არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არ მოსუსტდეთ სულიერად, როცა ავადმყოფს უვლით!

არ მოსუსტდეთ სულიერად, როცა ავადმყოფს უვლით!

არ მოსუსტდეთ სულიერად, როცა ავადმყოფს უვლით!

კიმს *, რომელიც იეჰოვას მოწმეა ხერხემალზე სიმსივნე აღმოაჩნდა; ექიმებმა მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ კიმმა რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის კურსები ჩაიტარა, — ამბობს მისი ქმარი სტივი. მკურნალობის შედეგად გამოწვეულმა გვერდითმა მოვლენებმა კიმი ძალიან დაასუსტა. მას გადაადგილებაც კი უჭირდა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სტივის განცდები, როცა ხედავდა, როგორ ებრძოდა ავადმყოფობას მისი საყვარელი მეუღლე? შეიძლება თქვენი ოჯახის რომელიმე წევრიც იტანჯება მძიმე დაავადებით ან ხანდაზმულობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის (ეკლ. 12:1—7). თუ ასეა, იცოდეთ, საყვარელ ადამიანზე სათანადოდ რომ იზრუნოთ, უპირველესად საკუთარ თავს უნდა მიხედოთ. თუ სულიერად მოსუსტდებით, თქვენი ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობაც შეირყევა და ვეღარ დააკმაყოფილებთ ოჯახის წევრების მოთხოვნილებებს. როგორ შეგიძლიათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნება მაშინ, როცა ავადმყოფ ან ხანდაზმულ ოჯახის წევრს უვლით? როგორ უნდა გამოავლინონ ყურადღება ქრისტიანული კრების წევრებმა ავადმყოფებისა და მოხუცების მიმართ.

როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა?

ავადმყოფის მოვლის პერიოდში სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა სიტუაციას მოერგოთ და დაზოგოთ დრო და ენერგია. „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“, — ნათქვამია იგავების 11:2-ში. ამ კონტექსტში „მოკრძალებაში“ იგულისხმება საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნა. თუ გაინტერესებთ, გასცდით თუ არა თქვენი შესაძლებლობების ზღვარს, გადახედეთ თქვენს გეგმასა და ვალდებულებებს.

სტივმა თავის გეგმას გადახედა, რითაც სიბრძნე და მოკრძალება გამოავლინა. გარდა იმისა, რომ მუშაობდა, ის ირლანდიის ერთ-ერთ კრებაში უხუცესთა საბჭოს კოორდინატორად და სამსახურებრივ ზედამხედველად მსახურობდა. სტივი საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტშიც იყო. „კიმს არასდროს დაუწუწუნია, რომ ამდენი პასუხისმგებლობის გამო, მას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, — აღნიშნავს სტივი. — თუმცა ძალიან გამოვიფიტე, რადგან იმაზე მეტ საქმეს ვეჭიდებოდი, ვიდრე შემეძლო“. როგორ გაართვა სტივმა თავი ამ სიტუაციას? ის ამბობს: „ლოცვაში იეჰოვას ხელმძღვანელობა ვთხოვე. შემდეგ გადავწყვიტე, უარი მეთქვა კოორდინატორად მსახურებაზე. კრებაში ისევ ვმსახურობდი უხუცესად, მაგრამ ზოგი დავალების სხვებისთვის გადაბარებამ იმის შესაძლებლობა მომცა, რომ კიმისთვის მეტი დრო და ყურადღება დამეთმო“.

დროთა განმავლობაში კიმის მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა. სტივმა და კიმიმ ხელახლა გადახედეს თავიანთ მდგომარეობას. მეუღლის ხელშეწყობით, სტივმა კვლავ შეძლო კრებაში პასუხისმგებლობების მიღება. „ორივემ ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით ჩვენს სიტუაციაში. მადლობას ვუხდი იეჰოვას დახმარებისთვის და ჩემს მეუღლეს, რომელიც ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად, წუწუნის გარეშე მიჭერს მხარს.

