არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სპეციალური კამპანია ბულგარეთში

სპეციალური კამპანია ბულგარეთში

სპეციალური კამპანია ბულგარეთში

„სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:37, 38).

იესოს ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ევროპის ულამაზეს ქვეყანაში ბულგარეთში არსებულ მდგომარეობას! ეს ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც შვიდ მილიონზე მეტს შეადგენს, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბულგარეთში სასიხარულო ცნობის მქადაგებლებზე დიდი საჭიროებაა. აქ დაახლოებით 1 700 მაუწყებელია, მაგრამ თუ ქვეყნის ტერიტორიის ფართობს გავითვალისწინებთ, ეს რიცხვი ძალიან მცირეა. ამიტომ, ხელმძღვანელმა საბჭომ 2009 წელს ორგანიზება გაუწია სპეციალურ კამპანიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ჩასულმა ბულგარულ ენაზე მოლაპარაკე მოწმეებმა. ეს შვიდკვირიანი კამპანია ზაფხულში დაიწყო და საოლქო კონგრესით „იფხიზლეთ!“ დაგვირგვინდა. ეს კონგრესი ჩატარდა 2009 წლის 14—16 აგვისტოს ქალაქ სოფიაში.

დიდი გამოხმაურება

ბულგარეთის (სოფია) ფილიალში ძმები გააოცა იმ ფაქტმა, რომ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან ძალიან ბევრი მოწმე ჩავიდა ბულგარეთში. ამ ქვეყანაში რომ ექადაგათ, მათ საკუთარი ხარჯები უნდა გაეღოთ და თავიანთი შვებულების დღეები უნდა გამოეყენებინათ. მსურველთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ, ბულგარეთში 292 მოწმე ჩავიდა. ეს მოწმეები სამ ქალაქში კაზანლიკში, სანდანსკსა და სილისტრაში გაანაწილეს. სარაიონო ზედამხედველებმა ადგილობრივ პიონერებსა და მაუწყებლებს მოუწოდეს, რომ მხარი დაეჭირათ კამპანიისთვის. 382 ადგილობრივმა მოწმემ მთელი გულით იქადაგა იმ ტერიტორიებზე, სადაც იშვიათად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას.

ბულგარელმა ძმებმა წინასწარ იზრუნეს სხვა ქვეყნებიდან ჩასული და-ძმების დაბინავებაზე. მათ დაიქირავეს ბინები და არც ისე ძვირადღირებულ სასტუმროში ოთახები შეუკვეთეს. ადგილობრივმა ძმებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ მოხალისეებს თავშესაფარი და ყველაფერი აუცილებელი ჰქონოდა. სამივე ქალაქში იქირავეს შესაკრებელი ადგილები, სადაც ჩასული ძმები ჩაატარებდნენ კრების შეხვედრებს. ძალიან სასიხარულო იყო, რომ იქ, სადაც ერთი მოწმეც კი არ ცხოვრობდა, 50 მაუწყებელი შეიკრიბა იეჰოვას განსადიდებლად.

სხვა ქვეყნებიდან ჩასული და-ძმები კამპანიის დროს ბოლომდე დაიხარჯნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, არავის შეუწყვეტია ქადაგება. მდინარე დუნაიზე გაშენებულ ქალაქ სილისტრაში, სადაც 50 000-ზე მეტი მოსახლეა, პირველივე სამ კვირაში ყველას ექადაგა. ძმებმა მეზობელ სოფლებშიც იქადაგეს და ქალაქ ტუტრაკანამდეც კი მიაღწიეს, რომელიც სილისტრადან დასავლეთით 55 კილომეტრითაა დაშორებული. ისინი, ჩვეულებრივ, მსახურებას 9:30-ზე იწყებდნენ. სადილის შემდეგ ხშირად საღამოს შვიდ საათამდე ან უფრო გვიანობამდეც აგრძელებდნენ ქადაგებას. და-ძმების გულმოდგინე მსახურების წყალობით არა მხოლოდ კაზანლიკსა და სანდანსკში მოისმინეს სასიხარულო ცნობა, არამედ მეზობელ სოფლებსა და ქალაქებშიც.

