩვენს საყვარელ ადამიანებზე ვწუხვართ, კარგი იქნება, თუ შევიხსენებთ იესოს მიერ დასმულ კითხვას, რაც პრობლემის სწორი კუთხით დანახვაში დაგვეხმარება. ეს იმაშიც დაგვეხმარება, რომ მოვერიოთ დარდს და თავი არ მივცეთ უარყოფით ფიქრებს, რომლებსაც შეუძლია ფიზიკურად და ემოციურად გამოგვფიტოს. როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, ჩვენმა ზეციერმა მამამ, რომელიც ცის ფრინველებს კვებავს და მინდვრის ყვავილებს მოსავს, კარგად იცის, რა გვჭირდება (მათ. 6:26—34).
„განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!“ (იგავ. 6:27 ). „იგავების“ პირველ ცხრა თავში ჩაწერილია ის ბრძნული რჩევები, რომელსაც მამა აძლევს შვილს. ზემოთ მოცემული კითხვა მრუშობის სავალალო შედეგებს ეხება (იგავ. 6:29). თუ ვხვდებით, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს არასერიოზული მიზნით ვეპრანჭებით ან სექსუალურ ფანტაზიებს ვაძლევთ გასაქანს, ეს კითხვა ჩვენთვის საგანგაშო სიგნალივით უნდა იყოს. „იგავებში“ ჩაწერილი ეს სიტყვები მაშინაც უნდა შევიხსენოთ, როცა არასწორი ნაბიჯის გადადგმის საშიშროების წინაშე ვდგავართ. ეს კითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს შემდეგი ბიბლიური პრინციპის უტყუარობას: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალ. 6:7).
„ვინა ხარ შენ, რომ სხვის მოსამსახურეს ასამართლებ?“ (რომ. 14:4 ). რომაელების მიმართ მიწერილ წერილში პავლემ იმსჯელა იმ პრობლემებზე, რომლებმაც პირველი საუკუნის კრებაში იჩინა თავი. კრებაში სხვადასხვა წარმომავლობის ქრისტიანები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებდა თანაქრისტიანთა გადაწყვეტილებებსა და საქციელს. პავლეს ამ კითხვას მათთვის უნდა შეეხსენებინა, რომ ერთმანეთს გულთბილად მოქცეოდნენ, გასამართლება კი იეჰოვასთვის მიენდოთ.
დღესაც იეჰოვას ხალხს შორის სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები ვართ, მაგრამ იეჰოვამ გაგვაერთიანა. ვუწყობთ ამ ერთიანობას ხელს? თუ ჩვენი და-ძმების გადაწყვეტილებების გაკრიტიკება გვახასიათებს, კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს პავლეს მიერ დასმულ ამ კითხვას გავუმეორებთ.
კითხვები იეჰოვასთან გვაახლოვებს
ამ მაგალითებიდან კარგად ჩანს, რომ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი კითხვები საკუთარი თავის გამოკვლევის კარგი საშუალებაა. თითოეული კითხვის კონტექსტის განხილვა დაგვანახვებს, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ბიბლიის კითხვის დროს კიდევ ბევრ საინტერესო კითხვას შევხვდებით (იხილეთ ჩარჩო მე-14 გვერდზე).
თუ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ გულში ჩამწვდომ კითხვებზე ვიფიქრებთ, ღვთისმოსაწონად მოვიქცევით და ვიაზროვნებთ. როცა იეჰოვამ რამდენიმე კითხვა დაუსვა იობს, მან უპასუხა: „ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი“ (იობ. 42:5). იეჰოვა იობისთვის უფრო რეალური გახდა, თითქოს ის მის თვალწინ იდგა. მოციქულმა იაკობმა დაწერა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8). დაე, ღვთის სიტყვა და მასში ჩაწერილი კითხვები ჩვენც დაგვეხმაროს სულიერ ზრდასა და იეჰოვას უკეთ დანახვაში.
[ჩარჩო 14 გვერდზე]
როგორ დაგეხმარებათ ამ კითხვებზე დაფიქრება იეჰოვას თვალსაზრისის დანახვაში?
▪ „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა?“ (1 სამ. 15:22).
▪ „თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?!“ (ფსალმ. 94:9).
▪ „ის რა დიდებაა, როცა საკუთარ დიდებას ეძებს ხალხი?“ (იგავ. 25:27).
▪ „უნდა განრისხებულიყავი?!“ (იონ. 4:4).
▪ „კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, სულს თუ დაკარგავს?“ (მათ. 16:26).
▪ „ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს?“ (რომ. 8:35).
▪ „რა გაქვს, რაც არ მიგიღია?“ (1 კორ. 4:7).
▪ „რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?“ (2 კორ. 6:14).
[სურათი 15 გვერდზე]
რა ასწავლა იობს იეჰოვამ კითხვებით?