არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სიკეთის კანონმა“ დაიცვას თქვენი ენა

„სიკეთის კანონმა“ დაიცვას თქვენი ენა

„სიკეთის კანონმა“ დაიცვას თქვენი ენა

„სიბრძნით ხსნის ბაგეს და სიკეთის კანონია მის ენაზე“ (იგავ. 31:26).

1, 2. ა) რა უნდა ახასიათებდეთ იეჰოვას თაყვანისმცემლებს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც ძველად მეფე ლემუელს დედამისმა გადასცა, იმ მოთხოვნებსაც ეხებოდა, რომელსაც კარგი ცოლი უნდა აკმაყოფილებდეს. „სიბრძნით ხსნის ბაგეს და სიკეთის კანონია მის ენაზე“, — ეუბნებოდა დედა ლემუელს (იგავ. 31:1, 10, 26). სიკეთე მხოლოდ ბრძენ ქალს კი არ მოეთხოვება, არამედ ყველას, ვისაც უნდა, რომ ღმერთს ასიამოვნოს (წაიკითხეთ იგავების 19:22). სიკეთე ღვთის ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლის საუბარში უნდა ჩანდეს.

2 რა არის სიკეთე? ვის მიმართ უნდა ვავლენდეთ მას? რა დაგვეხმარება, „სიკეთის კანონი“ გვქონდეს ენაზე და როგორ იმოქმედებს ეს ოჯახის წევრებთან და თანაქრისტიანებთან ჩვენს ურთიერთობაზე?

სიკეთე, რომელსაც საფუძვლად ერთგული სიყვარული უდევს

3, 4. ა) რა იგულისხმება სიტყვა „ხესედში“, რომელიც ბიბლიაში სიკეთედ არის ნათარგმნი? ბ) რა განსხვავებაა ჩვეულებრივ სიკეთესა და ამ სტატიაში განხილულ სიკეთეს შორის?

3 ებრაულ სიტყვა „ხესედს“, რომელიც ბიბლიაში ხშირ შემთხვევაში სიკეთედ არის ნათარგმნი, ფართო გაგება აქვს და მოიცავს, როგორც სიკეთეს, ისე ერთგულ ანუ ურყევ სიყვარულს. მასში მხოლოდ ვინმეთი დაინტერესება არ იგულისხმება, რაც სიკეთის კეთებასა და თბილ სიტყვებში ვლინდება. ეს არის სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე, რომელიც კონკრეტული მიზნით ვლინდება ვინმეს მიმართ.

4 სიკეთე, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანები ავლენენ, შეიძლება უცხოების მიმართაც გამოვლინდეს. ხომალდის მსხვრევის შემდეგ პავლე მოციქული და სხვა 275 ადამიანი კუნძულ მალტაზე აღმოჩნდნენ. კუნძულის მცხოვრებლებმა სწორედ ასეთი სიკეთე გამოავლინეს მათ მიმართ მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობდნენ (საქ. 27:37—28:2). სიკეთე, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ, უფრო მეტს მოიცავს და ვლინდება მათ შორის, ვისაც ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვს. * სწორედ ასეთი სიკეთე გაუკეთეს კენიელებმა „ისრაელის ძეებს, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ“ (1 სამ. 15:6).

სიკეთის გამოვლენაში ფიქრი და ლოცვა დაგვეხმარება

5. რა დაგვეხმარება ენის ალაგმვაში?

5 საუბარში სიკეთის გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ არის. ენის შესახებ მოწაფე იაკობი წერდა: „ენას ვერავინ ათვინიერებს. ის უმართავი და მავნებელია და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე“ (იაკ. 3:8). როგორ ავლაგმოთ სხეულის ეს ყველაზე რთულად დასამორჩილებელი ნაწილი? ამაში რელიგიური წინამძღოლების მისამართით ნათქვამი იესოს სიტყვების გათვალისწინება დაგვეხმარება: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). ასე რომ, სიკეთე იმ შემთხვევაში დაიცავს ჩვენს ენას, თუ ეს თვისება შინაგანად, გულში გვექნება გამჯდარი. მოდი ვნახოთ, როგორ დაგვეხმარება ფიქრი და ლოცვა ამაში.

6. რატომ უნდა ვიფიქროთ გულდასმით იმაზე, თუ როგორ ავლენს იეჰოვა სიკეთეს?