მსახურების შედეგები

შვიდი კვირის მანძილზე იეჰოვას მოწმეებმა საუკეთესოდ დაამოწმეს ბულგარეთში. როგორც პირველ საუკუნეში უთხრეს მოციქულებს, რომ თავიანთი სწავლებით აავსეს იერუსალიმი, ისე ამ ქალაქების მაცხოვრებლებსაც შეეძლოთ მოწმეებისთვის ეთქვათ, რომ ‘მათი ქალაქები თავიანთი სწავლებით აავსეს’ (საქ. 5:28). ვინც ამ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, 50 000 ჟურნალი გაავრცელა და ბიბლიის 482 შესწავლა დაიწყო. 2009 წლის 1 სექტემბერს ქალაქ სილისტრაში კრება ჩამოყალიბდა, ხოლო კაზანლიკსა და სანდანსკში ჯგუფები გაიხსნა. სასიხარულოა, რომ ვინც კამპანიის დროს პირველად მოისმინა სასიხარულო ცნობა, სულიერად გაიზარდა.

კამპანიის პირველ კვირას ესპანეთიდან ჩასულმა ბულგარულ ენაზე მოლაპარაკე სპეციალურმა პიონერმა დამ უქადაგა კარინას, რომელიც სილისტრას ქუჩებში გაზეთებს ყიდდა. კარინამ ინტერესი გამოავლინა და კრების შეხვედრას დაესწრო. იგი სიხარულით დათანხმდა მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე. მისი ქმარი ათეისტი იყო, ამიტომ მან მოწმეებს სთხოვა, რომ პარკში ჩაეტარებინათ მისთვის შესწავლა. მალე კარინას მისი ორი ქალიშვილიც შეუერთდა. უფროსი გოგონა, დანიელა განსაკუთრებით დაინტერესდა ჭეშმარიტებით. მან ერთ კვირაში წაიკითხა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და მაშინვე მოიშორა ღვთისთვის მიუღებელი გამოსახულებები. დანიელამ თავის მეგობრებსაც გაუზიარა ნასწავლი. შეხვედრაზე პირველად დასწრებიდან სამ კვირაში დას, რომელიც ბიბლიას ასწავლიდა, დანიელამ უთხრა: „მინდა, ერთი თქვენთაგანი ვიყო. რა უნდა გავაკეთო, რომ მეც დავიწყო ქადაგება?“ დანიელა, დედამისი და მისი უმცროსი და მალე გაიზარდნენ სულიერად.

ერთხელ ბულგარელი ძმა ორლინი, რომელიც კაზანლიკში იტალიიდან იყო ჩასული, მსახურებიდან სახლში ბრუნდებოდა. გზად ორლინმა ორ ახალგაზრდა მამაკაცს უქადაგა, რომლებიც პარკში ისხდნენ. მან დაუტოვა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და მომდევნო დღეს შეხვედრა დაუთქვა. ორლინმა ერთ-ერთ მათგანს, სვეტომირს, მეორე დღესვე დაუწყო შესწავლა. ცხრა დღეში ორლინმა სვეტომირს რვაჯერ ჩაუტარა შესწავლა. სვეტომირმა მას უთხრა: „შენთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე ღმერთს ვთხოვდი, მაპოვნინე შენი თავი-მეთქი. შევპირდი, რომ თუ ამ თხოვნას შემისრულებდა, სიცოცხლეს მივუძღვნიდი“. მას შემდეგ, რაც ორლინი იტალიაში დაბრუნდა, სვეტომირს შესწავლა ადგილობრივმა ძმებმა გაუგრძელეს. მან მთელი გულით შეიყვარა ჭეშმარიტება.

გაცემას კურთხევები მოაქვს

ვნახოთ, რას ამბობენ ისინი, ვინც ბულგარეთში მსახურებისთვის თავისი შვებულება გამოიყენა და თავად დაფარა ტრანსპორტის ხარჯები. ერთი ესპანელი უხუცესი წერს: „ბულგარეთში მსახურებამ ესპანეთში დაბრუნებული ძმები ერთმანეთთან დააახლოვა. ამ კამპანიამ ყველაზე წარუშლელი კვალი დატოვა“. ერთმა წყვილმა, რომლებიც ბულგარეთში იტალიიდან ჩავიდნენ, დაწერა: „ეს ყველაზე საუკეთესო თვე იყო ჩვენს ცხოვრებაში! კამპანიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება! ახლა სულ სხვა ადამიანები ვართ“. ეს წყვილი სერიოზულად დაფიქრდა ბულგარეთში მსახურებაზე. მათ გადაწყვიტეს, საცხოვრებლად გადასულიყვნენ ამ ქვეყანაში და იმ ტერიტორიაზე ემსახურათ, სადაც დიდი მოთხოვნილება იყო. დაუქორწინებელი და კარინა, რომელიც სრული დროით მსახურობს, სილისტრაში ესპანეთიდან ჩავიდა. მან მიატოვა სამსახური ესპანეთში და სილისტრაში ახალჩამოყალიბებული კრების დასახმარებლად გადავიდა. ბულგარეთში რომ ერთი წლით ემსახურა, მან საკმარისი ფული დააგროვა. კარინა ამბობს: „ძალიან მიხარია, რომ იეჰოვას ნებით ბულგარეთში ვმსახურობ. იმედი მაქვს, რომ დიდხანს შევძლებ აქ დარჩენას. უკვე ხუთ ადამიანს ვასწავლი ბიბლიას და სამი მათგანი შეხვედრებს ესწრება“.

