არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვიშუშო მეუღლისგან მიყენებული ჭრილობა?

როგორ მოვიშუშო მეუღლისგან მიყენებული ჭრილობა?

როგორ მოვიშუშო მეუღლისგან მიყენებული ჭრილობა?

მარგარიტა და მისი მეუღლე რაული * წლების მანძილზე ერთად ემსახურებოდნენ იეჰოვას სრული დროით. მაგრამ პირველი ბავშვის დაბადებიდან ცოტა ხანში, რაულმა იეჰოვასგან ჩამოშორება დაიწყო, უზნეო ცხოვრებას მიჰყო ხელი და ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა. მარგარიტა ყვება: „მეგონა, ამას ვერ გადავიტანდი, გულმოკლული ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა“.

ქორწინებიდან მალევე, ჯენის ნდობა და სიყვარული მისმა ქმარმა ფეხქვეშ გათელა. ის ჯენის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. „პირველად რომ დამარტყა, გავოგნდი; თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი, — იხსენებს ჯენი. ჯერ მცემდა, მერე პატიებას მთხოვდა და ამას დასასრული არ უჩანდა. ვფიქრობდი, რომ როგორც ქრისტიანს, უნდა მეპატიებინა და დამევიწყებინა მისი საქციელი. მეგონა, ამის შესახებ ვინმეს, თუნდაც კრების უხუცესებს თუ დაველაპარაკებოდი, მეუღლის ღალატი იქნებოდა. ჩემი პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სულ იმას ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა, ქმარს რომ ვყვარებოდი. ბოლოს მან მე და ჩემი ქალიშვილი მიგვატოვა. თავს ვიდანაშაულებდი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი არ გავაკეთე ოჯახის შესანარჩუნებლად“.

მარგარიტასა და ჯენის მსგავსად, შეიძლება ქმარი შენც ცუდად გეპყრობა, რამაც შეიძლება შენს ემოციურ, სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს; ან შეიძლება ცოლის ღალატის გამო გრძნობ თავს განადგურებულად. ყველა ვრწმუნდებით ბიბლიის სიტყვების უტყუარობაში, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ. წინასწარმეტყველების თანახმად, „ბოლო დღეებში“ ბევრ ოჯახში ერთიანობა დაირღვეოდა და სიყვარული განელდებოდა. ზოგი მხოლოდ გარეგნულად იქნებოდა ღვთის მსახური (2 ტიმ. 3:1—5). ამ პრობლემებისგან არც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან დაზღვეული. რა უნდა გააკეთო, თუ მეუღლემ დიდი ჭრილობა მოგაყენა?

შენს თავს იეჰოვას თვალით შეხედე

თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს იმის დაჯერება, რომ საყვარელმა ადამიანმა ტკივილი მოგაყენა. მისი ცუდი საქციელის გამო, შეიძლება თავიც დაიდანაშაულო.

ნუ დაგავიწყდება, რომ თვით სრულყოფილ იესოს ისეთმა ადამიანმა უღალატა, ვინც უყვარდა და ენდობოდა. იესომ მოციქულები, თავისი მეგობრები, ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ აირჩია. თავიდან თორმეტივე იეჰოვას სანდო მსახური იყო. ამიტომ იესოს, უეჭველად, გული ეტკინებოდა, როცა იუდამ გასცა (ლუკ. 6:12—16). მაგრამ იუდას საქციელის გამო, იეჰოვას იესოსთვის არ მოუთხოვია პასუხი.

დღეს სრულყოფილი ოჯახები არ არსებობს. შეცდომებს ქმარიც უშვებს და ცოლიც. ფსალმუნმომღერალმა მართებულად აღნიშნა: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმ. 130:3). ცოლ-ქმარი იეჰოვას უნდა ჰბაძავდეს და ერთმანეთს შეცდომებს პატიობდეს (1 პეტ. 4:8).

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12). მაგრამ თუ მეუღლეს ჩვევად აქვს თავისი მეორე ნახევრის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, ის დამნაშავეა და იეჰოვას წინაშე აგებს პასუხს. იეჰოვა გმობს ძალადობასა და ლანძღვა-გინებას. აქედან გამომდინარე, არავის აქვს უფლება, თავის მეუღლეს ცუდად და უპატივცემულოდ მოექცეს (ფსალმ. 11:5; ეფეს. 5:33; კოლ. 3:6—8). თუ ქრისტიანი გამუდმებით ანთხევს რისხვას მეუღლეზე, არ იცვლება და არ ინანიებს, ქრისტიანული კრებიდან გაირიცხება (გალ. 5:19—21; 2 იოან. 9, 10). დაზარალებულმა მეუღლემ თავი არ უნდა დაიდანაშაულოს, თუ უხუცესებს ეტყვის, რომ მეუღლე ცუდად ეპყრობა. იეჰოვას ესმის მისი.

