არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას ჩვენი უსაფრთხოება სურს

იეჰოვას ჩვენი უსაფრთხოება სურს

იეჰოვას ჩვენი უსაფრთხოება სურს

როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშიში მოვლენა მოხდება, ყოვლისშემძლე ღმერთი მათ გადარჩენაზე იზრუნებს, ვინც მის მოწონებას დაიმსახურებს (იოელ. 2:32). იეჰოვა თავის ხალხს ყოველთვის იცავდა ხიფათისგან. ის „სიცოცხლის წყაროა“, ამიტომ მისთვის ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია და უნდა, რომ ყველა დაცული იყოს (ფსალმ. 36:9).

ძველ დროს ღვთის ერთგული მსახურები ითვალისწინებდნენ იეჰოვას შეხედულებას სიცოცხლეზე. დაბადების 33:18-დან ვიგებთ, რომ იაკობი და მისი ოჯახი სახიფათო მგზავრობის მიუხედავად უვნებლად მივიდნენ დანიშნულების ადგილას. მართალია, იაკობს ჰქონდა იეჰოვას მფარველობის იმედი, მაგრამ მან პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგა თავისი ოჯახის დასაცავად (დაბ. 32:7, 8; 33:14, 15). ბიბლიური პრინციპების დაცვით შეგიძლია უკეთესად იზრუნო, როგორც საკუთარ, ისე სხვების უსაფრთხოებაზე. განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს პრინციპები მათ, ვისაც სამეფო დარბაზების მშენებლობასა თუ სხვა სამშენებლო პროექტებზე უწევთ მუშაობა.

მოსეს კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები

მოსეს კანონით ღვთის ხალხს უსაფრთხოების წესების დაცვა მოეთხოვებოდა. მაგალითად, თუ ებრაელი სახლს ააშენებდა, სახლის ბანისთვის მოაჯირი უნდა გაეკეთებინა. იმ დროს ხალხი ხშირად ადიოდა ბანზე, ამიტომ მოაჯირი მათ გადმოვარდნისგან იცავდა (1 სამ. 9:26; მათ. 24:17). თუ უსაფრთხოების წესების გაუთვალისწინებლობის გამო უბედური შემთხვევა მოხდებოდა, იეჰოვა სახლის პატრონს სთხოვდა პასუხს (კან. 22:8).

მოსეს კანონი შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევაშიც ითვალისწინებდა სასჯელს. მაგალითად, თუ ხარი ვინმეს ურქენდა და მოკლავდა, პატრონს ის უნდა მოეკლა, რომ სხვებისთვისაც არ მიეყენებინა ზიანი. პატრონს არ შეეძლო ასეთი ხარის ხორცის გაყიდვა ან საკვებად გამოყენება, ამიტომ მისი დაკვლა ოჯახისთვის დიდი ზარალი იყო. მაგრამ რა სასჯელი იყო გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ პატრონი ყურადღებას არ მიაქცევდა მორქენალ ხარს, რომელმაც ვინმე დააზიანა? თუ ასეთ ხარს ვინმე შემოაკვდებოდა, ხარიცა და მისი პატრონიც უნდა მოეკლათ. ამგვარად, ეს კანონი ყველას აღძრავდა, ზერელედ არ მოჰკიდებოდა სხვების უსაფრთხოებას (გამ. 21:28, 29).

მოსეს კანონი სამუშაო იარაღების უსაფრთხოდ გამოყენებასაც ეხებოდა. ისრაელში ცულს ჩვეულებრივ შეშის მოსაჭრელად იყენებდნენ. თუ შეშის ჭრის დროს შემთხვევით ცული ტარს გასძვრებოდა, ვინმეს მოხვდებოდა და მოკლავდა, შეშის მჭრელი თავშესაფარ ქალაქში უნდა გაქცეულიყო. ის იქ მღვდელმთავრის სიკვდილამდე უნდა დარჩენილიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნებლიე მკვლელი წლების განმავლობაში მოწყვეტილი იქნებოდა ოჯახს. ამგვარად ხალხი სწავლობდა, რომ იეჰოვასთვის სიცოცხლე წმინდაა. მას, ვინც ითვალისწინებდა ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლეზე, სამუშაო იარაღები კარგ მდგომარეობაში უნდა ჰქონოდა და უსაფრთხოდ უნდა გამოეყენებინა (რიცხ. 35:25; კან. 19:4—6).

ამ კანონებით იეჰოვამ დაანახვა თავის ხალხს, რომ მათ უსაფრთხოების ზომები უნდა მიეღოთ როგორც შინ, ისე გარეთ. ვინც სხვისი სიკვდილის ან ტრავმის მიზეზი გახდებოდა, თუნდაც შემთხვევით, ღვთის წინაშე აგებდა პასუხს. იეჰოვას შეხედულება უსაფრთხოებაზე არ შეცვლილა (მალ. 3:6). მას დღესაც უნდა, რომ ჩვენ არც საკუთარ თავს მივაყენოთ ზიანი და არც სხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების მშენებლობას და მოვლას ეხება.

