არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი მეფე და წინამძღოლი

ჩვენი მეფე და წინამძღოლი

ჩვენი მეფე და წინამძღოლი

„[იესო] გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხ. 6:2).

1, 2. ა) როგორ არის ბიბლიაში აღწერილი, თუ რას მოიმოქმედებს 1914 წელს გამეფებული იესო ქრისტე? ბ) რა გააკეთა იესომ გამეფების შემდეგ?

ათას ცხრაას თოთხმეტ წელს იეჰოვამ იესო ქრისტე თავისი სამეფოს მეფედ დანიშნა. თქვენს წარმოსახვაში როგორია გამეფებული იესო? წარმოგიდგებათ ის, როგორც სამეფო ტახტზე მჯდომი ბრძენი მეფე, რომელიც გადმოჰყურებს დედამიწას და აკვირდება კრებების საქმიანობას? ახლა ბიბლიიდან გავიგოთ, როგორია გამეფებული იესო სინამდვილეში. წიგნ „ფსალმუნებსა“ და „გამოცხადებაში“ ის ცხენზე ამხედრებულ ენერგიულ მეფედ არის წარმოდგენილი. იგი „გამოდის და იპყრობს, რათა სრულად დაიპყროს“ და საბოლოოდ გაიმარჯვოს (გამოცხ. 6:2; ფსალმ. 2:6—9; 45:1—4).

2 გამეფების შემდეგ იესომ დაამარცხა „დრაკონი და მისი ანგელოზები“. მთავარანგელოზმა მიქაელმა, იესო ქრისტემ და მისმა ანგელოზებმა ზეციდან გადმოყარეს სატანა და მისი დემონები დედამიწაზე (გამოცხ. 12:7—9). ამის შემდეგ იესო, იეჰოვას „შეთანხმების მაცნე“, მამის წინაშე წარდგა და აუწყა მას, როგორ განწმინდა სულიერი ტაძარი (მალ. 3:1). იესომ განსაჯა ქრისტიანული სამყარო, „დიდი ბაბილონის“ ყველაზე სამარცხვინო ნაწილი იმის გამო, რომ მათ ბრალი მიუძღვით სისხლისღვრასა და პოლიტიკურ მმართველებთან მეძაობაში (გამოცხ. 18:2, 3, 24).

ის განწმენდს მიწიერ მონებს

3, 4. ა) რა საქმე შეასრულა ქრისტემ, იეჰოვას მაცნემ? ბ) რა გამოვლინდა ტაძარზე დაკვირვებით, და რა დაავალა კრების თავმა, იესო ქრისტემ „ერთგულ და გონიერ მონას“?

3 იეჰოვამ და მისმა „მაცნემ“ დედამიწაზე სულიერი ტაძრის შიდა ეზოებში აგრეთვე შენიშნეს ჭეშმარიტ ქრისტიანთა ჯგუფი, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ ქრისტიანული სამყაროს არც ერთ რელიგიას. ამ ცხებულ ქრისტიანებსაც კი ანუ „ლევის ძეებს“ ესაჭიროებოდათ განწმენდა. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებდა მალაქია: „დაჯდება [იეჰოვა] ვერცხლის გამომდნობელივითა და გამწმენდელივით და განწმენდს ლევის ძეებს; ოქრო-ვერცხლივით გაწმენდს მათ და იქცევიან ხალხად, რომელიც სიმართლით მიუტანს იეჰოვას საძღვნო შესაწირავს“ (მალ. 3:3). იეჰოვამ „შეთანხმების მაცნეს“, იესო ქრისტეს დაავალა სულიერი ისრაელის განწმენდა.

