არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოსასყიდი ჩვენს ხსნას ემსახურება

გამოსასყიდი ჩვენს ხსნას ემსახურება

გამოსასყიდი ჩვენს ხსნას ემსახურება

„ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოან. 3:36).

1, 2. რა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც დაიწყო „სიონის საგუშაგო კოშკის“ გამოცემა?

„შეუძლებელია ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარს შეუმჩნეველი დარჩეს, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ქრისტეს სიკვდილს“, — ნათქვამი იყო ამ ჟურნალის 1879 წელს გამოსულ მეოთხე ანუ ოქტომბრის ნომერში. სტატიის დასასრულს ასეთი დამაფიქრებელი აზრი ეწერა: „მოდით, ვუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც ამცირებს ქრისტეს სიკვდილის, როგორც ცოდვებისთვის აღვლენილი მსხვერპლის მნიშვნელობას“ (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:1, 2).

2 გამოსასყიდის შესახებ ბიბლიის სწავლების მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც 1879 წლის ივლისში დაიწყო „სიონის საგუშაგო კოშკის“ გამოცემა. ის, რაც ამ ჟურნალში ეწერა, „დროული საზრდო“ იყო, რადგან მე-19 საუკუნის ბოლოს გაიზარდა იმ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა რიცხვი, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ქრისტეს სიკვდილის, როგორც ჩვენი ცოდვების გამოსასყიდის მნიშვნელობას (მათ. 24:45). იმ პერიოდში მრავალი მოექცა ევოლუციის თეორიის გავლენაში. ეს იყო თეორია, რომელიც გამორიცხავდა იმ აზრს, რომ ადამიანი ერთ დროს სრულყოფილი იყო. ევოლუციონისტების მოსაზრებით ადამიანი სრულყოფას განიცდის და მას გამოსასყიდი არ სჭირდება. გასათვალისწინებელია ის სიტყვები, რაც მოციქულმა პავლემ უთხრა ტიმოთეს: „დაიცავი მონდობილი და ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში. ზოგიერთები, რომლებსაც ასეთი ცოდნით მოჰქონდათ თავი, რწმენას განუდგნენ“ (1 ტიმ. 6:20, 21).

3. რა კითხვებს განვიხილავთ?

3 ფაქტია, არც ერთ ჩვენგანს არ გვინდა, განვუდგეთ რწმენას. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვებზე: რატომ გვჭირდება გამოსასყიდი? რა დაჯდა ეს გამოსასყიდი? როგორ ვისარგებლოთ ამ ძვირფასი საჩუქრით, რომელსაც ღვთის რისხვისგან ჩვენი ხსნა შეუძლია?

ჩვენ შეგვიძლია გადავურჩეთ ღვთის რისხვას

4, 5. რა ადასტურებს იმას, რომ ღვთის რისხვა რჩება ბოროტ ქვეყნიერებაზე?

4 როგორც ბიბლიიდან და ისტორიიდან ჩანს, ადამის შეცოდების შედეგად კაცობრიობაზე ღვთის რისხვა დარჩა (იოან. 3:36). ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია. სატანის მიერ შექმნილმა მმართველობის ფორმამ ვერ დაიცვა კაცობრიობა მრავალი უბედურებისგან და ვერც ერთმა ადამიანურმა მთავრობამ ვერ შეძლო თავისი ყველა ქვეშევრდომის აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (1 იოან. 5:19). ამიტომ ადამიანები დღემდე იტანჯებიან ომებით, დამნაშავეობითა და სიღარიბით.

5 ფაქტია, რომ იეჰოვა არ აკურთხებს ამ ბოროტ ქვეყნიერებას. პავლე ამბობდა, რომ „ზეციდან ღვთის რისხვა ცხადდება . . . ადამიანთა ყოველგვარი უღმერთობის . . . წინააღმდეგ“ (რომ. 1:18—20). ამიტომ ისინი, ვინც არ ინანიებენ უღმერთო ცხოვრების წესს, ვერ გაექცევიან თავიანთი საქციელის შედეგებს. დღესდღეობით სატანის ქვეყნიერებას ღვთის რისხვა „დამაწყლულებელი“ განაჩენის სახით უცხადდება. ეს განაჩენი ბევრ ჩვენს ბიბლიურ პუბლიკაციაშიც არის გაცხადებული (გამოცხ. 16:1).