უსაფრთხოება სამშენებლო ობიექტზე

ჩვენთვის დიდი პატივია სამეფო დარბაზების, საკონგრესო დარბაზების და ფილიალის შენობების მშენებლობასა და მოვლაში მონაწილეობა. იმავეს თქმა შეიძლება სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულთა დახმარებაზეც. ნებისმიერ შემთხვევაში გვინდა სამუშაო ხარისხიანად შევასრულოთ, რადგან უმნიშვნელო საქმეებშიც კი დაუდევრობამ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს ჩვენც და სხვებსაც (ეკლ. 10:9). თუ უსაფრთხოების ზომების დაცვას ჩვევად გავიხდით, ტრავმებსაც ავირიდებთ.

ბიბლიაში ნათქვამია: „ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა“ (იგავ. 20:29). მძიმე სამუშაოების შესრულებას ახალგაზრდული ძალები სჭირდება. მაგრამ ჭაღარა ანუ სამშენებლო საქმეში გამოცდილი მუშები საკუთარი ხელითა თუ იარაღებით უფრო მოხერხებულად ასრულებენ სამუშაოს. თუმცა იყო დრო, როდესაც ისინი თავიანთ ახალგაზრდულ ძალებს მძიმე სამუშაოს შესასრულებლად იყენებდნენ. თუ ახალბედა ხარ, დააკვირდი, როგორ ასრულებენ სამუშაოს გამოცდილები და მიჰყევი მათ მითითებებს. თუ მოინდომებ, სამშენებლო საქმეში გამოცდილი ძმებისგან ბევრ რამეს ისწავლი, მათ შორის, სახიფათო მასალებთან ფრთხილად მუშაობას და სიმძიმეების უსაფრთხოდ აწევას. ასეთი სახით შენ შეძლებ სამუშაოს წარმატებით, უსაფრთხოდ და სიხარულით შესრულებას.

მშენებლობაზე მომუშავეებმა ყოველთვის უნდა იფრთხილონ, რადგან ბევრი რამ შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. სამშენებლო მოედანზე შეიძლება ახალ-ახალი ორმოები გაჩნდეს, ვინმემ შეიძლება კიბეს, ფიცარს ან საღებავების ვედროს შეუცვალოს ადგილი. თუ ყურადღებით არ იქნები, შეიძლება ადვილად დაიზიანო რამე. უსაფრთხოების წესების მიხედვით მუშებმა სამშენებლო მოედანზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა გამოიყენონ. კასკები, სპეციალური ფეხსაცმელები და დამცავი სათვალეები მრავალ საფრთხეს აგარიდებს თავიდან. მაგრამ დაცული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნები, თუ ეს აღჭურვილობა კარგ მდგომარეობაში გექნება და ყოველთვის გამოიყენებ.

ზოგი იარაღი ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ მის ოსტატურად და უსაფრთხოდ გამოყენებას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. თუ არ იცი რომელიმე იარაღის გამოყენება, კარგს იზამ, თუ ამის შესახებ პასუხისმგებელ ძმას ეტყვი. ის დაგეხმარება, რომ ამ იარაღის სწორად გამოყენება ისწავლო. კარგია, თუ მოკრძალებულები ვართ ანუ საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ. მშენებლობაზე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამით როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს ავარიდებთ ხიფათს (იგავ. 11:2).

მშენებლობაზე ტრავმების ძირითადი მიზეზი სიმაღლიდან ჩამოვარდნაა. სანამ კიბეზე ან ხარაჩოზე ახვალ, დარწმუნდი, რომ ყველაფერი საიმედოდ არის დამაგრებული და ხელსაწყოებიც კარგ მდგომარეობაში გაქვს. თუ ხარაჩოზე ან სახურავზე გიწევს მუშაობა, ინსტრუქციით შეიძლება მოითხოვებოდეს დამცავი ქამრის გამოყენება ან სპეციალური მოაჯირის გაკეთება. თუ სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებით რამე გაინტერესებს, შეგიძლია ამის შესახებ ზედამხედველს დაელაპარაკო. *

იეჰოვას ხალხის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება სამეფო დარბაზებსა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ სხვა შენობებზე. სამეფო დარბაზების მშენებლობისა თუ სხვა პროექტების ზედამხედველები პასუხისმგებლები არიან დაიცვან იეჰოვას ძვირფასი ცხვარი, რომელსაც ისინი უწევენ ზედამხედველობას (ეს. 32:1, 2). მშენებლობის დროს, თუ და-ძმების ხელმძღვანელობა გევალება, ნუ დაივიწყებ უსაფრთხოების აუცილებლობას. ყურადღებით იყავი, რომ სამშენებლო მოედანზე ნაგავი და ზედმეტი ნივთები არ დარჩეს. საჭიროების შემთხვევაში სხვებს რბილად და ტაქტიანად შეახსენე უსაფრთხოების წესები. ნუ ამუშავებ ახალგაზრდებსა და გამოუცდელ მოხალისეებს იმ ადგილებში, სადაც დაზიანების რისკ-ფაქტორი მაღალია. წინასწარ განსაზღვრე, რა საფრთხე შეიძლება შეექმნას მშენებელთა ბრიგადას და აუხსენი, როგორ იმუშაონ უსაფრთხოდ. გახსოვდეთ, თქვენი მიზანი პროექტის ტრავმების გარეშე დასრულება უნდა იყოს.