4 ქრისტემ ეს ერთგული ცხებული ქრისტიანები სულიერ საქმეში ჩაბმული ჰპოვა — ისინი მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ შინაურებისთვის დროულად მიეწოდებინათ სულიერი საზრდო. სირთულეების მიუხედავად, ისინი 1879 წლიდან აქვეყნებენ სამეფოს შესახებ ბიბლიურ ჭეშმარიტებას „საგუშაგო კოშკის“ ფურცლებზე. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „თავისი მოსვლისას“, „ქვეყნიერების აღსასრულისას“ ის შეამოწმებდა შინაურებს. იესო იპოვიდა მონას, რომელიც ‘დროულად აწვდიდა შინაურებს საზრდოს’. ის უწოდებდა ამ მონას ბედნიერს და „მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებდა“ (მათ. 24:3, 45—47). ქრისტიანულმა კრების თავმა, იესო ქრისტემ „ერთგულ და გონიერ მონას“ სამეფოს ინტერესებზე ზრუნვა მიანდო. ის ცხებულ „შინაურებსა“ და „სხვა ცხვარს“ შეჰპირდა, რომ ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით გაუწევდა მათ ხელმძღვანელობას (იოან. 10:16).

სამკალი დედამიწაზე

5. რა იხილა მოციქულმა იოანემ ხილვაში?

5 მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა, თუ კიდევ რას მოიმოქმედებდა იესო „უფლის დღეში“ მას შემდეგ, რაც 1914 წელს გამეფდებოდა. იოანემ დაწერა: „გავიხედე და, აი, თეთრი ღრუბელი. ღრუბელზე ვიღაც, კაცის ძის მსგავსი ზის, თავზე ოქროს გვირგვინი ადგას, ხელში კი ბასრი ნამგალი უჭირავს“ (გამოცხ. 1:10; 14:14). იოანემ გაიგონა იეჰოვას ანგელოზის ხმა, რომელმაც მომკელს უთხრა, აეღო ნამგალი, რადგან „მოიწია სამკალი დედამიწაზე“ (გამოცხ. 14:15, 16).

6. იესოს სიტყვების თანახმად, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?

6 „სამკალი დედამიწაზე“ შეგვახსენებს იესოს იგავს ხორბალსა და სარეველაზე. იესომ საკუთარი თავი შეადარა კაცს, რომელმაც მინდორში ხორბალი დათესა და იმედოვნებდა, რომ კარგ მოსავალს აიღებდა. კარგ მოსავალში ის გულისხმობდა „სამეფოს ძეებს“, ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც მასთან ერთად იმმართველებდნენ მის სამეფოში. მაგრამ შუაღამისას მტერმა, ეშმაკმა ხორბალთან ერთად ჩათესა სარეველა, „ბოროტის ძეები“. სახლის პატრონმა უთხრა მონებს, რომ მკამდე, „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ ხორბალსა და სარეველას ერთად ეზარდათ. მკის დროს ის გაგზავნიდა თავის ანგელოზებს, რომ ხორბლისგან სარეველა გამოერჩიათ (მათ. 13:24—30, 36—41).

7. როგორ უძღვება იესო „სამკალს დედამიწაზე“?

7 დღეს იესო მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს უძღვება, რითაც სრულდება იოანეს ხილვა. „სამკალი დედამიწაზე“ „სამეფოს ძეების“, იესოს იგავში მოხსენიებული ხორბლის ანუ 144 000 დარჩენილი ნაწილის შეკრებით დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჭეშმარიტსა და ცრუ ქრისტიანებს შორის იმდენად დიდი განსხვავება იყო, რომ „სამკალი დედამიწაზე“ უფრო მასშტაბური გახდა და „სხვა ცხვრის“ შეკრება დაიწყო. ესენი „სამეფოს ძეები“ კი არ არიან, არამედ „უამრავი ხალხი“, რომლებიც ნებაყოფლობით ხდებიან სამეფოს ქვეშევრდომები. სხვა ცხვარი ყველა ხალხიდან, ერიდან და ენიდან შეიკრიბა. ისინი ემორჩილებიან ღვთის სამეფოს, რომლის მეფეა იესო ქრისტე და 144 000 წმინდა, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ (გამოცხ. 7:9, 10; დან. 7:13, 14, 18).