თუ ცოლი ან ქმარი იმრუშებს, ის მარტო მეუღლის წინაშე კი არ სცოდავს, არამედ იეჰოვას წინაშეც (მათ. 19:4—9; ებრ. 13:4). თუ ნაღალატები მეუღლე ბიბლიური პრინციპების დამცველია, თავის დადანაშაულების მიზეზი არა აქვს.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ იეჰოვას ესმის შენი გრძნობები. ის თავის თავს ბიბლიაში ისრაელი ერის ქმარს უწოდებს. გულის ამაჩუყებელია იმ მონაკვეთების წაკითხვა, რომელშიც იეჰოვას მწუხარებაა გადმოცემული, როცა ისრაელი სულიერად მრუშობდა (ეს. 54:5, 6; იერ. 3:1, 6—10). დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა ხედავს შენს ცრემლებს (მალ. 2:13, 14). იეჰოვამ ისიც იცის, რომ ნუგეში და გამხნევება გჭირდება.

როგორ განუგეშებს იეჰოვა

ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა გვანუგეშებს, ქრისტიანული შეხვედრებია. ჯენიმ სწორედ ქრისტიანულ შეხვედრებზე პოვა ნუგეში. ის იხსენებს: „ჩვენი კრება სარაიონო ზედამხედველმა ზუსტად მაშინ მოინახულა, როცა ემოციურად ძალიან დათრგუნული ვიყავი. მან იცოდა, როგორ განვიცდიდი იმას, რომ ჩემს მეუღლეს განქორწინებაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი. ზედამხედველმა წამიკითხა რამდენიმე ბიბლიური მუხლი და დამეხმარა, კარგად ჩავწვდომოდი 1 კორინთელების 7:15-ში ჩაწერილ სიტყვებს. ბიბლიური მუხლების წაკითხვისა და მისი თბილი საუბრის შემდეგ თავს აღარ ვიდანაშაულებდი და შინაგანადაც დავმშვიდდი“. *

მარგარიტაც დარწმუნდა, რომ იეჰოვა თავის მსახურებს ქრისტიანული კრების მეშვეობით ეხმარება. „როცა მივხვდი, რომ ჩემი ქმარი არ იცვლებოდა, მოვკიდე ბავშვებს ხელი და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედი. — გვიყვება მარგარიტა. — იქ ოროთახიანი ბინა ვიქირავე. მეორე დღეს ბარგს რომ ვალაგებდი, კარზე დამიკაკუნეს. მეგონა ბინის პატრონი იყო, რომელიც გვერდით ბინაში ცხოვრობდა. ჩემდა გასაკვირად, კართან იდგა და, რომელიც დედაჩემსა და ჩემს ოჯახს ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმარა. ის თურმე ბინის პატრონს ბიბლიას ასწავლიდა და აქ ჩემ ნახვას არ ელოდა. თავი ვერ შევიკავე და მოვუყევი, რა საშინელ მდგომარეობაშიც ვიყავი; ჩემთან ერთად ისიც ტიროდა. მან დამამშვიდა და იმ დღესვე კრების შეხვედრაზე წაგვიყვანა. კრების წევრებმა გულთბილად მიგვიღეს. უხუცესები პრაქტიკულად დამეხმარნენ, რათა ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე მეზრუნა“.

სხვებს რისი გაკეთება შეუძლიათ

გასაჭირში მყოფ ქრისტიანს დახმარება ქრისტიანული კრების წევრებმაც უნდა აღმოუჩინონ და ამის არაერთი საშუალება არსებობს. მაგალითად, როცა მარგარიტა სამუშაოს ეძებდა, ერთმა ოჯახმა შესთავაზა, რომ სკოლის შემდეგ მის ბავშვებზე იზრუნებდნენ.

„ძალიან მადლიერი ვარ, როცა და-ძმებს მე და ჩემი შვილები მსახურებაში მივყავართ“, — ამბობს მარგარიტა. პრაქტიკული დახმარებით კრების წევრები ერთმანეთის ტვირთს ატარებენ და „ქრისტეს კანონს“ ასრულებენ (გალ. 6:2).

პრაქტიკულ დახმარებას ძალიან აფასებენ ისინი, ვინც სხვების ცოდვების გამო იტანჯებიან. მონიკა, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს, ქმარმა მიატოვა და თან საკრედიტო ბარათზე 15 000 ამერიკული დოლარი ვალი დაუტოვა. მონიკა ამბობს: „თანამორწმუნეებმა დიდი სიყვარული გამოავლინეს ჩემი და ჩემი შვილების მიმართ. არ ვიცი, მათ გარეშე რა მეშველებოდა. იეჰოვა ძალიან დამეხმარა ძმების მეშვეობით. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი შვილებისთვის. მათი წყალობით ისინი სულიერად გაიზარდნენ. როცა რჩევა მჭირდებოდა, უხუცესები ყოველთვის გვერდში მედგნენ; როცა ლაპარაკი მინდოდა, ყურადღებით მისმენდნენ“ (მარ. 10:29, 30).