სიყვარულის მნიშვნელობა

თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი სამეფო დარბაზებისა და სხვა შენობების მშენებლობა გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველა, ვინც ამ პროექტებში მონაწილეობს, ფრთხილად უნდა იყოს. თუ ბიბლიის პრინციპებს და უსაფრთხოების წესებს გაითვალისწინებ, საკუთარ თავსაც დაიცავ ზიანისგან და სხვებსაც.

რატომ ვანიჭებთ უსაფრთხოებას ასეთ დიდ მნიშვნელობას? პირველ რიგში იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს მივბაძოთ მას და დავაფასოთ სიცოცხლე. გარდა ამისა, ადამიანების სიყვარულის გამო ზერელედ არ ვეკიდებით იმას, რამაც შეიძლება სხვები დააზიანოს (მათ. 22:37—39). ამიტომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 იხილეთ ჩარჩო „კიბის უსაფრთხოდ გამოყენება“, გვერდი 30.

[ჩარჩო⁄სურათი 30 გვერდზე]

კიბის უსაფრთხოდ გამოყენება

გასულ წელს შეერთებულ შტატებში 160 000-ზე მეტი მუშა დაშავდა კიბიდან ჩამოვარდნის გამო, დაახლოებით 150 ადამიანი კი დაიღუპა. მნიშვნელობა არა აქვს, სად ცხოვრობთ და სად მუშაობთ, ქვემოთ მოცემული რჩევები დაგიცავთ კიბიდან ჩამოვარდნისგან.

◇ ნუ გამოიყენებთ მორყეულ და დაზიანებულ კიბეს. ნურც მის შეკეთებას შეეცდებით. კარგი იქნება, თუ გადააგდებთ.

◇ ყველა კიბე უძლებს განსაზღვრულ დატვირთვას. ყურადღებით იყავით, რომ თქვენი და თქვენი იარაღებისა და სხვა მასალების საერთო წონამ არ გადააჭარბოს კიბის დასაშვებ დატვირთვას.

◇ კიბე ყოველთვის სწორ და მყარ ზედაპირზე დადგით. ნუ დადგამთ მას ხარაჩოზე, ვედროებზე ან ყუთებზე.

◇ ასვლისას ან ჩამოსვლისას პირი კიბისკენ გქონდეთ მიქცეული.

◇ ნუ დადგებით ან დაჯდებით კიბის ზედა ორ საფეხურზე.

◇ ასვლისას ან ჩამოსვლისას კიბე ყოველთვის ისე დადგით, რომ ის სახურავს ან სხვა ზედაპირს ერთი მეტრით მაინც ასცდეს. კიბე რომ არ გაცურდეს, დააბით ან ფეხებთან ხის ნაჭერი დაუჭედეთ. თუ ამ საშუალებებით ვერ გაამაგრებთ, სთხოვეთ ვინმეს, რომ კიბე დაგიჭიროთ. კიბის თავი გაამაგრეთ ისე, რომ გვერდზე არ გაცურდეს.

◇ ნუ იმუშავებთ კიბის საფეხურებზე გადებულ ფიცრებზე შემდგარი.

◇ თუ სიმაღლეზე მუშაობის დროს ზედმეტად იხრებით, შეიძლება კიბე გაცურდეს. მოერიდეთ აქეთ-იქით ზედმეტად გადახრას. კიბე ყოველთვის იმ ადგილთან ახლოს დადგით, სადაც გიწევთ მუშაობა.

◇ თუ კიბე კარის წინ გიდგათ, კარი ჩაკეტეთ ან გამაფრთხილებელი ნიშანი დაამაგრეთ მასზე. თუ კარი არ იკეტება, ვინმე დააყენეთ გამვლელების გასაფრთხილებლად.

◇ ნუ იმუშავებთ კიბეზე ორნი, თუ ის ერთი ადამიანისთვის არის განკუთვნილი. *

[სქოლიო]

^ აბზ. 33 კიბეზე უსაფრთხოდ მუშაობასთან დაკავშირებული დამატებითი რჩევები შეგიძლიათ ნახოთ 1999 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 22—24 (რუს.).

[სურათი 29 გვერდზე]

მოსეს კანონით ბანისთვის მოაჯირის გაკეთება მოითხოვებოდა