ახლა განვიხილოთ სარაიონო ზედამხედველის ჯერისა და მისი მეუღლის, მარიას შემთხვევა. ასაკოვან მშობლებზე რომ ეზრუნათ, მათ თავიანთი მიზნების შეცვლა მოუწიათ. „მე და ჩემს მეუღლეს მისიონერად მსახურება გვსურდა, — ამბობს მარია. — ჯერის მშობლები მზრუნველობას საჭიროებდნენ და რადგან ჯერის დედმამიშვილები არა ჰყავს, ირლანდიაში დარჩენა გადავწყვიტეთ. ჩვენ გვერდიდან არ ვცილდებოდით ჯერის მამას, რომელიც სიკვდილამდე საავადმყოფოში იწვა. ჯერის დედასთან დღეს ყოველდღე გვაქვს ურთიერთობა და როცა მას დახმარება სჭირდება, მის გვერდით ვართ. ჯერის დედას ყურადღებას და მზრუნველობას არც კრების წევრები აკლებენ, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, არ შევწყვიტოთ მიმოსვლითი მსახურება“.

სხვებს როგორ შეუძლიათ დახმარება?

როცა პავლე საუბრობდა, როგორ უნდა დახმარებოდა კრება ასაკოვან ქვრივებს, მან დაწერა: „ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“. პავლემ თანაქრისტიანებს შეახსენა, მათი თაყვანისცემა ღვთისთვის მოსაწონი რომ ყოფილიყო, მატერიალურად უნდა ეზრუნათ ხანდაზმულ მშობლებსა და პაპა-ბებიებზე (1 ტიმ. 5:4, 8). თუმცა, ხანდაზმულებისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა, კრების წევრების ვალიცაა.

შვედეთში მცხოვრები ხანდაზმული ცოლ-ქმარი, ჰოკენი და ინგერიც არაერთ პრობლემას ებრძვის. ჰოკენი ამბობს: „თავზარი დაგვეცა, როცა გავიგეთ, რომ ჩემს ცოლს კიბო ჰქონდა. ინგერი ყოველთვის ჯანმრთელი და ძლიერი იყო. ყოველდღე გვიწევდა საავადმყოფოში სიარული. ინგერი ძალიან დასუსტდა. მთელი ამ ხნის მანძილზე მას უცდებოდა კრების შეხვედრები, მე გვერდიდან არ ვშორდებოდი“. რა გააკეთა კრებამ ჰოკენისა და ინგერის დასახმარებლად?

კრების უხუცესებმა იზრუნეს იმაზე, რომ მათ ტელეფონით მოესმინათ კრების შეხვედრებზე განხილული მასალა. გარდა ამისა, და-ძმები ჰოკენსა და ინგერს სახლში აკითხავდნენ და ტელეფონით ურეკავდნენ. ისინი ასევე წერილებსა და ღია ბარათებს უგზავნიდნენ. „ჩვენ ვგრძნობდით, რომ მთელი საძმო გვერდში გვედგა და იეჰოვას დახმარება არ მოგვკლებია. ჩვენი სულიერი სიმტკიცისთვის ეს უმნიშვნელოვანესი იყო. საბედნიეროდ, ინგერი მომჯობინდა და ჩვენ ისევ შევძელით სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება“, — აღნიშნა ჰოკენმა. კრების წევრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ავადმყოფებისა და ხანდაზმულების დასახმარებლად, ამტკიცებენ, რომ „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავ. 17:17).

იეჰოვა აფასებს თქვენს ძალისხმევას

ავადმყოფის მოვლა ნამდვილად არ არის ადვილი. თუმცა, როგორც მეფე დავითმა დაწერა: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს“, ანუ მას, ვინც ავადმყოფობის გამო დახმარებას საჭიროებს (ფსალმ. 41:1).

როგორ შეიძლება ავადმყოფის მომვლელი ბედნიერი იყოს? იგავების 19:17-ში ვკითხულობთ: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“. ჭეშმარიტი ღმერთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც ავადმყოფობით იტანჯებიან; ხოლო მათ, ვინც ავადმყოფებს სწყალობს, იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს. ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: „იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე. შენ შეცვლი მისი სნეულების სარეცელს“ (ფსალმ. 41:3). შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ თუ ავადმყოფზე ზრუნვის გამო ბევრ რამეს ვიტანთ, იეჰოვა აუცილებლად დაგვეხმარება.

ჩვენთვის გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ის, რასაც ავადმყოფის მოსავლელად ვაკეთებთ. მართალია, ამის გაკეთება ჩვენი მხრიდან თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ „ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრ. 13:16).

[სქოლიო]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

[სურათები 18 გვერდზე]

შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა და სიხარულით მიიღეთ სხვების დახმარება