არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავაზიანი სიტყვა-პასუხი კარგი ურთიერთობის საწინდარია

თავაზიანი სიტყვა-პასუხი კარგი ურთიერთობის საწინდარია

თავაზიანი სიტყვა-პასუხი კარგი ურთიერთობის საწინდარია

„თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს“ (კოლ. 4:6).

1, 2. რა მოჰყვა ძმის თავაზიან საუბარს?

„კარდაკარ ქადაგებისას შევხვდი მამაკაცს, რომელიც ისე გაბრაზდა, რომ ტუჩები აუთრთოლდა და მთელი სხეული აუცახცახდა — გვიამბობს ერთი ძმა. — შევეცადე მშვიდად დავლაპარაკებოდი, მაგრამ უფრო გაღიზიანდა. ამასობაში მისი ცოლ-შვილიც გამოვიდა და აგრესიულად დამიწყო ლაპარაკი. მივხვდი, იქიდან უნდა წამოვსულიყავი. ვუთხარი, რომ მათთან საჩხუბრად არ ვიყავი მისული. შემდეგ გალატელების 5:22, 23 წავუკითხე, სადაც სიყვარულზე, რბილ ხასიათზე, თავშეკავებასა და მშვიდობაზეა საუბარი და წამოვედი.

2 სხვა დროს, როცა იმავე ქუჩაზე კარდაკარ ვმსახურობდი, დავინახე, რომ ის ოჯახი თავისი სახლის წინ იჯდა. მათ დამიძახეს. ნეტავ რა უნდათ? — ჩემთვის გავიფიქრე. კაცმა ცივი წყალი შემომთავაზა, ბოდიში მომიხადა უხეშობისთვის და ძლიერი რწმენისთვის შემაქო. ერთმანეთს კარგად დავშორდით“.

3. რატომ არ უნდა ავყვეთ გაბრაზებულ ადამიანს?

3 დღევანდელ ქვეყნიერებაში აგრესიულ ადამიანებთან შეხვედრა, მსახურებაში თუ სხვაგან, გარდაუვალია. ასეთ ადამიანებს აუცილებლად ‘რბილად და ღრმა პატივისცემით’ უნდა ველაპარაკოთ (1 პეტ. 3:15). ზემოხსენებული ძმა გაბრაზებულ მობინადრეს რომ აჰყოლოდა და უხეშად ეპასუხა, საეჭვოა, იმ კაცს გული მოლბობოდა და ბოდიში მოეხადა, პირიქით, უფრო გაღიზიანდებოდა. ეს ამბავი კარგად იმიტომ დამთავრდა, რომ ძმამ თავშეკავება და თავაზიანობა გამოავლინა.

როგორია თავაზიანი სიტყვა-პასუხი?

4. რატომ უნდა იყოს ჩვენი სიტყვა-პასუხი მადლიანი?

4 ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას — ქვეყნიურ ხალხთან, თანამორწმუნეებთან და თვით ოჯახის წევრებთან — უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის რჩევა: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლ. 4:6). სასიამოვნო და აწონილ-დაწონილი სიტყვები კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობის საწინდარია.

5. რა არ იგულისხმება მადლიან საუბარში? მოიყვანეთ მაგალითი.

5 მადლიან საუბარში არ იგულისხმება ყველაფრის თქმა, რასაც ფიქრობ და გრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაღიზიანებული ხარ. წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ შეუკავებელი რისხვა, სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის (წაიკითხეთ იგავების 25:28; 29:11 ). მოსე „უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“, მაგრამ ერთხელ ისრაელის ურჩობის გამო მოთმინება დაკარგა და ღმერთი არ განადიდა. მან ის თქვა, რასაც ფიქრობდა, მაგრამ იეჰოვამ მისი ნათქვამი არ მოიწონა. მოსე 40 წელი წინამძღოლობდა უდაბნოში ისრაელ ერს, მაგრამ იეჰოვამ აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება არ მისცა (რიცხ. 12:3; 20:10, 12; ფსალმ. 106:32).

6. რა იგულისხმება გონივრულ ლაპარაკში?