6 ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთი „უხვია სიკეთეში“ (გამ. 34:6). ფსალმუნმომღერალი უმღეროდა ღმერთს: „იეჰოვა, შენმა სიკეთემ აავსო დედამიწა“ (ფსალმ. 119:64). ბიბლიაში მრავალი შემთხვევაა აღწერილი, როცა იეჰოვამ სიკეთე გამოავლინა თავისი თაყვანისმცემლების მიმართ. თუ გულდასმით ვიფიქრებთ იეჰოვას საქმეებზე, ამ ღვთისმოსაწონი თვისების განვითარების სურვილი გაგვიჩნდება (წაიკითხეთ ფსალმუნის 77:12).

7, 8. ა) როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიკეთე ლოტისა და მისი ოჯახის მიმართ? ბ) რას გრძნობდა დავითი იმ სიკეთის გამო, რომელიც იეჰოვამ მის მიმართ გამოავლინა?

7 მაგალითად გავიხსენოთ, როგორ იხსნა იეჰოვამ აბრაამის ძმისწული ლოტი და მისი ოჯახი, როცა მათი საცხოვრებელი ქალაქის, სოდომის განადგურება გადაწყვიტა. ქალაქის განადგურებამდე ლოტთან მისული ანგელოზები აჩქარებდნენ მას და მის ოჯახს, რომ სწრაფად დაეტოვებინათ იქაურობა. ბიბლიაში ნათქვამია: „როცა აყოვნებდა იგი, [ანგელოზებმა] . . . ჩაჰკიდეს ხელი მას, მის ცოლს, მის ორივე ქალიშვილს იეჰოვას გულმოწყალების გამო და ქალაქიდან გაიყვანეს“. ჩვენ გულგრილს არ დაგვტოვებს იმ შემთხვევებზე დაფიქრება, საიდანაც კარგად ჩანს ღვთის სიკეთე (დაბ. 19:16, 19).

8 მოდი ასევე გავიხსენოთ ძველი ისრაელის მეფე დავითი. ის გალობდა: „ის [იეჰოვა] . . . ყველა დანაშაულს გპატიობს; . . . ყველა შენი სნეულებისგან გკურნავს“. რა მადლიერი იქნებოდა დავითი, რომ იეჰოვამ მას ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვა აპატია! ის ასეთი სიტყვებით განადიდებდა ღმერთს: „როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთათვის“ (ფსალმ. 103:3, 11). ღვთის სიკეთის მაჩვენებელ ამ თუ სხვა შემთხვევებზე დაფიქრება გულს მადლიერებით გვივსებს და აღგვძრავს, რომ ვაქოთ და ვადიდოთ იეჰოვა. რაც უფრო სავსე გვექნება გული მადლიერებით, მით უფრო მოვინდომებთ ჭეშმარიტი ღვთის მიბაძვას (ეფეს. 5:1).

9. რა საფუძვლიანი მიზეზი აქვთ იეჰოვას მსახურებს, რომ სიკეთე გამოავლინონ ცხოვრების ყველა სფეროში?

9 ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ იეჰოვა სიკეთეს ანუ ერთგულ სიყვარულს ავლენს მათ მიმართ, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს მასთან. მაგრამ როგორ ეპყრობა იეჰოვა მათ, ვისაც მასთან ასეთი ურთიერთობა არა აქვს? მკაცრი და უმოწყალოა მათ მიმართ? არა, რადგან ლუკას 6:35-ში ნათქვამია: „იგი [ღმერთი] უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია“. „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:45). ვიდრე ჭეშმარიტებას გავიგებდით და მას ცხოვრებას შევუსაბამებდით, იეჰოვა ჩვენდამი ისეთივე სიკეთეს ავლენდა, როგორსაც ჩვეულებრივ ყველას მიმართ ავლენს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი თაყვანისმცემლები გავხდით, ის ჩვენ მიმართ ერთგულ სიყვარულს ანუ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს ავლენს (წაიკითხეთ ესაიას 54:10). ჩვენ ნამდვილად მადლიერნი უნდა ვიყოთ ამისათვის. ეს მართლაც საფუძვლიანი მიზეზია, რომ სიკეთე გამოვავლინოთ არა მარტო საუბარში, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში.

10. რატომ არის ლოცვა საუკეთესო საშუალება, რომ სიკეთემ ჩვენს გულში გაიდგას ფესვი?

10 ლოცვა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ სიყვარულით გამოვავლინოთ სიკეთე, რადგან სიყვარულიცა და სიკეთეც იეჰოვას წმინდა სულის ნაყოფში შედის (გალ. 5:22). თუ წმინდა სულის ხელმძღვანელობას მივყვებით, ეს თვისება ჩვენს გულშიც გაიდგამს ფესვს. წმინდა სულს კი მაშინ მივიღებთ, თუ მას ლოცვაში ვთხოვთ იეჰოვას (ლუკ. 11:13). ამიტომ ღმერთს მუდამ უნდა ვთხოვოთ წმინდა სული და მივყვეთ მის ხელმძღვანელობას. სწორედ ლოცვა და ფიქრი დაგვეხმარება, რომ „სიკეთის კანონი“ გვქონდეს ბაგეზე.