კრებების ხელმძღვანელობა

8, 9. ა) საიდან ჩანს, რომ იესო ქრისტე აკვირდება არა მხოლოდ მთელ კრებას, არამედ კრების თითოეულ წევრს? ბ) როგორც 26-ე გვერდზე სურათზეა ნაჩვენები, სატანის რომელ სიღრმეებს უნდა ვერიდოთ?

8 წინა სტატიიდან დავინახეთ, რომ იესო თვალ-ყურს ადევნებდა პირველ საუკუნეში თითოეულ კრებას და იცოდა თითოეულის სულიერი მდგომარეობა. დღეს გამეფებულ იესო ქრისტეს აქვს მიცემული „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“ — ჩვენი ძლევამოსილი წინამძღოლი მთელ მსოფლიოში უძღვება კრებებს და ხელმძღვანელობას უწევს კრების ზედამხედველებს (მათ. 28:18; კოლ. 1:18). იეჰოვამ იესო „დააყენა ყველაფრის თავად“ ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებაში (ეფეს. 1:22). ამგვარად, იესო, როგორც კრების თავი, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა 100 000-ზე მეტ კრებას ადევნებს თვალ-ყურს და არაფერი რჩება მხედველობიდან.

9 თიატირის კრებას იესომ მისწერა: «აი რას ამბობს ღვთის ძე, რომელსაც თვალები ცეცხლის ალს მიუგავს . . . „ვიცი შენი საქმეები“» (გამოცხ. 2:18, 19). მან გაკიცხა თიატირის კრების წევრები იმის გამო, რომ უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ და საკუთარ სურვილებს იყვნენ აყოლილნი: „მე თირკმელებსა და გულებს ვიკვლევ და თითოეულ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“ (გამოცხ. 2:23). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტე აკვირდება არა მხოლოდ მთელ კრებას, არამედ კრების თითოეულ წევრს. იესომ შეაქო კიდეც ქრისტიანები თიატირაში იმის გამო, რომ მათ «არ შეუცნიათ „სატანის სიღრმეები“» (გამოცხ. 2:24). დღესაც იესო იწონებს ყველას, ახალგაზრდას თუ მოხუცს, რომლებიც არ იქექებიან „სატანის სიღრმეებში“ ინტერნეტისა თუ ვიდეო თამაშების მეშვეობით და არ ექცევიან ადამიანური სიბრძნის გავლენაში. იესოს ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ქრისტიანები მსხვერპლს იღებენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ყოველთვის მიჰყვნენ იესოს ხელმძღვანელობას.

10. როგორ უწევს იესო ქრისტე უხუცესების მეშვეობით კრებებს ხელმძღვანელობას და რა არ უნდა გამორჩეთ მათ მხედველობიდან?

10 იესო ქრისტე უხუცესების მეშვეობით სიყვარულით უწევს ხელმძღვანელობას კრებებს დედამიწაზე (ეფეს. 4:8, 11, 12). პირველ საუკუნეში ყველა ზედამხედველი სულითცხებული იყო. მათ „გამოცხადებაში“ ეწოდებათ ვარსკვლავები, რომლებიც იესოს მარჯვენა ხელში უჭირავს (გამოცხ. 1:16, 20). დღეს კრების უხუცესთა უმრავლესობა სხვა ცხვარია, რომლებიც ლოცვითა და წმინდა სულის ხელმძღვანელობით ინიშნებიან. ისინიც იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას მიჰყვებიან (საქ. 20:28). მათ არ რჩებათ მხედველობიდან, რომ ქრისტე ცხებული ქრისტიანების მცირე ჯგუფს, ხელმძღვანელ საბჭოს, იყენებს, რათა ხელმძღვანელობა გაუწიოს და მითითებები მისცეს თავის მიმდევრებს დედამიწაზე (წაიკითხეთ საქმეების 15:6, 28—30).

