წმინდა სულის როლი იეჰოვას განზრახვის შესრულებაში
წმინდა სულის როლი იეჰოვას განზრახვის შესრულებაში
„ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც . . . მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ეს. 55:11).
1. მაგალითის დახმარებით ახსენით, რა განსხვავებაა გეგმასა და განზრახვას შორის.
წარმოიდგინეთ, რომ ორი კაცი ემზადება ავტომობილით გასამგზავრებლად. ერთი დეტალურად გეგმავს, როგორ მივა დანიშნულების ადგილამდე. მეორეს კი სასურველ ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე გზა აქვს არჩეული. მას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს კურსი და სხვა გზით მიაღწიოს მიზანს. ამ მაგალითიდან ვხედავთ, რა განსხვავებაა გეგმასა და მიზანს შორის. გეგმა შეიძლება შევადაროთ საგულდაგულოდ შედგენილ მარშრუტს, განზრახვის შემთხვევაში კი არ არის აუცილებელი მიზნის მისაღწევად წინასწარ ყველა დეტალის გათვალისწინება.
2, 3. ა) რა შედის ღვთის განზრახვაში და რა ზომები მიიღო იეჰოვამ ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ? ბ) რატომ უნდა ვუჭერდეთ მხარს ღვთის განზრახვის განხორციელებას?
2 თავისი ნების განსახორციელებლად იეჰოვას არა აქვს დადგენილი უცვლელი გეგმა, მას აქვს განზრახვა, რომელიც თანდათანობით ხორციელდება (ეფეს. 3:11). ეს განზრახვა უკავშირდება იმას, რაც იეჰოვას თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით, კერძოდ კი დედამიწის სამოთხედ გადაქცევა, სადაც სრულყოფილი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ მშვიდობიანად და ბედნიერად (დაბ. 1:28). ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ, იეჰოვამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები, რათა მომავალში მისი განზრახვა შესრულებულიყო (წაიკითხეთ დაბადების 3:15 ). იეჰოვას განზრახვით სიმბოლური ქალი შობდა „შთამომავალს“ ანუ ძეს, რომელიც გაანადგურებდა სატანას და ყველაფერს გამოასწორებდა (ებრ. 2:14; 1 იოან. 3:8).
3 ვერანაირი მიწიერი თუ ზეციერი ძალა ვერ შეუშლის ხელს ღმერთს თავისი განზრახვის განხორციელებაში (ეს. 46:9—11). რატომ შეიძლება ამის თქმა? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იეჰოვას წმინდა სულით განხორციელდება. ეს უსაზღვრო ძალა იმის გარანტიაა, რომ ღვთის განზრახვა აუცილებლად მიაღწევს მიზანს (ეს. 55:10, 11). ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ღვთის განზრახვა და მხარს უნდა ვუჭერდეთ მას, რადგან ჩვენი მომავალი მის შესრულებაზეა დამოკიდებული. ამასთანავე რწმენას გვიძლიერებს იმის დანახვა, როგორ იყენებს იეჰოვა თავის სულს. ამიტომ განვიხილოთ, რა როლს ასრულებდა წმინდა სული წარსულში, რა როლს ასრულებს დღეს და რა როლს შეასრულებს მომავალში ღვთის განზრახვის განხორციელებაში.
წმინდა სულის როლი წარსულში
4. როგორ მოჰფინა იეჰოვამ თანდათანობით ნათელი თავის განზრახვას?
4 ბიბლიურ დროში იეჰოვა თანდათანობით ჰფენდა ნათელს თავის განზრახვას. თავდაპირველად აღთქმული შთამომავლის ვინაობა „წმინდა საიდუმლოდ“ ითვლებოდა (1 კორ. 2:7). დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ, იეჰოვამ კვლავ მოიხსენია შთამომავალი (წაიკითხეთ დაბადების 12:7; 22:15—18). იეჰოვამ აბრაამს აღთქმა დაუდო, რომლითაც მეტი ნათელი მოეფინა შთამომავლის ვინაობას და მომავალ კურთხევებს. სიტყვები, „შენი შთამომავლის მეშვეობით“, აშკარად იმაზე მიუთითებდა, რომ შთამომავალი ადამიანი იქნებოდა და აბრაამის საგვარეულო ხაზით მოვიდოდა. სატანას, ალბათ, ძალიან აინტერესებდა, როგორ მოეფინებოდა ნათელი შთამომავალთან დაკავშირებულ დეტალებს. ღვთის ამ მტრის მიზანი ის იყო, რომ გაენადგურებინა ან გადაეგვარებინა აბრაამის შთამომავლები და ამგვარად ხელი შეეშალა ღვთის განზრახვის განხორციელებისთვის. მაგრამ სატანის ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა, რადგან მოვლენებს ღვთის უხილავი სული წარმართავდა. როგორ?