როგორ უნდა ვლინდებოდეს სიკეთე ცოლ-ქმრის საუბარში

11. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ქმრებისგან მოითხოვს ცოლების მიმართ სიკეთის გამოვლენას? ბ) როგორ დაეხმარება ქმარს „სიკეთის კანონი“ ენის დაცვაში?

11 მოციქულმა პავლემ ქმრებს მოუწოდა: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფეს. 5:25). პავლემ მათ ასევე შეახსენა, რა უთხრა იეჰოვამ ადამსა და ევას: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ (ეფეს. 5:31). აშკარაა, იეჰოვა ქმრებისგან მოითხოვს, რომ ცოლის ერთგულები იყვნენ და მათდამი სიკეთე გამოავლინონ. ქმარი, რომელსაც ბაგეზე „სიკეთის კანონი“ აქვს, ხალხში არ გაახმოვანებს ცოლის ნაკლოვანებებს და მასზე დამამცირებლად არ ისაუბრებს. ის ყოველთვის მზად იქნება, რომ შეაქოს ცოლი (იგავ. 31:28). თუ ცოლ-ქმარს შორის გაუგებრობა წამოიჭრება, სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე დაეხმარება ქმარს, რომ თავი შეიკავოს ცოლის სიტყვიერი დამცირებისგან.

12. როგორ შეუძლია აჩვენოს ქალს, რომ ბაგეზე „სიკეთის კანონი“ აქვს?

12 „სიკეთის კანონი“ ცოლებსაც უნდა ჰქონდეთ ბაგეზე. მათი საუბარი ქვეყნიერების სულს არ უნდა ირეკლავდეს. თუ ცოლი დიდ პატივს სცემს ქმარს, ის სხვებთან დადებითად ისაუბრებს მასზე და თავისი ქმრისადმი სხვებსაც მეტი პატივისცემით განაწყობს (ეფეს. 5:33). ბავშვების თანდასწრებით ცოლი არ უნდა შეეკამათოს ქმარს და მისი აზრი არ უნდა გააკრიტიკოს, რათა ბავშვებმა მამის მიმართ პატივისცემა არ დაკარგონ. გაუგებრობის მოგვარებას ის ქმართან პირისპირ უნდა შეეცადოს. ბიბლიაში ნათქვამია: „ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს“ (იგავ. 14:1). ასეთი ქალი ოჯახში სასიამოვნო გარემოს ქმნის.

13. განსაკუთრებით სად და როგორ უნდა ვლინდებოდეს სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე?

13 ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივისცემით მაშინაც უნდა ესაუბროს, როცა ისინი მარტონი არიან. პავლემ დაწერა: „მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები“. შემდეგ დასძინა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:8, 12—14). თუ ბავშვები ხედავენ, როგორ ავლენენ მშობლები სიყვარულსა და სიკეთეს საუბარში, ეს დადებითად იმოქმედებს მათზე და მშობლების მიბაძვის სურვილსაც გაუჩენს.

14. როგორ შეუძლიათ ოჯახისთავებს გააძლიერონ ისინი, ვიზეც მზრუნველობა აკისრიათ?

14 ფსალმუნმომღერალი იეჰოვას ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „იეჰოვა, შენმა სიკეთემ გამამაგრა“ (ფსალმ. 94:18). იეჰოვა შეაგონებს და ხელმძღვანელობს თავის ხალხს, რაც მათი გაძლიერების ერთ-ერთი საშუალებაა (ფსალმ. 119:105). ჩვენი ზეციერი მამის მსგავსად, როგორ უნდა გააძლიერონ ოჯახისთავებმა ისინი, ვიზეც მზრუნველობა აკისრიათ? ისინი ოჯახს ხელმძღვანელობას უნდა უწევდნენ და ამხნევებდნენ. ოჯახთან ერთად თაყვანისცემა საუკეთესო საშუალებაა სულიერი განძის მოსაგროვებლად (იგავ. 24:4).

ერთგული სიყვარული გამოავლინეთ თანაქრისტიანების მიმართ

15. როგორ შეუძლიათ უხუცესებსა და სხვა მოწიფულ ქრისტიანებს სიტყვით დაიცვან კრების წევრები?

15 მეფე დავითი ლოცულობდა: „მუდამ მფარავდეს შენი სიკეთე და ჭეშმარიტება“ (ფსალმ. 40:11). როგორ შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს და სხვა მოწიფულ ქრისტიანებს მიჰბაძონ იეჰოვას? ისინი სიკეთეს გამოავლენენ, თუ საუბრის დროს, თანაქრისტიანებს ბიბლიურ რჩევებზე გაუმახვილებენ ყურადღებას (იგავ. 17:17).

