არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა დაიცვას ქალმა მეთაურობის პრინციპი?

რატომ უნდა დაიცვას ქალმა მეთაურობის პრინციპი?

რატომ უნდა დაიცვას ქალმა მეთაურობის პრინციპი?

„ქალის თავი კაცია“ (1 კორ. 11:3).

1, 2. ა) რას ამბობს მოციქული პავლე იეჰოვას დადგენილ მეთაურობის პრინციპზე? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხები ამ სტატიაში?

იეჰოვამ გონიერ ქმნილებებს თავ-თავისი ადგილი მიუჩინა. პავლე სწორედ ამ წესრიგს გულისხმობდა, როცა წერდა: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა . . . ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:3). წინა სტატიაში აღნიშნული იყო, რომ იესო სიხარულით ემორჩილებოდა იეჰოვა ღმერთს და ამას დიდ პატივად თვლიდა. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქრისტიანი მამაკაცის თავი ქრისტეა. ქრისტე ადამიანების მიმართ სიკეთეს, რბილ ხასიათსა და თანაგრძნობას ავლენდა; არ იყო ეგოისტი. ქრისტიანი მამაკაცებიც ასე უნდა ექცეოდნენ კრების წევრებს, განსაკუთრებით კი თავიანთ მეუღლეებს.

2 რისი თქმა შეიძლება ქალზე, ვინ არის მისი თავი? „ქალის თავი კაცია“, — დაწერა პავლემ. როგორ უნდა უყურებდეს ქალი პავლეს ამ ღვთივშთაგონებულ სიტყვებს? მაშინაც უნდა გაითვალისწინოს ქალმა ეს პრინციპი, როცა ქმარი არ იზიარებს მის რწმენას? ნიშნავს ქმრისადმი მორჩილება იმას, რომ ოჯახში ქალს სიტყვა არ ეთქმის და გადაწყვეტილების მიღებისას არა აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება? როგორ შეიძლება, ქალმა ქება დაიმსახუროს?

„შევუქმნი დამხმარეს“

3, 4. რატომ არის კარგი ცოლ-ქმრისთვის მეთაურობის პრინციპის დაცვა?

3 მეთაურობის პრინციპი ღვთის დადგენილია. ადამის შექმნის შემდეგ იეჰოვა ღმერთმა თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“. როცა იეჰოვამ ადამს ევა მიუყვანა, ადამს ძალიან გაუხარდა, რომ დამხმარე და შემავსებელი ეყოლებოდა და თქვა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“ (დაბ. 2:18—24). ადამსა და ევას არაჩვეულებრივი მომავალი ელოდათ — სამოთხედქცეულ დედამიწაზე ისინი ყველა სრულყოფილი ადამიანის წინაპრები უნდა გამხდარიყვნენ და თავიანთ შთამომავლობასთან ერთად მარადიულად და ბედნიერად ეცხოვრათ.

4 ჩვენი პირველი მშობლების დაუმორჩილებლობის გამო, სრულყოფილება დაიკარგა (წაიკითხეთ რომაელების 5:12). მაგრამ მეთაურობის პრინციპი არ გაუქმებულა. ოჯახი ბედნიერი და კურთხეულია, როცა ცოლ-ქმარი ამ პრინციპის თანახმად ცხოვრობს. შედეგად ისინი იმავეს გრძნობენ, რასაც იესო გრძნობდა იეჰოვასადმი მორჩილებით. განკაცებამდე იესო ‘ყოველდღე ხარობდა მის [იეჰოვას] წინაშე’ (იგავ. 8:30). არასრულყოფილების გამო მამაკაცს სრულყოფილად აღარ შეუძლია მეთაურობის გაწევა და არც ცოლს შეუძლია სრულყოფილი მორჩილება. და მაინც, როცა მეუღლეები მაქსიმალურად ცდილობენ, დაიცვან მეთაურობის პრინციპი, ისინი ბედნიერები არიან.

5. რატომ უნდა მიიტანონ მეუღლეებმა გულთან ახლოს რომაელების 12:10-ში ჩაწერილი რჩევა?