6 ბიბლია მოგვიწოდებს, ლაპარაკისას თავშეკავება, გონიერება და განსჯის უნარი გამოვავლინოთ. „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია, ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა“ (იგავ. 10:19; 17:27). ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავი შევიკავოთ. გონივრულად მოქცევა მადლიანი სიტყვებით ლაპარაკს გულისხმობს; ენას ‘განსაკურნავად უნდა ვიყენებდეთ და არა ჭრილობის მისაყენებლად’ (წაიკითხეთ იგავების 12:18; 18:21 ).

„დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“

7. რისგან უნდა შევიკავოთ თავი და რატომ?

7 თავაზიანობასა და თავშეკავებას მხოლოდ თანამშრომლებთან და მათთან საუბრისას კი არ უნდა ვავლენდეთ, ვისაც ვუქადაგებთ, არამედ კრებისა და ოჯახის წევრებთან საუბრის დროსაც. როცა რისხვას ანთხევ და არ ფიქრობ მის საშინელ შედეგებზე, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც ჩვენს, ისე სხვების სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას (იგავ. 18:6, 7). უნდა ვაკონტროლოთ უარყოფითი ემოციები, რაც ჩვენი არასრულყოფილი ბუნების გამოვლინებაა. ლანძღვა, დაცინვა, უპატივცემულობა და რისხვა შორს უნდა იყოს ჩვენგან (კოლ. 3:8; იაკ. 1:20). ამ ყველაფერს შეუძლია ადამიანებთან და იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. იესომ თქვა: «ვინც მრისხანებს თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს; ვინც თავის ძმას დამამცირებელი სიტყვით მიმართავს, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს, ის კი, ვინც ეტყვის: „შე სულელო!“ ცეცხლოვან გეენას დაექვემდებარება» (მათ. 5:22).

8. როდის უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი და როგორ?

8 თუმცა არის ისეთი საკითხები, როცა ფიქრობ, რომ სათქმელი უნდა თქვა. თუ ძმამ ისეთი რამ თქვა ან გააკეთა, რამაც მოსვენება დაგიკარგა, არ დაუშვა, რომ გულში სიძულვილი განგივითარდეს (იგავ. 19:11). თუ ვინმე გაწყენინებს, მოთოკე ემოციები და კონკრეტული ნაბიჯები გადადგი პრობლემის გადასაჭრელად. პავლემ დაწერა: „მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“. პრობლემა მშვიდობიანად რომ გადაჭრა, ხელსაყრელი დრო შეარჩიე (წაიკითხეთ ეფესოელების 4:26, 27, 31, 32). გულახდილად და თავაზიანად ესაუბრე ძმას და გახსოვდეს, რომ შენი მიზანი ურთიერთობის აღდგენაა (ლევ. 19:17; მათ. 18:15).

9. რატომ უნდა მოვთოკოთ ემოციები, ვიდრე ძმას დაველაპარაკებით?

9 როგორც უკვე ვთქვით, სალაპარაკოდ ხელსაყრელი დრო უნდა შევარჩიოთ. ბიბლიაში ნათქვამია: არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:1, 7). „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“ (იგავ. 15:28). ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა მოიცადო და ძმას მერე დაელაპარაკო. თუ საუბარს იმ დროს დაიწყებ, როცა ის ჯერ კიდევ გაღიზიანებულია, შეიძლება მდგომარეობა უფრო გამწვავდეს; თუმცა საუბრის დიდი ხნით გადადებაც არ იქნება გონივრული.

სიკეთის ქმნა კარგი ურთიერთობის საწინდარია

10. როგორ დაგვეხმარება სიკეთის ქმნა ურთიერთობის გაუმჯობესებაში?

10 თავაზიანი და სასიამოვნო საუბარი მშვიდობიან ურთიერთობას უწყობს ხელს. სინამდვილეში, როცა სხვებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ვცდილობთ, საუბარიც გულახდილი და სასიამოვნო გვექნება. მთელი გულით გაკეთებული სიკეთე, მაგალითად, რაიმე სახის დახმარების შეთავაზება, საჩუქრის გაკეთება ან სტუმრად დაპატიჟება — თქვენ შორის კარგი და გულახდილი საუბრის წინაპირობა იქნება. სიკეთის კეთებით „ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“ და შესაძლოა, მან კარგი თვისებები გამოავლინოს; ეს კი გაგიადვილებთ პრობლემაზე საუბარს და მის მოგვარებას (რომ. 12:20, 21).