5, 6. როგორ იცავდა იეჰოვა თავისი სულით აღთქმული შთამომავლის წინაპრებს?
5 იეჰოვა თავისი სულით იცავდა აბრაამის საგვარეულო ხაზს, რომლითაც შთამომავალი უნდა მოსულიყო. აბრამს (აბრაამს) იეჰოვამ უთხრა: „მე ვარ შენი ფარი“ (დაბ. 15:1). ეს ცარიელი სიტყვები არ ყოფილა. გავიხსენოთ, რა მოხდა დაახლოებით ძვ. წ. 1919 წელს, როცა აბრაამი და სარა გერარში დაბანაკდნენ. გერარის მეფე აბიმელექმა სარას ცოლად შერთვა გადაწყვიტა, რადგან არ იცოდა, რომ ის აბრაამის ცოლი იყო. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, ამ შემთხვევაში ცდილობდა თუ არა სატანა, ხელი შეეშალა აბრაამისა და სარას შთამომავლის დაბადებისთვის. ბიბლიიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ იეჰოვა ჩაერია ამ სიტუაციაში. სიზმარში მან გააფრთხილა აბიმელექი, არ გაჰკარებოდა სარას (დაბ. 20:1—18).
6 ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა იეჰოვამ აბრაამი და მისი ოჯახი დაიცვა (დაბ. 12:14—20; 14:13—20; 26:26—29). სწორედ ამიტომ ამბობდა ფსალმუნმომღერალი აბრაამსა და მის შთამომავლებზე: «მან [იეჰოვამ] არავის დართო ნება, რამე გამოეძალათ მათთვის, მათი გულისთვის შეაგონებდა მეფეებს და ეუბნებოდა: „ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველებს!“» (ფსალმ. 105:14, 15).
7. როგორ იცავდა იეჰოვა ისრაელს?
7 იეჰოვა თავისი სულით იცავდა ძველ ისრაელს, რომელშიც აღთქმული შთამომავალი უნდა დაბადებულიყო. მან წმინდა სულით მისცა ისრაელს კანონი, რომლის წყალობითაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა უნდა შენარჩუნებულიყო. კანონი იმასაც ემსახურებოდა, რომ ერს სულიერი, ზნეობრივი და ფიზიკური სიწმინდე შეენარჩუნებინა (გამ. 31:18; 2 კორ. 3:3). მსაჯულების დროს იეჰოვას სული ძალას აძლევდა ზოგიერთებს, რომ ისრაელი მტრების ხელიდან ეხსნათ (მსაჯ. 3:9, 10). საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე იესო, აბრაამის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი გამოჩნდებოდა, წმინდა სული, როგორც ჩანს, იერუსალიმს, ბეთლემსა და ტაძარს იცავდა, რადგან იესოს შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება სწორედ ამ ადგილებს უკავშირდებოდა.
8. საიდან ჩანს, რომ წმინდა სული ეხმარებოდა ღვთის ძეს დედამიწაზე ცხოვრებისა და მსახურების დროს?
8 წმინდა სული ეხმარებოდა იესოს დედამიწაზე ცხოვრებისა და მსახურების დროს. ჯერ კიდევ იესოს დაბადებამდე, წმინდა სულის წყალობით არნახული რამ მოხდა. არასრულყოფილი ქალწულის, მარიამის საშვილოსნოში ლუკ. 1:26—31, 34, 35). ამ სულმა მოგვიანებით ჩვილი იესო უდროო სიკვდილისგანაც იხსნა (მათ. 2:7, 8, 12, 13). დაახლოებით 30 წლის იესო ღმერთმა წმინდა სულით სცხო, რომ ექადაგა და დავითის ტახტის მემკვიდრე გამხდარიყო (ლუკ. 1:32, 33; 4:16—21). იესო წმინდა სულის ძალით ახდენდა სასწაულებს — ავადმყოფებს კურნავდა, უამრავ ხალხს აპურებდა და მკვდრებს აცოცხლებდა. იესოს ძლევამოსილი საქმეები იმ კურთხევებზე გვიქმნის წარმოდგენას, რომლებსაც მისი მმართველობის დროს მივიღებთ.