6, 7. რა საქმეს ხელმძღვანელობენ ცხებული ქრისტიანები და რა შესაძლებლობა ეძლევათ მათ, ვინც ჯერ კიდევ სატანის ქვეყნიერების ნაწილია?

6 ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ თავი დააღწიონ სატანის მარწუხებს და ღმერთს შეურიგდნენ? არა, რადგან იეჰოვასთან შერიგება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ცხებული ქრისტიანები, რომლებიც „ელჩები [არიან] . . . ქრისტეს ნაცვლად“, ხელმძღვანელობენ სამქადაგებლო საქმიანობას და ამგვარად ხალხს ყველა ერიდან ღმერთთან შერიგებისკენ მოუწოდებენ (2 კორ. 5:20, 21).

7 მოციქულმა პავლემ თქვა, რომ იესო „მომავალი რისხვისგან გვიხსნის“ (1 თეს. 1:10). საბოლოო ჯამში, ღვთის რისხვა თავს დაატყდება მოუნანიებელ ცოდვილებს, რის შედეგადაც ისინი სამუდამოდ განადგურდებიან (2 თეს. 1:6—9). მაშ, ვინ გადარჩება? ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოან. 3:36). ღვთის რისხვის დღეს გადარჩებიან ისინი, ვისაც იესოსა და მისი გამოსასყიდის რწმენა ექნებათ.

როგორ მოქმედებს გამოსასყიდი?

8. ა) რა შესანიშნავი მომავალი ელოდათ ადამსა და ევას? ბ) როგორ დაამტკიცა იეჰოვა ღმერთმა, რომ მისი სამართლიანობა სრულყოფილია?

8 ღმერთმა ადამი და ევა სრულყოფილები შექმნა. ისინი ღვთის მორჩილები რომ დარჩენილიყვნენ, თავიანთ შთამომავლებთან ერთად დღემდე ბედნიერად იცხოვრებდნენ დედამიწაზე სამოთხეში. სამწუხაროდ, ჩვენმა პირველმა მშობლებმა შეგნებულად დაარღვიეს ღვთის მითითება. ღმერთმა ისინი სამუდამო სიკვდილით დასაჯა და სამოთხიდან გამოაძევა. მას შემდეგ, რაც ადამსა და ევას შვილები შეეძინათ, ცოდვა მათ შთამომავლობაზეც გადავიდა. საბოლოო ჯამში, პირველი ქალი და მამაკაცი დაბერდნენ და მოკვდნენ. ეს ადასტურებს, რომ იეჰოვა თავისი სიტყვის ერთგულია. გარდა ამისა, მისი სამართლიანობა სრულყოფილია. იეჰოვას გაფრთხილებული ჰყავდა ადამი, რომ თუ აკრძალულ ნაყოფს შეჭამდა, მოკვდებოდა. და ეს ასეც მოხდა.

9, 10. ა) რატომ კვდებიან ადამის შთამომავლები? ბ) როგორ შეგვიძლია გადავურჩეთ სამუდამო განადგურებას?

9 როგორც ადამის შთამომავლებს, ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცა ცოდვისკენ მიდრეკილი არასრულყოფილი და მოკვდავი სხეული. როცა ადამმა შესცოდა, ცოდვა ჩვენზეც გავრცელდა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაბადებულები არ ვიყავით. ამიტომ სიკვდილი ჩვენც შეგვეხო. იეჰოვა თავისი სიტყვის წინააღმდეგ წავიდოდა, თუ გამოსასყიდის გარეშე გააუქმებდა სიკვდილს. შეიძლება ითქვას, რომ პავლეს შემდეგი სიტყვები თითოეულ ჩვენგანს ეხება: „ვიცით, რომ კანონი სულიერია, მე კი ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული. საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?“ (რომ. 7:14, 24).

