მსახურება განსაკუთრებულ პერიოდში
მსახურება განსაკუთრებულ პერიოდში
მოგვითხრო ჰარლი ჰარისმა
ეს მოხდა 1950 წლის 2 სექტემბერს ქალაქ კენეტში (მისურის შტატი, აშშ). სარაიონო კონგრესს ვესწრებოდით. მოულოდნელად გაშმაგებულმა ბრბომ ალყა შემოგვარტყა. ქალაქის მერმა ეროვნულ გვარდიას დაავალა, ამ უმართავი ბრბოსგან დავეცავით. ცეცხლსასროლი იარაღითა და შაშხანებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა ქუჩა გადაკეტეს. ამ ქაოსში როგორღაც მანქანებამდე მივაღწიეთ და კეიპ-ჟირარდუსკენ გავემართეთ, კონგრესის პროგრამის დარჩენილი ნაწილი რომ ჩაგვეტარებინა. სწორედ ამ კონგრესზე მოვინათლე; მაშინ 14 წლის ვიყავი. ახლა მოგიყვებით, როგორ გავხდი იეჰოვას მსახური ასეთ რთულ პერიოდში.
მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჩემმა პაპამ და ბებიამ თავიანთ რვა შვილთან ერთად ძმა რუტერფორდის მოხსენებების ჩანაწერები მოისმინეს და დარწმუნდნენ, რომ ჭეშმარიტება იპოვეს. ჩემი მშობლები ბეი და მილდრედ ჰარისები 1935 წელს ვაშინგტონის შტატში გამართულ კონგრესზე მოინათლნენ. როგორ გაეხარდებოდათ მათ კონგრესზე იმის გაგება, რომ „უამრავი ხალხის“ ნაწილი იყვნენ! (გამოცხ. 7:9, 14).
მე 1936 წელს დავიბადე. ერთი წლის შემდეგ ჩემი მშობლები დაშორებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ მისისიპიში. სანამ იქ ვცხოვრობდით, მიმომსვლელი ზედამხედველიც კი არ გვინახულებდა, სხვა სულიერ ღონისძიებებზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩემს ოჯახს მიმოწერა ჰქონდა ბეთელთან; იმ პერიოდში მხოლოდ კონგრესებს ვესწრებოდით და სულ ეს იყო და-ძმებთან ჩვენი ურთიერთობა.
დევნის პერიოდი
მეორე მსოფლიო ომის დროს იეჰოვას მოწმეებს ნეიტრალური პოზიციის გამო სასტიკად დევნიდნენ. ჩვენ არკანზასის შტატის მთიან რეგიონში აგარაკი გვქონდა, სადაც საცხოვრებლად გადავედით. ერთ დღეს მე და მამა ქუჩაში ვქადაგებდით. უცებ ერთმა კაცმა მამაჩემს ჟურნალები ხელიდან გამოგლიჯა, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. მან ლაჩრები გვიწოდა იმის გამო, რომ ომში არ წავედით. მაშინ მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი. შეშინებულმა ტირილი დავიწყე. მამას სიმშვიდე არ დაუკარგავს და სიტყვა არ დაუძრავს, სანამ ეს კაცი არ გაგვეცალა.
იქ ისეთი ხალხიც ცხოვრობდა, რომლებიც ჩვენ მიმართ კარგად იყვნენ განწყობილი. ერთხელ ჩვენს მანქანას ბრბომ ალყა შემოარტყა; ამ დროს იქვე ახლომახლო პროკურორმა ჩაიარა. ის მოგვიახლოვდა და იკითხა: „რა ხდება აქ?“ ერთმა კაცმა უპასუხა: „ესენი იეჰოვას მოწმეები არიან საქ. 27:3).
და თავიანთი ქვეყნისთვის არ იბრძვიან!“ პროკურორი მანქანის საფეხურზე დადგა და ყველას გასაგონად თქვა: „პირველ მსოფლიო ომშიც ვიბრძოდი და ახლაც ვიომებ! მე ვუშვებ ამ ხალხს. ისინი არავის ერჩიან!“ ბრბო უსიტყვოდ დაიშალა. ჩვენ ძალიან მადლიერი ვიყავით იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენ მიმართ ასეთ ჰუმანურობას იჩენდნენ! (გამამხნევებელი კონგრესები
1941 წელს სენტ-ლუისში (მისურის შტატი) გამართული კონგრესი ჩვენთვის წამალივით იყო. კონგრესს დაახლოებით 115 000-ზე მეტი კაცი დაესწრო. მონათლულთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა — ამ კონგრესზე 3 903 ადამიანი მოინათლა! არასდროს დამავიწყდება ძმა რუტერფორდის მოხსენება, სახელწოდებით „მეფის ბავშვები“. მოხსენების დროს იგი პირდაპირ ბავშვებს მოგვმართავდა. ბოლოს ყველას დაგვირიგეს შესანიშნავი ლურჯყდიანი წიგნი „ბავშვები“. ამ კონგრესმა მომამზადა იმ სირთულეებთან შესახვედრად, რომელიც მომდევნო წელს მელოდა. სწორედ ამ წელს შევედი სკოლაში. მე და ჩემი ბიძაშვილები სკოლიდან იმის გამო გაგვრიცხეს, რომ სალამს არ ვაძლევდით დროშას. სკოლაში ყოველდღე მივდიოდით იმის გასაგებად, შეიცვალა თუ არა აზრი სკოლის დირექციამ. სკოლამდე რომ მივსულიყავით, ტყე უნდა გაგვევლო. კარგა ხანს ტყუილად ვიარეთ წინ და უკან — ყოველ დილით მივდიოდით, მაგრამ უკან გვიშვებდნენ. ეს იყო ჩვენი გამოცდა; ამგვარად ღვთის სამეფოსადმი ერთგულებას ვავლენდით.
მალე ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სავალდებულო აღარ იყო დროშისთვის სალმის მიცემა. ამის შემდეგ სკოლაში სიარულის უფლებაც დაგვრთეს. ერთი მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩვენ მიმართ და გაცდენილ გაკვეთილებს ხელახლა გვიხსნიდა. კლასელებიც პატივისცემით გვექცეოდნენ.
მახსენდება 1942 წელს კლივლენდში (ოჰაიოს შტატი) გამართულ კონგრესზე ძმა ნეითან ნორის მოხსენება „მშვიდობა — დიდხანს გასტანს?“ მან გაარჩია „გამოცხადების“ მე-17 თავი, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგებოდა შედარებით მშვიდობიანი პერიოდი. ეს შემდგომი ზრდის მომასწავებელი იყო. სწორედ ამ მიზნით 1943 წელს გაიხსნა სკოლა „გალაადი“. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს სკოლა ღრმა კვალს დატოვებდა ჩემს ცხოვრებაზე. მშვიდობიანი პერიოდი მართლაც დადგა და დევნაც შემცირდა. მაგრამ 1950 წელს კორეაში ომი დაიწყო და კვლავ დევნის ტალღა აგორდა, როგორც დასაწყისში მოვიხსენიე.
მაქსიმალურად ვიხარჯები ღვთის საქმეში
1954 წელს სკოლა დავამთავრე და ერთი თვის შემდეგ პიონერად დავიწყე მსახურება. რაღაც პერიოდი ვიმსახურე კენეტში (მისურის შტატი), სადაც 1950 წელს ბრბომ ალყა შემოგვარტყა. 1955 წლის მარტში ბეთელში მიმიწვიეს. იქ დამნიშნეს კრებაში, რომლის სამქადაგებლო ტერიტორია ნიუ-იორკის ცენტრს, ტაიმ-სკვერსაც მოიცავდა. სრულიად სხვა გარემოში მიწევდა ცხოვრება! დაკავებული ნიუ-იორკელების ყურადღება რომ მიმეპყრო, ჟურნალს მათთვის საინტერესო სტატიაზე ვშლიდი და ვეკითხებოდი: „დაგისვამთ ოდესმე საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვა?“ შედეგად, ბევრი იღებდა ჟურნალებს.
ბეთელში ყოფნისას განსაკუთრებით მიყვარდა დილის თაყვანისცემა, რომელიც ძმა ნორს მიჰყავდა. იგი ბიბლიურ მუხლებს გასაგებად ხსნიდა და ამ მუხლების პრაქტიკულ ღირებულებას გვანახვებდა. ძმა ნორი ისე მოგვმართავდა, როგორც მამა შვილებს. იგი ხშირად გვაძლევდა რჩევებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავით საპირისპირო სქესთან. 1960 წელს დაქორწინება გადავწყვიტე.
ბეთელის ბიუროს შევატყობინე, რომ 30 დღეში ვტოვებდი ბეთელს, თუმცა ძმებს არაფერი უთქვამთ. ბუნებით ძალიან მორცხვი ვიყავი, მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე და ძმებს დავურეკე. ტელეფონი ძმა რობერტ ვოლენმა აიღო. მოგვიანებით ის ჩემს სამუშაო ადგილას მოვიდა და მკითხა, შევძლებდი თუ არა სპეციალურ პიონერად ან მიმოსვლით ზედამხედველად მსახურებას. „ბობ, — ვუთხარი მას. — მე ხომ მხოლოდ 24 წლის ვარ და არანაირი გამოცდილება არ მაქვს“.
მიმოსვლითი მსახურება
იმ საღამოს ოთახში დიდი კონვერტი დამხვდა. წერილში ეწერა, რომ შემეძლო სპეციალურ პიონერად მემსახურა ან მიმოსვლითი მსახურება დამეწყო.
ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. პატივი მხვდა წილად, მონაწილეობა მიმეღო მიმოსვლით მსახურებაში და მისურის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილსა და კანზასის აღმოსავლეთ ნაწილში და-ძმები გამემხნევებინა. ბეთელიდან წასვლამდე ვესწრებოდი მიმოსვლითი მსახურებისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეხვედრებს. პროგრამის დასკვნით ნაწილში ძმა ნორმა გვითხრა: „სარაიონო და საოლქო ზედამხედველობა არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ ძმებზე მეტი იცით. ზოგს თქვენზე მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ თავიანთი მდგომარეობა არ აძლევთ მათ ასეთი მსახურების საშუალებას. თქვენ ბევრის სწავლა შეგიძლიათ მათგან“.ეს მართლაც ასე იყო! ქალაქ პარსონსის (კანზასის შტატი) კრებაში ძმა ფრედ მალეჰანი, მისი ცოლი და ფრედის უფროსი ძმა ჩარლი სამაგალითო და-ძმები იყვნენ. მათ ჭეშმარიტება მეოცე საუკუნის დასაწყისში გაიგეს. სასიამოვნო იყო იმ შემთხვევების მოსმენა, რომელიც მათ თავს მაშინ გადახდათ, როცა მე ჯერ დაბადებულიც კი არ ვიყავი. კიდევ ერთი ხანდაზმული ძმა გავიცანი. ეს იყო ჯონ ვრისტენი ქალაქ ჯოპლინიდან (მისურის შტატი), რომელიც უკვე წლები მსახურობდა პიონერად. ეს ერთგული ძმები მიყვებოდნენ თეოკრატიულ მითითებებს და გულმოდგინედ ასრულებდნენ დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. მართალია, ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ამ ძმებისგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ აფასებდნენ ჩემს მსახურებას.
1962 წელს დავქორწინდი კლორის კნოკეზე. ეს წითელთმიანი ქალიშვილი სიცოცხლით სავსე იყო. სარაიონო მსახურება კლორისთან ერთად გავაგრძელე. როდესაც ძმების სახლებში ვრჩებოდით, მათი ახლოს გაცნობის შესაძლებლობა გვეძლეოდა. ჩვენ ვახალისებდით ახალგაზრდებს სრული დროით მსახურებისკენ. ასეთი გამხნევება ძალიან სჭირდებოდა ორ მოზარდს, ჯეი კოსინსკსა და ჯოან კრესმენს. ჩვენ მათთან ერთად ვმსახურობდით და ვუზიარებდით, რამხელა სიხარული მოჰქონდა ჩვენთვის თავგანწირულ მსახურებას. ამან ახალგაზრდებს უბიძგა, დაესახათ სულიერი მიზნები. ჯოანი გახდა სპეციალური პიონერი, ხოლო ჯეიმ ბეთელში დაიწყო მსახურება. მოგვიანებით ორივე დაქორწინდა და უკვე 30 წელია, სარაიონო მსახურებაში მონაწილეობენ.
მისიონერული მსახურება
1966 წელს ძმა ნორმა გვკითხა, ხომ არ ვიმსახურებდით უცხოენოვან ტერიტორიაზე. ჩვენ მივუგეთ: „აქაც მოგვწონს მსახურება, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მზად ვართ, სხვაგანაც ვიმსახუროთ“. ერთი კვირის შემდეგ სკოლა „გალაადში“ მიმიწვიეს. ძალიან სასიამოვნო იყო ბეთელში დაბრუნება და საყვარელ და-ძმებთან შეხვედრა. იმ დროს ბეთელში ტარდებოდა სკოლა. ჩვენ დავმეგობრდით სხვა სტუდენტებთან, რომლებიც დღემდე ერთგულად ემსახურებიან ღმერთს.
მე და კლორისი დენის და ედვინა კრისტებთან, ანა როდრიგესთან და დელია სანჩესთან ერთად სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორში გაგვგზავნეს. კრისტებს დედაქალაქ კიტოში, ანას და დელის კი ჩვენ მსგავსად კუენკაში უნდა ემსახურათ, რომელიც სიდიდით მესამე ქალაქი იყო ეკვადორში. ჩვენი ტერიტორია ორ პროვინციას მოიცავდა. თავდაპირველად კუენკაში კრება ჩვენს მისაღებ ოთახში ტარდებოდა. პირველ შეხვედრას ექვსი ვესწრებოდით, აქედან ოთხი ჩვენ ვიყავით. წარმოდგენაც კი არ გვქონდა, როგორ უნდა გვექადაგა.
ქალაქ კუენკაში უამრავი ეკლესია იყო და რელიგიურ დღესასწაულებზე საზეიმო პროცესიის დროს ქალაქის ქუჩები ხალხით იყო მოფენილი. მაგრამ მათ აწუხებდათ კითხვები, რომლებზეც პასუხს ვერ იღებდნენ. მაგალითად, როცა პირველად შევხვდი მარიო პოლოს, არაერთგზის გამარჯვებულ ველომრბოლს, ჩემდა გასაკვირად, მან მკითხა: „ვინ არის გამოცხადების წიგნში მოხსენიებული მეძავი?“
ერთხელ, ღამით, მარიო ძალიან აღელვებული მოვიდა ჩვენთან. მისთვის ევანგელისტ პასტორს მიუცია პუბლიკაცია, რომელშიც მოწმეებს ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს. დავამშვიდე და ვუთხარი, რომ ჩვენ შეგვეძლო პასუხი გაგვეცა მათთვის, ვინც ცილს გვწამებდა. ამ მიზნით მეორე დღეს მარიომ მე და პასტორი თავისთან დაგვპატიჟა. შევთანხმდით, რომ ამჯერად მხოლოდ სამებაზე ვიმსჯელებდით. როდესაც პასტორმა სამების მხარდასაჭერად იოანეს 1:1 ამოიკითხა, მარიომ აუხსნა, სინამდვილეში რა იგულისხმებოდა ამ მუხლში. პასტორის მიერ მოყვანილი სხვა მუხლებიც მარიომ ლოგიკურად ახსნა. პასტორმა ვერ შეძლო ჩვენი დარწმუნება იმაში, რომ სამების მოძღვრება სიმართლეს შეესაბამება. ამ შემთხვევამ დაარწმუნა მარიო და მისი მეუღლე, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ, და ბიბლიური სწავლებების თავგამოდებული დამცველები გახდნენ. ჩვენი ჩასვლის შემდეგ ქალაქ კუენკაში კრებების რიცხვი ჯერ 33-მდე გაიზარდა, ხოლო შემდგომ წლებში თითქმის გაორმაგდა და 63-ს მიაღწია! რა ბედნიერებაა, რომ ამ ზრდაში ჩვენც შევიტანეთ წვლილი!
ზრდას ფილიალიდან ვადევნებ თვალს
1970 წელს გუაიაკილის ფილიალში ალ შულოსთან ერთად მიმიწვიეს. ბეთელში სხვადასხვა საქმეს ვასრულებდით. ძმა ჯო სეკერაკი ნახევარი სამუშაო დღის მანძილზე ლიტერატურას ფუთავდა 46 კრებისთვის (მაშინ ქვეყანაში ამდენი კრება იყო). გარკვეული ხანი, სანამ ბეთელში ვმუშაობდი, კლორისი მისიონერულ მსახურებას აგრძელებდა. ის 55 ადამიანს დაეხმარა, რომ თავი მიეძღვნათ იეჰოვასთვის. ყოველ კონგრესზე კლორისის 3—5 დაინტერესებული ინათლებოდა.
კლორისის დაინტერესებულთა შორის იყო ქალი, სახელად ლუკრესია. მას ქმარი ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, ის მოინათლა და სრული დროით მსახურება დაიწყო. მან შვილებსაც ჩაუნერგა იეჰოვას სიყვარული. მისი ორი ვაჟიშვილი დღეს უხუცესია, მათგან ერთ-ერთი სპეციალური პიონერია. მისი ქალიშვილი პიონერად მსახურობს. შვილიშვილმაც შესანიშნავი ოჯახი შექმნა და ქმართან ერთად სპეციალურ პიონერად მსახურობს. ეს ოჯახი ძალიან ბევრს დაეხმარა იეჰოვას გაცნობაში.