ერთ იტალიელ დას ძალიან სურდა კამპანიაში მონაწილეობა. მას ახალი დაწყებული ჰქონდა სამუშაო და არ ჰქონდა შვებულების დღეები. მაგრამ ამან ის ვერ შეაჩერა. მან ერთთვიანი უხელფასო შვებულება მოითხოვა და მაშინაც კი, თუ უარს ეტყოდნენ, მზად იყო სამუშაოს დასატოვებლად. მისდა გასაოცრად, უფროსმა უთხრა: „კარგი გაგიშვებ, ოღონდ ერთი პირობით: ღია ბარათი გამომიგზავნე ბულგარეთის ხედებით“. ეს და გახარებული იყო, რომ იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას.

ახალგაზრდა და სტანისლავა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ცხოვრობს. ის სრულ განაკვეთზე მუშაობდა და მაღალ ხელფასს იღებდა, მაგრამ შვებულება აიღო და კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. როდესაც დაინახა, რამხელა სიხარულს ანიჭებდა შორი ქვეყნიდან ჩამოსულ პიონერებს მის ქვეყანაში მსახურება, ცრემლები ვერ შეიკავა. იგი სერიოზულად დაფიქრდა, რას მოუტანდა ქვეყნიური კარიერა. როცა ორი კვირის შემდეგ სახლში დაბრუნდა, სამსახური მიატოვა და სრული დროით მსახური გახდა. ახლა ის ძალიან ბედნიერია, რადგან ახსოვს თავისი დიდებული შემოქმედი (ეკლ. 12:1).

მართლაც დიდი კურთხევაა იეჰოვასთვის მთელი გულით მსახურება! ნუ დაზოგავთ დროსა და ენერგიას უმნიშვნელოვანესი სამქადაგებლო საქმიანობის შესასრულებლად. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ! პირადად შენ როგორ შეგიძლია მსახურების გაფართოება? ალბათ, შენს ქვეყანაშიც იქნება ისეთი ტერიტორია, სადაც მქადაგებლების დიდი საჭიროებაა. ხომ არ იმსახურებდი ასეთ ტერიტორიაზე? აგრეთვე შეგიძლია ისწავლო სხვა ენა, რათა ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს გააგებინო ჭეშმარიტება შენს ქვეყანაში. რა ცვლილებების მოხდენაც უნდა დაგჭირდეს მსახურების გასაფართოებლად, დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა უხვად გაკურთხებს (იგავ. 10:22).

[ჩარჩო⁄სურათი 32 გვერდზე]

დაუვიწყარი დღე

ბევრი, ვინც ევროპის ქვეყნებიდან იყო ჩასული ამ სპეციალურ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ საოლქო კონგრესსაც „იფხიზლეთ!“ დაესწრო. ადგილობრივი და-ძმებისთვის ძალიან გამამხნევებელი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებთან შეხვედრა. 2 039 დამსწრის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა ბულგარულ ენაზე „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსიის გამოცემა გამოაცხადა. პარასკევს ყველა დამსწრე მხურვალე ტაშით შეხვდა ამ მოვლენას და თავის ოვაციებს ვერ მალავდა. ბევრი სიხარულისგან ტიროდა. ბიბლიის ეს ზუსტი და ადვილად გასაგები თარგმანი გულწრფელ ბულგარელებს დაეხმარება იეჰოვასთან დაახლოებაში.

[რუკა 30, 31 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბულგარეთი

სოფია

სანდანსკი

სილისტრა

კაზანლიკი

[სურათები 31 გვერდზე]

შვიდი კვირის მანძილზე იეჰოვას მოწმეებმა საუკეთესოდ დაამოწმეს ბულგარეთში