10 მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეეძლო შეექმნა კანონიერი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენთვის ცოდვები ეპატიებინა და სიკვდილისგან გავეთავისუფლებინეთ. ამისათვის მან ზეციდან თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა, რათა სრულყოფილ ადამიანად დაბადებულიყო და თავისი სიცოცხლე გამოსასყიდად გაეღო ჩვენთვის. ადამისგან განსხვავებით იესოს სრულყოფილება არ დაუკარგავს და „არც ცოდვა ჩაუდენია“ (1 პეტ. 2:22). იესოს შეეძლო, რომ სრულყოფილი შთამომავლობა წარმოეშვა. ნაცვლად ამისა, მან წინააღმდეგობა არ გაუწია ღვთის მტრებს, რომლებმაც მოკლეს ის. ამგვარად მას საშუალება მიეცა, რომ ადამის ცოდვილი შთამომავლები ეშვილა და მარადიული სიცოცხლით ეკურთხებინა ისინი, ვინც მას ირწმუნებდა. ბიბილია გვიხსნის: „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო, რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის“ (1 ტიმ. 2:5, 6).

11. ა) მაგალითით ახსენით, როგორ მოქმედებს გამოსასყიდი. ბ) ვისთვის მოაქვს გამოსასყიდს სარგებლობა?

11 უკეთ რომ დავინახოთ, თუ როგორ მოქმედებს გამოსასყიდი, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ხალხს მთელი დანაზოგი ბანკმა გაუფლანგა, რის გამოც ისინი ვალებში ჩაცვივდნენ. ბანკის მფლობელები დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. უსახსროდ დარჩენილი მოტყუებული ხალხი სავალალო მდგომარეობიდან ერთმა კეთილმა და მდიდარმა კაცმა დაიხსნა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, ბანკის მიერ გაფლანგული თანხა უდანაშაულო ხალხს დაუბრუნა და მათი ვალებიც გადაიხადა. მსგავსად, იეჰოვა ღმერთმა და მისმა საყვარელმა ძემ ადამის შთამომავლები ცოდვისგან იესოს დაღვრილი სისხლის საფასურით გამოისყიდეს. სწორედ ამიტომ თქვა იოანე ნათლისმცემელმა იესოზე: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოან. 1:29). მათ შორის, ვისი ცოდვებიც იესომ აღმოფხვრა, არიან როგორც ცოცხლები, ისე მკვდრები.

რა დაჯდა გამოსასყიდი?

12, 13. რის უკეთ წარმოდგენაში გვეხმარება აბრაამის მზადყოფნა, რომ მსხვერპლად შეეწირა ისაკი?

12 რთულია გავიგოთ, რა ფასად დაუჯდათ გამოსასყიდი ჩვენს ზეციერ მამასა და მის საყვარელ ძეს. მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილი შემთხვევები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ამ საკითხზე. მაგალითად წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა მორიას მთისკენ მიმავალი აბრაამი სამი დღის განმავლობაში. მას ღმერთმა უთხრა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი, წადი მორიას მიწაზე და იქ აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად, იმ მთაზე, რომელზეც მოგითითებ“ (დაბ. 22:2—4).

13 წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა მთაზე ასული აბრაამისთვის, რომ ხელ-ფეხი შეეკრა ისაკისთვის და თავისივე აგებულ სამსხვერპლოზე დაეწვინა. რა მტკივნეული იქნებოდა აბრაამისთვის საყვარელი შვილის მოსაკლავად დანის აღმართვა. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ისაკი, რომელიც სამსხვერპლოზე იწვა და ელოდა, როდის მიაყენებდნენ სასიკვდილო ჭრილობას. იეჰოვას ანგელოზმა აბრაამი დროულად შეაჩერა. აბრაამისა და ისაკის შემთხვევა უკეთ გვაჩვენებს, რა მტკივნეული იყო იეჰოვასთვის, სატანის დამქაშებისთვის თავისი შვილის მოკვლის უფლება მიეცა. როგორც ისაკი დაემორჩილა აბრაამს და მზად იყო მომკვდარიყო, ასევე იესოც მზადყოფნით დაჰყვა მამის ნებას, რომ ჩვენთვის დატანჯულიყო და მომკვდარიყო (ებრ. 11:17—19).

14. იაკობის ცხოვრებაში მომხდარი რომელი შემთხვევა გვეხმარება გამოსასყიდის დაფასებაში?

14 იაკობის ცხოვრებაში მომხდარი ერთი შემთხვევაც კარგად გვაჩვენებს გამოსასყიდის ფასს. შვილებიდან იაკობს ყველაზე მეტად იოსები უყვარდა. სამწუხაროდ, ძმებმა იოსები შეიძულეს, რადგან შურდათ მისი. მაგრამ იოსები მამის თხოვნისამებრ მაინც წავიდა თავისი ძმების სანახავად. ამ დროს ისინი ხებრონიდან, თავიანთი საცხოვრებლიდან ჩრდილოეთით 100 კილომეტრის მოშორებით მამის ცხვარს მწყემსავდნენ. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იაკობი, როცა ვაჟებმა იოსების სისხლიანი ტანსაცმელი მიუტანეს! „ჩემი ვაჟის გრძელი ტანსაცმელია! ნადირს შეუჭამია, დაუგლეჯია იოსები!“, — წამოიძახა იაკობმა. შვილის სიკვდილით შეძრული იაკობი მრავალი დღე გლოვობდა მას (დაბ. 37:33, 34). მართალია, იეჰოვა არასრულყოფილი ადამიანივით არ რეაგირებს ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ იაკობის ცხოვრებაში მომხდარი ეს შემთხვევა დაახლოებით მაინც გვიქმნის წარმოდგენას, თუ რა იგრძნო იეჰოვამ, როცა დედამიწაზე ადამიანად მოვლენილ მის საყვარელ ძეს სასტიკად მოექცნენ და მოკლეს.

სარგებლობა, რომელიც გამოსასყიდს მოაქვს

15, 16. ა) როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ იწონებდა გამოსასყიდს? ბ) რით არის სასარგებლო გამოსასყიდი პირადად შენთვის?

15 იეჰოვამ თავისი ერთგული ძე აღადგინა და დიდებული სულიერი სხეული უბოძა (1 პეტ. 3:18). მკვდრეთით აღდგენიდან 40 დღის განმავლობაში, იესო ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ამხნევებდა და გრანდიოზული სამქადაგებლო საქმისთვის ამზადებდა. ზეცად ამაღლების შემდეგ, იესომ თავისი დაღვრილი სისხლის საფასური ღმერთს წარუდგინა. ეს მსხვერპლი მისი ჭეშმარიტი მოწაფეების კეთილდღეობას უნდა მომსახურებოდა, რომლებიც ირწმუნებდნენ იმას, რომ იესოს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს. იეჰოვამ მოიწონა ქრისტეს მსხვერპლი. ეს კი იქიდან გამოჩნდა, რომ იესომ ღვთის ნებისამებრ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში შეკრებილ თავის მოწაფეებზე წმინდა სული გადმოაფრქვია (საქ. 2:33).

16 ქრისტეს ეს ცხებული მიმდევრები მაშინვე შეუდგნენ ხალხის გაფრთხილებას, რომ აუცილებელი იყო ცოდვების მონანიება და მონათვლა იესო ქრისტეს სახელით, რათა ღვთის რისხვისგან დაეღწიათ თავი (წაიკითხეთ საქმეების 2:38—40). იმ დღიდან მოყოლებული დღემდე, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე ღმერთთან ურთიერთობის საშუალება ყველა ერიდან მილიონობით ადამიანს მიეცა (იოან. 6:44). ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია კიდევ ორ კითხვაზე დავფიქრდეთ: ჩვენი კარგი საქმეების გამო დავიმსახურეთ მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა? შეიძლება დავკარგოთ მარადიულად ცხოვრების იმედი, რომელიც ერთ დროს გაგვაჩნდა?