16, 17. რა საშუალებებით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ საუბრის დროს „სიკეთის კანონით“ ვხელმძღვანელობთ?

16 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ თანაქრისტიანი არღვევს ბიბლიურ პრინციპებს? ნუთუ სიკეთემ არ უნდა აღგვძრას, რომ სიტყვიერად დავეხმაროთ მას? (ფსალმ. 141:5). თუ თანამორწმუნე სერიოზულად სცოდავს, ერთგულმა სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რომ ვურჩიოთ მას, „მოუხმოს კრების უხუცესებს“, რათა „მათ . . . ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით“ (იაკ. 5:14). თუ შემცოდველი არ მივა უხუცესებთან და ჩვენც არაფერს ვიტყვით, ეს არც სიყვარულის გამოვლენა იქნება და არც სიკეთის. ჩვენი ზოგი თანაქრისტიანი გულგატეხილია, თავს მარტოდ გრძნობს, უღირსობის გრძნობა აწუხებს ან იმედგაცრუებულია. თუ ვანუგეშებთ „დამწუხრებულ სულებს“, დავამტკიცებთ, რომ ჩვენს ბაგეზე „სიკეთის კანონია“ (1 თეს. 5:14).

17 როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ღვთის მტრები ჩვენს თანამორწმუნეებზე ჭორებს ავრცელებენ? იმის ნაცვლად, რომ ეჭვი შევიტანოთ ჩვენი ძმების ერთგულებაში, ყური არ უნდა დავუგდოთ ასეთ საუბრებს, ხოლო თუ ღირს ბრალმდებელთან საუბარი, უნდა ვკითხოთ, რის საფუძველზე ამბობს ამას. თუ ღვთის ხალხის მტრები შეეცდებიან ჩვენი თანაქრისტიანების შესახებ ინფორმაცია გამოგვტყუონ მათთვის ზიანის მიყენების მიზნით, ჩვენი ძმებისადმი ერთგულმა სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რომ არ გავცეთ ისინი (იგავ. 18:24).

ვინც „სიკეთის ქმნისკენ ისწრაფვის, სიცოცხლეს . . . პოვებს“

18, 19. რატომ არ უნდა მოშორდეს „სიკეთის კანონი“ ჩვენს ბაგეს თანაქრისტიანებთან ურთიერთობის დროს?

18 თანაქრისტიანებთან ურთიერთობის დროს ყოველთვის უნდა ვავლენდეთ ერთგულ სიყვარულს. დაძაბულ სიტუაციაშიც კი „სიკეთის კანონი“ არ უნდა მოშორდეს ჩვენს ბაგეს. იეჰოვა უკმაყოფილო იყო ისრაელის ძეებით, როცა მათი სიკეთე „ნამივით [გახდა], რომელიც მალევე ქრება“ (ოს. 6:4, 6). იეჰოვას გულს უხარებს, როცა ხედავს, რომ ყოველთვის სიყვარულით ვავლენთ სიკეთეს. როგორ აკურთხებს ის მათ, ვინც ყოველთვის ცდილობს ამ თვისების გამოვლენას?

19 იგავების 21:21-ში ნათქვამია: „ვინც სიმართლისა და სიკეთის ქმნისკენ ისწრაფვის, სიცოცხლეს, სიმართლესა და დიდებას პოვებს“. ასეთი ადამიანი სხვა მრავალ კურთხევასთან ერთად მიიღებს სიცოცხლეს, რომელიც არასდროს დამთავრდება. იეჰოვა დაეხმარება მას, რომ „მტკიცედ ჩაეჭიდოს მარადიულ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:12, 19). ამიტომ მოდი, ყველანაირად ვეცადოთ, რომ სიკეთით მოვეპყროთ ერთმანეთს (ზაქ. 7:9).

[სქოლიო]

^ აბზ. 4 უფრო დაწვრილებით სიკეთე განხილულია 2002 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 12, 13, 18, 19.

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორ განმარტავდით სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს?

• რა დაგვეხმარება, რომ „სიკეთის კანონი“ გვქონდეს ბაგეზე?

• როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს საუბრით დაამტკიცოს ერთგული სიყვარული?

• რა აჩვენებს, რომ თანაქრისტიანებთან ურთიერთობის დროს „სიკეთის კანონი“ გვაქვს ბაგეზე?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

დავითი განადიდებდა იეჰოვას სიკეთეს

[სურათი 24 გვერდზე]

რეგულარულად გაქვთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო?