არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღაშენეთ კრება

აღაშენეთ კრება

აღაშენეთ კრება

„ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11).

1. რა კურთხევები გვაქვს ქრისტიანული კრების წევრებს, მაგრამ რა შეიძლება ამძიმებდეს ჩვენს ცხოვრებას?

ქრისტიანული კრების წევრები რომ ვართ, დიდი კურთხევაა — გვაქვს იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა; ვენდობით ღვთის სიტყვას და მისით ვხელმძღვანელობთ, რაც არასწორი ცხოვრების წესისა და მისი შედეგებისგან გვიცავს; გარემოცული ვართ ნამდვილი და კეთილმოსურნე მეგობრებით. მართლაც, ვინ მოთვლის ჩვენს კურთხევებს! და მაინც, ქრისტიანთა უმეტესობის ცხოვრებას ესა თუ ის პრობლემა ამძიმებს. ზოგს დახმარება სჭირდება ღვთის სიტყვის სიღრმეების ჩასაწვდომად. ვიღაც ავად არის ან ემოციურად დამძიმებულია; ზოგიც შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილების შედეგს იმკის. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენ ყველა უღვთო ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ.

2. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი და-ძმები გასაჭირში არიან და რატომ?

2 თანამორწმუნის სატკივარი თითოეული ჩვენგანის სატკივარია. პავლე მოციქულმა კრება სხეულს შეადარა და თქვა, რომ „თუ სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება, მასთან ერთად იტანჯება ყველა“ (1 კორ. 12:12, 26). გასაჭირში მყოფი და-ძმების დასახმარებლად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ბიბლიის არაერთი ეპიზოდიდან ჩანს, რომ კრების წევრები გაჭირვების დროს ერთმანეთს ეხიდებოდნენ. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს განვიხილავთ, რაც დაგვაფიქრებს, თუ ჩვენ როგორ შეგვიძლია ბიბლიური პერსონაჟების მსგავსად და-ძმების დახმარება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ თანამორწმუნეების სულიერობის საკეთილდღეოდ და კრების აღსაშენებლად?

„თავიანთთან წაიყვანეს“

3, 4. როგორ დაეხმარნენ აკვილა და პრისკილა აპოლოსს?

3 როცა აპოლოსი ეფესოში დასახლდა, ის უკვე გულმოდგინე მახარობელი იყო. „რადგან ღვთის სულით იყო ანთებული, — ნათქვამია მოციქულთა საქმეებში. — სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლობა იცოდა“. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აპოლოსმა არ იცოდა „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ ნათლობა, და ეს ალბათ იმიტომ, რომ მას იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა უქადაგეს ან ქრისტეს იმ მიმდევრებმა, რომლებიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე მოღვაწეობდნენ. მართალია, აპოლოსი მოშურნე მქადაგებელი იყო, მაგრამ ქრისტიანულ სწავლებაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცოდა. როგორ დაეხმარა მას თანამორწმუნეებთან ურთიერთობა? (საქ. 1:4, 5; 18:25; მათ. 28:19).

4 როცა ქრისტიანმა ცოლ-ქმარმა, პრისკილამ და აკვილამ სინაგოგაში აპოლოსის გაბედული ქადაგება მოისმინეს, თავიანთთან წაიყვანეს და უფრო მეტი აუხსნეს (წაიკითხეთ საქმეების 18:24—26 ). ამგვარად მათ სიყვარული გამოავლინეს აპოლოსის მიმართ. თავისთავად ცხადია, აკვილა და პრისკილა ტაქტიანობას გამოიჩენდნენ და აპოლოსს აგრძნობინებდნენ, რომ მისი დახმარება სურდათ და არა გაკრიტიკება. საქმე ის იყო, რომ აპოლოსმა ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების ისტორია კარგად არ იცოდა. უეჭველია, ის დიდად მადლიერი დარჩებოდა ახალშეძენილი თანამორწმუნეების, რომლებმაც მნიშვნელოვანი საკითხები აუხსნეს. შეძენილი ცოდნის წყალობით აპოლოსი „დიდად დაეხმარა“ აქაიელ ძმებს და საფუძვლიანად უმოწმებდა იუდეველებს (საქ. 18:27, 28).

5. რა დახმარებას სთავაზობს უამრავი სამეფოს მაუწყებელი ხალხს და რა არის ამის შედეგი?

5 ქრისტიანულ კრებაში დღეს ბევრია მათი მადლიერი, ვინც ბიბლიური ცოდნის გაგებაში დაეხმარა. ხშირია შემთხვევები, როცა ბიბლიის შემსწავლელი და მასწავლებელი დამეგობრებულან. შემსწავლელმა ბიბლიური ცოდნა რომ გაითავისოს, როგორც წესი, რამდენიმე თვის განმავლობაში რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს შესწავლა; სამეფოს მაუწყებლები სიხარულით მიდიან ასეთ მსხვერპლზე, რადგან ესმით, რომ ამაზეა ხალხის სიცოცხლე დამოკიდებული (იოან. 17:3). ჩვენ ძალიან გვახარებს, როცა ვხედავთ, რომ ადამიანები ჭეშმარიტებას სწავლობენ, იცვლებიან და ცხოვრებას იეჰოვას ნების შესრულებას უძღვნიან.

„მას დადებითად ახასიათებდნენ“

6, 7. ა) რატომ გადაწყვიტა პავლემ ტიმოთეს მისიონერულ მსახურებაში წაყვანა? ბ) რა დაეხმარა ტიმოთეს, სულიერად რომ გაზრდილიყო?

6 მოციქული პავლე და სილა მეორე მისიონერული მოგზაურობისას ლისტრას ეწვივნენ; იქ მათ ტიმოთე ნახეს, რომელიც დაახლოებით 20 წლის იყო. „ლისტრელი და იკონიონელი ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ“. ტიმოთეს დედა ევნიკე და ბებია ლოისი ღვთის მიძღვნილი ქრისტიანები იყვნენ, მამა კი მათ რწმენას არ იზიარებდა (2 ტიმ. 1:5). პავლემ ეს ოჯახი შესაძლოა მაშინ გაიცნო, როცა მეორე მისიონერულ მოგზაურობამდე დაახლოებით ორი წლით ადრე იმ მხარეში ჩავიდა. მაგრამ ამჯერად ტიმოთემ პავლეს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ის სხვა ახალგაზრდებისგან გამოირჩეოდა. ამიტომ, ადგილობრივი კრების უხუცესთა საბჭოს რეკომენდაციით, პავლემ ტიმოთეს მისიონერულ მსახურებაში წაყვანა გადაწყვიტა (წაიკითხეთ საქმეების 16:1—3).

7 ტიმოთემ ბევრი ისწავლა უფროსი ასაკის მეგობრისგან და დროთა განმავლობაში იმდენი ცოდნა დააგროვა, რომ პავლემ უყოყმანოდ გაგზავნა ტიმოთე კრებების მოსანახულებლად, როგორც თავისი წარმომადგენელი. პავლესთან დაახლოებით 15 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში ამ გამოუცდელმა და, როგორც ჩანს, მორცხვმა ახალგაზრდამ ისეთი სულიერი პროგრესი განიცადა, რომ მისგან შესანიშნავი ზედამხედველი დადგა (ფილ. 2:19—22; 1 ტიმ. 1:3).

8, 9. როგორ შეუძლიათ კრების წევრებს ახალგაზრდების წახალისება? მოიყვანეთ მაგალითი.

8 ქრისტიანულ კრებაში ბევრ ახალგაზრდას დიდი პოტენციალი აქვს. თუ მოწიფული ქრისტიანები ახალგაზრდებს სულიერი მიზნების დასახვაში დაეხმარებიან და მხარში ამოუდგებიან, ისინი იეჰოვას კრებაში მეტი პასუხისმგებლობებისკენ დაიწყებენ სწრაფვას. თვალი გადაავლეთ თქვენი კრების ახალგაზრდებს. ვის შეუძლია ტიმოთეს მსგავსად ღვთის საქმეში უფრო მეტი აკეთოს? თქვენი წახალისებით ისინი შესაძლოა პიონერები, ბეთელელები, მისიონერები და მიმომსვლელი ზედამხედველები გახდნენ. როგორ შეგიძლიათ ახალგაზრდებს ასეთი მიზნების დასახვაში დაეხმაროთ?

9 მარტინი, რომელიც 20 წელია ბეთელში მსახურობს, მადლიერების გრძნობით იხსენებს სარაიონო ზედამხედველს, რომელმაც 30 წლის წინ მის მიმართ ყურადღება გამოავლინა. ერთად მსახურებისას ის დიდი აღფრთოვანებით ესაუბრა მარტინს ახალგაზრდობაში ბეთელში გატარებულ წლებზე. მან მარტინი მსახურების გაფართოებისკენ წაახალისა. მარტინი ამბობს, რომ სარაიონო ზედამხედველის ამ დაუვიწყარმა საუბარმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოგვიანებით მის გადაწყვეტილებაზე. ვინ იცის, რა სიკეთეს მოუტანს ახალგაზრდებს სულიერ მიზნებზე თქვენი საუბარი?!

„ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“

10. რატომ დამწუხრდა ეპაფროდიტე?

10 ფილიპედან რომამდე ეპაფროდიტემ გრძელი და დამქანცველი გზა განვლო, რათა რწმენის გამო დაპატიმრებული მოციქული პავლე ენახა. ეპაფროდიტე ფილიპელების დესპანი იყო. გარდა იმისა, რომ მოციქულისთვის ფილიპელების მიერ გაგზავნილი ძღვენი მიჰქონდა, ეპაფროდიტე მასთან დარჩენას გეგმავდა, რათა გასაჭირში მყოფს მხარში ამოდგომოდა. მაგრამ რომში ეპაფროდიტე ავად გახდა და „სიკვდილის პირას“ მივიდა. ის ძალიან დამწუხრდა, რომ ავადმყოფობამ საქმეში ხელი შეუშალა (ფილ. 2:25—27).

11. ა) რატომ არ არის გასაკვირი, თუ კრების რომელიმე წევრი დეპრესიაშია? ბ) რა უთხრა პავლემ ფილიპელებს ეპაფროდიტეზე?

11 სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს ბევრია გულდამძიმებული. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველ მეხუთე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია დეპრესია. დეპრესიისგან არც იეჰოვას ხალხია დაზღვეული. ოჯახზე მატერიალურად ზრუნვის, ცუდი ჯანმრთელობის, წარუმატებლობისა თუ მსგავსი სირთულეების გამო, ადამიანი შეიძლება ადვილად დაეცეს სულით. რით შეეძლოთ ფილიპელებს ეპაფროდიტეს დახმარება? პავლემ დაწერა: „დიდი სიხარულით მიიღეთ იგი უფალში, როგორც მიღებულია, და დააფასეთ ასეთი ადამიანები, რადგან უფლის საქმისთვის სიკვდილის პირამდე მივიდა, საფრთხეში ჩაიგდო სული, რათა შეევსო თქვენი არყოფნა, რის გამოც პირადად ვერ მემსახურებით“ (ფილ. 2:29, 30).

12. როგორ შეგვიძლია დამწუხრებულების გამხნევება?

12 ჩვენც უნდა გავამხნევოთ გულგატეხილი და დამწუხრებული ძმები. უეჭველია, მათ ბევრი კარგი საქმე ექნებათ იეჰოვასთვის გაკეთებული. შესაძლოა მათ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოახდინეს, ქრისტიანები ან სრული დროით მსახურები რომ გამხდარიყვნენ. ჩვენ ვაფასებთ მათ ძალისხმევას და შეგვიძლია ვუთხრათ, რომ იეჰოვაც აფასებს. თუ ღვთის ერთგული მსახურები ხანდაზმულობის ან ავადმყოფობის გამო უწინდებურად ვეღარ მსახურობენ, ისინი მაინც დასაფასებელნი არიან ადრე გაკეთებული კარგი საქმეებისთვის. რაც უნდა იყოს თანაქრისტიანის გულგატეხილობის მიზეზი, იეჰოვა ყველა თავის ერთგულ მსახურს ურჩევს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თეს. 5:14).

„მთელი გულით უნდა აპატიოთ . . . და ანუგეშოთ იგი“

13, 14. ა) რა სერიოზული ნაბიჯი უნდა გადაედგა კორინთის კრებას და რატომ? ბ) რა მოჰყვა შედეგად კრებიდან შემცოდველის გარიცხვას?

13 პირველი საუკუნის კორინთის კრებაში იყო ერთი კაცი, რომელიც სიძვას სჩადიოდა და არ ინანიებდა. თავისი საქციელით ის კრებას ჩირქს სცხებდა და ურწმუნოების აღშფოთებასაც კი იწვევდა. ამიტომ პავლემ სამართლიანად მიუთითა კორინთელებს, რომ ეს კაცი კრებიდან მოეშორებინათ (1 კორ. 5:1, 7, 11—13).

14 დასჯამ კარგი შედეგი გამოიღო. კრება დაცულ იქნა გამხრწნელი გავლენისგან, ხოლო შემცოდველი გონს მოეგო და გულწრფელად მოინანია, რაზეც მისი საქმეები მოწმობდა. ამიტომ მისწერა პავლემ კორინთელებს მეორე წერილში, რომ შემცოდველი კრებაში აღედგინათ. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი. პავლემ კრების წევრებს მიუთითა: „მთელი გულით უნდა აპატიოთ ასეთ კაცს [მომნანიე შემცოდველს] და ანუგეშოთ იგი, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქოს“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 2:5—8).

15. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს კრებაში დაბრუნებული მომნანიე შემცოდველის მიმართ?

15 რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? ძალიან საწყენია, როცა კრებიდან ვინმე ირიცხება. შემცოდველმა თავისი საქციელით შესაძლოა ღვთის სახელი შეურაცხყო და კრების რეპუტაცია შელახა, ან შეიძლება პირადად ჩვენ წინააღმდეგ შესცოდა. მაგრამ, როცა უხუცესები გარიცხულის საქმეს განიხილავენ და იეჰოვას რჩევების გათვალისწინებით გადაწყვეტენ, რომ მომნანიე შემცოდველი კრებაში უნდა აღდგეს, ეს იმის ნიშანია, რომ მას იეჰოვამ აპატია (მათ. 18:17—20). განა არ უნდა მივბაძოთ იეჰოვას? თუ მომნანიე შემცოდველს მეტისმეტად მკაცრად განვსჯით და არ ვპატიობთ, გამოდის რომ იეჰოვას ვეწინააღმდეგებით. ღვთის კრებაში მშვიდობასა და ერთიანობას რომ შევუწყოთ ხელი და იეჰოვას მოსაწონები ვიყოთ, ‘ჩვენს სიყვარულში უნდა დავარწმუნოთ’ ის, ვინც ნამდვილად ინანიებს და კრებას უბრუნდება (მათ. 6:14, 15; ლუკ. 15:7).

„დამჭირდება“

16. რატომ განაწყენდა პავლე მარკოზზე?