ჩაისახა სრულყოფილი ბავშვი, რომელსაც ცოდვით გამოწვეული სიკვდილი არ შეეხებოდა (9, 10. ა) საიდან გამოჩნდა, რომ პირველ საუკუნეში წმინდა სული იესოს მოწაფეებზე მოქმედებდა? ბ) იეჰოვას განზრახვასთან დაკავშირებულ რა დეტალს მოეფინა ნათელი პირველ საუკუნეში?
9 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული იეჰოვა წმინდა სულს სცხებდა აბრაამის აღთქმული შთამომავლობის სხვა წარმომადგენლებს, რომელთა უმეტესობა პირდაპირი გაგებით აბრაამის შთამომავალი არ იყო (რომ. 8:15—17; გალ. 3:29). წმინდა სული პირველ საუკუნეში მცხოვრებ იესოს მოწაფეებს გულმოდგინედ ქადაგებისა და სასწაულების მოხდენის ძალას აძლევდა (საქ. 1:8; 2:1—4; 1 კორ. 12:7—11). წმინდა სულით მიღებული სასწაულებრივი ძღვნის მეშვეობით უფრო ნათელი გახდა ის, თუ როგორ განახორციელებდა იეჰოვა თავის განზრახვას. იეჰოვა მეტად აღარ იწონებდა საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ თაყვანისცემის ფორმას, რომელშიც დიდი მნიშვნელობა იერუსალიმის ტაძარს ენიჭებოდა. ღმერთი უკვე ახლადჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას იწონებდა. მას შემდეგ იეჰოვა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებას იყენებს თავისი განზრახვის განსახორციელებლად.
10 ბიბლიურ დროში თავისი განზრახვის განსახორციელებლად იეჰოვა წმინდა სულით იცავდა, აძლიერებდა და სცხებდა თავის მსახურებს. დღეს როგორ იყენებს იეჰოვა წმინდა სულს? ამის ცოდნა იმიტომ გვჭირდება, რომ მივყვეთ წმინდა სულს. ამიტომ განვიხილოთ ოთხი რამ, რისთვისაც დღეს იეჰოვა თავის წმინდა სულს იყენებს.
წმინდა სულის როლი დღეს
11. საიდან ჩანს, რომ წმინდა სული ღვთის ხალხის სიწმინდეს უწყობს ხელს და როგორ ვაჩვენებთ, რომ მივყვებით წმინდა სულს?
11 პირველი, წმინდა სული ღვთის ხალხის სიწმინდეს უწყობს ხელს. ვინც ღმერთს მისი ნების თანახმად ემსახურება, ზნეობრივად წმინდა უნდა იყოს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11 ). ზოგი ჭეშმარიტი ქრისტიანი ადრე მეძავი, მრუში და ჰომოსექსუალისტი იყო. ბევრისთვის ადვილი არ არის ღრმად გამჯდარი არასწორი სურვილებისგან გათავისუფლება (იაკ. 1:14, 15). მაგრამ, ღვთისთვის რომ ესიამოვნებინათ, ეს ქრისტიანები „განიბანნენ“ ანუ მათ შეიცვალეს ცხოვრების წესი. რა აძლევს ღვთის მოყვარულ ადამიანს იმის ძალას, რომ არ აჰყვეს ცოდვილ სურვილებს? „ჩვენი ღვთის სული“, — ნათქვამია 1 კორინთელების 6:11-ში. თუ ზნეობრივ სიწმინდეს ვინარჩუნებთ, ვამტკიცებთ, რომ წმინდა სული მოქმედებს ჩვენზე.
12. ა) ეზეკიელის ხილვის თანახმად, როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ორგანიზაციას? ბ) საიდან გამოჩნდება, რომ მივყვებით წმინდა სულს?
12 მეორე, იეჰოვა თავის ორგანიზაციას წმინდა სულით მიუძღვება. ეზეკიელის ხილვაში იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი აღწერილია, როგორც ზეციერი ეტლი, რომელიც იეჰოვას ნების შესასრულებლად შეუჩერებლად მოძრაობს. რა ამოძრავებს ზეციერ ეტლს ამა თუ იმ მიმართულებით? წმინდა სული (ეზეკ. 1:20, 21). ალბათ გვახსოვს, რომ იეჰოვას ორგანიზაცია ორი ნაწილისგან შედგება, ზეციერი და მიწიერი ნაწილისგან. თუ ზეციერი ნაწილი წმინდა სულით იმართება, იმავეს თქმა შეიძლება ამ ორგანიზაციის მიწიერ ნაწილზეც. თუ ერთგულად მივყვებით ღვთის მიწიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას ზეციერ ეტლსაც ფეხდაფეხ მივსდევთ და წმინდა სულით დავდივართ (ებრ. 13:17).
