არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვიყოთ პუნქტუალურები?

რატომ უნდა ვიყოთ პუნქტუალურები?

რატომ უნდა ვიყოთ პუნქტუალურები?

ყოველთვის ადვილი არ არის, იყო პუნქტუალური ანუ დანიშნულ დროს არ გადააცილო. ამაში შეიძლება ხელს გვიშლის დიდი მანძილი, საცობები და გადატვირთული გრაფიკი. მაგრამ დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა მაინც მნიშვნელოვანია. მაგალითად, პუნქტუალურ ადამიანს სამსახურში სანდო და გულმოდგინე თანამშრომლად თვლიან. მეორე მხრივ ის, ვინც აგვიანებს, არა მარტო ხელს უშლის მუშაობაში სხვებს, არამედ ეს მისი სამუშაოს ხარისხზეც აისახება. დაგვიანების გამო სტუდენტებს უცდებათ ლექციები, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ექიმთან ან სტომატოლოგთან დაგვიანებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მკურნალობის ხარისხზე.

ზოგან პუნქტუალურობას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ასეთ გარემოში ადვილად შეიძლება დაგვიანება ჩვევად გვექცეს. ამ შემთხვევაში მიზნად უნდა დავისახოთ, რომ დანიშნულ ადგილზე დროზე მივიდეთ. პუნქტუალურები იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თვისება. რატომ უნდა ვიყოთ პუნქტუალურები? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად არ დავაგვიანოთ დანიშნულების ადგილზე? რა დადებით შედეგებს მოვიმკით, თუ ყოველთვის დროულად ვიქნებით დანიშნულების ადგილზე?

იეჰოვა ყველაფერს დროულად აკეთებს

პუნქტუალურები პირველ რიგში იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ღმერთს მივბაძოთ (ეფეს. 5:1). იეჰოვა პუნქტუალურობის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. ის არასდროს აგვიანებს და ზედმიწევნით მიჰყვება გეგმას თავისი განზრახვის განსახორციელებლად. მაგალითად, როცა იეჰოვამ გადაწყვიტა, უღვთო ქვეყნიერება წარღვნით გაენადგურებინა, მან ნოეს უთხრა: „გაიკეთე კიდობანი ფისიანი ხისგან“. როცა წარღვნის დრო მოახლოვდა, იეჰოვამ ნოეს უთხრა, კიდობანში შესულიყო და გააფრთხილა: „შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. აღვგვი მიწის პირიდან ყოველ არსებას, რომელიც შევქმენი“. და მართლაც, ზუსტად „შვიდი დღის შემდეგ წარღვნა მოხდა დედამიწაზე“ (დაბ. 6:14; 7:4, 10). წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ნოესა და მის ოჯახს, დროულად რომ არ შესულიყვნენ კიდობანში. მათ ღვთისთვის უნდა მიებაძათ და ყველაფერი თავის დროზე უნდა გაეკეთებინათ.

წარღვნიდან 450 წლის შემდეგ, იეჰოვამ პატრიარქ აბრაამს უთხრა, რომ მას ვაჟი ეყოლებოდა, რომელიც აღთქმული შთამომავლის წინაპარი გახდებოდა (დაბ. 17:15—17). ღმერთმა მას უთხრა, რომ ისაკი მომდევნო წელს „დანიშნულ დროს“ დაიბადებოდა. მართლა ასე მოხდა? ბიბლიაში წერია: „დაორსულდა სარა და ვაჟი გაუჩინა მოხუც აბრაამს დანიშნულ დროს, რომელზეც ღმერთი ელაპარაკა“ (დაბ. 17:21; 21:2).

ბიბლიაში ღვთის პუნქტუალურობის დამამტკიცებელ ბევრ მაგალითს ვხვდებით (იერ. 25:11—13; დან. 4:20—25; 9:25). ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ დაველოდოთ იეჰოვას მომავალ სასამართლო დღეს. ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ეს დღე აყოვნებს, მაგრამ ბიბილია გვარწმუნებს, რომ მას „არ დააგვიანდება“ (აბაკ. 2:3).

პუნქტუალურობა მნიშვნელოვანია თაყვანისცემის დროს

ყველა ისრაელი მამაკაცი დროულად უნდა გამოცხადებულიყო ყოველწლიურ დღესასწაულზე, რომელიც „წელიწადის სხვადასხვა დროს“ იმართებოდა (ლევ. 23:2, 4). ღმერთს აგრეთვე დადგენილი ჰქონდა დრო იმისათვის, როდის უნდა მიეტანათ ესა თუ ის შესაწირავი (გამ. 29:38, 39; ლევ. 23:37, 38). განა ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ იეჰოვას სურს, მისი თაყვანისმცემლები პუნქტუალურები იყვნენ, როცა საქმე მის თაყვანისცემას ეხება?

პირველ საუკუნეში, მოციქულმა პავლემ კორინთელებს ქრისტიანული შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებით ასეთი მითითება მისცა: „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:40). შესაბამისად, ქრისტიანული შეხვედრები დანიშნულ დროს უნდა იწყებოდეს. იეჰოვას შეხედულება პუნქტუალურობაზე არ შეცვლილა (მალ. 3:6). მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე არ დავაგვიანოთ?