17. როგორ უნდა ვუყურებდეთ ღმერთთან მეგობრობის შესაძლებლობას?

17 გამოსასყიდი ჩვენ არ დაგვიმსახურებია. მაგრამ დღეს მილიონობით ადამიანს ეძლევა ღმერთთან მეგობრობისა და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა, რადგან რწმენას ავლენენ გამოსასყიდის მიმართ. იეჰოვასთან მეგობრობა არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს ურთიერთობა ყოველთვის გაგრძელდება. ღვთის მომავალი რისხვის დღეს რომ გადავურჩეთ, ყოველთვის მადლიერები უნდა ვიყოთ „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი“ გამოსასყიდისთვის (რომ. 3:24; წაიკითხეთ ფილიპელების 2:12).

კვლავაც გამოავლინეთ რწმენა ქრისტეს მსხვერპლის მიმართ

18. რაში უნდა ვლინდებოდეს, რომ ვაფასებთ გამოსასყიდს?

18 როგორც სტატიის წამყვანი მუხლიდან, იოანეს 3:36-დან ჩანს, უფალ იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა მის მორჩილებასაც გულისხმობს. თუ გამოსასყიდს ვაფასებთ, იესოს სწავლებების თანახმად ვიცხოვრებთ, რაშიც ზნეობასთან დაკავშირებული სწავლებებიც შედის (მარ. 7:21—23). „ღვთის რისხვა ეწევა“ ყველას, ვინც მრუშობს, უწმაწურად ხუმრობს და ყოველგვარ უწმინდურებას სჩადის, რაშიც პორნოგრაფიის სისტემატურად ყურებაც იგულისხმება (ეფეს. 5:3—6).

19. რა საქმეებით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ გამოსასყიდს?

19 თუ გამოსასყიდს ვაფასებთ, ჩვენი საქმეებით დავამტკიცებთ, რომ „ღვთისადმი ერთგულები“ ვართ (2 პეტ. 3:11). ამიტომ ყოველთვის გამოვუყოთ დრო გულწრფელ ლოცვას, ბიბლიის პირად შესწავლას, შეხვედრებზე დასწრებას, ოჯახთან ერთად თაყვანისცემას და გულმოდგინედ ქადაგებას. მოდი, ნუ დავივიწყებთ „კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“! (ებრ. 13:15, 16).

20. მომავალში რა კურთხევები ელით მათ, ვინც გამოსასყიდისადმი ავლენს რწმენას?

20 როდესაც იეჰოვას რისხვა დაატყდება თავს ამ ბოროტ ქვეყნიერებას, როგორ გავიხარებთ რომ თავის დროზე რწმენა გამოვავლინეთ გამოსასყიდისადმი და დავაფასეთ ის! ღვთის ახალ ქვეყნიერებაში კი მუდამ მადლიერნი ვიქნებით ამ ძვირფასი საჩუქრისთვის, რომლის წყალობითაც ღვთის რისხვას გადავურჩით (წაიკითხეთ იოანეს 3:16; გამოცხადების 7:9, 10, 13, 14 ).

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

იეჰოვასთან შერიგება ჯერ კიდევ შესაძლებელია

[სურათი 15 გვერდზე]

აბრაამის, ისაკისა და იაკობის შემთხვევებზე დაფიქრება გამოსასყიდის დაფასებაში გვეხმარება

[სურათი 16 გვერდზე]

როგორ უპასუხებთ?

• რატომ გვჭირდება გამოსასყიდი?

• რა დაჯდა გამოსასყიდი?

• რა სარგებლობა მოაქვს გამოსასყიდს?

• როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვაფასებთ იესოს გამოსასყიდს?