1980 წლისთვის ეკვადორში დაახლოებით 5 000 მაუწყებელი იყო. ჩვენს პატარა ოფისში ვეღარ ვეტეოდით. ერთმა ძმამ, გუაიაკილთან ახლოს, თავისი კუთვნილი 32 ჰექტარი მიწა შემოგვთავაზა. 1984 წელს ჩვენ ფილიალის ახალი შენობისა და საკონგრესო დარბაზის მშენებლობა დავიწყეთ, რომელთა მიძღვნა 1987 წელს მოხდა.
მოხალისეთა წვლილი
წლების განმავლობაში გულს გვიხარებდა იმის დანახვა, რომ ბევრი პიონერი და მაუწყებელი სხვადასხვა ქვეყნიდან ეკვადორში ჩამოდიოდა, რადგან იქ მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო. ერთ-ერთ ასეთ მოხალისეს გამოვარჩევდი. ეს იყო ძმა ენდი კიდი, პენსიაზე გასული პედაგოგი კანადიდან. ენდი ეკვადორში 1985 წელს ჩამოვიდა, ის მაშინ 70 წლის იყო, და სიკვდილამდე, 2008 წლამდე ერთგულად იმსახურა. ენდი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. როცა პირველად შევხვდი მას, ის პატარა კრების ზედამხედველად მსახურობდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურად უჭირდა ლაპარაკი, ამ ენაზე საჯარო მოხსენებებს კითხულობდა, „საგუშაგო კოშკის“ განხილვას უძღვებოდა და თეოკრატიული სამსახურის სკოლისა და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს ატარებდა. დღეს ამ ტერიტორიაზე ორი აქტიური კრებაა, სადაც 200-მდე მაუწყებელი და არაერთი უხუცესი მსახურობს.
კიდევ ერთი ძმის შემთხვევას მოგიყვებით. ერნესტო დიასი შეერთებული შტატებიდან ოჯახთან ერთად გადმოვიდა ეკვადორში საცხოვრებლად. ჩამოსვლიდან რვა თვის შემდეგ მან თქვა: „ჩემმა სამმა შვილმა ჩამოსვლისთანავე აუღეს ალღო ესპანურს და დღეს ბიბლიის დახელოვნებული მასწავლებლები არიან. ბედნიერი მამა ვარ, რადგან მივაღწიე, ერთი შეხედვით, მიუღწეველ მიზანს — მთელ ოჯახთან ერთად სრული დროით ვმსახურობ! ჩვენ 25 ადამიანს ვასწავლით ბიბლიას.
ამან ჩვენი ოჯახური კვანძები კიდევ უფრო განამტკიცა. რაც ყველაზე მთავარია, ახლა იეჰოვასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ.“ ეს და-ძმები მართლაც იმსახურებენ შექებას!1994 წელს ფილიალი გაფართოვდა. 2005 წელს მაუწყებელთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა, რის გამოც საჭირო გახდა ფილიალის კიდევ უფრო გაფართოება. აუცილებელი იყო უფრო დიდი საკონგრესო დარბაზი, ახალი საცხოვრებელი კორპუსები და მთარგმნელობითი ოფისები. ახალი შენობების მიძღვნა 2009 წლის 31 ოქტომბერს მოხდა.
როდესაც 1942 წელს სკოლიდან გამრიცხეს, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 60 000 მოწმე იყო. დღეს მათი რიცხვი მილიონს აჭარბებს. 1966 წელს, როცა ეკვადორში ჩავედით, დაახლოებით 1 400 მაუწყებელი იყო. დღეს იქ 68 000 მაუწყებელია. ქვეყანაში 120 000 ბიბლიის შესწავლა ტარდება. 2009 წელს გახსენების საღამოს 232 000 ადამიანი დაესწრო. ეს ყოველივე იმის მომასწავებელია, რომ მაუწყებელთა რიცხვი კვლავ გაიზრდება. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ იეჰოვა ასე აკურთხებდა თავის ხალხს. უზომოდ მიხარია, რომ განსაკუთრებულ პერიოდში მომიხდა ცხოვრება და ვიმსახურე იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდი იეჰოვას! *
[სქოლიო]
^ აბზ. 34 სანამ ეს სტატია გამოსაცემად მზადდებოდა, ძმა ჰარლი ჰარისი გარდაიცვალა. ის სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული იყო.
[სურათები 5 გვერდზე]
კონგრესი ღია ცის ქვეშ (1981) და იმავე ადგილას აშენებული გუაიაკილის საკონგრესო დარბაზი (2009)