გაიწაფეთ აღქმის უნარი
გაიწაფეთ აღქმის უნარი
გამოცდილი ტანმოვარჯიშე, რომელიც სხარტ და გრაციოზულ მოძრაობებს ასრულებს, აღფრთოვანებას იწვევს. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, გაიწაფონ აღქმის უნარი, როგორც, მაგალითად, ტანმოვარჯიშეს აქვს სხეული გავარჯიშებული.
ებრაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქული წერდა: „მაგარი საჭმელი კი მოწიფულთათვის არის, რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს [გრძნობის ორგანოებს] და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრ. 5:14). რატომ მოუწოდებდა პავლე ებრაელ ქრისტიანებს აღქმის უნარის გაწაფვისკენ და როგორ შეგვიძლია აღქმის უნარის გაწაფვა?
„მასწავლებლები უნდა იყოთ“
მას შემდეგ, რაც პავლემ იესოზე თქვა, რომ ის არის „მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით“, დასძინა: „მის [იესოს] შესახებ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, რისი ახსნაც ძნელია იმის გამო, რომ ყურმძიმენი გახდით. დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლები უნდა იყოთ, მაგრამ თქვენ თვითონ გჭირდებათ ვინმე, რომ თავიდან გასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლები. თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ“ (ებრ. 5:10—12).
როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში ზოგი ებრაელი ქრისტიანი ცოდნას არ იღრმავებდა და სულიერად წინ ვერ მიიწევდა. მაგალითად, მათ უჭირდათ კანონთან და წინადაცვეთასთან დაკავშირებული ცვლილების მიღება (საქ. 15:1, 2, 27—29; გალ. 2:11—14; 6:12, 13). ზოგი უარს ვერ ამბობდა ძველ ტრადიციებზე, მაგალითად, ყოველკვირეული შაბათისა და ყოველწლიური გამოსყიდვის დღის დაცვაზე (კოლ. 2:16, 17; ებრ. 9:1—14). სწორედ ამიტომ მოუწოდა მათ პავლემ, გაეწაფათ აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად და ‘ესწრაფათ მოწიფულობისკენ’ (ებრ. 6:1, 2). პავლეს დარიგების შემდეგ ზოგი დაფიქრდებოდა იმაზე, რომ საჭირო იყო აღქმის უნარის გაწაფვა და სულიერად გაიზრდებოდა. რას ვიტყოდით ჩვენს თავზე?
გაიწაფეთ აღქმის უნარი
როგორ გავიწაფოთ აღქმის უნარი, სულიერად მოწიფულები რომ გავხდეთ? როგორც პავლემ თქვა, აღქმის უნარის გამოყენებით. ტანმოვარჯიშის მსგავსად, რომელიც კუნთებს ავარჯიშებს ლამაზი და რთული მოძრაობების შესასრულებლად, ჩვენც უნდა გავიწაფოთ აღქმის უნარი, რათა კარგი და ცუდი ერთმანეთისგან გავარჩიოთ.
ჰარვარდის სამედიცინო კოლეჯის, ფსიქიატრიის განყოფილების პროფესორის თანაშემწე ჯონ რეტი ამბობს: „ტვინისთვის ერთადერთი საუკეთესო საშუალება გონების ვარჯიშია“. ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ხანდაზმულობის, ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ცენტრის ხელმძღვანელი ჯინ ჰოკენი კი აღნიშნავს: „როცა გონება დატვირთულია, ტვინის უჯრედები წარმოქმნის ახალ დენდრიტებს და შედეგად სინაფსების ანუ ფუნქციური კონტაქტების რაოდენობა იზრდება“.
გონივრულად ვიქცევით, თუ ვავარჯიშებთ გონებას და ბიბლიის ცოდნის დონეს ვზრდით. ამგვარად, უკეთ შევასრულებთ ‘ღვთის სრულყოფილ ნებას’ (რომ. 12:1, 2).
გიყვარდეთ „მაგარი საჭმელი“
თუ გვინდა, ‘ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ’, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დავუსვათ: ვიღრმავებ ბიბლიურ ცოდნას? მთვლიან სხვები სულიერად მოწიფულ ქრისტიანად? დედას უხარია, როცა მისი ჩვილი რძით ან ბავშვის საკვებით იკვებება. მაგრამ წარმოიდგინეთ, რას იგრძნობს დედა, თუ წლების სვლასთან ერთად ბავშვი უარს ამბობს მაგარი საჭმლის მიღებაზე. ჩვენ გვიხარია, როცა ბიბლიის შემსწავლელი სულიერად იზრდება, თავს უძღვნის იეჰოვას და ინათლება. მაგრამ თუ ამის მერე ის ერთ ადგილზე რჩება და სულიერად არ იზრდება, ეს ძალიან საწყენია (1 კორ. 3:1—4). ბუნებრივია, მასწავლებელი იმედოვნებს, რომ თავის დროზე მისი მოსწავლეც მასწავლებელი გახდება.
აღქმის უნარის გამოყენებით სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა რომ შეგვეძლოს, ფიქრია საჭირო, რასაც გონების დაძაბვა სჭირდება (ფსალმ. 1:1—3). არ უნდა დავუშვათ, რომ ტელევიზორმა, ჰობიმ თუ სხვა რამემ, რაც გონების დაძაბვას დიდად არ საჭიროებს, ხელი შეგვიშალოს ღირებულ საკითხებზე ფიქრში. აღქმის უნარის გასაწაფად აუცილებელია ბიბლიისა და „ერთგული და გონიერი“ მონის მიერ მოწოდებული პუბლიკაციების მიმართ მადის გაღვიძება და დანაყრება (მათ. 24:45—47). ბიბლიის რეგულარული კითხვის გარდა, საჭიროა, დრო დავუთმოთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემასა და ბიბლიური თემების სიღრმისეულ კვლევას.
ჯერონიმო, რომელიც მექსიკაში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს, ამბობს, რომ „საგუშაგო კოშკის“ ყოველ ნომერს მიღებისთანავე გულდასმით კითხულობს. ის ბიბლიას მეუღლესთან ერთადაც იკვლევს. ჯერონიმო ამბობს: « „მე და ჩემს მეუღლეს ჩვევად გვაქვს ყოველდღე ბიბლიის ერთად კითხვა. ამ დროს ვიყენებთ ბროშურა „მადლიან ქვეყანას“». რონალდი კი ამბობს, რომ ყოველთვის მიჰყვება კრების შეხვედრებისთვის განკუთვნილ ბიბლიის კითხვის გეგმას. გარდა ამისა, ის გეგმავს ერთი ან ორი საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევას, რაც შეიძლება ერთ დღეში ვერ ამოწუროს. „ყოველ მომდევნო შესწავლას სულმოუთქმელად ველოდები“ — ამბობს რონალდი.
ჩვენს თავზე რაღას ვიტყოდით? ვუთმობთ საკმარის დროს ბიბლიის შესწავლასა და ანალიზს? ვიწაფავთ აღქმის უნარს და ვიძენთ გამოცდილებას, გადაწყვეტილებები ბიბლიური პრინციპების საფუძველზე რომ მივიღოთ? (იგავ. 2:1—7). მაშ, მიზნად დავისახოთ, გავხდეთ სულიერად მოწიფული ქრისტიანები და კურთხეულნი ვიყოთ იმ ცოდნითა და სიბრძნით, რომელიც აქვთ მათ, ვისი აღქმის უნარიც გაწაფულია კარგისა და ცუდის გასარჩევად!
[სურათი 23 გვერდზე]
აღქმის უნარს მისი გამოყენების საშუალებით ვიწაფავთ