5 ოჯახის ბედნიერებისთვის აუცილებელია, წყვილმა გაითვალისწინოს ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა, რომელიც ყველა ქრისტიანს ეხება: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10). ქმარმაც და ცოლმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ‘კეთილად მოექცნენ ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნონ და მთელი გულით აპატიონ ერთმანეთს’ (ეფეს. 4:32).

როცა მეუღლე თქვენს რწმენას არ იზიარებს

6, 7. რა შეიძლება მოხდეს, თუ ქრისტიანი ცოლი ემორჩილება მეუღლეს, რომელიც მის რწმენას არ იზიარებს?

6 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი მეუღლე არ არის იეჰოვას მსახური? უმეტესწილად ამ როლში ქმრები გვევლინებიან. ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა მოეპყროს ცოლი ქმარს? პასუხს ბიბლიაში ვკითხულობთ: „თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტ. 3:1, 2).

7 ღვთის სიტყვა ცოლებს ეუბნება, რომ დაემორჩილონ ქმრებს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. ცოლის შემხედვარე ქმარი შეიძლება დაფიქრდეს იმაზე, თუ რა აღძრავს მის მეუღლეს, იყოს კარგი ცოლი. მან შესაძლოა გამოიკვლიოს ქრისტიანი ცოლის მრწამსი და საბოლოოდ, ჭეშმარიტებაც გაითავისოს.

8, 9. როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ცოლი, თუ მისი კარგი საქციელის მიუხედავად, ქმარი არ ინტერესდება ჭეშმარიტებით?

8 მაგრამ, რა უნდა გააკეთოს ცოლმა, თუ ქმარი საერთოდ არ ინტერესდება ჭეშმარიტებით? ბიბლია მორწმუნე ცოლებს მოუწოდებს, რაც უნდა რთული შესასრულებელი იყოს, ყოველთვის გამოავლინონ ქრისტიანული თვისებები. მაგალითად, 1 კორინთელების 13:4-ში ვკითხულობთ: „სიყვარული სულგრძელია“. ქრისტიანი ცოლი კარგად იქცევა, თუ ყოველთვის „სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ მოექცევა მეუღლეს და სიყვარულით მოუთმენს (ეფეს. 4:2). ღვთის მოქმედი ძალის, წმინდა სულის დახმარებით, რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლებელია ქრისტიანული თვისებების გამოვლენა.

9 პავლე წერდა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13). ღვთის სული ქრისტიან მეუღლეს ბევრს შეაძლებინებს. მაგალითად, თუ მეუღლე ცუდად გეპყრობათ, შესაძლოა სურვილი გაგიჩნდეთ, თქვენც იმავეთი უპასუხოთ. მაგრამ ბიბლია ქრისტიანებს ურჩევს: «ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომ. 12:17—19). 1 თესალონიკელების 5:15-შიც მსგავსი აზრია ჩაწერილი: „იცოდეთ, ნურავის გადაუხდით სამაგიეროს, არამედ ისწრაფეთ, რომ კარგი გაუკეთოთ ერთმანეთსაც და სხვებსაც“. იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით იმას შევძლებთ, რაც ჩვენი ძალებით შეუძლებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვილოცოთ ღვთის წმინდა სულისთვის!

10. როგორ რეაგირებდა იესო, როცა ცუდად ექცეოდნენ?

10 იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იმისა, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც სიტყვით თუ საქმით გულს გვტკენს. „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“, — ნათქვამია 1 პეტრეს 2:23-ში. ქრისტიანებს მოგვიწოდებენ, მივბაძოთ იესოს. სხვების ცუდ საქციელს იმავეთი არ უნდა ვუპასუხოთ. ყველა ქრისტიანმა ყურად უნდა იღოს რჩევა: იყავით „დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი. ბოროტის გამკეთებელს სამაგიეროს ნუ გადაუხდით და მლანძღველს ლანძღვით ნუ უპასუხებთ“ (1 პეტ. 3:8, 9).