როგორ გადავლახოთ ხელის შემშლელი ფაქტორები

ბევრს ძალიან ეხმარება წინასწარ დაგეგმვა (იგავ. 21:5). მაგალითად, თუ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად გარკვეული მანძილია გასავლელი, კარგი იქნება თუ ისე დავგეგმავთ ყველაფერს, რომ წუთი წუთზე არ მოგვიწიოს მისვლა. უფრო გონივრული იქნება, თუ რამდენიმე წუთს მოვიტოვებთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის (ეკლ. 9:11). „კარგი იქნება, თუ წინასწარ განსაზღვრავთ, რა დრო დაგჭირდებათ დანიშნულების ადგილზე დროულად მისასვლელად“, — ამბობს ახალგაზრდა ხოსე, * რომელიც პუნქტუალურობით გამოირჩევა.

ზოგმა გადაწყვიტა, რომ სამუშაოდან ცოტათი ადრე წამოსულიყო, რათა საკმარისი დრო ჰქონოდა ქრისტიანულ შეხვედრებზე დროულად მისასვლელად. სწორედ ასე მოიქცა ერთი ეთიოპი მოწმე, რომელსაც ცვლაში მუშაობის გამო 45 წუთით მოუწევდა შეხვედრებზე დაგვიანება. ის თანამშრომელს შეუთანხმდა, რომ კრების შეხვედრის დღეებში ადრე მოსულიყო და მის ნაცვლად გაეგრძელებინა მუშაობა, სანაცვლოდ კი, თანამშრომლის მაგივრად დამატებით შვიდ საათს იმუშავებდა.

თუ პატარა ბავშვები გყავთ, ეს შეიძლება კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. ჩვეულებრივ ბავშვების მომზადების პასუხისმგებლობა დედას ეკისრება, მაგრამ კარგი იქნება, თუ ოჯახის სხვა წევრებიც დაეხმარებიან მას. მექსიკელი ესპერანზა რვა შვილზე მარტო ზრუნავს. ბავშვების ასაკი 5-დან 23 წლამდე მერყეობს. ესპერანზა გვიხსნის, როგორ ახერხებს შეხვედრებზე დროულად მისვლას: „უფროსი ქალიშვილები პატარების მომზადებაში მეხმარებიან. ასე სახლის საქმეებსაც ვასწრებ და თავის მოწესრიგებასაც, რომ შეხვედრებზე დროულად მივიდეთ“. ამ ოჯახს დადგენილი აქვს სახლიდან გასვლის დრო, ამიტომ ყველა ერთმანეთს ეხმარება, რომ ამ დროისთვის მზად იყვნენ.

რატომ არის კარგი შეხვედრებზე დროულად მისვლა

თუ დავფიქრდებით იმაზე, რა დადებითი შედეგები მოაქვს ქრისტიანულ შეხვედრებზე დროულად მისვლას, უფრო მეტად შევეცდებით, რომ პუნქტუალურები ვიყოთ. ახალგაზრდა ქალი, სანდრა, რომელიც კრებებზე ადრე მისვლას მიეჩვია, ამბობს: „ადრე მისვლა იმიტომ მიყვარს, რომ შემიძლია მივესალმო და-ძმებს, გავესაუბრო მათ და უკეთ გავიცნო ისინი“. როდესაც სამეფო დარბაზში ადრე მივდივართ, შეგვიძლია მოვისმინოთ გამამხნევებელი შემთხვევები ჩვენი თანაქრისტიანების მოთმინებისა და ერთგულების შესახებ. ჩვენი იქ ყოფნით და გამამხნევებელი საუბრებით და-ძმებსაც გავამხნევებთ და წავახალისებთ „სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24, 25).

ყოველი შეხვედრა იწყება ლოცვით და სიმღერით, რაც ჩვენი თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილია (ფსალმ. 149:1). სიმღერა, რომლითაც იეჰოვას განვადიდებთ, შეგვახსენებს, რა თვისებებს უნდა ვავლენდეთ და აღგვძრავს სიხარულით მსახურებისკენ. რა შეიძლება ითქვას შეხვედრის დასაწყისში წარმოთქმულ ლოცვაზე? ძველად იეჰოვამ ტაძარს თავისი „სამლოცველო სახლი“ უწოდა (ეს. 56:7). დღესაც ჩვენი შეკრებების დროს ლოცვით მივმართავთ ღმერთს და ხელმძღვანელობასა და წმინდა სულს ვთხოვთ. ლოცვა აგრეთვე განაწყობს ჩვენს გულსა და გონებას იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც კრების შეხვედრაზე იქნება განხილული. ამიტომ შეხვედრებზე დროულად უნდა მივიდეთ, რომ სიმღერით განვადიდოთ ღმერთი და მოვუსმინოთ ლოცვას.

23 წლის ჰელენი შეხვედრებზე ადრე მისვლის მიზეზს ასე ხსნის: „ვფიქრობ, ასე შემიძლია ჩემი სიყვარული დავუმტკიცო იეჰოვას. ყველაფერი ხომ მისგან არის, რასაც კრების დროს ვისმენთ, მათ შორის სიმღერები და ლოცვა“. ჩვენც ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს შეხვედრების მიმართ. ამიტომ, მოდი ვეცადოთ, ჩვევად გავიხადოთ პუნქტუალურობა განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას ეხება.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 სახელები შეცვლილია.

[სურათი 26 გვერდზე]

წინასწარ მოემზადეთ

[სურათი 26 გვერდზე]

მოიტოვეთ დრო გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის

[სურათები 26 გვერდზე]

შეხვედრებზე ადრე მისვლა ნამდვილად გამამხნევებელია