კარგი მეგობარი გამჭრიახობას გამოიჩენს და მეგობარს პრობლემას არ გაახსენებს (ეკლ. 3:7). „მიყვარს თანაქრისტიანებთან ლაპარაკი მსახურებაზე, ბიბლიის შესწავლებზე, ჩემს შვილებზე და საერთოდ ყველაფერზე, გარდა ჩემი პრობლემისა. მეგობრები დამეხმარნენ, წარსული დამევიწყებინა და ცხოვრება ახლიდან დამეწყო, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ“, — აღნიშნა მარგარიტამ.

სამაგიეროს ნუ გადაუხდი

დროდადრო, როცა ფიქრობ, რომ მეუღლის გამო იტანჯები, შეიძლება მის მიმართ სიძულვილი განგივითარდეს და ღმერთთან შენს ურთიერთობას საფრთხე შეექმნას. მაგალითად, შესაძლოა სამაგიეროს გადახდის სურვილმა შეგიპყროს.

თუ ატყობ, რომ ასეთი გრძნობები გიჩნდება, დაფიქრდი იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის მაგალითზე. ამ ერთგულმა მამაკაცებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, როცა აღთქმული მიწის დასაზვერად წავიდნენ. დანარჩენმა მზვერავებმა რწმენის ნაკლებობის გამო ხალხში დაუმორჩილებლობის სული გააღვივეს. როცა იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ხალხს ერთგულებისკენ მოუწოდებდნენ, ზოგმა მათი ჩაქოლვა მოინდომა (რიცხ. 13:25—14:10). სხვების შეცდომების გულისთვის ღვთის ამ ერთგულ ადამიანებს 40 წელი მოუწიათ უდაბნოში ხეტიალი.

იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძისთვის ეს სასჯელი ადვილი ასატანი არ იქნებოდა, მაგრამ მათ გულში წყენა არ ჩაიდეს. მათთვის უმთავრესი იეჰოვას მსახურება იყო. 40 წლის ბოლოს ლევიანებთან ერთად აღთქმულ მიწაზე იმ თაობიდან მხოლოდ ეს ორი კაცი შევიდა. (რიცხ. 14:28—30; იეს. 14:6—12).

მეუღლის ორგულობით მიყენებული ჭრილობა შეიძლება მალე არ შეგიხორცდეს. შეიძლება განქორწინდე, მაგრამ ემოციური ტკივილი დიდხანს გაგყვეს და ფინანსურადაც გაგიჭირდეს. ეცადე, უარყოფითი ფიქრები თავიდან მოიშორო. გახსოვდეს, რომ იეჰოვამ უკეთ იცის, როგორ მოექცეს მათ, ვინც შეგნებულად არღვევს მის პრინციპებს, რაც კარგად გამოჩნდა ორგული ისრაელების მაგალითიდან (ებრ. 10:30, 31; 13:4).

შენ დაძლევ სირთულეებს

ნაცვლად იმისა, რომ ცუდმა ფიქრებმა სულით დაგცეს, გონება იეჰოვას აზრებით აივსე. ჯენი ამბობს: «პრობლემებთან გამკლავებაში „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის აუდიო ჩანაწერების მოსმენა დამეხმარა. ქრისტიანულ შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ძალას მაძლევს და პრობლემებს მავიწყებს. როცა სხვებს ვეხმარები რწმენის გაძლიერებაში, მეც ვძლიერდები. ბიბლიის შემსწავლელებზე ზრუნვა მეხმარება, უფრო მნიშვნელოვანზე ვიფიქრო».

ზემოხსენებული მონიკა აღნიშნავს: „კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებამ და მსახურებაში მაქსიმალურად მონაწილეობამ, გაჭირვება გადამატანინა. მე და ჩემი შვილები უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს და კრების წევრებს. გაჭირვებამ ჩემი სისუსტეები დამანახვა. ბევრ განსაცდელს შევხვდი, მაგრამ იეჰოვამ ყველაფერი გადამატანინა“.

შენც გაართმევ მსგავს პრობლემებს თავს. მართალია, ძნელია მეუღლისგან მიყენებული ტკივილის ატანა, მაგრამ ეცადე, გაითვალისწინო პავლეს ღვთივშთაგონებული რჩევა: „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალ. 6:9).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია

^ აბზ. 13 განცალკევებით ცხოვრებასა და განქორწინებაზე დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვერდები 125—130; 219—221.

[სურათი 31 გვერდზე]

მიტოვებული ოჯახები ძალიან აფასებენ, როცა მსახურებაში ეპატიჟებიან