უსიტყვო მორჩილება?

11. რა პატივი ხვდა წილად ზოგ ქრისტიან ქალს?

11 ნიშნავს ქმრისადმი მორჩილება იმას, რომ ოჯახში ქალმა ხმა არ უნდა ამოიღოს და გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი აზრი არ გამოთქვას? რა თქმა უნდა, არა! იეჰოვამ ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს ბევრი პასუხისმგებლობა მიანდო. დაფიქრდით, რამხელა პატივი ხვდათ წილად ას ორმოცდაოთხი ათასს, რომლებიც ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ! ამ რიცხვში ქალებიც შედიან (გალ. 3:26—29). აშკარაა, რომ იეჰოვას ქალებისთვის პასიური როლი არ მიუცია.

12, 13. მოიყვანეთ მაგალითი, საიდანაც ჩანს, რომ ქალები წინასწარმეტყველებდნენ.

12 ბიბლიურ დროში ზოგ ქალს ღმერთმა წინასწარმეტყველების უნარი მისცა. იოელის 2:28, 29-ში ნათქვამია: „გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ . . . მსახურებზეც და მოახლეებზეც გადმოვღვრი იმ დროს ჩემს სულს“.

13 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში, ზემოთა ოთახში იესოს 120-მდე მოწაფე შეიკრიბა, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ. ღმერთმა თავისი სული ყველა მათგანზე გადმოღვარა. ამის შემდეგ პეტრემ ციტატა მოიყვანა იოელის წინასწარმეტყველებიდან და თქვა, რომ იოელის სიტყვები შესრულდა როგორც მამაკაცებზე, ისე ქალებზე. პეტრემ აღნიშნა: «ეს ის არის, რაც იოელ წინასწარმეტყველის პირით იყო ნათქვამი: „ბოლო დღეებში, — ამბობს ღმერთი, — გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ . . . ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს და ისინიც იწინასწარმეტყველებენ“» (საქ. 2:16—18).

14. რა წვლილი შეიტანეს პირველ საუკუნეში ქალებმა ქრისტიანობის გავრცელებაში?

14 პირველ საუკუნეში ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდათ ქრისტიანობის გავრცელებაში. ისინი ხალხს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უქადაგებდნენ და სამქადაგებლო საქმეს სხვადასხვა საქმით უჭერდნენ მხარს (ლუკ. 8:1—3). მაგალითად, მოციქული პავლე მოიხსენიებს ფებეს, „რომელიც კენქრეს კრების მსახური“ იყო. თავისი თანამსახურების მოკითხვისას პავლემ რამდენიმე ერთგული ქალი მოიხსენია, მათ შორის „ტრიფენა და ტრიფოსა, გამრჯე ქალები უფალში“. პავლემ აგრეთვე მოიკითხა „საყვარელი და პერსისი, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა უფალში“ (რომ. 16:1, 12).

15. რა წვლილი შეაქვთ ქალებს დღეს ქრისტიანობის გავრცელებაში?

15 ჩვენს დროში ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას 7 მილიონზე მეტი ადამიანი ქადაგებს, რომელთაგან უმეტესობა ქალია (მათ. 24:14). ბევრი მათგანი სრული დროით პიონერი, მისიონერი და ბეთელის ოჯახის წევრია. ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: „იეჰოვა გასცემს ბრძანებას; ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმ. 68:11). ეს სიტყვები მართლაც მართლდება! იეჰოვა აფასებს იმ წვლილს, რომელიც ქალებს შეაქვთ მისი განზრახვის განხორციელებასა და სასიხარულო ცნობის გავრცელებაში. ამგვარად, როცა იეჰოვა ქრისტიანი ქალისგან მორჩილებას მოითხოვს, ის არ გულისხმობს, რომ მას ხმის ამოღების უფლება არა აქვს.

ქალები, რომლებმაც სათქმელი თქვეს

16, 17. როგორ აჩვენებს სარას შემთხვევა, რომ ოჯახში ცოლსაც ეთქმის სიტყვა?

16 თუკი იეჰოვამ ქალებს ამდენი საქმე მიანდო, განა ქმარმა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე, არ უნდა იკითხოს ცოლის აზრი?! ქმრის მხრიდან გონივრული იქნება, თუ ასე მოიქცევა. ბიბლიაში ვკითხულობთ რამდენიმე მაგალითს, როცა ქალებმა იმ შემთხვევაშიც თქვეს თავიანთი სიტყვა და იმოქმედეს, როცა ქმრებმა არ სთხოვეს აზრის გამოთქმა. განვიხილოთ ორი შემთხვევა.

17 სარამ თავის ქმარს, აბრაამს უთხრა, მისი მხევალი თავის ვაჟთან ერთად გაეშვა, რადგან ისინი მას და ისაკს უპატივცემლოდ ექცეოდნენ. ამ ამბავმა „მეტისმეტად დაამწუხრა აბრაამი“, მაგრამ იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „ნუ დამწუხრდები იმის გამო, რასაც სარა გეუბნება ამ ყმაწვილსა და შენს მხევალზე. მოუსმინე მას“ (დაბ. 21:8—12). აბრაამი დაემორჩილა იეჰოვას, მოუსმინა სარას და მისი თხოვნა გაითვალისწინა.

18. რა გააკეთა აბიგაილმა?

18 დავფიქრდეთ ასევე ნაბალის ცოლზე, აბიგაილზე. როცა დავითი შურიან მეფე საულს გაურბოდა, იმ მიდამოებში დაბანაკდა, სადაც ნაბალის მწყემსები ცხვარს მწყემსავდნენ. დავითსა და მის კაცებს არაფერი წაურთმევიათ ნაბალისთვის, პირიქით ისინი მის ქონებას იცავდნენ. მაგრამ ნაბალი „უხეში და ავისმქმნელი“ იყო და დავითის კაცები „ყვირილით გაისტუმრა“. ის ‘უვარგისი და უგუნური’ იყო. როცა დავითის კაცებმა თავაზიანად სთხოვეს საკვები, ნაბალმა უარი უთხრა მათ. როგორ მოიქცა აბიგაილი, როცა ეს ამბავი გაიგო? ნაბალის უკითხავად აბიგაილმა „აიღო ორასი პური, ორი დიდი დოქი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი ქიშმიშის კვერი, ორასი ლეღვის კვერი“ და დავითსა და მის კაცებს მიუტანა. სწორად მოიქცა აბიგაილი? შემდგომში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ის სწორად მოიქცა. ბიბლიაში წერია: „დაჰკრა იეჰოვამ ნაბალს და მოკვდა“. მოგვიანებით დავითმა აბიგაილი ცოლად მოიყვანა (1 სამ. 25:3, 14—19, 23—25, 38—42).

ქალები, რომლებიც ქებას იმსახურებენ

19, 20. როგორი ქალი იმსახურებს ქებას?

19 ბიბლია აქებს ცოლებს, რომლებიც იეჰოვას მოსაწონად იქცევიან. იგავების წიგნში „მარჯვე ცოლზე“ ნათქვამია, რომ „მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი. მასზეა მინდობილი მისი ქმრის გული; არ აკლდება შემოსავალი. ასეთი ცოლი მთელი თავისი სიცოცხლე ყოველივე კარგით აჯილდოებს მას და არა ცუდით“. ის „სიბრძნით ხსნის ბაგეს და სიკეთის კანონია მის ენაზე. თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და სიზარმაცის პურს არ ჭამს. დგებიან მისი ვაჟები და ბედნიერს უწოდებენ მას, დგება მისი ქმარი და აქებს მას“ (იგავ. 31:10—12, 26—28).

20 როგორი ქალი იმსახურებს ქებას? იგავების 31:30-ში ვკითხულობთ: „მომხიბვლელობა შეიძლება მატყუარა იყოს, სილამაზე — ამაო, იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას იმსახურებს“. იეჰოვას მოშიშება იმასაც გულისხმობს, რომ ქალი სიამოვნებით უნდა ემორჩილებოდეს ღვთის დადგენილ მეთაურობის პრინციპს. „ქალის თავი კაცია“, ისევე როგორც „ყოველი კაცის თავი ქრისტე“ და „ქრისტეს თავი ღმერთი“ (1 კორ. 11:3).

დააფასე ღვთის ძღვენი

21, 22. ა) მადლიერების რა მიზეზები აქვს ქრისტიან ცოლ-ქმარს? ბ) რატომ უნდა დავაფასოთ იეჰოვას დადგენილი მეთაურობის პრინციპი? (იხილეთ ჩარჩო მე-17 გვერდზე).

21 დაქორწინებულ ქრისტიანებს მადლიერების ბევრი მიზეზი აქვთ. ღვთის მადლიერნი ისინი განსაკუთრებით იმიტომ უნდა იყვნენ, რომ ქორწინებით მათ შესაძლებლობა მიეცათ ორივემ ერთი გზით, იეჰოვასთან ერთად იაროს და ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ (რუთ. 1:9; მიქ. 6:8). ქორწინების დამფუძნებელმა ზუსტად იცის, რა არის საჭირო ცოლ-ქმრის ბედნიერებისთვის. ყოველთვის, ამ პრობლემებით აღსავსე ქვეყნიერებაშიც კი, შეასრულეთ ღვთის ნება, რადგან „იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა“ (ნეემ. 8:10).

22 ქრისტიანი ქმარი, რომელსაც ცოლი საკუთარი თავივით უყვარს, მზრუნველი და ყურადღებიანი მეთაური იქნება. ღვთისმოშიში ცოლი მას გვერდში ამოუდგება და დიდ პატივს სცემს; ასეთი ცოლი ქმრისთვის ძვირფასი იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი სამაგალითო ოჯახი განადიდებს იეჰოვა ღმერთს.

გახსოვთ?

• რაში მდგომარეობს იეჰოვას მიერ დადგენილი მეთაურობის პრინციპი?

• რატომ უნდა სცეს ცოლ-ქმარმა ერთმანეთს პატივი?

• როგორ უნდა მოეპყროს მორწმუნე ცოლი ქმარს, თუ ის მის რწმენას არ იზიარებს?

• რატომ უნდა იკითხონ ქმრებმა ცოლების აზრი გადაწყვეტილებების მიღებამდე?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 17 გვერდზე]

რატომ უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა უფლებამოსილთა მიმართ?

იეჰოვამ გონიერ ქმნილებებს მეთაურობის პრინციპი დაუდგინა. მან ეს სულიერი ქმნილებებისა და ადამიანების სასიკეთოდ გააკეთა. მეთაურობის პრინციპის დაცვა მათ თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებას აძლევს და დიდება მოაქვს ღვთისთვის, რადგან მისი მსახურები მას გაერთიანებულად და შეხმატკბილებულად ემსახურებიან (ფსალმ. 133:1).

სულითცხებული ქრისტიანები აღიარებენ იესო ქრისტეს უფლებამოსილებას და ემორჩილებიან მას (ეფეს. 1:22, 23). ქრისტეც აღიარებს იეჰოვას უფლებამოსილებას და ბოლოს „თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორ. 15:27, 28). აქედან გამომდინარე, მართებულია, რომ ღვთის მიძღვნილმა მსახურებმა დაიცვან მეთაურობის პრინციპი როგორც კრებაში, ისე ოჯახში! (1 კორ. 11:3; ებრ. 13:17). თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას მოწონებასა და კურთხევას დავიმსახურებთ (ეს. 48:17).

[სურათი 13 გვერდზე]

ლოცვა დაეხმარება ქრისტიან ცოლს ღვთისმოსაწონი თვისებების გამოვლენაში

[სურათები 15 გვერდზე]

იეჰოვა აფასებს იმ წვლილს, რომელიც ქალებს შეაქვთ სასიხარულო ცნობის გავრცელებაში