არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვცეთ ხანდაზმულებს პატივი?

რატომ უნდა ვცეთ ხანდაზმულებს პატივი?

რატომ უნდა ვცეთ ხანდაზმულებს პატივი?

კალიფორნიის (აშშ) სანაპიროზე უჩვეულო ხე დგას. ის ერთ-ერთია იმ ხეთა შორის, რომლებიც ფოტოკამერების ობიექტივში ყველაზე ხშირად ხვდება. ეს ხე მარტოხელა კვიპაროზის სახელითაა ცნობილი. ამბობენ, რომ ის 250 წელზე მეტს ითვლის. ამ მრავალჭირგამოვლილი ლამაზი ხის ამტანობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. კიდევ დიდხანს რომ ყოფილიყო წელში გამართული, ის ტროსებით დაამაგრეს და ძირში დიდი ქვები შემოუწყვეს.

მარტოხელა კვიპაროზმა შესაძლოა გაგვახსენოს ჩვენი ხანდაზმული და-ძმები, რომლებიც საოცარ ამტანობას ავლენენ. ერთ-ერთი მხარე რაშიც მათი მოთმინება ვლინდება, სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. წინასწარმეტყველმა იოელმა იწინასწარმეტყველა, რომ მოხუცებულები ბიბლიის ცნობას გააცხადებდნენ (იოელ. 2:28—32; საქ. 2:16—21). დაფიქრდით, მათ ხომ უამრავი საათი აქვთ გატარებული იეჰოვას მსახურებაში, რათა ხალხის ყურამდე მიეტანათ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათ. 24:14). ზოგი ხანდაზმული წლების განმავლობაში იტანდა დევნებსა თუ სხვა სირთულეებს. თუ კვიპაროზის ამტანობა არ დარჩენილა შეუმჩნეველი და მის გასამაგრებლად ტროსები და ქვები მოიშველიეს, განა უფრო მეტ ყურადღებას არ იმსახურებენ ჩვენი ხანდაზმული და-ძმები?! ჩვენს პატივისცემას ისინი ნამდვილად იმსახურებენ!

იეჰოვა ღმერთმა მითითება მისცა თავის ხალხს: „ჭაღარას წამოუდექი, მოხუცებულის მიმართ ყურადღებიანი იყავი“ (ლევ. 19:32). დღეს იეჰოვას მსახურთა შორის უამრავი სამაგალითო ხანდაზმულია, რომლებიც ათეულობით წელია ერთგულად დადიან „ღმერთთან ერთად“ (მიქ. 6:8). ისინი კვლავაც ბიბლიის პრინციპებით ცხოვრობენ და ამტკიცებენ, რომ „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია“ (იგავ. 16:31).

მოციქული პავლე ახალგაზრდა ტიმოთეს არიგებდა: „უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო“. ტიმოთე „უფროსი ასაკის მამაკაცს“ ისე უნდა მოჰქცეოდა, „როგორც მამას“, ხოლო „უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას“ (1 ტიმ. 5:1, 2). ასეთი დამოკიდებულება „ჭაღარასთვის წამოდგომას“ ნიშნავდა. როგორც ვხედავთ, იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ ხანდაზმულებს თბილად და პატივისცემით ველაპარაკოთ.

რომაელების 12:10-ში ვკითხულობთ: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“. კრებაში ზედამხედველები პატივისცემით ეპყრობიან უფროსი ასაკის და-ძმებს. ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ პატივისცემაში ერთმანეთს დავასწროთ.

რა თქმა უნდა, მშობლებზე და პაპა-ბებიებზე ზრუნვა უპირველესად ოჯახის წევრების ვალია. „მარტოხელა კვიპაროზის“ გადასარჩენად ადამიანებმა ბევრი რამ გააკეთეს და დღემდე ეძებენ სხვადასხვა საშუალებას მის დასახმარებლად. ჩვენც ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ პატივი ვცეთ ჩვენს მოხუცებულებს და გავუფრთხილდეთ მათ ღირსებას. მაგალითად, თუ კარგი მსმენელები ვიქნებით, გავითვალისწინებთ მათ გრძნობებს და ყოველთვის იმას არ გავაკეთებთ, რაც ჩვენ გვინდა (იგავ. 23:22; 1 ტიმ. 5:4).

ხანდაზმულები იეჰოვას თვალში ძვირფასნი არიან და ის არასდროს მიატოვებს მათ (ფსალმ. 71:18). ჭეშმარიტი ღმერთი ძალებს აძლევს მათ, რათა ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ. მოდი, ჩვენც არასდროს დავივიწყოთ მოხუცები, მხარში ამოვუდგეთ მათ და ყოველთვის პატივისცემით მოვეპყროთ!

[სურათები 7 გვერდზე]

როგორც მარტოხელა კვიპაროზს ესაჭიროება ზრუნვა, ისე ხანდაზმულებს ესაჭიროებათ თანადგომა და პატივისცემა

[საავტორო უფლება]

American Spirit Images/age fotostock