ხარანი — ქალაქი, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა
ხარანი — ქალაქი, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა
ხარანის გაგონებაზე ბიბლიაში გათვიცნობიერებულ ადამიანს ღვთის ერთგული მსახური აბრაამი გაახსენდება. როცა აბრაამი თავის მეუღლე სარასთან, მამამის თერახთან და ძმისწულ ლოტთან ერთად ურიდან ქანაანში მიემგზავრებოდა, გზად ხარანში გაჩერდა. იქ აბრაამმა დიდძალი ქონება დააგროვა. მამის სიკვდილის შემდეგ აბრაამი კვლავ დაადგა აღთქმულ მიწამდე მიმავალ გზას (დაბ. 11:31, 32; 12:4, 5; საქ. 7:2—4). გავიდა დრო და აბრაამმა თავისი უფროსი მსახური ხარანში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგზავნა, რათა ისაკისთვის საცოლე შეერჩია. აბრაამის შვილიშვილი იაკობიც წლების მანძილზე ხარანში ცხოვრობდა (დაბ. 24:1—4, 10; 27:42—45; 28:1, 2, 10).
როცა ასურეთის მეფე სინახერიბი იუდას მეფე ხიზკიას განადგურებით ემუქრებოდა, ასურეთის მეფეების მიერ დაპყრობილ ქვეყნებს შორის მან ხარანიც მოიხსენია. ხარანში ის მხოლოდ ქალაქს კი არ გულისხმობდა, არამედ მის გარშემო მდებარე ტერიტორიებსაც (2 მეფ. 19:11, 12). ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ ხარანსა და ტვიროსს შორის სერიოზული სავაჭრო ურთიერთობა იყო. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ხარანი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა (ეზეკ. 27:1, 2, 23).
დღევანდელი ხარანი პატარა ქალაქია, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ შანლიურფასთან ახლოს მდებარეობს. მაგრამ ერთ დროს უძველეს ქალაქ ხარანში სიცოცხლე ჩქეფდა. ბიბლიაში მოხსენიებული უძველესი ქალაქებიდან, ხარანი იმ თითო-ოროლა ქალაქების სიაში შედის, რომელთა სახელებიც არ შეცვლილა. ასურელები ხარანს, როგორც ჩანს, ხარანუს უწოდებდნენ, რაც შესაძლოა გზას ან საქარავნო გზას ნიშნავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ხარანი დიდ ქალაქებს შორის, მთავარ სავაჭრო გზებზე მდებარეობდა. ხარანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი წარწერები ადასტურებს, რომ ბაბილონის მეფე ნაბონიდის დედა სინის — ხარანელების მთვარის ღმერთის — ტაძარში მთავარი ქურუმი იყო. ამბობენ, რომ ეს ტაძარი ნაბონიდმა აღადგინა. მას შემდეგ ხარანი არაერთი იმპერიის დაცემისა და აღზევების მოწმე გამხდარა.
დღეს ხარანი საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რაც წარსულში იყო. ძველად ხარანი საკმაოდ განვითარებული და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. დღეს კი ხარანში მხოლოდ გუმბათიანი სახლებიღა შემორჩა. მის გარშემო ძველი ცივილიზაციების ნანგრევებია. ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი აღადგენს ბევრს, ვინც ერთ დროს ხარანში ცხოვრობდა, მათ შორის, აბრაამს, სარასა და ლოტს. ალბათ, ისინი ბევრს მოგვიყვებიან ხარანზე, ამ ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქზე.
[სურათი 20 გვერდზე]
ძველი ხარანის ნანგრევები
[სურათი 20 გვერდზე]
გუმბათიანი სახლები
[სურათი 20 გვერდზე]
დღევანდელი ხარანის პანორამა