11. რა გააკეთა იაკობმა თავის ძმასთან ურთიერთობის აღსადგენად და იყო შედეგი?

11 იაკობს კარგად ესმოდა, რომ ურთიერთობის აღსადგენად მნიშვნელოვანი იყო თავაზიანობა და სიკეთის ქმნა. მისი ტყუპისცალი, ესავი, ძალიან იყო მასზე განრისხებული. იმის შიშით, რომ ესავი მოკლავდა, იაკობი სახლიდან გაიქცა და მხოლოდ ათეულობით წლის შემდეგ დაბრუნდა. ესავი 400 კაცთან ერთად წავიდა მასთან შესახვედრად. იაკობმა იეჰოვას ლოცვაში დახმარება სთხოვა. მერე კი ესავს თავისი ქონებიდან უამრავი საქონელი გაუგზავნა საჩუქრად. საჩუქარმა მიზანს მიაღწია. იაკობის დანახვაზე ესავს გული მოულბა, მისკენ გაექანა და კისერზე მოეხვია (დაბ. 27:41—44; 32:6, 11, 13—15; 33:4, 10).

აღაშენე სხვები თავაზიანი საუბრით

12. რატომ უნდა ვესაუბროთ და-ძმებს მადლიანი სიტყვებით?

12 ქრისტიანები იეჰოვას ვემსახურებით და არა ადამიანებს. მაგრამ ბუნებრივია, ისიც გვსურს, რომ სხვების მოწონება დავიმსახუროთ. ჩვენი მადლიანი საუბარი და-ძმებს სატარებელ ტვირთს შეუმსუბუქებს. ამის საპირისპიროდ, კრიტიკა ამ ტვირთს უფრო დაამძიმებს და თანაქრისტიანს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, იეჰოვას მოწონება დაკარგა. მოდი, გამამხნევებელ თემებზე ვისაუბროთ და ჩვენი პირიდან „მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფეს. 4:29).

13. რა უნდა ახსოვდეთ უხუცესებს: ა) რჩევის მიცემისას? ბ) წერილების წერისას?

13 განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ „სათუთი გრძნობების“ გამოვლენა სამწყსოს მიმართ (1 თეს. 2:7, 8). უხუცესებმა თანაქრისტიანებს რჩევები რბილად უნდა მისცენ, თუნდაც მაშინ, როცა „უარყოფითად განწყობილებს“ ესაუბრებიან (2 ტიმ. 2:24, 25). უხუცესებმა თავაზიანობა მაშინაც უნდა გამოავლინონ, როცა წერილობითი მიმოწერა აქვთ სხვა უხუცესთა საბჭოსთან ან ფილიალთან. ისინი ტაქტიანები უნდა იყვნენ, როგორც ამას მათეს 7:12 მოგვიწოდებს.

თავაზიანი საუბარი ოჯახში

14. რა ურჩია პავლემ ქმრებს და რატომ?

14 ჩვენმა სიტყვებმა, სახის გამომეტყველებამ და ჟესტებმა სხვებზე შეიძლება იმაზე მეტად იმოქმედოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მაგალითად ზოგ მამაკაცს ბოლომდე არ ესმის, რა მტკივნეულად შეიძლება აღიქვას მისი ნათქვამი სუსტი სქესის წარმომადგენელმა. ერთი და ამბობს: „შიშისგან გული მისკდება, როცა ქმარი მიყვირის“. უხეშმა სიტყვებმა შეიძლება კაცზე მეტად ქალზე იმოქმედოს და გულისტკივილი დიდხანს გაჰყვეს (ლუკ. 2:19). ქალისთვის ეს განსაკუთრებით მაშინ არის მძიმე ასატანი, როცა უხეშად ისეთი ადამიანი ექცევა, ვინც უყვარს და ვისგანაც პატივისცემას მოელის. პავლემ ქმრებს ურჩია: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლ. 3:19).

15. ახსენით, რატომ უნდა მოეპყროს ქმარი ცოლს სათუთად?