„მოდი, უფალო იესო“

11. რატომ ველით მოუთმენლად ჩვენი წინამძღოლის მოსვლას?

11 იოანე მოციქულს ხილვაში იესომ რამდენჯერმე უთხრა, რომ მალე მოვიდოდა (გამოცხ. 2:16; 3:11; 22:7, 20). უდავოა, თავის მოსვლაში იესო გულისხმობდა იმ პერიოდს, როცა დიდი ბაბილონისა და სატანის ბოროტი ქვეყნიერების გასასამართლებლად მოვიდოდა (2 თეს. 1:7, 8). ხანდაზმულ იოანეს იმდენად ძლიერ სურდა ხილვაში ნანახი ნაწინასწარმეტყველები მოვლენების საკუთარი თვალით ხილვა, რომ წამოიძახა: „ამინ! მოდი, უფალო იესო“. ჩვენც ყველა, ვინც ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს ვცხოვრობთ, მოუთმენლად ველით ჩვენი მეფისა და წინამძღოლის სამეფო ძალაუფლებით მოსვლას, რათა განწმინდოს მამის სახელი და გაამართლოს მისი უზენაესობა.

12. რომელი საქმე უნდა დაასრულოს იესომ, სანამ ანგელოზები გამანადგურებელ ოთხ ქარს გაუშვებენ ხელს?

12 სანამ იესო ქრისტე სატანის ხილულ ორგანიზაციას გაანადგურებს, მან 144 000 დარჩენილ ნაწილს, სულიერი ისრაელის წევრებს საბოლოოდ უნდა დაუსვას ბეჭედი. ბიბლიაში ნათლად წერია, რომ ანგელოზებს სატანის ქვეყნიერებაზე გამანადგურებელი ოთხი ქარისთვის მანამ არ უნდა გაეშვათ ხელი, სანამ 144 000-ის ბეჭედდასმა არ დასრულდებოდა (გამოცხ. 7:1—4).

13. როგორ გახდება იესოს მოსვლა ცხადი „დიდი გასაჭირის“ პირველ ფაზაში?

13 დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობამ ვერ შეამჩნია, როგორ მოვიდა იესო 1914 წელს (2 პეტ. 3:3, 4). მაგრამ მალე, როცა იესო სატანის ქვეყნიერებაზე იეჰოვას განაჩენს აღასრულებს, მისი მოსვლა ყველასთვის გახდება ცხადი. „უკანონობის კაცის“, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების განადგურება უდავოდ ქრისტეს „მოსვლის გამოცხადებაზე“ მიანიშნებს (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:3, 8). ეს ყოველივე იმას ცხადყოფს, რომ იესომ, იეჰოვას დანიშნულმა მოსამართლემ დაიწყო მოქმედება (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:1 ). დიდი ბაბილონის ყველაზე სამარცხვინო ნაწილის, ქრისტიანული სამყაროს განადგურება იმას მიგვანიშნებს, რომ ცრუ რელიგიის მთელი იმპერიის განადგურების ჟამი კარს იქნება მომდგარი. იეჰოვა პოლიტიკურ მმართველებს გულში ჩაუდებს, რომ ბოლო მოუღოს სულიერ მეძავს, დიდ ბაბილონს (გამოცხ. 17:15—18). ეს იქნება „დიდი გასაჭირის“ პირველი ფაზა (მათ. 24:21).

14. ა) რატომ შემოკლდება დიდი გასაჭირის პირველი ფაზა? ბ) რის მიმანიშნებელი იქნება „კაცის ძის ნიშანი“ იეჰოვას ხალხისთვის?