13, 14. ა) ვინ შედის იესოს მიერ მოხსენიებულ „თაობაში“? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ მოეფინა ნათელი ზოგიერთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას წმინდა სულის მეშვეობით (იხილეთ ჩარჩო „ფეხდაფეხ მიჰყვები სინათლეს, რომელიც თანდათან მატულობს?“).
13 მესამე, წმინდა სული ნათელს ჰფენს ბიბლიურ ჭეშმარიტებას (იგავ. 4:18). „ერთგული და გონიერი მონა“ დიდი ხანია ამ ჟურნალს იყენებს ჭეშმარიტების გასავრცელებლად, რომელსაც თანდათან ეფინება ნათელი (მათ. 24:45). მაგალითად, როგორ გვესმის, ვინ იგულისხმება იესოს მიერ მოხსენიებულ „თაობაში“? (წაიკითხეთ მათეს 24:32—34 ). სტატიაში „რას ნიშნავს ქრისტეს მოსვლა?“ ახსნილი იყო, რომ იესო „თაობაში“ გულისხმობდა არა ბოროტ ადამიანებს, არამედ თავის მოწაფეებს, რომლებიც მალე წმინდა სულს მიიღებდნენ. * იესოს ცხებული მიმდევრები, როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც, დაინახავდნენ ნიშანს და მიხვდებოდნენ, რომ იესო „კარზეა მომდგარი“.
14 რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? მართალია ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, რამდენ ხანს იარსებებს ეს „თაობა“, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: „თაობაში“ მაინცდამაინც ერთი ასაკის ადამიანები არ იგულისხმებიან. დროის კონკრეტულ მონაკვეთში ერთდროულად მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანებიც ერთი თაობაა; ეს მონაკვეთი არც ძალიან დიდ დროს მოიცავს და არც დაუსრულებელია (გამ. 1:6). მაშ როგორ უნდა გავიგოთ ის, რაც იესომ „თაობის“ შესახებ თქვა? როგორც ჩანს, იესო იმას გულისხმობდა, რომ ის ცხებულები, რომლებიც 1914 წელს ბოლო დღეების ნიშნის დაწყებას იხილავდნენ და ის ცხებულები, რომლებიც დიდი გასაჭირის დაწყებას მოესწრებოდნენ, დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთდროულად იცხოვრებდნენ. ამ თაობას ჰქონდა დასაწყისი და რა თქმა უნდა ექნება დასასრულიც. ნიშნისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა მოვლენის შესრულება იმაზე მიუთითებს, რომ დიდი გასაჭირი ახლოსაა. თუ სიფხიზლეს არ ვადუნებთ, ცხადვყოფთ, რომ ფეხდაფეხ მივყვებით ღვთის წმინდა სულს და ჭეშმარიტებას, რომელსაც თანდათან ეფინება ნათელი (მარ. 13:37).
15. საიდან ჩანს, რომ წმინდა სული გვაძლევს სასიხარულო ცნობის ქადაგების ძალას?
15 მეოთხე, წმინდა სული გვაძლევს ძალებს, რომ ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა (საქ. 1:8). ამ ძალის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სასიხარულო ცნობის ასე ფართოდ გავრცელება დედამიწაზე. შეიძლება შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, რომელიც ერთ დროს სიმორცხვის გამო ფიქრობდა, რომ კარდაკარ ვერასდროს იქადაგებდა. მაგრამ ახლა გულმოდგინედ ასრულებ ამ საქმეს. * მრავალმა იეჰოვას მოწმემ წინააღმდეგობებისა და დევნის მიუხედავად კვლავაც შეძლო ქადაგების გაგრძელება. მხოლოდ ღვთის წმინდა სულს შეუძლია გადაგვალახვინოს დაბრკოლებები და გაგვაკეთებინოს ის, რასაც საკუთარი ძალებით ვერასოდეს გავაკეთებდით (მიქ. 3:8; მათ. 17:20). მსახურებაში აქტიური მონაწილეობით ვაჩვენებთ, რომ მივყვებით წმინდა სულის ხელმძღვანელობას.
წმინდა სულის როლი მომავალში
16. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა დაიცავს თავის ხალხს დიდი გასაჭირის დროს?
16 მომავალში იეჰოვა წმინდა სულს განსაკუთრებული სახით გამოიყენებს თავისი განზრახვის განსახორციელებლად. როგორც უკვე დავინახეთ, წარსულში იეჰოვა წმინდა სულით იცავდა ცალკეულ ადამიანებსა თუ მთლიანობაში ისრაელ ერს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა იმავე ძლიერი სულით დაიცავს თავის ხალხს მოახლოებული დიდი გასაჭირის დროს. დღეს არ ღირს იმაზე ფიქრი, კონკრეტულად როგორ გააკეთებს იეჰოვა ამას. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარება და თავის მოყვარულებს წმინდა სულს ყველგან მიაწვდენს (2 მატ. 16:9; ფსალმ. 139:7—12).
17. როგორ გამოიყენებს იეჰოვა თავის წმინდა სულს ახალ ქვეყნიერებაში?
17 როგორ გამოიყენებს იეჰოვა თავის წმინდა სულს ახალ ქვეყნიერებაში? ამ სულის ძალით დაიწერება ახალი გრაგნილები, რომლებიც მაშინ გადაიშლება (გამოცხ. 20:12). რა ჩაიწერება ამ გრაგნილებში? შესაძლოა დეტალური მითითებები, რომელთა შესრულებასაც იეჰოვა ათასი წლის განმავლობაში მოგვთხოვს. ალბათ შენც გაინტერესებს, რა ეწერება ამ გრაგნილებში. ამიტომ სიხარულით დაელოდე ახალ ქვეყნიერებას. ჩვენ ალბათ ვერც წარმოვიდგენთ, სინამდვილეში როგორი იქნება ცხოვრება იმ დროს, როცა იეჰოვა თავისი წმინდა სულით შეასრულებს იმას, რაც დედამიწისა და მასზე მცხოვრები ადამიანებისთვის ჰქონდა განზრახული.
18. რა გაქვთ გადაწყვეტილი?
18 მოდი, ნუ დავივიწყებთ, რომ იეჰოვას განზრახვა აუცილებლად შესრულდება, რადგან ის სამყაროში უდიდეს ძალას, წმინდა სულს იყენებს ამისთვის. ეს განზრახვა ყველას გვეხება. ამიტომ ვთხოვოთ იეჰოვას თავისი სული და მივყვეთ მის ხელმძღვანელობას (ლუკ. 11:13). ამგვარად შევძლებთ სამოთხეში მარადიულად ცხოვრებას, როგორც ეს თავდაპირველად ჰქონდა ღმერთს ჩაფიქრებული.
[სქოლიოები]
^ აბზ. 13 იხილეთ 2008 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—25.
^ აბზ. 15 იხილეთ 1993 წლის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები, გვერდი 12 (br-5), სადაც მოთხრობილია ერთი ქრისტიანის შესახებ, რომელმაც დასძლია სიმორცხვე და გულმოდგინე მქადაგებელი გახდა.
გახსოვთ?
• როგორ იყენებდა წარსულში იეჰოვა წმინდა სულს თავისი განზრახვის შესასრულებლად?
• როგორ იყენებს იეჰოვა წმინდა სულს დღეს?
• რას გააკეთებს იეჰოვა წმინდა სულით მომავალში თავისი განზრახვის განსახორციელებლად?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო 10 გვერდზე]
ფეხდაფეხ მიჰყვები სინათლეს, რომელიც თანდათან მატულობს?
იეჰოვა ეხმარება თავის ხალხს, რომ უკეთ ჩასწვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. რა საკითხებს მოეფინა ნათელი ბოლო დროს „საგუშაგო კოშკში“?
▪ საფუარზე მოყვანილი მაგალითიდან, რა გვასწავლა იესომ სულიერ ზრდასთან დაკავშირებით? (მათ. 13:33) (2008 წლის 15 ივლისი, გვერდები 19, 20)
▪ როდის შეწყდება ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანთა არჩევა? (2007 წლის 1 მაისი, გვერდები 30, 31)
▪ რას ნიშნავს იეჰოვას თაყვანისცემა „სულით“? (იოან. 4:24) (2002 წლის 15 ივლისი, გვერდი 15)
▪ რომელ ეზოში მსახურობს უამრავი ხალხი? (გამოცხ. 7:15) (2002 წლის 1 მაისი, გვერდები 30, 31)
▪ როდის დაიწყება ცხვრებისა და თხების გამოცალკევება? (მათ. 25:31—33) („საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები, br-10, გვერდები 23—32)