15 ერთმა ძმამ, რომელიც დიდი ხნის დაქორწინებულია, ახსნა, რატომ უნდა მოეპყროს ქმარი ცოლს როგორც „სუსტ ჭურჭელს“. მან თქვა: „ძვირფას და მყიფე ჭურჭელს ხელი მაგრად რომ მოუჭირო, შეიძლება გატყდეს. მერე რომც შეაწებო, ბზარი მაინც დაეტყობა. თუ ქმარი ცოლს უხეში სიტყვებით მიმართავს, მას ძალიან ეტკინება გული და გაჩენილი ბზარი მათ ურთიერთობას შეიძლება დიდხანს დააჩნდეს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:7 ).

16. როგორ შეუძლია ცოლს ოჯახის აშენება?

16 სიტყვები, მათ შორის ცოლის ნათქვამი, მამაკაცებზეც მოქმედებს; თქვენმა ნათქვამმა ის შეიძლება გაამხნეოს ან პირიქით, ყველაფრის ხალისი დაუკარგოს. „გონიერი ცოლი“, რომელსაც ქმარი ენდობა, გაითვალისწინებს ქმრის გრძნობებს, ისე როგორც მას უნდა, რომ ქმარმა გაითვალისწინოს მისი გრძნობები (იგავ. 19:14; 31:11). მართლაც, ცოლის გავლენა დიდია; ქალს შეუძლია ოჯახზე კარგად იმოქმედოს ან ცუდად. „ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს“ (იგავ. 14:1).

17. ა) როგორ უნდა ელაპარაკონ შვილები მშობლებს? ბ) როგორ უნდა ელაპარაკონ უფროსები ბავშვებს და რატომ?

17 მშობლებიც და შვილებიც თავაზიანად უნდა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს (მათ. 15:4). შვილებთან საუბრისას გონიერების გამოვლენა გვმართებს, რომ ისინი არ გავაღიზიანოთ (კოლ. 3:21; ეფეს. 6:4). მაშინაც კი, როცა მშობელი შვილს სჯის ან კრებაში უხუცესი ბავშვს რჩევას აძლევს, ეს მათ პატივისცემით უნდა გააკეთონ. ამგვარად უფროსები გაუადვილებენ ბავშვებს რჩევების მიღებას და ღმერთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში დაეხმარებიან. მაგრამ თუ ბავშვს იმას აგრძნობინებთ, რომ მისგან არაფერი გამოვა, შეიძლება მან ხელი ჩაიქნიოს და წინსვლის ხალისი დაკარგოს. ბავშვებს ყველა რჩევა არ დაამახსოვრდებათ, მაგრამ ის მაინც არ დაავიწყდებათ, როგორ იყო ეს რჩევები მიცემული.

კარგი ილაპარაკე

18. როგორ ამოვიგდოთ გულიდან უარყოფითი გრძნობები და ფიქრები?

18 ბრაზის ჩაცხრომა იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ მშვიდი სახე მიიღო. ჩვენი მიზანი მხოლოდ უარყოფითი ემოციების შეკავება არ არის. თუ გარეგნულად ვეცდებით სიმშვიდის შენარჩუნებას, სული კი აფორიაქებული გვექნება, უფრო დავიძაბებით. ეს იგივეა, რომ მანქანის სამუხრუჭე და სიჩქარის სატერფულს ფეხი ერთდროულად დააჭირო. ამ დროს ძრავა გადაიტვირთება და მანქანა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ ნუ დაიგროვებ ბრაზს გულში, რომ მოგვიანებით არ იფეთქო. ილოცე, რომ იეჰოვა დაგეხმაროს, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში. დაე, იეჰოვას სულმა შენი გული და გონება თავისი ნების შესაბამისად გარდაქმნას (წაიკითხეთ რომაელების 12:2; ეფესოელების 4:23, 24 ).

19. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუ ვინმესთან ურთიერთობა დაგვეძაბა?

19 გადადგი პრაქტიკული ნაბიჯები. თუ ვინმესთან ურთიერთობა დაგეძაბა და ატყობ, რომ ბრაზდები, იქაურობას გაეცალე. ამგვარად, შენი ემოციები ნელ-ნელა ჩაცხრება (იგავ. 17:14). თუ ხედავ, რომ ვისაც ესაუბრები, ბრაზი მოსდის, თავს ძალა დაატანე და უფრო თავაზიანად ელაპარაკე. გახსოვდეს: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავ. 15:1). მკვახე და უხეში შენიშვნები, თუნდაც მშვიდი ტონით ნათქვამი, ცეცხლზე ნავთს დაასხამს (იგავ. 26:21). ამგვარად, როცა ატყობ, რომ შენი თავშეკავება იცდება, ‘ნელი იყავი სიტყვასა და რისხვაში’. ილოცე წმინდა სულისთვის, რომ თავი შეიკავო ცუდის თქმისგან და მხოლოდ კარგი ილაპარაკო (იაკ. 1:19).

მთელი გულით აპატიე

20, 21. რა უნდა გავაკეთოთ, რომ პატიება გაგვიადვილდეს და რატომ?

20 სამწუხაროდ, არავის შეუძლია ენის სრულყოფილად გაკონტროლება (იაკ. 3:2). დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგჯერ ჩვენმა ოჯახის წევრებმა და საყვარელმა და-ძმებმაც კი შეიძლება დაუფიქრებელი სიტყვებით გული გვატკინონ. ასეთ დროს უცბად ნუ განაწყენდები, დაფიქრდი, რატომ გითხრა ასეთი რამ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:8, 9). იქნებ, რაღაცის გამო იყო გაღიზიანებული, თავს კარგად ვერ გრძნობდა ან ისეთი პრობლემა ჰქონდა, რის შესახებაც შენ არ იცოდი.

21 ეს მიზეზები არ ამართლებს რისხვის გადმონთხევას. მაგრამ ამის ცოდნა, გვეხმარება გავიგოთ, რატომ ამბობს ან აკეთებს ადამიანი ისეთ რამეს, რასაც არ უნდა ამბობდეს და აკეთებდეს და შესაბამისად უფრო ადვილადაც ვაპატიებთ. ყველას გვითქვამს ან გაგვიკეთებია ისეთი რამ, რითაც სხვებისთვის გული გვიტკენია, მაგრამ იმედი გვაქვს, გვაპატიეს (ეკლ. 7:21, 22). იესომ თქვა, თუ გვინდა, რომ ღმერთმა გვაპატიოს ცოდვები, ჩვენ უნდა ვაპატიოთ სხვებს მათი შეცოდებები (მათ. 6:14, 15; 18:21, 22, 35). ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიხადოთ ბოდიში და ვაპატიოთ. მხოლოდ ასე შევინარჩუნებთ ოჯახსა თუ კრებაში სიყვარულს, რომელიც „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:14).

22. რატომ უნდა ვეცადოთ, ენა მხოლოდ კარგის სათქმელად გამოვიყენოთ?

22 რაც უფრო ახლოვდება რისხვით სავსე ქვეყნიერების ბოლო, მით უფრო რთული ხდება სიხარულისა და ერთიანობის შენარჩუნება. ღვთის სიტყვაში ჩაწერილი პრინციპები დაგვეხმარება, ენა მხოლოდ კარგის სათქმელად გამოვიყენოთ. ამგვარად, ოჯახის წევრებთან და თანაქრისტიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვექნება და ჩვენი კარგი საქმეებით განდიდდება ჩვენი ‘ბედნიერი ღმერთი’, იეჰოვა (1 ტიმ. 1:11).

შეგიძლიათ ახსნათ?

• რატომ უნდა შევარჩიოთ შესაფერისი დრო პრობლემაზე სასაუბროდ?

• რატომ უნდა ელაპარაკებოდნენ ოჯახის წევრები ერთმანეთს „მადლიანი სიტყვებით“?

• როგორ შევიკავოთ თავი გულსატკენი სიტყვებისგან?

• რა დაგვეხმარება პატიებაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 21 გვერდზე]

ემოციები დაიცხრე და მერე სალაპარაკოდ შესაფერისი დრო შეარჩიე

[სურათი 23 გვერდზე]

ქმარი ცოლს ყოველთვის რბილად უნდა ელაპარაკოს