არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ არ დაისაჯა აარონი ოქროს ხბოს ჩამოსხმისთვის, მაშინ როცა იეჰოვა კრძალავს კერპთაყვანისმცემლობას?

გამოსვლის 32-ე თავიდან ვიგებთ, რომ აარონმა ოქროს ხბო ჩამოასხა. აარონმა დაარღვია ღვთის კანონი, რომლის თანახმადაც იკრძალებოდა კერპთაყვანისმცემლობა (გამ. 20:3—5). ამის გამო „ძლიერ განრისხდა იეჰოვა [აარონზე] და კინაღამ გაანადგურა იგი; მაშინ აარონის გულისთვისაც“ შეევედრა მოსე (კან. 9:19, 20). აარონის შემთხვევაშიც „დიდი ძალა“ ჰქონდა მართალი კაცის, მოსეს ვედრებას? (იაკ. 5:16). დიახ, რადგან ამ და, სულ მცირე, კიდევ ორი მიზეზის გამო, როგორც ჩანს, იეჰოვამ შეისმინა მოსეს ვედრება და არ დასაჯა აარონი.

ერთი მიზეზი, ალბათ, აარონის მიერ წარსულში გაკეთებული ერთგულების დამამტკიცებელი საქმეები იყო. როცა იეჰოვამ მოსეს ფარაონის წინაშე წარდგომა და ისრაელი ერის ეგვიპტიდან გამოყვანა დაავალა, აარონიც თან გააყოლა, რათა მის მაგივრად ელაპარაკა (გამ. 4:10—16). ეს ორი მამაკაცი დაემორჩილა იეჰოვას და ეგვიპტის ფარაონის წინაშე არაერთხელ წარდგა. მათ პირადად მოუწიათ გულქვა ფარაონთან საუბარი. ამიტომაც აარონმა ჯერ კიდევ ეგვიპტეში მოიპოვა ღვთის ერთგული მსახურის სახელი (გამ. 4:21).

გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამ მიიყვანა აარონი ცოდვის ჩადენამდე. მოსემ 40 დღე სინას მთაზე დაჰყო. როცა „დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას“, აარონს მათ ოქროს ხბო ჩამოასხმევინეს (გამ. 32:1—6). თუმცა აარონის შემდგომი საქმეებიდან გამოჩნდა, რომ ის არ იწონებდა კერპთაყვანისმცემლობას. როგორც ჩანს, აარონს კერპი იძულებით გააკეთებინეს. კულმინაციურ მომენტში, როცა მოსემ უთხრა ხალხს, არჩევანი გაეკეთებინათ, ლევის ძეებმა, რომელთა შორის აარონიც იყო, უყოყმანოდ დაიკავეს იეჰოვას მხარე. სამი ათასი კაცი, რომელთაც კერპთაყვანისმცემლობაში უშუალოდ მიუძღოდათ ბრალი, დაიხოცა (გამ. 32:25—29).

ამის შემდეგ მოსემ ხალხს უთხრა: „ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინეთ“ (გამ. 32:30). ამგვარად, ცოდვაში მხოლოდ აარონს არ მიუძღოდა ბრალი. იეჰოვამ წყალობა როგორც აარონის მიმართ, ისე დანარჩენი ხალხის მიმართ გამოავლინა.

ამ შემთხვევის შემდეგ იეჰოვამ აარონი მღვდელმთავრად დანიშნა. ღმერთმა მოსეს უთხრა: „შემოსე აარონი წმინდა ტანსაცმლით. სცხე იგი და განწმინდე, რათა მღვდლად მემსახუროს“ (გამ. 40:12, 13). აშკარაა რომ, იეჰოვამ აპატია აარონს შეცდომა. აარონის გული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ იყო მიმართული და არა კერპთაყვანისმცემლობისკენ. მას მდრტვინავი სული არ ჰქონია.