16 ბიბლიის სხვა მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ გულში ბოღმა არ უნდა ჩავიდოთ მის მიმართ, ვინც გული გვატკინა. მაგალითად, მარკოზად წოდებულმა იოანემ ძალიან გაანაწყენა პავლე მოციქული. პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს პავლემ და ბარნაბამ მარკოზი თან გაიყოლეს. მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო მარკოზმა ისინი მიატოვა და სახლში დაბრუნდა. ამან პავლე ძალიან გაანაწყენა და როცა მეორე მისიონერულ მოგზაურობას გეგმავდა, მას ბარნაბასთან უთანხმოება მოუვიდა, რადგან ამ უკანასკნელს მარკოზის წაყვანა უნდოდა. პავლეს ახსოვდა, როგორ მოიქცა მარკოზი პირველი მოგზაურობის დროს და მისი წაყვანა არ მოინდომა (წაიკითხეთ საქმეების 13:1—5, 13; 15:37, 38).

17, 18. საიდან ვიგებთ, რომ პავლესა და მარკოზს შორის არსებული უთანხმოება მოგვარდა და რას ვსწავლობთ აქედან?

17 მარკოზს, როგორც ჩანს, გული არ გასტეხია პავლეს რეაქციაზე, რადგან მან ბარნაბასთან ერთად სხვა ტერიტორიაზე განაგრძო მსახურება (საქ. 15:39). მარკოზი რომ ერთგული და სანდო ადამიანი იყო, მოგვიანებით დაწერილი პავლეს წერილიდან ჩანს. რომში პატიმრობისას პავლემ ტიმოთეს წერილი მისწერა, რომელშიც მასთან ჩასვლას სთხოვდა. იმავე წერილში პავლე წერს: „მარკოზიც წამოიყვანე, რადგან მსახურებაში დამჭირდება“ (2 ტიმ. 4:11). პავლე დარწმუნდა, რომ მარკოზი სულიერად გაიზარდა.

18 ამ ბიბლიური ეპიზოდიდან ბევრის სწავლა შეგვიძლია. მარკოზმა გამოიმუშავა კარგი მისიონერისთვის დამახასიათებელი თვისებები. ის არ დაბრკოლებულა პავლეს პირვანდელ რეაქციაზე. პავლეც და მარკოზიც სულიერად მოწიფული ქრისტიანები იყვნენ და არც ერთ მათგანს წყენა დიდხანს არ გაჰყოლია. პირიქით, მოგვიანებით პავლემ მარკოზი ძვირფას მსახურად აღიარა. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ძმები ერთმანეთში არსებულ უთანხმოებას მოაგვარებენ, სულიერი წინსვლისკენ უნდა ისწრაფონ და ამ მხრივ სხვებსაც დაეხმარონ. დადებითი განწყობა კრებას აღაშენებს.

თქვენი წვლილი შეიტანეთ კრებაში

19. რისი გაკეთება შეუძლიათ კრების წევრებს ერთმანეთისთვის?

19 ამ „მძიმე, ძნელად ასატან“ დროში ყველას გვჭირდება კრებაში ერთმანეთის დახმარება (2 ტიმ. 3:1). ქრისტიანმა შეიძლება ყოველთვის არ იცოდეს, როგორ გაართვას პრობლემას თავი, მაგრამ იეჰოვამ იცის. მის დასახმარებლად იეჰოვას შეუძლია კრების წევრები გამოიყენოს, მათ შორის თქვენ (ეს. 30:20, 21; 32:1, 2). ამიტომ, გახსოვდეთ პავლეს რჩევა: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 5:11).

როგორ უპასუხებთ?

• რატომ უნდა აღვაშენოთ ქრისტიანული კრება?

• რა დროს უნდა ამოვუდგეთ მხარში კრების წევრებს?

• რატომ გვჭირდება კრებაში ერთმანეთის დახმარება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 11 გვერდზე]

რთულ მდგომარეობაში მყოფ თანამორწმუნეს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ

[სურათი 12 გვერდზე]

ქრისტიანულ კრებაში ბევრ ახალგაზრდას დიდი პოტენციალი აქვს