14 იესომ თქვა, რომ დიდი გასაჭირის დღეები შემოკლდება „რჩეულთა გულისთვის“, ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილისთვის, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებიან (მათ. 24:22). ცრუ რელიგიის განადგურების დროს იეჰოვა ყველა ცხებული ქრისტიანის და სხვა ცხვრის სიკვდილს არ დაუშვებს. იესომ თქვა, რომ „იმ დღეების გასაჭირის შემდეგ“ იქნებოდა ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე და ‘მაშინ გამოჩნდებოდა კაცის ძის ნიშანი ცაში’. ამ მოვლენების შემხედვარე დედამიწის ყველა ერი „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას“. არ იგლოვებენ არც ზეციერი იმედის მქონე ცხებულები და არც მიწიერი იმედის მქონე მათი თანამშრომელი სხვა ცხვარი. პირიქით, ისინი ‘გაიმართებიან და თავებს ასწევენ, რადგან მოახლოვდა მათი ხსნა’ (მათ. 24:29, 30; ლუკ. 21:25—28).

15. კიდევ რას მოიმოქმედებს იესო თავისი მოსვლისას?

15 ქვეყნიერების სრულ განადგურებამდე კაცის ძე კიდევ ერთი მიზნით მოვა. მან იწინასწარმეტყველა: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“ (მათ. 25:31—33). იესო ქრისტე, როგორც მოსამართლე „ყველა ხალხს“ დაყოფს ორ კატეგორიად: „ცხვრებად“, რომლებიც მხარს უჭერდნენ თავიანთ სულიერ ძმებს (დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ ძმებს), და „თხებად“, რომლებიც ‘არ დაემორჩილნენ სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ’ (2 თეს. 1:7, 8). ცხვრები, რომლებსაც მართლები ეწოდებათ, „მარადიულად იცოცხლებენ“, თხები კი „მარადიულად მოიკვეთებიან“ ანუ განადგურდებიან (მათ. 25:34, 40, 41, 45, 46).

იესო სრულად დაიპყრობს

16. როგორ დაასრულებს ჩვენი წინამძღოლი, იესო ქრისტე დაპყრობას?

16 მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე თავის თანამსახურ მეფეებსა და მღვდლებს დაასვამს ბეჭედს, ცხვრებს გამოარჩევს თხებისგან და თავის მარჯვნივ დააყენებს, ის „სრულად დაიპყრობს“ (გამოცხ. 5:9, 10; 6:2). ანგელოზთა ძლევამოსილი ლაშქრისა და თავისი აღდგენილი ძმების მეშვეობით იესო სატანის ქვეყნიერების კომერციულ და პოლიტიკურ სისტემას სამხედრო ძალებთან ერთად ნაცარტუტად აქცევს (გამოცხ. 2:26, 27; 19:11—21). იესო ქრისტე სრულად მაშინ დაიპყრობს, როცა ის გაანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას. ამის შემდეგ იესო სატანას და მის დემონებს ათასი წლით შებოჭავს უფსკრულში (გამოცხ. 20:1—3).

17. რას მიიღებს სხვა ცხვარი ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ?

17 მოციქულმა იოანემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვა ცხვარი, „უამრავი ხალხი“ დიდ გასაჭირს გადაიტანდა, იწინასწარმეტყველა: „ტახტთან მყოფი კრავი დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ“ (გამოცხ. 7:9, 17). იესო ქრისტე თავისი მმართველობის, ათასი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობას გაუწევს სხვა ცხვარს, რომლებიც მის ხმას ისმენენ, და მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს მათ (წაიკითხეთ იოანეს 10:16, 26—28). ერთგულად მივყვეთ ჩვენს მეფესა და წინამძღოლს ახლაც და იეჰოვას აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაშიც!

გასამეორებელი კითხვები

• რა გააკეთა იესო ქრისტემ გამეფების შემდეგ?

• ვის იყენებს ქრისტე, რომ კრებებს უხელმძღვანელოს?

• როგორი სახით მოვა იესო, ჩვენი წინამძღოლი?

• როგორ გაგვიწევს იესო ხელმძღვანელობას ახალ ქვეყნიერებაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 29 გვერდზე]

სატანის ბოროტი ქვეყნიერების განადგურებით ცხადი გახდება იესოს მოსვლა