მზადყოფნას კარგი ნაყოფი გამოაქვს
მზადყოფნას კარგი ნაყოფი გამოაქვს
ავლენთ მზადყოფნას, როცა თქვენი კრების ტერიტორიაზე მოულოდნელად ქადაგების შესაძლებლობა გეძლევათ? ფინეთის ისტორიული საპორტო ქალაქის, ტურკუს მკვიდრმა და-ძმებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, რამაც კარგი ნაყოფი გამოიღო.
არც ისე დიდი ხნის წინ ტურკუელმა ძმებმა გაიგეს, რომ მათ ქალაქში აზიელი მუშები ჩამოსულიყვნენ. მუშებს ადგილობრივ გემთსაშენში ვეებერთელა სამოგზაურო გემზე დარჩენილი სამუშაოები უნდა დაესრულებინათ. მოგვიანებით, ერთმა ძმამ იმ სასტუმროების მისამართები გაიგო, სადაც უცხოელი მუშები მოთავსდნენ. მან ისიც გაარკვია, რომ მუშების ნავსადგურში წასაყვანად დილაუთენია სასტუმროებიდან ავტობუსები გადიოდა. ამის შესახებ ძმამ ტურკუს ინგლისურენოვან კრებას დაუყოვნებლივ შეატყობინა.
კრების უხუცესებმა იფიქრეს, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაეშვათ და უცხოელებისთვის სამეფოს შესახებ ცნობა უნდა ექადაგათ. მათ ამ საქმეს ორგანიზება გაუწიეს და იმავე კვირას, დილის 7 საათზე ათი მაუწყებელი ავტობუსის გაჩერებასთან შეიკრიბა. თავიდან არავინ ჩანდა. „ნუთუ დავაგვიანეთ? ქალაქიდან ხომ არ წავიდნენ?“ — ფიქრობდნენ ძმები. ამასობაში ქუჩის კუთხიდან ერთი უნიფორმიანი მუშა გამოჩნდა. მას მეორე მოჰყვა და ასე ნელ-ნელა უცხოელი მუშები გაჩერებასთან შექუჩდნენ. მაუწყებლები საქმეს შეუდგნენ და ინგლისურენოვანი პუბლიკაციებით ხელში მუშებთან მივიდნენ. ჩვენი და-ძმების გასახარად, სანამ ავტობუსები მუშებით გაივსებოდა ერთი საათი გავიდა. ეს კი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ მაუწყებლები მუშების უმეტესობას გამოლაპარაკებოდნენ. და-ძმებმა 126 ბროშურა და 329 ჟურნალი გაავრცელეს.
კარგი შედეგებით წახალისებულმა მაუწყებლებმა გადაწყვიტეს, მომდევნო კვირასაც, სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს, მუშებს შეხვედროდნენ. დილის შვიდის ნახევარზე წვიმიან დღეს სარაიონო ზედამხედველმა სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ჩაატარა და შემდეგ 24 მაუწყებელი ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა. ამჯერად მათ პუბლიკაციები ტაგალურ ენაზეც წაიღეს, რადგან ბევრი მუშა ფილიპინებიდან იყო. იმ დილით მუშებმა თან გაიყოლეს 7 წიგნი, 69 ბროშურა და 479 ჟურნალი. რთული წარმოსადგენი არ არის, რა სიხარული განიცადეს და-ძმებმა, რომლებმაც ამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს.
სანამ მუშები თავ-თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებოდნენ, ზოგი მათგანი ძმებმა სასტუმროში მოინახულეს და სამეფოს შესახებ ცნობა დეტალურად უქადაგეს. ზოგმა თქვა, რომ იეჰოვას მოწმეებს სხვა ქვეყნებშიც შეხვედრია. მონახულებისთვის მუშებმა ძმებს მადლობა გადაუხადეს.
თქვენც ავლენთ მზადყოფნას, როცა თქვენი კრების ტერიტორიაზე ქადაგების შესაძლებლობა გეძლევათ? იღებთ ინიციატივას, რომ სხვა ეროვნების ადამიანებს უქადაგოთ? თუ ასეა, ტურკუელი და-ძმების მსგავსად, ალბათ, თქვენც დიდ სიხარულს განიცდით.
[რუკა⁄სურათი 32 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ფინეთი
ჰელსინკი
ტურკუ